ესე#15 (თავი 2) მატლები მახსოვს მთაში წავედი რომ ცხოველების ენა მესწავლა, მაგრამ ვერც ერთ სკოლაში ვერ ჩავირიცხე, მატლების სკოლის გარდა. ხოდა დავდიოდი პატარა მატლებთან ერთად და მათ ენას ვეუფლებოდი, ცოტა არ იყოს მეზარებოდა, მაგრამ რას ვიზამდი მიზნის გადახვევა არ მიყვარს თუ რამეაა ეგრევე უკუსვლით ვიხევ უკან, არ მიყვარს მკვეთრი მოძრაობები, თან მეშინია კიდევ არ დავადგა ერთ-ერთ მათგანს ფეხი. ამას წინად დამედგა და მშობელი გაგულისებული მემუქრებოდა, იქამ არ მოვკვდები სანამ შენს გვამს არ გამოვღნიო... დრო იწელებოდა, გასართობი მხოლოდ სასაფლაოებზე სიარული და გვამების ჭამა გვქონდა. ყველა კარგად სწავლობდა ჩემს გარდა, მათ იმედი ჰქონდათ რომ სწავლის შედეგად პეპლებად გადაიქცეოდნენ, მაგრამ სანამ ისენი პეპლები გახდებოდნენ და მთელ კლასს გადაპეპლავენ, მანამდე სკოლა პეპლავდა მათ. მე ჩემი უნიჭობიდან გამომდინარე ბევრ თაობასთან ერთად მომიწია სკოლაში სიარული, ამიტომ დიდხანს ვაკვირდებოდი მათ და განსხვებებსაც თვალთათლივ ვხედავდი თაობიდან თაობამდე. ერთ დღესაც ჩემი ძმამატლი მოვიდა და გულისტკივილით მითხრა რომ ის ვერასოდეს გახდებოდა პეპელა, ვინაიდან მამამისმა მთელს ოჯახს ელექსირი დაალევინა, რაც მატლებად დარჩენასა და ხანგძლივ სიცოცხლეს პირდებოდა. მას ცოტნე ერქვა. ცოტა ხნის შემდეგ ის გაუჩინარდა და ავნერვიულდი თუმცა მალევე ხმა გავარდა (და ტყისკენ გაიქცა), რომ ანკესის სატყუარაზე მან თავის მეზობელი შეანაცვლა და თავი გასწირა. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგი მას სულელს ეძახდა, ზოგი კი ხმას არ იღებდა. უკვე ორი კვირა იყო გასული ამ ამის შემდეგ და გადავწყვიტე შემთვევის ადგილი მომენახულებინა. გზის მიგნება ცოტა არ იყოს გამიჭირდა მაგრამ ქვეყანაზე ადვილი არაფერია. როდესაც ახლოს მივედი დავინახე რო ერთ ადგილზე მდინარე გავაკებული იყო, ქარი ისე აღელვებდა ზღვას როგორც ქალს, ნავმისადგომთან ერთადერთი ნავი იდგა, რომელზეც ნავზე ორჯერ დიდი თევზის ჩონჩხი იდო, როგორც ამბობენ ეს თევზი სწორედ ცოტნემ დააჭერინა მოხუც მეთევზეს, რომელიც ტყის პირას ცხოვრობდა. დრო გადიოდა. მე უნიჭოც კი მათი ენა თითქმის სრულყოფილად შევისწავლე, პეპლები მით უფრო კოტ-კოტა მხვდებოდა. როდესაც ბოლომდე გავიწაფე, მანიფესტების წერა და მათი მხილება დავიწყე იმაში რომ პეპლობაზე ხელი აიღეს, ვამბობდი რომ მარადჟამს მატლად ცხოვრებას სიკვდილი მიჯობს პეპლად გახდომის ცდაშია თქო. სჯობს მატლობაში გადიდმატლებულს, ფრთების შესხმის მცდელობაში მკვდარი მეთქი.. ვიცოდი რომ მათაც იცოდნენ რომ სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ აღიარება არ უნდოდათ ამიტომაც ამითვალწუნეს. ერთხელაც ერთ-ერთ მათგან ყელში ამოუვიდა და მითხრა : ,,კაი ნუ წაიღე ტვინი, შენც მთელი ცხოვრება მატლი დარჩებიო...“ მე ვუთხარი როგორ თუ მატლი ადამიანი ვარ თქო მან კი გადაიხარხარხარა. ვერ მივხვდი რა აცინებდა მაგრამ იმას კი მივხვდი რომ მატლებთან ვეღარ გავჩერდებოდი, ადამინთა სამყაროში უნდა დავბრუნებულიყავი... მათ ამ სიახლის მოსმენა გაუხარდათ, ყური მოვკარი როგორ ამბობდნენ, საიდანაც მოეთრა იქ წავიდეს ისევ, რო დაგვჭყლიტა არ ეყო ახლა ჭკუას გვარიგებსო, თვითონ რა ედარდებაო. მივდიოდი და ვფიქრობდი რომ მათი ენის სწავლის მიუხედავათ მაინც ვერ გამოვნახე საერთო ენა მათთან, ვფიქრობ ჩემი სიკვდილის შემდეგ დიდი სიამოვნებითაც კი შემჭამენ. მატლებმა არ მიმიღეს, თუ მე ვერ შევეწყვე მათ? ეს ფიქრი მტანჯავდა. ნუ ფაქტი იყო რომ ისენი მატლები იყვნენ კი მე კი ადამიანი ვიყავი და ალბათ არც იყო გასაკვირი ეს უთანხმოება. ქალაქში ჩასვლის შემდეგ მივხვდი რომ აქ ყველაფერი შეცვლილიყო. თავი ყველაზე გარეწარ პიროვნებათ მიმაჩნდა, ადამიანებს თვალს ვერ ვუსწორებდი. ისენიც ზევიდან მიყურებდნენ, თანაც დამცინავად. ვხვდებოდი რომ ასე დიდხანს ვეღარ გავძებდი. ყურში ჩამესმოდა იმ მატლის განწირული ხარხარი და ვფიქრობდი, ნეტავ მართლაც მატლი ხომ არ ვიყავი? რადგან ადამიანთა საზოგადოება სწორედ ისე მიყურებდა როგორც მატლს. არ ვიცოდი რა მექნა მატლთათვის ადამიანი ვიყავი, ადამიანთათვის კი მატლი...მატლთათვის ზედმეტად დიდი ვიყავი, ადამინთათვის კი ზედმეტად პატარა,. სად იყო ჩემი ადგილი სინამდვილეში? ვერ გადამეწყვიტა და ვიტანჯებოდი. ამიტომ ერთ დღესაც ღორთან მივედი, მათი ენის სასწავლელი გამოცდებიც ჩავაბარე ერთ დროს და ცოტა ვიცოდი, ვკითხე ,, თუ ძმა ხარ მითხარი, მატლი ვარ თუ ადამიანი თქო...“ ღორი აჭყივლდა მისმა პატრონმა შეამჩნია რომ მე ვიყავი გამაღიზიანებელი და ჯოხი გამომიწოდა, მეგონა მირტყავდა მაგრამ ისე ავედი ზედ ვერც კი შევამჩნიე. გადამარჩინა, აცრემლებული თვალები შევანათე, მან კი დაიძახა წიბა წიბაო, ქათმები მისკენ გამოცვივდნენ, მათ შუაგულში ჩამაგდო... ,,ჭყლტ...“ შიშისგან გამომეღვიძა. მეტროში ჩამძინებია. ძილში ჩამისვრია, გავიხედ გამოვიხედე და ყველას ცხვირზე ჰქონდა ხელი მოჭერილი და პირებით სუნთქავდნენ, მეც იგივე ვქენი. ვფიქრობდი: ადამიანებმა ქაქს ცხვირი დაუხურეს და პირი გაუღეს, მგონი ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ ოღონდ სუნი არ ეგრძნოთ. ფიქრმა გამიტაცა და ვგრძნობდი როგორ მაშორებდა ნელნელა ჩემს სხეულს. უეცრად ვიგრძენი რომ მთლიანად მოვშორდი მას. ახლა უკვე შორიდან ვხედავდი ჩემს თავს და მისკენ ბზუილით მივფრინავდი.. მალე მთელი ვაგონი ბზუილმა მოიცვა, ვაგონში ადამიანი აღარ დარჩა, ჩემი სხეული მომენტალურად ხელისგულად გადაიცა ზედ კი აღიარებასავით მქონდა დასვენებული ჩემი ნაქნავი ქაქი, აღსარებასავით იყო ეს ყველაფერი, თითქოს საზოგადოებას ვუცხადებდი რომ ეს მე ვიყავი. უცბად მწვანე ბუზებად გარდაქმნილი ადამიანყოფილთა ხროვა დააცხრა ჩემს სახეცვლილ სხეულს. მალე აღარც ხელის გული დარჩა და აღარც აღიარება, ბუზებმა ის უცბად გააქრეს და მოუნელებლობის უსასრულობაში გააქანეს. მე აღარა-ფერი დამრჩა. მხოლოდ მწვანე, რომელიც ალბათ მანამდეც მექნებოდა. მერე უცბათ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. სუნთქვა მიჭირდა და პირბადე მოვიხსენი. შემდეგ ამ მოვლენებზე ფიქრის დროს გავაანალიზე რომ კოკაკოლისა და რძის ერთად დალევა არ შეიძლება, მითუმეტეს როდესაც შორი გზა გაქვს გასავლელი. არა, არა! არ შეიძლებოდა ასე არევა... ახმეტელის თეატრი გამოაცხადა ხმამ, ბოლო გაჩერება, ვფიქრობ სანდრო მსახიობი კი არა მორბენალი იყო რადგან მისი სახელობის გაჩერებაზე ჩამოსვლისას ყველა სირბილით გარბის ესკალატორისკენ, ვაგონიდან ბოლოს ჩამოვედი, კარები ზუგს უკან დაიკეტა, მატარებელს გავხედე, გველი იყო, ნამდვილად გველი იყო, თვალი ჩამიკრა და გვირაბში შეიკლაკნა.
11.02.2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|