ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა ბეროზაშვილი
ჟანრი: საბავშვო
2 მარტი, 2019


პატარა გედის თავგადასავალი

                                                                                                                                      თავი 1
                                                                                                                                        ტბა
      ერთ უზარმაზარ, ადამიანისგან ჯერაც მიუდგომელი  წიწვნარ-წიფნარის  შუა გულში არის  ჯადოსნური სარკე. ასე მაშინ იფიქრებ, თუ  გაღმიდან  წითელ  გორაკზე  გადმომდგარი ფერდობს გადმოხედავ. სინამდვილეში კი  ეს  ლურჯ-მწვანედ  მოლიცლიცე  პატარა ტბაა  სურნელოვანი  ყვავილებით მოფენილ  მდელოზე, რომელიც  მუდამ სავსეა  საამურად მოჟღურტულე ფრინველებით და  ტყის უწყინარი  ცხოველებით .  კამკამა ტბის ზედაპირზე  გორაკიცა  და  წიწვოვანი  ტყის მიმზიდველი სილუეტიც ლივლივით  აირეკლება, რაც კიდევ უფრო ზღაპრულ სანახაობას ქმნის.
        როცა ეს ამბავი მოხდა, მაშინაც  ტბის ბინადარნი უშფოთველ  ცხოვრებას მხიარული ჟივჟივით, ლაღი  ფრენითა და ცურვით  იხალისებდნენ. გედები, წეროები, ბატები, იხვები, ყანჩები, ყარყატები,  შლამში ჩამალული  მუდამ  მოყიყინე  ბაყაყები,  კუები და ფერად-ფერადი თევზებიც კი  უდარდელად    ნებივრობდნენ  მცხუნვარე მზის,  კამკამა წყლისა და თბილი  მზის წყალობით. ტყის ბინადარნიც ხშირად გამოდიოდნენ წყურვილის მოსაკლავად. ყველაზე ხშირად კი  შვლები სტუმრობდნენ  ნუკრებით სველი ბალახის გასაწიწკნად. ერთმანეთს არავინ ერჩოდა, ტბის ფსკერზე  თუ მის ნაპირებზე უხვად  მოიპოვებოდა    გემრიელი ბალახი, ყლორტი, ფოთოლი, ყვავილების თესლი და  ხილი. ამიტომ ყველა  მეგობრულად  ცხოვრობდა.
      ხანდახან    ხეობაში  ტბის  ბინადართა  ისეთი ჯივილ-ხივილი ატყდებოდა ხოლმე, რომ საკუთარ ხმას თვითონაც კი ვერ გაიგონებდი. მოკლედ, აქ ფრინველები  ბედნიერად და უდარდელად გრძნობდნენ თავს  და  აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ შეიძლებოდა მათი მშვიდი ცხოვრება  ოდესღაც ვინმეს ან რამეს დაერღვია.
    ტბის  სარკისებურ ზედაპირზე, იქ სადაც ქორჭილების საბუდარია და    ტანწერწეტა  ისარები  მწვანედ  ხასხასებენ ,  დედალი  თეთრი გედი  განმარტოებით  დაირწეოდა. გრძელი კისერი ოდნავ წამოშლილ ბუმბულში შეერგო და გამჭვირვალე წყალში  საკუთარ ლივლივს  მშვიდად დასცქეროდა. დანარჩენი ფრინველები შუადღის ძილს მისცემოდნენ,  გაუნძრევლად მოკალათებულიყვნენ  ბუდეებში.  ტბაც  კი  გარინდებულიყო,  თითქოს  ფრთხილობდა, ცხელი შუადღის რულმოკიდებული ეს მოთენთილობა არ გამოეფხიზლებინა.  არ იძვროდა არც ნიავი. მხოლოდ ხანდახან  თუ გაისმოდა  მეჩხერ  ლერწმნარში შეგუბებული  წყლის დგაფუნი.
      ბუნებით ამაყი მამალი  გედი  ციდან  მოწყვეტით  დაეშვა, გაშლილი უზარმაზარი  ფრთები  მედიდურად  ჯერ ტბაზე დააფინა, შემდეგ ერთმანეთს  რამოდენიმეჯერ მძლავრად  შემოჰკრა, რკალისებურად მარაოსავით  უკან შეიკეცა  და მჭიდროდ მიიკრა ტანზე, შემდეგ  პატარა კალათი დუმფარების ბრტყელ ფოთოლზე  დადო და  ყელმოღერებული  თეთრი გედისკენ  ნისკარტით უბიძგა. კალათი მსუბუქად გაცურდა და  წყალზე წრიული  ხაზები გააჩინა.
- ჩემო მშვენიერო, მაპატიე, რომ ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ ძალიან გემრიელი  ყვავილები მოგართვი სადილად, --  სიყვარულით  უთხრა მეუღლეს, კალათს კიდევ ერთხელ წაჰკრა ნისკარტი და  უფრო ახლოს მიუჩოჩა.
- გმადლობთ, -  დედალმა ფრინველმა  კალათიდან  მატიტელას  ღერო  გაწიწკნა  და  ფრთის მსუბუქი მოძრაობით ნაპირისაკენ  მიანიშნა -  გამომყევი.
              ლივლივით  გამოცურეს. გრილი წყლიდან ამოსულებს  ფეხქვეს ხალიჩასავით დაფენილი  ხავსის  სირბილე და სითბო ესიამოვნათ. სველი ბუმბული შეიბერტყეს  და  იქვე  აყელყელავებული  ლაქაშების  გვერდით  კარგა მოზრდილ ბუდესთან შეჩერდნენ. ბუდე    ხის  ხმელი  ტოტების, ლერწმისა  და ისლისგან  საგულდაგულოდ იყო  მოწნული.  ლამაზმა  დედალმა  კალათი ქვიშაზე დადო  და ბუდეს  გადაფარებული გვიმრის ფოთლები ნისკარტით  ფრთხილად გადააცალა. ექვსი  კვერცხი ქათქათა რბილ ბუმბულზე  მზრუნველობით  დაელაგებინა.
--  ყოჩაღ, საყვარელო, რა ლამაზი კვერცხებია! მალე პატარები ჩვენც  გვეყოლება --- მამალი გედი სიამაყით  შესცქეროდა  მეუღლეს.
                მთელი ის დღე და საღამოც გედები  აღარ მოცილებიან საბუდარს,  კვერცხებს  ნისკარტით ფრთხილად აბრუნებდნენ, ითვლიდნენ, ეალერსებოდნენ.
                მეორე დილით მამალი  შორს არ გაფრენილა  საკვების მოსატანად, იქვე  ტბის ნაპირს მიაშურა და გემრიელი  მრავალძარღვას ფოთოლები  და    მისი მრავალთესლიანი ნაყოფი შეაგროვა. უნდოდა მალე დაბრუნებოდა ბუდეს. გული შორს აღარ მიუწევდა. მომავალი დედა კი  სულ  ბუდეში იჯდა  და საკუთარი სხეულით ათბობდა კვერცხებს. ხანდახან თუ გამოვიდოდა გამთენიისას დაცვარული ბალახის მოსაწიწკნად. იშვიათად  იქვე ახლოს  ტბაში შემავალ  რუსთან  მიდიოდა წყურვილის მოსაკლავად. დანარჩენ დროს ორივე ფრინველი ბუდესთან ატარებდა.
        ასე გადიოდა ადრეული გაზაფხულის ერთი თვე, უფრო და უფრო თბებოდა და მშვენდებოდა  ტბის ხეობა და თან ახლოვდებოდა ჭუჭულების გამოჩეკვის დროც.
          ღამით კიდევ უფრო  თვალწარმტაცია  ტბა. მის ზედაპირზე მთვარისა და  უთვალავ  ვარსკვლავთა ანარეკლი  ბრჭყვიალდებს  ხოლმე, ნაპირს  კი ეფინებიან  ციმციმა ციცინათელები.  ასეთ ლამაზ სანახაობას სხვაგან დედამიწის ვერც  ერთ მხარეში ვერ ნახავ. ამ  დროს თითქმის შეუძლებელია  ცის, მიწისა და წყლის გარჩევა. ყველაფერი  სადღესასწაულო ნათურებივით  ციმციმებს. იფიქრებ,  ცა ტბაში ჩამოვიდა ვარსკვლავებით, მიწა კი ზეცას მიებჯინა ციცინათელებით  და გაერთიანდაო. ვერ გაიგებ სად რომელი იწყება და მთავრდება.  თავსაც ისე იგრძნობ, თითქოს შეგეძლოს  მთელი დედამიწაცა და კოსმოსიც  ამ  ცისფერ-ვერცხლისფრად  აციალებული ერთი ბილიკით  დალაშქრო. იქნებ ასეცაა?  იქნებ სწორედ ამ  ულამაზეს  ჯადოსნურ ხეობაშია  ზეცასა და მიწას შორის გამავალი ხიდი?  ვნახოთ, რას გვიამბობს ეს ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები