ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2018


რამზი

ამბობენ, რომ ადამიანის გაცნობა, შეცნობა და ამოცნობა ძალიან ადვილიაო და როცა გაიცნობ მიხვდები ადამიანი რისი გამკეთებელია და რას არ იკადრებს არასდროსო. მე კი გეტყვით, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია უკიდეგანო სიკეთიდან - უკიდეგანო ბოროტების უფსკრულამდე ყველაფრის კეთების უნარი. ერთი ეპიზოდი მახსენდება ჩემი გერმანიაში ცხოვრების დროიდან..

1999 წელს დავიწყე სწავლა ჰამბურგის კოლეჯში, რომელშიც მხოლოდ უცხოელები სწავლობდნენ. როგორც ჭეშმარიტ ქართველს ცოტათი დამაგვიანდა პირველ დღეს მისვლა და ჯგუფში, რომ შევედი ყველა სტუდენტი უკვე აუდიტორიაში დამხვდა. ასეთი ადამიანების მრავალფეროვნება 25 კვადრატულ მეტრ სივრცეში მოქცეული ჯერ არ მენახა. პირველი რაც მომხვდა თვალში იყო ის, რომ კანის ფერებით სტუდენტებისგან ძალიან მარტივად შეძლებდი ცისარტყელას გაკეთებას. აი მაგალითად, ჯგუფში გვყავდა კაცური კაცი იასამნისფერი ამადუ გვინეადან და ასევე გვყავდა კეხიანცხვირიანი უსექსუალურესი ვარდისფერხორციანი მიროსლავა სლოვაკეთიდან. ყველა დასახლებული კონტინენტიდან იყვნენ წარმომადგენლები. ამგვარ სიტუაციაში ყველა სტუდენტი გარკვეულ წილად თავისი ქვეყნის ელჩი იყო. ასეთ დროს, როგორ შთაბეჭდილებასაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ტოვებს შენზე უნებურად გგონია, რომ მთელი მისი ქვეყანა მისნაირებით არის სავსე, შესაბამისად ზოგიერთ ქვეყანაში გამგზავრება ძალიან მომინდა და ზოგიერთში კი არანაირი სურვილი არ გამჩენია მემოგზაურა. დასანანია, რომ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ყველა საზღვარგარეთ წასული ქართველი ვერ ხვდება... მაგალითად ამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ მგონია, რომ ყველა თურქი მატყუარაა, გვინეაზე ვფიქრობ, რომ ძალიან პატიოსანი, ვაჟკაცი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, კოლუმბიელები ქართველებს გვგვანან, სლოვაკი და პოლონელი ქალები მუდმივად სექსზე ფიქრობენ და ასე შემდეგ... კოლეჯში სწავლის დაწყებიდან ძალიან მალევე დაიმსხვრა ჩემში ქართულ-გენეტიკურ-ტრადიციულ-სუფრული თეორია "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ"...
ამბობენ, რომ ადამიანის გაცნობა, შეცნობა და ამოცნობა ძალიან ადვილიაო, თუმცა მე ყველა ჯგუფელიც კი ვერ გავიცანი მარტივად. ზოგი უპირატესად თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს ეურთიერთებოდა, ზოგს შესვენებაზე თუ დაელაპარაკებოდი, ზოგთან ერთად თუ ისადილებდი და ზოგთან ერთად ტრანსპორტში თუ მოგიწევდა მგზავრობა...
ერთ დღესაც გაჩერებიდან კოლეჯამდე საფეხმავლო ბილიკზე მე და ჩემი ჯგუფელი იემენელი რამზი შევხვდით ერთმანეთს და ძალიან ცოტა ვისაუბრეთ. რაღა თქმა უნდა ჰამბურგის ტიპიური ამინდი - წვიმა - იყო იმ დღესაც. მოვდიოდით და ვსველდებოდით.
- scheiss wetter - (ფუ რა ბანძი ამინდია) ვთქვი მე
რამზიმ მიპასუხა, რომ ჩვენთან ასე არ იტყოდნენო.
- აბა როგორ იტყოდნენ მეთქი?
შემომხედა და მითხრა: "მადლობა ღმერთს, რომ უარესი ამინდი არ არისო" და ცაში აიხედა მადლიერი თვალებით. იმ მომენტში ანგელოზს ჰგავდა... 
მეტი არც გვისაუბრია. ჩუმად გავაგრძელეთ გზა, თუმცა მისმა ნათქვამმა საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე..
რამზი მანამდე დიდად არ მაინტერესებდა. დიდ წვერს ატარებდა და მუსულმანების ტიპიური სამოსი ეცვა. საინტერესო იყო, რომ შესვენებებზე კოლეჯის ფოეში გამოდიოდა და მის ირგვლივ უამრავი მუსულმანი სტუდენტი იკრიბებოდა, ხოლო რამზი ძალიან მშვიდად, დაბალ ხმაზე საუბრობდა. ყველა გაფაციცებით უსმენდა. მართლაც იგი გამოირჩეოდა სიმშვიდით და კეთილშობილებით. როგორც შევიტყვე ადგილობრივ მეჩეთშიც მსახურობდა...

აი დადგა ნანატრი მომენტი, როცა საქართველოში ჩამოვედი სემესტრულ არდადაგებზე. ბიჭებთან ერთად რესტორანში ვსვამთ და უცებ გვესმის ხალხის პანიკის ხმა. ცოტა ხნის ჩოჩქოლის შემდეგ ჩართეს ტელევიზორი, რომელშიც СNN-ზე ლაივში ვუყურე როგორ შეეჯახა ცათამბრჯენს სამგზავრო ბოენგი. მაშინ ნამდვილად არ მახსოვდა რა დღე იყო, თუმცა დღეს დანამდვილებით ვიცი, რომ ეს იყო 11 სექტემბერი...

სემესრტული არდადაგები როგორც ყოველთვის სწრაფად გასხლტა და აი ვბრუნდები ისევ წვიმიან და ცივ ჰამბურგში. ჩამოვფრინდი, ვიღებ ბარგს და მინდა გამოვიდე, თუმცა გამკაცრებული ზომები მხვდება.. თავიდან ვერ ვხვდები რაშია საქმე, თუმცა თანამგზავრი მეუბნება, რომ 11 სექტემბრის გამოა ეს ყველაფერი და რომ ამ უბედურების ორგანიზატორები ჰამბურგიდან იყვნენ.. "რა დამთხვევაა" გავიფიქრე მე.

აეროპორტიდან ავტობუსით ვბრუნდები ჩემი სტუდენტური საცხოვრებლისკენ. თბილისური ემოციებისგან და მგზავრობისგან გადაღლილი ცარიელ მზერას ვაჩერებ ავტობუსში გამოკრულ პლაკატზე, რომელზეც ძალიან ნაცნობი ადამიანის ფოტოა გამოსახული. ვცდილობ გავიხსენო ეს ადამიანი და დავაკავშირო ამ პლაკატის შინაარსთან. მასთან ერთად კიდევ ორი ადამიანის ფოტოა პლაკატზე და აწერია "იძებნება". ჩემდა უნებურად ვუახლოვდები და ვკითხულობ ტექსტს. ტექსტში წერია, რომ იძებნება 3 ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობაში. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ცივი ოფლი მივლის ზურგში, ვინაიდან ვხვდები, რომ ფოტოზე ვუყურებ ჩემს ჯგუფელ რამზის იემენიდან...

ამბობენ, რომ ადამიანის გაცნობა, შეცნობა და ამოცნობა ძალიან ადვილიაო და როცა გაიცნობ მიხვდები ადამიანი რისი გამკეთებელია და რას არ იკადრებს არასდროსო, თუმცა მე ესე არ ვფიქრობ...

პ.ს. რამოდენიმე ხნის წინ ვიკიპედიადან შევიტყვე, რომ ჩემს ჯგუფელ რამზის სამუდამოდ დაუმსახურებია გუანტანამოს ციხის ერთერთ კამერაში ცხოვრების უფლება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები