ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2019


** * **

წვიმები არ მიყვარს...წვიმები სველია ნათენებ ფიქრივით!..
ვაითუ ღრუბლები ყინულად დაგადნეს ნაფერებ პერანგზე
და უცებ გაცივდე... ვშიშობ და მტკივდება ნერვები სიცილით
ვიცინი...გიჟივით... წვეთები მიწვევენ უმზეო რიჟრაჟზე.
წუხელის იმდენჯერ იელვა ფურცელი გავავსე რითმებით,
შენი სილუეტი ნაჭექარ ფრაზებით ეჭვებად ავკინძე,
სიტყვებით შეგეხე და მერე ბალიშქვეშ მოგაჭვდე თითები,
რომ ისევ საჩემო და თბილი მჩვენოდა გახსნილი საკინძე.
არაფრის სურნელით ხმაურობს დილა და
გზის იქით ნისლია,
ვაითუ ბურუსში ნაბიჯი დაგცდა და სხვა შარას გაგიყვა
შენ არა...ღალატი ცივმა და უგულო წვიმებმა იციან,
გალეშვა იციან და მერე \"ლოთების\" ნაპირზე გარიყვა...
შენ არც ლოთი ხარ და ნაპირიც ძალიან, ძალიან შორია,
აცდენილ ბილიკსაც ებმება სხვა გზები შორი და მზიანი,
ერთხელაც მოხვალ და წვიმებიც შეწყდება მე ასე მგონია,
უბრალოდ მადარდებს არ იყოს...არ იყოს ეს სითბო გვიანი,
ვაითუ ღრუბლები ყინულად დაგაჩნდეს ნაფერებ პერანგზე,
ვაითუ ვერ მიგრძნო და ისევ სიცილით ნერვები ამტკივდეს...
და მე შემიყვარდა ლოდინი იმედით მოსული ყელამდე...
წვიმები არ მიყვარს, წვიმები შიშია- უცებ არ გავგიჟდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები