ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მარტი, 2019


ლაილა

„ყველაფერი მაქვს, პირველი სიყვარულის გარდა“

ლაილა მაროკოში ცხოვრობდა.
სპილენძისფერი კანი და სავსე მკერდი ჰქონდა, გახუნებული ხვეული თმა და ხრინწიანი ხმა. თითები ჰქონდა გრძელი, თხელი, ულამაზესი. ბევრს არ ეწეოდა. ეკეთა უამრავი თვლიანი სამაჯური და ყოველთვის საოცარ ფერებში ეცვა.
პატარა აფრიკული ქალაქის ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში დადიოდა დაუსრულებლად საღამოობით. მერე შეძვრებოდა ხოლმე დაბალჭერიან ჩაიხანაში და ჯდებოდა კუთხის მაგიდასთან მარტო, მაგრამ იცოდა, ყველა მისი მიმართულებით სუნთქავდა მორიდებით მაშინ. გიჟდებოდა ამაზე ლაილა. გიჟდებოდა, რომ ფიქრობდა, როგორ ეწყობოდა ყველას პულსაცია მისი გულისცემის რიტმს ყოველთვის, ყველგან, სადაც მიდიოდა.
უყვარდათ ლაილა. გაგიჟებით უყვარდათ და უფრთხოდნენ.
ქვიშის ქარიშხალივით სასტიკი და დაუნდობელი იყო ლაილას სიყვარული. ცოცხლად დამარხვის საზარელი ტკივილი გამოატარა კაცს ლაილას გასკდომამდე სავსე, გაუსაძლისმა გრძნობამ და მასე მერე საკუთარ თავში იგროვებდა ლაილა იმას, რაც ვერ მიიღეს, ვერ დაიტიეს. ერთდროულად სიკვდილი და სიცოცხლე დაჰქონდა დიდი ყავისფერი თვალებით. მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სრულყოფილი სიკვდილით მოკვდა მაშინ და შეისრუტა იმ კაცის უდაბნოსფერი სიცოცხლე.
განიერი მხრები ახსოვს და შოკოლადისფერი კანი, ძალიან მეტყველი, ნაპერწკლებით სავსე თვალები და ახსოვს, როგორ შეუყვარდა პირველად ეს ნაპერწკლები. ის, რომ ყველაფერზე წავიდოდა მისთვის. სინამდვილეში, სწორედ ეს უყვარდა: ადამიანი ჰყავდა, რომლის გამოც ყველანაირ სიგიჟეს ჩაიდენდა. ზედმეტად ეგოისტი იყო ლაილა იმისთვის, რომ მეორე ადამიანი ჰყვარებოდა. მისი წილი სიყვარულითაც თავად უყვარდა საკუთარი თავი და ამ ნაპერწკლებიანი თავლების გავლით ისევ თავის თავში ბრუნდებოდა და ეს სიგიჟემდე მოსწონდა. ამიტომ ვერ დაუთმო იმ კაცს სიცოცხლე. ამიტომ ვერ გაატანა, როცა პირველად აქცია ზურგი და მოჩუქურთმებული კარი საშინელი ხმაურით გაიხურა. მერე, ძალიან გვიან მიხვდა მამაკაცი, რომ ყველა ნაპერწკალიც და მთელი მისი სიცოცხლეც ფორებით ჰქონდა შეწოვილი ლაილას.
    იქ, კარის მეორე მხარეს მოკვდა ლაილა მაშინ იმ სამყაროსთვის. იმის მერე ისწავლა, რომ ვეღარავის გაუნაწილებდა მომაკვდინებლად სავსე გრძნობას და მისი სიცოცხლის წრე ახლა მის გარეთ ვეღარ გადიოდა. საკუთარ თავში იწყებდა და იქვე ამთავრებდა არსებობას.
ჩამქრალ ადამიანებს შორის დადიოდა იმ ოაზისივით, მერე რომ აუცილებლად მირაჟი აღმოჩნდებოდა ხოლმე. არ ჰქონდა აზრი, როგორ ფართოდაც არ უნდა გაეხილათ თვალები, ბოლომდე ვერასდროს აღწევდნენ. სადღაც ყოველთვის ორთქლდებოდა. ჯერ კიდევ საკუთარ არსებაში ჩამხვრჩვალი სიყვარული უყვარდა ლაილას და ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ახშობდა ტკივილის იმ საოცარ ნოტებს, მხოლოდ ამ სიყვარულმა რომ შეძლო და დაუტოვა.
ლაილას ერთადერთი გზა სიცოცხლე იყო. ზუსტად იმიტომ, რომ სიკვდილამდე სტკენოდა და მაინც ეცოცხლა, რომ რაღაცას ჰქონოდა აზრი, რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ მან იცოდა. მან და არავინ სხვამ. რაღაც ისეთი, რასაც ვერავინ ვერასდროს გაიგებდა მის კანქვეშ შეუღწევლად. იქ შეღწევა არ იყო ადვილი. საკუთარ თავში მილიონჯერ ჩაბრუნებული ლაილას კანქვეშ ადგილი აღარ იყო არაფრისთვის.
თვითონ უნდა მოეღო ბოლო ყველაფრისთვის. სხვა ვერავინ მოახერხებდა ამას. ლაილას არ სჭირდებოდა შველა. მისთვის „გვიანს“ „არასდროს“ სჯობდა და სულიერი ვერ შეძლებდა ის იმ უფსკრულის კიდიდან მოებრუნებინა, რომელშიც დიდი ხნის წინ გადაიჩეხა.
და მაინც სასწაულად ფერადი იყო სპილენძისფერკანიანი ლაილა. საიდანღაც საოცარი ძალით მოგროვებულ ფერებად ანათებდა და არცერთი წამით არავის შეპარვია ეჭვი, რომ უფსკრულიდან კარნახობდა რაღაც ლაილას ამ ყველაფერს. უფსკრულიდან, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიიწევდა, ჯერ გაუცნობიერებლად, მერე...
არიან ქალები, რომლებიც ბედნიერებისთვის არ იბადებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები