ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2019


განმარტოება.



    ზღვის ტალღებს არ მოჰყავთ
                      საყვარელი ადამიანები სახლამდე.


თუ მოშორდები საკუთარ თავს
და ზღვის ტალღებთან
ახლოს დაჯდები და უყურებ მზეთა დაისებს,
გგონია ვინმე მოვა - მხარზე თბილ ხელს დაგადებს.
შემობრუნდები და ცივ სახეს წვიმით აივსებ.
ნუ გეგონება განმარტოვდი, სული გევსება,
არ მოაქვს ტალღებს საყვარელი ქალის ალერსი.
თუ ზღის ტალღებში სიმარტოვე დაითესება,
ის მარტოობაც სხვისია და შენი არ ესმის.
მოაცილებენ სევდის ღრუბლებს და ბრუნდებიან
მეთევზეები და შინ მოაქვთ ხვალის საგზალი,
მე ვიხდი სულს და ნაპირზე ვდებ,
მერე ჩანთაში
ვიხედები და აღმოვაჩენ - არაფერი მაქვს.
მერე ვშორდები ნაცნობ ქვიშას, და მარტოობას
მარტოდ ვუტოვებ სანაპიროს და მძიმედ ვსუნთქავ.
მსუბუქდებიან ტერფები და ტალღებს მივაპობ.
მსუბუქდებიან ხელები და კვლავ ვიმოსები.
და თუ კითხულობ ახლა სიტყვებს რომლებიც ვწერე,
ნუ გეგონება ვინმე მოვა, თბილ ხელს შეგახებს
მხარზე და სანამ მარტოობა გეთამაშება,
შემობრუნდი და ცივი სახე წვიმით აივსე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები