ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2019


მავთულხლართზე გაჭრილი მკლავი

„ცად მხურავს ვარსკვლავთ საბანი...“
როგორ გინატრებდი.
ქარის ქვეშ ღამეს გავათენებ.
მე რომ მარტო ვარ, წვიმას უნდა მიჰქონდეს მიწა,
მიწა, რომელიც გამიყიდეს,
შემომირაგვეს,
და მავთულხლართზე გაჭრილ მკლავიდან
სისხლი რომ მომდის,
დიახაც, ძალით გადავიჭერი!
დიახაც, ძალით დავაქციე ჩემივე სისხლი,
რადგან ძმათაგან აღარავინ შემომრჩა, ვინაც
ვაზნებს და მასრებს დამითვლიდა,
ვინაც
ცარიელ ჭიქას შემივსებდა,
ჭიქას ლითონის,
ჯარისკაცისას...
დიახ, მე ძალით დავაქციე სისხლი ჩემივე.
ან სხვებს რა უჭირთ, სამშობლოსგან გადარჩენილებს,
ვინც სხვა მიწაზე დაიბადა და მიწა მათში
ვეღარ ახარებს ვაზის ნეკებს,
პურის თავთუხებს,
და კორპუსებიც ინგრევიან
რკინა-ბეტონის -
დაინგრევიან!
ვერ უძლებენ მიწას, ბატონო.

ხარის რქებზე რომ სანთლებს ანთებს ბაბუაჩემი,
რიჟრაჟზე დინჯად მიუყვება ხნულებს ნიკორა.
ბავშვობის თიხის სათამაშო აღმოვაჩინე,
ყურძნის მტევნების ორნამენტი...
არა იყო რა...
დღეს ჩემი ცოლი კოლხი არი,
\"ზიმა\" თვალებში
ზეცის და წყალის გადაკვეთის ხაზი დაურბის.

როგორ გავუშვი ამ დიდ გზაზე ასე მთვრალები
სიმონეთელი ძველი გვარით - აზნაურები...
ცხენებს დაუფრთხობთ ოჩოკოჩი,
წამპალი ალი
გაჩეხილ ტყეში დაწანწალებს ცეცხლის კიკინით.

„-  ბენზინდასხმული საბურავი.
ცეცხლს გააღვივებს
ქვენა ქარია, მგელი ვერას დაგვაკლებს, ძამი.
ვერ გაგაკვირვებ თხილთწყაროთი, ვიცი, მაღლიველს;
მარა დალიე ციცქის წვენით გავსილი ჯამი
და მერე ვკითხოთ ამინდს ხვალის დილის სავალი...“

უჟმური აყვა სტუმარს დილით, კარგა ნაღვინევს,
მწვანე ბალახით ვუმკურნალე და მთა ვაჩვენე -
დათვის ნაფეხურს უნდა შევხვდეთ ფერდზე უთუოდ,
გავივარჯიშოთ-მეთქი სანამ მივსდევთ გაქცეულ
არყით გაგუდულ რუსის ვანიას...

გაჭრილი მკლავი ვაზის ფოთლით შევიხვიე და
ჩექმით ჩავთელე მავთულხლართები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები