ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2018


უცნაური ქვეყანა (თევზთა სამეფოს საბოლოო ვერსია)

უცნაური ქვეყანა
თავი I
სარკეების ოსტატი
არც ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა დღესაც, ერთ პატარა ქალაქში  არც თუ ისე ცოტა ადამიანი ცხოვრობდა. საერთოდ ეს ქალაქი არ იყო წყნარი ან მყუდრო, რითაც ბევრი პატარა დასახლებაა გამორჩეული, ის ზღვის პირზე მდებარეობდა, უფრო სწორად რომ ითქვას ზღვიდან ხმელეთში შეზრდილი ვიწრო და გრძელი ყურის ნაპირებზე გაეშენებინათ პირველმოსახლეებს. თავიდან შეიძლება არც უფიქრიათ ამაზე, უბრალოდ შორიშორს დადგეს სახლები, რადგან მიწათმოქმედებაში არ შეეშალათ ხელი ერთმანეთისთვის, ახლა კი ქალაქიც იმ პირველი სახლების კვალობაზე ყურის მთელ სიგრძეზეა გაშენებული რაც მოსახერხებელია ნაოსნობისათვის.მოსახლეობის ზრდასთან ერთად აღარ დარჩა ადგილი მიწათმოქმედებისთვის და ხელოსნობას დაეუფლნენ ჩვენი ქალაქელები, შესაბამისად ვაჭრობასაც, ამის გამო ბევრი უცხოელი სტუმარი სტუმრობდა იქაურობას, სწორედ ეს არღვევდა სიმყუდროვეს. დანარჩენი სამი მხრიდან ხშირი ტყე და ლამაზი მთები ფარავდა აქაურობას ან იქაურობას თავად გადაწყვიტეთ. ხო მართლა ყურის შუაში მოზრდილი კუნძული იყო, სადაც რატომღაც მთებისგან განსხვავებით მხოლოდ ნაძვი ხარობდა, მოსახლეობაში ხმა იყო გავარდნილი რომ პირველმმოსახლეები ამ კუნძულით იყვნენ მოცურებულნი აქამდე შორეული ჩრდილოეთიდან, ვინ იცის... იქნებ მართლაც ასე იყო.
ქალაქის პირველმოსახლეებიდანაც ერთ-ერთი პირველი ცნობილი სარკეების დამამზადებელი სპეციალისტი ბატონი ჯემალი იყო, მას შვილი ჰყავდა ასევე ბატონი, ჟორა, სწორედ მისი ისტორია მინდა გიამბოთ. თუ როგორ გახდა ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი „მესარკე“.  ისე რომ იცოდეთ ღრმა ბავშვობაში სულაც არ უნდოდა რომ სარკეების დამამზადებელი ყოფილიყო, გული ვარყალების კეთებისკენ მიუწევდა, ზოგი ამბობს რომ ის ნამდვილად ამ პროფესიის იყო განსაკუთრებით მისი ქცევებიდან და სიტყვებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც სახელგანთქმულ მესარკედ იცნობდა ხალხი, მისი ძველი მისწრაფების შესახებ მხოლოდ ვიწრო საახლობლომ იცოდა. მასთან პირველი საუბრისას, რა თქმა უნდა, სარკესთან მის პირველ კონტაქტზე დავუსვი შეკითხვა, მანაც დაიწყო და მთელი ისტორია მოგვიყვა:
,,- როცა პირველად ჩავიხედე სარკეში - იხსენებს ის - უფრო სწორად ეს ჩახედვა შემორჩა ჩემს მეხსიერებას როგორც პირველი, ნუ მოკლედ როცა ჩავიხედე ძალიან პატარა ვიყავი ასე სამი ან ოთხი წლის, ვერ აგიღწერთ ამ სანახაობას სარკემ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ის ძალიან ლამაზი დახვეწილი, მნათობი, სუფთა ფერებითა და პროპორციულობის დიდი შეგრძნებით გამოირჩეოდა, მაშინვე გავიფიქრე რომ მე ყველაზე მაგარი მამიკო მყავდა მსოფლიოში და ის ყველაზე მაგარ სარკეებს ამზედებდა, ვფიქრობდი რომ სხვა ვერასდროს შეძლებდა ასეთი სრულყოფილების შექმნას.
დრო გადიოდა და მისი სარკეები დღითიდღე უარესდებოდა, ყოველი ახალი ქმნილება უფრო მეტად ხარვეზიანი და ზოგიერთი მათგანი უსახურიც კი იყო. მიხაროდა ხოლმე, რომ ისინი ყველაფრისდა მიუხედავად მალე იყიდებოდა, რადგან მათი ყურება მამაჩემზე წარმოდგენასა და მასზე აშენებულ კოშკებს მინგრევდა. ყველანაირად ვცდილობდი მის გამხნევებას ის კი ისეთ სახეს იღებდა თითქოს ვერ ხვდებოდა რაზე ვლაპარაკობდი. საწყალი მოხუცი, არ უნდოდა ეღიარებინა. თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა და აი ერთ დღეს მის მიერ გაკეთებული ბოლო სარკე რომ ვიხილე მოთმინების ფიალა ამევსო, დაუფიქრებლად ჩავარტყი ქვა და მაშინვე ნამსხვრევებად ვაქციე ეს საშინელი ქმნილება, იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, მე მამაჩემის აღარ მჯეროდა. მაშინვე გადავწყვიტე რომ მის შეცდომებს მე გამოვასწორებდი და გუდანაბადი ავიკარი. ყველაფერი რაც გამაჩნდა ერთ პატარა ზურგზაკში ჩავყარე და გზას დავადექი გადავწყვიტე ხელოსნების განთქმულ ქალაქში მემოგზაურა რომელიც ჩვენიდან ათასი დღმიეს ( დღმიე = იმდენ მილს) მანძილზე მდებარეობდა. მოკლედ რომ არ გამიგრძელდეს აქვე გეტყვი რომ დიდი დრო არ დამჭირვებია მალევე ავითვისე მესარკეობის საწყისები და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე, უფრო სწორად მშობლიურ მიდამოებში, რადგან მთლად ქალაქშიც არ მინდოდა დაბრუნება, მამაჩემის სარკეების ნახვა აღარ მსურდა.
ქალაქის ყურეში მდებარე პატარა კუნძულზე დავსახლდი, სადაც მხოლოდ ნაძვები იზრდებოდა, რამოდენიმე მათგანი მოვჭერი და ქოხმახი ავიშენე. ისე ერთ ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი, ამ უკაცრიელ კუნძულზე, რომელიც ქალაქში დაწყევლილი ეგონათ, აღმოჩდა ძალიან ბევრი ხე ტყის დამამზადებელი ხელსაწყოები, უბრალო ხერხებით დაწყებული ბირდაბირებითა და ცულებით დამთავრებული ასე რომ ,,მოქოხვა“ არ გამჭირვებია. საქმიანობის პირველი წლები გაუსაძლისი იყო, ძალიან გამიჭირდა იმდენი მასალის მოგროვება დიდხანს რომ მყოფნოდა, სამი ოთხი წლის შემდეგ საბოლოოდ მოვაგროვე ყველაფერი და მუშაობას შევუდექი. სიმართლე გითხრათ ჩემი მოსაწონი არაფერი გამომდიოდა, თუმცა სარკეები მაინც ელვის სისწრაფით იყიდებოდა, როდესაც ბაზარში გამქოდა კვირაობით. ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო მეტი ადამიანი იყო კვირას ბაზრობაში, როცა მე პირიქით ვვარაუდობდი, ხალხს კი მოსწონდა მაგრამ მე ჩემს სარკეებს მამაჩემის არათუ საუკეთესო არამედ ყველაზე ცუდ ქმნილებებზე უარესად მივიჩნევდი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არათუ ვიხვეწებოდი, ჩემი ნაკეთობები დღითიდღე უარესდებოდა. თუმცა მოტივაცია არ დამიკარგავს უფრო სწორედ ახალი მოტივაცია გამიჩნდა, მაყუთი.. - ამ დროს ბოროტიმანტიორივით იცინოდა ჩვენი რესპოდენტი.
გადიოდა დრო და კიდევ რამოდენიმე წელი გაგრძელდა ეს საქმიანობა ჩვეული დინებით, მხოლოდ ერთხელ მოხდა რაღაც დასამახსოვრებელი, ამ უკაცრიელ კუნძულს ერთ საღამოს მეკობრეთა გემი მოადგა. მე არ მინდოდა ჩემი მყუდროება ვინმეს დაეღვია ამიტომ დაღამებას დავუცადე, სათითაოდ ყველა მოვკალი, ქვები გამოვაბი და ზღვაში ჩავყარე. ასევე მათი მომცრო გემიდან რაღაც ქანდაკება და კიდევ გამოუყენებელი ჩირაღდნები ჩავძირე.ოღონდ ჯერ ცეცხლი მოვუკიდე.  ქანდაკების ჩაძირვა ნადვილად გამიჭირდა მაგრამ მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ადამიანი. ამის მერე ჩემი სარკეების წარმოება და ხარისხი კი გაუარესდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.
დრო გადიოდა და მე ცოლი მოვიყვანე, რამაც ქოხის გაფართოება მაიძულა. მასალა გარშემო ძალიან ბევრი იყო და არ გამიჭირდებოდა, რა თქმა უნდა , მაგრამ აქაც იყო ერთი უცნაურობა კუნძულზე პატარა გორაკი იყო რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ შემიმჩნევია. მასალის ძებნაში ბილიკმა ამ გორაკამდე მიმიყვანა, რომლის თავზე პატარა მღვიმეში უმაღლესი ხარისხის ბენზოხერხები ვიპოვე. ამან ძალიან გამახარა და გამაკვირვა და ერთი ორად გამიადვილა საქმე. ნაკლებ დროში და და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოვჭერი ხეები, ზოგი ხე უბრალოდ ოსტატობა რომ დამეხვეწა ამისთვის წავაქციე, ასეა თუ ისე საბოლოოდ  დავაგროვე საჭირო მასალა და აშენებაც სულ მალე დავამთავრე. 
დრო გადიოდა და მე და ჩემს ცოლს ბავშვი შეგვეძინა. პატარა სასწაული არსება. ამის მერე არ ვიცი როგორ, მაგრამ სარკეების კეთების საქმე უკეთესობისკენ წავიდა, არადა სულ უფრო ნაკლებად ვიცლიდი მათთვის, სულ უფრო ნაკლებს ვმუშაობდი, სარკეები კი სულ უფრო უკეთესი გამოდიოდა. უკვე ისეთებიც მქონდა რომლის დატოვებაც გადავწყვიტე ჩვენს უსარკო სახლში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი ჩემს სახელოსნოში შემოიყვანა, მე ის ის იყო სარკე უნდა დამესრულებინა, მხოლოდ ბოლო უმნიშვნელო დეტალები მქონდა დარჩენილი. მეუღლე ჩემს უკან დადგა და მათი ანარეკლი დაეცა სარკეს. მივხვდი რომ ეს საუკეთესო სარკე იყო, საუკეთესო ჩემს ქმნილებათა შორის. სწორედ ეს სარკე იყო ჩემი უკანასკნელი ნაკეთობა, მე მწვერვალზე გადავწყვიტე გაჩერება.“
ასე დაასრულა თხრობა ჩვენმა უცნაურმა მესარკემ....

თავი II
მისტიური, უკაცრიელი ტყე
არც ისე დიდი ხნის წინ და შესაძლოა დღესაც ერთი ადამიანთაგან მივიწყებული ქალაქის მახლობლად არც ისე პატარა კუნძული მდებარეობდა. ეს ქალაქი ყურის გარშემო იყო გაშენებული ხოლო კუნძული ამ ყურის არც მეტი არც ნაკლები შუაგულში მდებარეობდა. კუნძულის მცენარეული საფარი გარშემო არსებული ფლორისაგან  სრულიად განსხვავებული იყო, მასზე მხოლოდ ნაძვები იზრდებოდა, როცა მიმდებარე სანაპიროს ტყეებში მხოლოდ ფოთლოვანი ხეები იყო. ამ კუნძულზე ოდითგანვე სიმშვიდე სუფევდა, თითქოს რაღაც უხილავი იცავდა ადამიანთა ხელისგან, მანამ სანამ საზოგადოებამ ერთი პიროვნება არ გადმოაფუთხა, რომელიც პირდაპირ მასზე დაეცა. უფრო დაწვრილებით რა მოხდა ამ ნაძვებიდან უხუცესი მოგახსენებთ:
„ - როგორც თავად იცით ჩვენს კუნძულზე ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდათ იყო, რა თქმა უნდა, იყვნენ მოღალატეებიც  ჩვენსავე წიაღში რომლებიც ჩვენს საჭრელად ხერხებს და ცულებს აწარმოებდნენ, მაგრამ მათი გამომყენებელი არავინ ჩანდა. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ავადსახსენებელი ნავი არ გამოჩნდა სადაც სწორედ ის საზოგადოების ნახველი იჯდა, ის ადამიანი რომელმაც ჩვენი მშვიდი ყოფა თავდაყირა დააყენა. მოვიდა ეს ავად სახსენებელი, თავის თავს ჟორას ეძახდა. მან მალევე მიაგნო ხერხებს რომელიც ჩვენს წიაღში იყო გაფანტული და ჩვენი თანამოძმეების მოჭრის დროსაც ასე ამხნევებდა თავის თავს : მიდი ჟორა, მიდი შე სამგლე, გაანძრიე ტრაკიო. მალე რამოდენიმე ხე მოჭრა, აიგო საცხოვრებელი და აქ დაიწყო ცხოვრება.
დრო გადიოდა, თითქოს სხვა დიდი დანაკლისი არ უნდა გამოეწვია ამ ყმაწვილის აქ ყოფნას თუ არ ჩავთვლით გასათბობ შეში ჭრას და ცოტ-ცოტა საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოსადეგ სამასალეს რომელსაც ჩვენ თავად ვირჩევდით და მსხვერპლის სახით ვწირავდით ხოლმე მას. თუმცა ერთ დღეს მისმა აქ ყოფნამ სხვა სულიერებსაც გაუხსნა გზა და მეკობრეებიც გამოჩნდნენ ჩვენს მიდამოებში. რომლებიც ამ ცივსისხლიანმა დახოცა. ასე დაიღვარა პირველი ადამიანური სისხლი ჩვენს კუნძულზე. ჩვენ ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდით უბრალოდ იმიტომ დამამახსოვრდა რომ გემიდან რაღაც დიდის გადაგდების დროს ძალა რომ არ ეყო ჩვენი მოძმეები მოჭრა და ისენი გამოიყენა ბერკეტათ. ყველაფრით ტკივილს გვაყენებდა. კიდევ კარგი ნაძვებს არ ჭამდა და ზღვაში დენით დახოცილი თევზებით იკვებებოდა. მეკოობრეების დახოცვის დღესაც კი დამუხტა ზღვა და დენდარტყმული, მოტივტივე თევზები ჩვენს ფიჩხზე ააშიშხინა.. მგონი იმ მომენტში ის უფრო ცივსისხლიანი იყო ვიდრე ის თევზები, ისინი ხომ ცეცხლზე ეყარნენ.
დრო გადიოდა, სულ ცოტა ხანში ვაჟბატონმა ვიღაც სხვაც მოიყვანა რომელიც აშკარად ეტყობოდა უყვარდა. ვიფიქრეთ რომ ეს მაინც შეცვლიდა მაგრამ შენც არ მომიკვდე, მან ახალი ხეების მოჭრა გადაწყვიტა რათა უფრო დიდი სახლი აეგო, ახლანდელი სასახლე არ აკმაყოფილებდა. კინაღამ გამომრჩა, მის გამოჩენასთან ერთად მოღალატეების რიცხვმაც იმატა ჩვენში. ადრე თუ მხოლოდ ხერხებისა და ცულების შექმნას ჯერდებოდნენ ახლა წინ წაიწიეს რადგან მოტივაცია მიეცათ. მოტივაცია რომ მათ პროდუქტს ვიღაც ნამდვილად გამოიყენებდა და საბოლოოდ მოგვიღებდა ბოლოს. ისენი ჩვენი ნაძვნარის ძლიერ მხარეს წარმოადგენდნენ ამიტომ საზოგადოება დაყაბულდა მათ. ნაძვები ფიქრობდნენ რომ თუ მაინც სიკვდილი გვიწერია ის მაინც ავირჩიოთ თუ რითი მოგვიწევს იგიო ამიტომ გამართეს არჩევნები რომელშიც მოღალატეების მიერ ახლახანს შექმნილი ბენზოხერხები მონაწილეობდნენ, რომელიც არა მხოლოდ მოჭრით გვემუქრებოდნენ არამედ ჰაერსაც გვიბინძურებდნენ ჯანმრთელი ყოფისთვის. გამარჯვებულ მხარეს ერთადერთი შემაღლებული გორაკი უნდა დაეკავებინა ჩვენს კუნძულზე. სწორედ მისით  გველოდებოდა სიკვდილი. მაგრამ ის გვაიმედებდა, რომ ეს სიკვდილი სწორედ რომ ჩვენი არჩეული იქნებოდა. არჩევნებში როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი ორი ძირითადი ,,დრუჟბული“ ძალა იყო რომლებმაც ადვილად დაამარცხეს ძველი ხერხები და მხოლოდ ერთმანეთშიღა იბრძოდნენ. საზოგადოებამ საბოლოო არჩევანი სწრაფ და არც ისე მტკივნეულ სიკვდილზე გააკეთა და სწორედ ბენზოხერხების ამ სახეობამ დაიკავა გორაკი. და სწორედ ეს ბენზო ხერხი გადაეცა ამ ადამიანს ჩვენს გასანადგურებლად. მან უფრო დიდი სასახლე ააშენა და გააგრძელა ცხოვრება, ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ჩემზე ბედნიერად. ამით დიდად არაფერი შეცვლილა ჩვენთვის, ადრე თუ ხელსაწყოების ხმა გვაწუხებდა ახლა ისინი სხვა ხმებმა ჩაანაცვლა.“
ასე დაასრულა მონათხრობი ნაძვებს შორის უხუსეცმა.

თავი III
თევზთა სამეფო
ერთ დროს შორეულ, მაგრამ დღეს არც ისე შორეულ ზღვაში ძველისძველი სამეფო იყო. ეს სამეფო იმ კუნძულის ქვევით მდებარეობდა რომელიც იმ ყურის შუაგულში იყო, რომლის გარშემოც ის ქალაქი იყო გაშენებული სადაც მესარკე ჟორა დაიბადა. სამეფომ  დიდხანს, წყნარად და უშფოთველად იარსება, სანამ ერთ დღეს უცნაურმა ობიექტებმა არ იწყეს ცვენა პირდაპირ მათი სამეფოს ციდან, ზოგი ამას ღმერთის ხელს მიაწერდა ზოგი უბრალოდ გააშეშა ამ სანახაობამ, როგორც ლოტის ცოლი გააშეშა ცეცხლმოკიდებული სოდომ-გომერის ნახვამ, გააქვავა სულიერად ამ აქამდე არნახულ და ამოუცნობ კადრზე რაც მის თვალწინ ხდებოდა, როგორც ომ გამოვლილ სამხედროებს ახსენდებათ ომის დროს განცდილი ემოციები და კადრები, ახსენდებათ და მუდამ თვალწინ უდგათ, რადგან ეს მათ ემოციურ ზღვარზე მაღლა იდგა. ისინი აგრძელებენ ცხოვრებას მაგრამ მათი გონება იმ კონკრეტულ მომენტში და კადრში რჩება სხეულის სიკვდილამდე, როგორც გადამწვარი ტელევიზორი უჩვენებს ბოლო კადრის ლანდს სრულ ჩაქრობამდე. სწორედ ასე გააქვავა ზოგიერთი სუსტი ნერვების მქონე თევზის გონება ამ სანახაობამ, ზოგიერთი უფრო სუსტი კი  ფიზიკურადაც უმოძრაო და გაყინული გახდა და ზღვის ზედაპირზე ამოტივტივდა. დანარჩენზე კი თევზთა ხელმწიფე მოგიყვებათ:
„ ამ დღემდე გვეგონა რომ მარტო ჩვენ ვარსებობდით სანამ ერთ-მშვენიერ დღეს რაღაც ამოუცნობმა ობიექტებმა არ იწყეს ციდან ცვენა, ეს არავინ იცის რა იყო ან რატომ იყო, ყველას თავისი ვერსია აქვს, მაგრამ ფაქტია რომ ამან თავდაყირა დააყენა ჩვენი სამყარო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მკვდარმა თევზებმაც კი მიწაზე დაცემის მაგივრად ცისკენ იწყეს ფრენა. იმ დღის გახსენება არც კი მინდა დეტალებში, სრული ქაოსი იყო, ყველა თევზი აქეთ იქით გარბოდა, მოსახლეობა დაიქსაქსა, ზოგი ჩემს სახელს გაჰკიოდა ზოგიც ღვთისას. ეს მდგომარეობა რამოდენიმე დღე გაგრძელდა, ბოლოს ყველა ერთიანად ჩაწყნარდა.
დრო გადიოდა. ვფიქრობდი ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს თქო, მაგრამ თურმე ასჯერ უარესი გველოდა წინ. თევზებმა ფიქრი დაიწყეს... ბაზრობებზე ფასების მკვეთრი ცვლილება მოხდა, ახალგაზრდებმა მშობლებს ბოიკოტი მოუწყვეს და მშობლებს შორისაც ბრძოლა დაიწყო თუ ვინ პირველი იყიდდა იმ უცნაური ფორმის ბუშტებს თავის შვილებისთვის, ბუშტებს რომლებიც ციდან ჩამოცვივდა ქვაზე გამობმული. რა თქმა უნდა, ეს ბუშტები უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ჩვეულებრივი ,რადგან უფრო კარგად ფარფატებდნენ, რაოდენობაც შეზღუდილი იყო, მათი ქონა ნამდვილად გამოგარჩევდათ და თანაც მათი ჭამაც შეიძლებოდა გაჭირვების ჟამს.
ამ ბუშტების გარდა რაღაც ქვის ნაკეთობაც ჩამოვარდა ჩვენს სამეფოში რომელიც ფორმით სწორედ რომ ბუშტებს გავდა, უბრალოდ არ ფარფატებდა და არც იჭმეოდა პირიქით თითქოს ჩამოვარდნისთანავე გვამცნო რომ ადგილიდან განძრევას არ აპირებდა.  ბრძენების კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ ამ ნაკეთობას ადამიანი ეწოდა და რადგან ბუშტებიც გავდნენ მას მათაც ადამიანები ვუწოდეთ, თუმცა ამ ნაკეთობას მათგან განსხვავებით ზუგზე რაღაც ქონდა გამოსული რაც მისი მზრით თუ ვიმსჯელებთ უსათუოდ ამძიმებდა მას. ასევე ჩვენში გავრცელებული ჩანთის მაგვარიც ქონდა მიწებებული და რადგან ჩვენებურ ჩანთას ზურგზე ვიკიდებთ ჩავთვალეთ რომ მასაც ზურგზე ჰქონდა მოკიდებული, მაგრამ იმას ვერ მივხვდით რატომ, რადგან ჩანთაში ასევე ჩვენებური ქვები ეყარა.  მას მზერა მიერტიალებინა ამ ტვირთისკენ და რვაფეხასნაირი კიდურებით მის მოცილებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. არადა ჩვენი ბრძენები ამბობდნენ რომ ეს კიდურები რომ დაბლა დაეშვა ამ ადამიანს ჩანთა თავისით ჩამოუცურდებოდა ზურგიდან. ამ ერთობ უცნაურმა სანახაობამ მიიპყრო მთელი საზოგადოების ყურადღება რამაც სამეფოში კრიზისი გამოიწვია. ყველაზე მეტად გასაკვირი ის იყო რომ ამ ადამიანს თვალებიც ქონდა ზურგიც და თავისი საკუთარი გამომეტყველებაც მაგრამ ცოცხალი არ იყო.
მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც მანათობელი ობიეტების კონა იყო რომელიც ზუსტად სამეფოს შუაგულში დაეცა, მისი ნათება არ გავდა მოგიზგიზე ცეცხლის ნათებას ანდაც უკვე მიმქვრალი ნაკვერჩხლისა ის მზესაც არ გავდა, ის არ იწვოდა მაგრამ მაინც ანათებდა. მისი პირველი მსხვერპლი ჩემი შვილი იყო რომელიც მიუახლოვდა მათ, მაშინვე სული დალია და აფარფატდა ცის უსასრულობაში. სწორედ ამის შემდედ დაიწყო მოსახლეობამ ფიქრი ამ ობიექტზე ყველაზე მეტად (მანამდე ქვის ადამიანზეც ბჭობდნენ ხოლმე). მისი სინათლე ყველას იზიდავდა, მაგრამ ახლო მისული ყველა კვდებოდა. თუმცა კიდევ ვიმეორებ ადრინდელისგან განსხვავებით მიწაზე არ ენარცხებოდნენ მკვდრები ცაში მიფრინავდნენ. მოსახლეობის არსებობის აზრად გადაიქცა ამ საიდუმლოს გაშიფვრა. ერთი მხრივ ინტერესი იყო მოტივაცია, მეორე მხრივ კი ჩემს მიერ დაწესებული ჯილდო. ყველას უნდოდა შეეგრძნო და გაეთავისებინა ეს საიდუმლო, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიოდნენ მასთან მი უფრო შორს იყვნენ არსებობისაგან. ამ ობიექტმა ნახევარი სამეფო ამომიწყვიტა, მაგრამ მთელი სამეფოს არსებობას აზრი შესძინა. ამიტომ ვერ გამირკვევია რა ვიფიქრო მასზე, ამიტომაცაა ის ჩემთვის ყველაზე საძულველი.“
ასე დაასრულა თხრობა თევზთა სამეფოს ხელმწიფემ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები