ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2017


მე (ნიმუში# - გრაფომანია)

"იყო გულწრფელი, ნიშნავს მზად იყო დამარცხებისთვის".
                                                                      ბესიკ ხარანაული.
                                                                       
                         

ამაოდ შფოთავდა მე, თუმცა არა უმიზეზოდ, აბა შფოთვის მიზეზს  რა გამოულევს ადამიანს, მაგრამ...
შესაძლოა მასაც მოეძებნოს გამართლება, მაგალითად, თუ ის მიზნის მისაღწევ გზას ახლავს, სხვა შემთხვევაში შფოთვა ამაოა!

მეს დიდი მიზნები არასდროს დაუსახავს, თავადაც ვერ ხვდებოდა, არ ჰქონდა ამის უნარი, თუ გამოუსწორებელი პესიმისტი იყო და ყველაფერზე წინასწარ ჰქონდა ხელი ჩაქნეული.

"იქნებ ამასაც სწავლა სჭირდება?" - ფიქრობდა მე.

ფიქრი მუდამ მასთან იყო და ისიც ხელიდან არ უშვებდა, თითქოს გასაღები ყოფილიყო იმ კარის, სადაც სიხარული ელოდებოდა.
"კი, გასაღები ნამდვილად არის, შენ კარის მიგნება თქვი, თორემ...
ის ხომ უწყვეტი პროცესია არამარტო ჩემს, არამედ მილიარდობით ჩემნაირის თავში.
როგორმე უნდა შევძლო და გამოვარჩიო არსებითი, თუ მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ჩავყვე და...
იქნებ აღარასდროს ამომიგდოს ვირუსიანი ფაილივით ეს კითხვა - "კარი თუ ფანჯარა?"

რომელზე პასუხიც, სწორი პასუხი, ერთმნიშვნელოვნად იცოდა მემ, მაგრამ ის მაინც არცერთს  ეკარებოდა, არც კარს, არც ფანჯარას. რა თქმა უნდა იმ მიზნით, რა მიზნითაც გაჩნდნენ ისინი ზემოთხსენებულ კითხვა-ფაილში.

ისევ იმ ყრუ კვადრატში აგრძელებდა გადაადგილებას მე, რომელსაც ოთხი კედელი ერქვა და რომელიც დღესაც ისევე ურყევად განაპირობებდა მის სიტყვაძუნწობას, როგორც გუშინ.

"როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ხუთი წლის შემდეგ" - ყური მოკრა ტელევიზორიდან სარეკლამო ჭრისას ნათქვამ ფრაზას მემ.
"ღმერთო, ამ კითხვამ სულზე მომისწრო!" - გაიფიქრა  და მწარედ ჩაიცინა.
"ალბათ... ალბათ  კი არა, ნამდვილად, ნაოჭები მომემატება... უფრო მეტად დამიზიანდება კბილები... გამითხელდება თმა." - სხვა არაფრის წარმოდგენა არ სურდა მეს.  იმიტომ, რომ პესიმისტი იყო და შესაძლოა კიდევ უფრო არასასურველი რამ დაეხატა მისთვის გონებას.

"ჰო, ნამდვილად, სულზე მომისწრო, დრო მიდის. ის რაც შემიძლია დღეს ხვალ აღარ შემეძლება, ამიტომ სიხარულს თუ ვერ მივაგენი, სიმშვიდე მაინც ხომ უნდა ვიპოვო?
ვიპოვი კიდეც.
ნაწილობრივ მაინც! 
თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდები და გავერკვევი მასში.
ეს უნდა გავაკეთო, მიუხედავად იმისა როგორი შედეგით დამთავრდება ეს ძიება."

მეორე შეცდომას უშვებდა მე, ერთადერთი, სადაც საკუთარი ყოფის უშნო საძირკველი ეგულებოდა წარსული იყო. დიახ, შეცდომას უშვებდა, ნაცვლად იმისა, რომ მომალისკენ გაეხედა, კვლავ წარსულში აპირებდა  ქექვას, ნაცვლად იმისა, მტკიცედ გადაეწყვიტა "გამოეღო კარი", ისევ "ფანჯრისკენ გაურბოდა თვალი".

"მეობაზე უარი არასოდეს უნდა თქვას ადამიანმა, "მე" მაინც არსად დაიკარგება, რაგინდ მიჩქმალო საკუთარ არსში და რაც არ უნდა მაღალი კაშხალი აუშენო, დაგუბდება, გადმოვა და მტრისას თუ ზღუდეც გადმოანგრია, ყველას თან გაიყოლებს, ყველას, ვინც გიყვარს...
მტრისას!"

ახლა ასე ფიქრობდა მე, მაგრამ დანამდვილებით არ იცოდა ამ აზრის სისწორე,
ან საიდან უნდა სცოდნოდა, არავის უთქვამს მისთვის რაში მდგომარეობდა მისი მეობა. განა იმიტომ რომ დრო იყო ცუდი, როცა ეს უნდა აეხსნათ, თუმცა დროც ცუდი იყო, მეობის ჩასაკლავად სწორედ რომ შესაფერისი - საბჭოთა სოციალისტური...
თუმცა მეს შემთხვევაში ყოველივე ბანალურად მოხდა - მე სხვა მეთა თვითგამორკვევას შეეწირა და მაშინ როცა ყველაზე მეტი "მე" უნდა ეთქვა, ვერ თქვა ვერცერთი. არავინ ყავდა ვინც...

არ უყვარდა მეს წუწუნი, არ უნდოდა საკუთარი თავი შეცოდებოდა, იმიტომ, რომ ასეთ დროს ჯერ ცრემლს ვერ იკავებდა, მერე სლუკუნს იწყებდა და ბოლოს სიძულვილი ეუფლებოდა ამ სისუსტის გამო. 

"როგორც კი სიბრალული გძლევს საკუთარი თავის მიმართ, იქვე იწყებ კვდომას."
არ ახსოვდა ვისი სიტყვები იყო, თუმცა ვისიც არ უნდა ყოფილიყო,  ეთანხმებოდა.

"მართალია, მაგრამ რა?! ამის გამო ხომ არ უნდა გაუმწარდეს ადამიანს სიცოცხლე? არა!" - ამბობდა მე, მაგრამ მაინც ორჭოფობდა. "გაცილებით ადვილია ასე, შენი ცუდად ყოფნის მიზეზი სხვებს გადააბრალო და წუწუნში გაატარო მთელი ცხოვრება"
მეს კი ასე არ შეეძლო, რადგან უყვარდა ყველა ის, ვისთვისაც ბრალი უნდა დაედო, ის პირიქით, მათ მდგომარეობაში შესვლას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ამართლებდა, საქციელს არ უწონებდა და არ ესმოდა მათი, მაინც უყვარდა.

"დიახ. სიყვარული უპირობოა! და მე ის შემიძლია!" - გაიფიქრა მემ და კარგ გუნებაზე დადგა - რაც იშვიათად ხდებოდა.
კიდევ უფრო იშვიათად  საუბრობდა მასთან, ვისთანაც ღირდა, ვისთანაც საინტერესო იყო, აკი ვთქვი კარის გამოღება არ უყვარდა. მაგრამ როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, უმალ ხელის გულზე დებდა საკუთარ თავს, იყო ამის საჭიროება, თუ არა.
სასტიკად არ მოსწონდა მეს საკუთარი ეს თვისება, რადგან კარგად უწყოდა: "იყო გულწრფელი, ნიშნავს მზად იყო დამარცხებისთვის". თუმცა, ვინაიდან სხვანაირად არ შეეძლო, (საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევი), უფრო ჩაიკეტა, ვიდრე ოდესმე.

"იქნებ ეს სახადია? და მე რომ "მე" არ მომიხდია იმიტომ მიჭირს?!"

მემ გადაწყვიტა ფიქრიდან ქმედებაზე გადასულიყო. თუმცა სანამ იმას მოიფიქრებდა რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ რადიკალურად შეეცვალა ყოფა,  ან უბრალოდ სიმშვიდე ეპოვა, სპონტანური, იმპულსურ-კონვულსიური მოძრაობებისგან და კივილისგან დაღლილმა, გონებაში საკუთარი თავისგან დაცლის "რიტუალი" მოხაზა.

მზის ამოსვლიდან შუაღამემდე ჭრა თაბახის ფურცელი, იმდენი, რომ სათვალავი აერია, ისეთ ზომაზე ჭრიდა თვითეულს, რომ ზედ მხოლოდ ერთი ნაცვალსახელი - "მე" დატეულიყო. მთელი დღე წყლის მეტი პირში არაფერი გაიკარა, ჭრა და წერა, მერე პოლიეთილენის პარკებში ჩაკუჭა ყველა ნაკუწი და კარი გამოაღო.

"ფურცელზე გადმოტანილი რა მსუბუქია?! - ფიქრომდა მე. ახლა სიამოვნებით გადმოვყრიდი რომელიმე მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან, ლამაზი სანახავიც იქნებოდა დამშვიდობება, მაგრამ მეეზოვემ რა დამიშავა?!"

ისევ ნაგვის ურნაში ჩაყრა ამჯობინა, როგორც გადაწყვეტილი ჰქონდა თავიდანვე. პარკიანად არ ჩაუშვა, მუჭით იღებდა  და ნელ-ნელა ყრიდა, თითქოს ცდილობდა ყველა"მე"  ნაგავს შეხებოდა -"აქ არის შენი ადგილი!".  ყრიდა და მაინც უკმაყოფილო იყო, სხვათა ნარჩენები თავ-თავის პარკში შეყუჟულ-შემწყვრეულიყვნენ. ახალს არ იკარებდნენ.
ნაკუწ-ნაკუწ "მე" სრიალებდა ცელოფანის ზედაპირზე და ურნის ფსკერისკენ ეშვებოდა.

"ჩემი ბავშვობის საბრალო "მენაგვეები", ნიჩბით რომ უწევდათ მუშაობა "ბუნკერების" დასაცლელად. ნაგავს რა შეცვლიდა, ისევ ის ნაგავია, მაგრამ ახლა სხვანაირად  "შეფუთული".
"ბუნკერებში" ხომ ყველაზე უკეთ იკითხებოდა ადრე - აქ ინდივიდუალიზმი არ არის, ახლა ოჯახებსაც კი განასხვავებ, რომელი "კარფურში" დადის, რომელი "სმარტში", ანდა "გუდვილში", უფრო ღარიბებს, პატარა, ფერადი პოლიეთილენის პარკიც ეყოფათ, მაღაზიიდან პურთან ერთად რომ გამოატანენ, უფრო მდიდრებს სპეციალურად ნაგვისთვის განკუთვნილი "ცელოფნები" შეუძენიათ.
ხვალ, როცა ქვეყანაში ნაგავი უფრო მეტად დახარისხდება, ცალკე მინა, ცალკე მეტალი, ცალკე...ო, ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა ურთიერთკავშირშია ეს ყველაფერი?!"

"თავში არც კი გაივლო, რომ შესაძლოა რამე ჭკვიანური წამოგცდეს! ჭკვიანი იმას არ გააკეთებს, რაც შენ ჩაიდინე, უბრალოდ სასაცილო ხარ!" - ბრაზდებოდა საკუთარ თავზე მე და დედის რძესავით ირგებდა დაცინვას.

"ჰო, სწორად მივმხვდარვარ, "მე" სახადია, მაგრამ თავისი დრო აქვს, ახლა დაგვიანებულია, მე გაფუჭებული კერძი ვარ, ნაშიმშილარს რომ დააპურებს მხოლოდ, გურმანი არც კი დააგემოვნებს. კარგმა მზარეულმა კი არა, უბრალო დიასახლისმაც კი იცის, რომ ხორცს დროულად უნდა მოხადოს ქაფი.
მე ამოვქაფდი, გადავდუღდი, უკან ჩავბრუნდი, მოკლედ გავაფუჭე ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს, რა მნიშვნელობა აქვს ვისი, ან რისი ბრალია, შედეგი ხომ სახეზეა."

"უსამართლობაა - ფიქრობდა მე - ცარიელი იყო და პატივმოყვარეობა გაწუხებდეს, ამ ორი რამის კომბინაცია ძალიან მძიმე სატარებელია თუ რათქმა უნდა ტუტუცი არ ხარ...
მართლაც შეუცნობელია გაზანი უფლისანი...
ნუთუ ვერ ხედავს რომ სწორედ რაოდენობაში იკარგება ადამიანი, რა საჭირო ვიყავი? "
- ასე ეგონა მეს, ეგონა, რადგან არ შეეძლო ცოდნოდა არც ამ ფიქრის სისწორე.

"ფიქრი მეზე იქვე დატოვა, სადაც ათასობით "მე", იმედის დატოვებაც უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა, განა იმიტომ რომ სჭირდებოდა, უბრალოდ იცოდა რომ არავის უყვარდა პესიმისტები, სიყვარული კი ერთადერთი რამ იყო, რასაც მთელი არსებით ებღაუჭებოდა.
მემ საბოლოოდ გადაწყვიტა კარისკენ არასოდეს გაეხედა, მაგრამ სურდა ასეთივე მტკიცე ყოფილიყო, როცა ფიქრი ფანჯრისაკენ გაახედებდა.


"თაფლად თუ შხამად შესარგები, სიტყვაც წამალია, -
ისმენ, კითხულობ, ამბობ, თუ წერ"
                                                                        მე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები