ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2018


მოკლე საუბრის შემდგომი წერილი მეგობარს

სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაც ლამაზს

ანა ფრანკი



სევდა ყოველთვის, რაღაც ლამაზს, ადამიანში,
რომ ტოვებს ვიცი, ორი სიტყვით დავწერე წაღან
შენ წაიკითხე, შთამაგონე, აზრი მზიანი,
რომ ეგ ლამაზი სევდა აძლევს სიცოცხლეს ძალას.

მე კი გითხარი - ოჯახი გყავს, შენ უფრო იცი,
უფრო მეტი გზა გაგივლია, ამგვარ ცხოვრების
და მართალი ხარ - მომავალი ისევ წინ მიცდის,       
კიდევ ათასჯერ დამერევა სევდის მორევი.

შენ მართალი ხარ, რომ ოჯახი სულაც არ არის
საჭირო იმად, რომ იგემო გზების სიმძიმე,
რაც აირჩიე, ანდაც თვითონ ცხოვრებამ მხარი
გაგკრა გვერდში და ღამღამობით ვეღარ იძინებ.

იცი მანანა სათქმელადაც რარიგ ძნელია,
როცა ღიმილით ტკივილებზე  გესაუბრები,
როცა მიზნები სამუდამოდ წელში ტყდებიან,
და თვალებია დაწეული გლოვის აფრები.

ალბათ მეტყვი, რომ ვაზვიადებ, არაფრით არ ღირს,
გამოტირება ცხოვრებაზე კარგს არ მომიტანს,
მაგრამ ამდენი არაფრისგან ყველაფრით დაღლილს,
მე სიყვარულმაც ამარიდა თვალი შორიდან.

ახლა სოფელში (იცი სადაც), პურის ნამცეცებს,
ვუყრი მტრედებს და ჩემს ეზოში ნეტავ საიდან -
მოვიდნენ, ვფიქრობ, ლექსსაც  ვასწრებ, კალამს ვაცეცებ,
სანამ ეს მუზაც შინ მოუსვლელ გზაზე წავიდა.

ბავშვივით მჯერა, როცა ხეებს აჭრიან ტოტებს,
მერე სიზმარში ელანდებათ  შრიალი ქარში.
დავწერე წაღან ორი სიტყვით და ვიცი ტოვებს,
სევდა ყოველთვის, რაღაც ლამაზს, ადამიანში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები