დედამ თქვა, ჩვენი ნუშის ხე გახმაო. “ვერაფერს ვიზავთ, დე, გაზაფხულზე მოვაჭრევინებ.“ მხოლოდ დედა, ყავისფერი ძველი ხავერდის ფოტოალბომი და სოფლის ეზო ინახავს ჩემს ბავშვობას. მეც კი წამეშალა სწორი ხაზები წარსულის მოგონებებიდან და დღითი დღე კიდევ უფრო ფერმკრთალდება. თუმცა, ამ ბოლო დროს ერთი ძალზედ სასიამოვნო შეგრძნება დამიბრუნდა. ისე ჩავებღაუჭე, თითქოს თავად მე დავბრუნებულიყავი ბავშვობიდან. ხან კი ეს შეგრძნება უკვალოდ მეკარგება და ისეთივე უიმედო ვარ, როგორც ის, ვინც ცდილობს თავსხმა წვიმის დროს ერთი კონკრეტული წვეთის დაჭერას. ა, რა მახსენდება ხოლმე? გაზაფხული და მისი ერთი საღამო. იმ მდუმარე და თბილი ერთი საღამოს შეგრძნებები, რომელმაც მოულოდნელად იცის ხოლმე დაბრუნება გაზაფხულობით, ხან ზამთრობითაც, როცა ძალიან ძალიან გცივა. ახლაც ბრუნდება: სიმყუდროვეა და სიმშვიდე. ბაღჩაში ახალი ბალახის, სველი ხის და მიწის სუნია. ისე თბილა, მოსასხამის გარეშეც შეგიძლია გახვიდე ლეღვების ხეივანში. ბინდბუნდი იპარება კუდიგორიდან, ახოებს უხდება განმარტოება და საღამოს გარინდება. კუნძულივითაა ტყის პირზე ვაზიან ფერდობს მომიჯნავე. ხანდახან ქათმის კრიახი ან ძაღლის წკავწკავი ისმის მეზობელი ეზოებიდან. უფრო იშვიათად კი ჭოტი წამოიყვირებს. ღამის პეპლები იშლებიან ნელ-ნელა. რომელიღაც მწერი ძალიან ახლოს ზუზუნებს. შებუდებული ჩიტები შიგადაშიგ აფრთხიალდებიან და აჟივჟივდებიან, აფრთხობთ ადრეული გაზაფხულის თბილი ნიავი რომ უშლით ფერად ბუმბულს. ყველაფერს ხედავ, შეგიძლია თვალები დახუჭო და მაინც ხედავ. სიამოვნების ტაო ტანზე გაყრის, საიდანღაც მოვარდნილი ამოუცნობი სიხარული გულს გიჩქარებს და თბილ - რბილ ტალღისებურ ნისლში ეხვევი. ისე გიცემს გული და ღელავ, თითქოს მარტო კი არ ხარ პატარა ბაღჩის ბინდ-ბუნდში, არამედ მთელი ქვეყანა გიყურებს და რაღაც უნდა თქვა, ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. გრძნობ, როგორ მოგჩერებია მილიონი თვალი და გელის. თავბრუ გეხვევა. იქნებ გაზაფხულის ბრალია, რა ვიცი... და უცებ ჩაუვლი ნუშის პატარა ნერგს. პატარას? როდის გაიზარდა ამხელა? გუშინ არ დავრგეთ? იმსიმაღლეა ტოტებს ცას მიაბჯენს უკვე. ისე აფეთქებულა თეთრად და სურნელი?! სიცოცხლის, სიხარულის, აღტაცების, დაბადების... სურნელი ჩემი ბავშვობის ახლაც აქვეა, მის ძირში ახლადამოსულ ცისფერ ჩიტისთვალებზე ფეხშიშველა დარბის. ნუშიც ისეთი დიდებულია, თითქოს სიცოცხლის ხე იყოს და ეს საოცარი წუთები ტანზე თეთრ კვირტებად დაუსხამს.
დედა მირეკავს. მეზობლების ტელევიზორებიდან მხიარული ხმები არ წყდება მთელი დღეა. ქალაქის შემაწუხებელი გუგუნი ერთი წუთითაც კი არ ნელდება. ქუჩებს არ ეტყობათ გაზაფხულის დადგომა. ძლივს მოვახერხე ცოტა მოდუნება და თავი შევაფარე ალბომს, რომელსაც ნაფტალინისა და ფირის გასამჟღავნებელი ქიმიკატების სუნი უდის, როგორც ყველა ძველ ფოტოს. დედა: “დეეეე, “ ხმა არ ემორჩილება “ ყვავის, ყველა გაგიჟებულია ისე გაგიჟებით ყვავის. ხომ იცი,“ ჩამოვედით, რომ მოგვეჭრა... არ დაიჯერებ,“ ხმა უწყდება ხოლმე, როცა ძალიან ღელავს. ალბათ ტირის. მის ბავშვობასაც ხომ ინახავს ჩვენი ნუშის ხე. მერე იცინის და იცინის, ისე უხარია გაცოცხლებული და თეთრად აფეთქებული ხის ყურება. მეც ჩუმად ვყლაპავ ცრემლებს. მგონი, უფრო იმიტომ უხარია ასე, რომ იცის ჩემთვის ეს რამდენად ბევრს ნიშნავს. თანაც, განა უბრალო ამბავია გახმეს ხე, მოკვდეს უნაყოფოდ და უცებ სწორედ ისე იფეთქებს, როგორც იცის ხოლმე ახდენილი ოცნებისას მოვარდნილმა სიხარულმა გულის აფეთქება. დედებს ისეთი რთული ცხოვრება აქვთ, რომ არ შეუძლიათ არ გაიღიმონ. ისიც იცინის და იცინის. “ დე, გახმა ხომ იცი, ახლა კი ისე ყვავიიიის. ფოტოს გადავუღებ და ახლავე გამოგიგზავნი.“ მოგვიანებით მირეკავს. ძალიან სევდიანია. მეუბნება, რომ ინტერნეტი არ აქვს და ვერ ახერხებს სურათის გამოგზავნას ჩემთვის. ვამშვიდებ. უნდა მომაჩვენოს, რომ კარგადაა, მაგრამ ვგრძნობ, ძალიან დარდობს. ნუთუ ასე ძლიერ უნდა რომ მაჩვენოს ჩვენი გამხმარი ხე როგორ გაცოცხლდა? უნდა, ვიგრძნო, რომ ბუნება თავადაა სასწაული და სასწაულები თურმე აი ასე ხდება? ან იქნებ ვენატრები? იქნებ ერთად ვენატრებით მე და ჩვენი პატარა ეზო- ბაღჩა , რომელის უჩვენოდ არც კი ვიცი როგორ ძლებს. რა გინდა მითხრა დედა? რატომ დარდობ ასე?
ზოგი რამ სამუდამოდ დაგვავიწყდა მეც და დედასაც, მაგრამ ის კი გვახსოვს, რომ ჩვენი ნუშის ხე ყოველთვის ულამაზესად ყვავის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გულიანია და მომეწონა. 5.
გულიანია და მომეწონა. 5.
4. გმადლობთ :*
გმადლობთ :*
3. გმადლობთ :*
გმადლობთ :*
2. როცა აყვავდა ნუში :)
ლამაზი ჩანახატია.
როცა აყვავდა ნუში :)
ლამაზი ჩანახატია.
1. იმედივითაა ზოგჯერ, რომ სიცოცხლე და ცხოვრება გრძელდება
ხდება ხოლმე ასეც
ჩანახატივითაა უფრო იმედივითაა ზოგჯერ, რომ სიცოცხლე და ცხოვრება გრძელდება
ხდება ხოლმე ასეც
ჩანახატივითაა უფრო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|