 | ავტორი: უმისამართო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 27 თებერვალი, 2019 |
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში არაერთი ლიტერატურული მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართული მწერლობა. ხელოვნებას განსხვავებული მისია დაეკისრა. ის, რასაც რეალიზმი ასახავდა, ახალი ეპოქისათვის მოძველებული აღმოჩნდა. გაჩნდა ინტერესი სამყაროს სიღრმისეული გაცნობისა და გათავისებისა, რამაც განაპირობა ადამიანის მიჩქმალული, გაუცნობიერებელი განცდებისა და ვნებების წარმოჩენა.
საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში სამწერლო ასპარეზზე მრავალი საინტერესო მწერალი გამოვიდა. მათი შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას ამ თემების გარჩევა-გაანალიზება სხვადასხვა კონტექტში.
ტიციან ტაბიძე ჭოლა ლომთათიძეზე წერდა: „ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა ქართულ პროზაში“.
ლიტერატურული კრიტიკაში არაერთი მოსაზრება არსებობს ჭოლა ლომთათიძის ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი მის შემოქმედებაში „ცნობიერების ნაკადის“ არსებობაა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ნოე ჟორდანია მას „ჩვენს გამსუნს“ უწოდებს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საინტერესო ფსიქოლოგი მწერალია.
როგორც სერგი ჭილაია აღნიშნავს, ჭოლა ლომთათიძესთან ვხვდებით ე.წ „დუმილის ფილოსოფიას.“ ამ მხრივ ძალზე საინტერესოა „სახრჩობელის წინაშე“ და „უსათაურო“.
მოთხრობა „სახრჩობელის წინაშე“ პიროვნების სულიერი განცდებისა და მისწრაფებების ღრმა ფსიქოლოგიზმის წარმოსახვით გამოირჩევა. ამ ნაწარმოებში პატიმარი მწერალი დაჰყურებს ეზოში აღმართულ სახრჩობელას და თან ფიქრობს : „ისე ნათლად, ისე უბრალოდ დავინახე, რომ ეს უაზრობაა, რომ ეს შესაძლებელია, რომ ადამიანის მოკვლა არ ვარგა, რომ... საკმაო იყო იმათთვის ამეხსნა ყველაფერი, როგორც მე მესმოდა და ისინი გაიღვიძებდნენ, თვალებს ამოიფშვეტდნენ, დიდი განცვიფრებით შეაჩერდებოდნენ სახრჩობელას, ზურგზე ხელებგაკრულ ადამიანს, ჯალათს გაწითლდებოდნენ და მეტი არაფერი, და წავიდოდნენ სახლში შვილებთან, საყვარელ არსებებთან... საკმაო იყო გამეღო პირი და მეთქვა, იმათთვის, ის, რასაც ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ და, რასაც ვხატავდი.
მაგრამ გავაღე თუ არა პირი, დავიწყე თუ არა ლაპარაკი, ახირებული რამ მოხდა.
„შენ რას იგონებ, შენ... - მომესმა მე პასუხად: - შენ თვითონ რამდენი ხანია ჩამოსახრჩობი ხარ !..“
აღნიშნულში იკვეთება, თუ რაოდენ ძლიერია ცნობიერების ნაკადი; იმდენადაც კი, რომ რეალურ სამყაროში ადამიანს არ გამოსდის მისი ვერბალური მატერიალიზაცია. ამ მხრივ საინტერესოა ის მონაკვეთიც, როდესაც ჯეირან ვარდოსანიძეს უნდა ტახტის ქვეშ შეძრომა და ჯალათისგან გადარჩეენა იმის ფიქრის გარეშე, რომ ეს არ შეშვენის მებრძოლს. ამ შემთხვევაში მას ფიქრიც არ ემორჩილება და ცნობიერში დალექილი შიში მოქმედებს.
ადამიანები ძალიან ხშირად სრულიად უსუსურნი ვართ მეტყველების წინაშე. გავიხსენოთ ლეო ქიაჩელის მოთხრობა „სტაფანე“, სადაც მეტყველება მკვეთრად უპირიპირდება „უსიტყვო მეტყველებას“ მთავარი პერსონაჟის, სტეფანეს, მეშვეობით, რომელიც სწორედ დუმილს მიიჩნევდა ჭეშმარიტების გამოვლენის უტყუარ ფორმად.
ადამიანის უტყვი ბუნება ნათლად ჩანს „უსათაუროში“ რევოლუციონერ ქალს სურს რა გადასცეს თანამებრძოლს თავისი ღრმა განცდა, კარგა ხნის საუბრის შემდეგ იძულებულია, დასვას კითხვა: „მიხვდი?“ რაზედაც იღებს პასუხს: „ვერაფერსაც ვერ მივხვდი“. ამას მოსდევს ქალის კვნესა: „რად, რად არის ადამიანი ასეთი უტყვი?.. ვერც ერთ რთულ გრძნობას, ვერც ერთ აზრს ეს ვერ გამოთქვამს სიტყვით. ამას სჯობდა, სრულიად მუნჯი დაბადებულიყო, ეგების რაიმე სხვა საშუალება ეშოვა მაშინ მას გრძნობათა გამოსახატავად! მე ასე ნათლად ვხედავ ჭეშმარიტებას და შენ ვერ გეუბნები ამას!“ როგორც ვხედავთ, ეს მონოლოგი მთელი სისრულით წარმოაჩენს საკითხის არსს, გადმოგვცემს რა იმ ადამიანის წარსულს, რომლის ცნობიერების ნაკადი მეტყველებას ვერ თანხვდება.
შესაბამისად, ჭოლა ფიქრობს, რომ დუმილით უფრო მეტის თქმა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით. როგორც მეტერლინგი იტყოდა, „სიტყვა არასდროს გამოხატავს ურთიერთობას არსებათა შორის. რამდენადაც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვა ადამიანთა ურთიერთობაში, იმდენად უფრო ნათლად იციან ადამიანებმა ერთმანეთის: ბაგეს, ენას იმდენად შეუძლია განახორციელოს სული, რამდენადაც კატალოგის წარწერას, ან ნომერს - სურათი, მაგრამ როდესაც ჩვენ ნამდვილად გვინდა, რამე გავაგებინოთ ერთმანეთს, იძულებული ვართ, ვდუმდეთ“.
მოთხრობაში „საპყრობილეში“ საინტერესოა, როგორ ბოჭავს ცნობიერება დედის სითბოს მოწყურებულ პატიმარ დროზდოვს, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული გამოხატოს მშობლისადმი; თუმცა სიტყვებგარეშეც იკვეთება დედისადმი ფაქიზი დამოკიდებულება.
მართალია, საუკუნებიის სვლისას ადამიანი სულიერი სრულყოფილებისა და სრულქმის მწვერვალებს ეუფლება, იხვეწება მისი შემეცნება, გრნობა - ემოციები და ესთეტიკური თვალთახედვა, თუმცა იგი მაინც იტანჯება მარტოობისა და განწირულობის უსაშველო სენით; ეს სწორედ ის სენია, რომელიც ამძაფრებს დუმილს პიროვნებაში. შესაბამისად ამგვარი ადამიანი ცნობიერების ნაკადს მეტად უღრმავდება, საკუთარი თავის მოსასმენად ხომ ყველაზე მეტი შესაძლებლობა და დრო აქვს.
გავიხსენოთ მოთხრობა „დუმილი“, სადაც ლირიკული გმირი ცოლისა და მეგობრის სამიჯნურო პაემანის თვითმხილველი ხდება; ხედავს, თუ როგორ საუბრობენ ისინი დუმილით და აღნიშნავს, ეს დუმილი სიმღერით საუბარი იყოო, თუმცა იგი ყოველთვის როდია სიკეთის მომტანი. მაგალთად, ჭოლას „შიშში“ ხალხი გონების დუმილის მსხვერპლია. ცნობიერში არსებული შიში მათ არ აძლევს ნორმალური ცხოვრების საშუალებას. მწერალი ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოაჩენს ფასადის მიღმა არსებულ მეორე სინამდვილესაც, რომელიც განსხვავდება იდეოლოგიური ცალმხრივობისგან თავისუფალი რეალიზმისგან; გვიხატავს „ზღაპრული საშინელებით, კაცისმჭამელებით, მოღალატეებით, დაცინვით, უიმედობით, შავი შიშით“ აღსავსე საზოგადოების ფონზე, თუ როგორ იქცევა აქტიური რევოლუციონერი ყველასა და ყველაფერზე დაეჭვებულ პიროვნებად, რაშიც ცნობიერება დიდ როლს ასრულებს. ვფიქრობ, იგი ამ მხრივ ემსგავსება კნუტ ჰამსუნის „მისტერიების“ მთავარ გმირს, ნაგელს, რომელიც სკეპტიციზმს სრულ უიმედობამდე მიჰყავს; მესიანური იდეით გვეგვლინება ახალ ქალაქში - უშველოს რეალობას, აღმოაჩინოს მისი წამალი, შხამი. „სიყალბის ნიღბებს ამოფარებული ადამიანები, იდეოლოგიას ბრმად მინდობილი ინტელექტუალები, საკუთარ სიმართლეში ფანატიკურად დარწმუნებული პროგრესული ფრთა, საზოგადოება, რომელიც საკუთარი თავის გაუაზრებლად აგრძელებს არსებობას, „წმინდანები“ კი ხალხი, რომელიც საკუთარ სიბინძურეს ჩინებულად მალავს“ - შეუძლებელია ნაგელმა სამყაროს ამგვარად აღქმის შემდეგ, მისგან განყენებული მიზეზით მოიკლას თავი და მასში ცნობიერების ნაკადი არ დომინირებდეს. გერმანელი რომანტიკოსი ვაკენრიდერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „იმ უხილავს, რაც ნაგელს მოევლინა, სიტყვები ვერ გადაიტანდნენ მის სულში“. ასევე მისი რწმენაც პირობითია, რაშიც გვარწმუნებს ავტორის შემდეგი სიტყვები: „ამქვეყნად ყველაფერი პირობითია, ისეთი მცნებებიც კი, როგორიცაა: დრო, სივრცე და მოძრაობა“. ვფიქრობ, მსგავსი პირობითი რწმენაა დამახაიათებელი „შიშის“ მთავარი პერსონაჟის პიროვნებისათვის, ვინაიდან ღრმა რწმენის სკეპტიციზმით სრულიად მიჩქმალვა შეუძლებელია.
რეალობას და ზმანებას, ცხადსა და სიზმარს შორის წაშლილი ზღვარი მოდერნისტული მწერლობის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია. მიღმურ სამყაროსთან კავშირი უმეტესად წამიერად წყდება. ასახვის პრინციპით არეკვლა უკმარისობას ტოვებს და საიდუმლოს ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ხილულისა და მიღმურის, ზმანებისა და ცხადის ურთიერთმიმართება სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ფორმით გამოისახება. თუმცა უმთავარესი მაინც აღძრული ესთეტიკური ემოცია და გრძნობაა. აღნიშნული მიმართება თანამედროვე განახლებული ხელოვნების საფუძველია, თანამედროვე ლიტერატურამ კი, მათ შორის ჭოლა ლომთათიძემ, იტვირთა დაფარულის ამოცნობისა და გამოსახვის მძიმე მისია. როგორც კიტა აბაშიძე წერს, მხატვრობის საგანი უნდა იყოს იმ „გამოუცნობლისა“ და მიუწვდომლის ახსნა და სურათებით ნათელყოფა, რაც შეადგენს დედაარსს და დედაძარღვს ადამიანის ცხოვრებისას. აღნიშნულს შესანიშნავად ასახავს ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება, რაშიც ცნობიერების ნაკადი დიდ როლს ასრულებს. მის მცირე, მაგრამ საინტერესო გამოვლინებად შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჭოლასსავე ლექსის „კვლავ ფიქრი ფიქრი“ ნაწყვეტი: „მაგრამ, სიტყვებო, საცოდავო, ჩემო სიტყვებო, არა თქვენ არ ხართ ჩემთა ფიქრთა გამომეტყველი.. თქვენ ვერ იტყვით ფიქრთა შინაარსს, სჯობს, რომ დადუმდეთ.“
ბოლოს დავასრულებს ჭოლა ლომთათიძისავე სიტყვებით, რომელიც დუმილისადმია მიმართული: „ჩვენ ერთი არსება ვართ ახლა, ჩვენ ერთი ვართ, ჩვენში ერთი სულია და ერთანეთზე გადახვეული, განუყრელი ვართ მუდამ, მუდამ! ერთმანეთის ვართ. ჩვენთვის არაფერი ერთმანეთისთვის დამალული არ არის და ჩვენ არ გვრცხვენია ერთმანეთის იმიტომ, რომ ერთი არსება ვართ“ („დუმილი“).
მართლაც, ჭოლა გრძნობს სიტყვის მნიშვნელობას და იმას, რომ წარმოთქმული აზრი სიყალბეა, ღრმად გვიხატავას პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადს და თავადაც ერთვება მის განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა :
სერგი ჭილაია - „უახლესი ქართული ლიტერატურს ისტორია;“
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - „მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა;“
ხელაია ნაზი - „მარტოობისა და განწირულობის მისტიკურ-ალეგორიული განცდა კენ-კიზისა და ჭოლა ლომთათიძის ნაწარმოებებში;“
ინგა მილორავა - „ქართული მოდერნისტული პროზა : ზმანებისა და ცხადის მიჯნაზე.“
მარიამ რაქვიაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ტიციან ტაბიძე ჭოლა ლომთათიძეზე წერდა: „ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა ქართულ პროზაში“. ნამდვილად ასეა. იმას რომ, დუმილით უფრო მეტის თქმა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით. როგორც მეტერლინგი იტყოდა, „სიტყვა არასდროს გამოხატავს ურთიერთობას არსებათა შორის. რამდენადაც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვა ადამიანთა ურთიერთობაში, იმდენად უფრო ნათლად იციან ადამიანებმა ერთმანეთის: ბაგეს, ენას იმდენად შეუძლია განახორციელოს სული, რამდენადაც კატალოგის წარწერას, ან ნომერს - სურათი, მაგრამ როდესაც ჩვენ ნამდვილად გვინდა, რამე გავაგებინოთ ერთმანეთს, იძულებული ვართ, ვდუმდეთ“. ჩემი სუბიექრური აზრით, მეტერილნგს მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები.
ტიციან ტაბიძე ჭოლა ლომთათიძეზე წერდა: „ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა ქართულ პროზაში“. ნამდვილად ასეა. იმას რომ, დუმილით უფრო მეტის თქმა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით. როგორც მეტერლინგი იტყოდა, „სიტყვა არასდროს გამოხატავს ურთიერთობას არსებათა შორის. რამდენადაც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვა ადამიანთა ურთიერთობაში, იმდენად უფრო ნათლად იციან ადამიანებმა ერთმანეთის: ბაგეს, ენას იმდენად შეუძლია განახორციელოს სული, რამდენადაც კატალოგის წარწერას, ან ნომერს - სურათი, მაგრამ როდესაც ჩვენ ნამდვილად გვინდა, რამე გავაგებინოთ ერთმანეთს, იძულებული ვართ, ვდუმდეთ“. ჩემი სუბიექრური აზრით, მეტერილნგს მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები.
1. არ ვიცნობ კარგად ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებას. დამაინტერესა „დუმილის ფილოსოფია“–მ. დუმილის, რომელიც ოქროა. არ ვიცნობ კარგად ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებას. დამაინტერესა „დუმილის ფილოსოფია“–მ. დუმილის, რომელიც ოქროა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|