ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2019


მეზობლები

10 იქნებოდა, ის იყო დიდი ომის შედეგად მივაძინე ბავშვი და ფეხაკრებით, ჯაშუშივით ფრთხილად ვიპარებოდი ოთახიდან, რომ ვიღაცამ კარზე ძლიერად დააკაკუნა. ბავშვს გადავხედე, მართა საწოლში შეიშმუშნა, სანამ კართან მივედი, კიდევ უფრო მოურიდებლად დააბრახუნა გაშლილი ხელისგული, ვიფიქრე, ვინც უნდა იყოს, ვერ გადამირჩება-მეთქი, მაგრამ ზღურბლზე ნანახმა ბრაზი გაოცებით შემიცვალა და დამუნჯებული შევაცქერდი სტუმარს.
50-ის იქნებოდა, თეთრი ლაკის ჩექმა და მოკლე ჯინსის კაბა ეცვა, გაღეღილი ქურთუკიდან მომჩვარული, შიშველი მკერდი მოუჩანდა, სტაფილოსფერი, ხვეული თმა, წითელი ტუჩსაცხი და ზედმეტი პუდრისგან გეიშასავით გადათეთრებული სახე ჰქონდა.
-თომასთან ვარ,- კევის ღლაჭუნით მომახალა, სანამ ვიტყოდი კარი შეგეშალა-მეთქი.
-არავინ ცხოვრობს აქ ასეთი!- ერთი სული მქონდა, კარი მომეხურა და მისი ამაზრზენი სახე აღარ მეხილა.
არ მომეშვა:
-რომელი სართულია?
-მეხუთე.
-აა, იასნა, სართული შემეშალა, მეექვსეზე ავდივარ,- თვალი ჩამიკრა და ზურგი მაქცია.
გაოცებული დავრჩი და მერე შუაღამემდე ჯერ მართას ტირილი არ მაძინებდა და მერე ვინმე თომას ხმაურიანი სექსი. ყველა წამოკვნესებაზე ის სიბერეშერეული, მოდუნებული ხორცის მასა მახსენდებოდა და უკვე მძულდა მეზობელი, რომელიც ჯერ თვალითაც არ მენახა.
რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ მოსვენება დავკარგე, ვუდარაჯებდი და სამი დღის შემდეგ შევამჩნიე, 35-ის იქნებოდა, სიმპათიური ეთქმოდა, კარგად ჩაცმული, სალმიანი ბიჭი ჩანდა.
ქალების ამბები ხომ იცით და ძველ სამეზობლოში, დილის ყავაზე გავიკითხ-გამოვიკითხეთ, სოფელში გაყიდაო მამული, აქ დასახლდაო, უცოლოა და მშობლები იტალიიდან უგზავნიანო ფულს.
ჯერ ღამ-ღამობით მარტო სცემდა ბოლთას ოთახში, მერე მიეჩვევიან, ფული ჰქონდა და როგორც ჩანდა, მის სახლში სასმელი და ნარკოტიკიც არ ჭირდა. ათასში ერთხელ ბოზები მოჰყავდა, შუაღამემდე სვამდნენ და მერე გათენებამდე ამტვრევდა სკამებს, მაგიდებს, აზანზარებდა სახლს, აგინებდა ცარიელ კედლებს.
არავინ ჩავრეულვართ, ყველა ისე ვიჭერდით თავს, თითქოს ღრმად გვეძინა და არაფერი გვესმოდა.
2-3 თვის ბინადარი იყო და ერთ ღამეს იარაღი გამოაჩინა. შუაღამისას გადმოდგა აივანზე და ცისკენ მიმართული დაცალა მჭიდი. საბანი კარგად ამოვიკეცეთ, რაც უნდა უქნია, გიჟია!- მე ასე ვფიქრობდი, ალბათ - სხვებიც.
ჩვენ არაფერს გვერჩოდა, ზრდილობიანად გვესალმებოდა, რამდენჯერმე ჩანთების ატანაშიც მიშველა, მართას მოეფერა, რატომ გავანაწყენო?! ვიმშვიდებდი სინდისს ყოველ ღამე, როცა არაყჩარჩენილი ბოთლებს კედელზე ამსხვრევდა.
იმ საღამოს ცოტა ადრე ესტუმრნენ „მეგობრები“, ჯერ ისევ ეზოში ვიყავით გამოფენილები, არ გაპატიებ, მოგკლავო, რომ აყვირდა. მზიამ თქვა, დაეწყოო საწყალს. გავიცინეთ ყველამ. მერე კიდევ რაღაცები ვიხუმრეთ, გასული ღამის ამბებზე ვყვებოდით, ალბათ, კარადა გადმოაგდოო, ელანდებაო საწყალს რაღაცები.
აგვისტო იყო. ბავშვები თამაშობდნენ „ამის პატრონმა რა ქნას?!“ დედებიც ახლოს ვისხედით, თვალყურს ვადევნებდით. მართა ეტლში ნებივრობდა, საკუთარ პატარა ხელებს აკვირდებოდა. მაგის პატრონმა იცეკვოსო, თქვა ვიღაცამ. თაკუნამ, პირველი სართულის ნინოს გაკნაჭულმა გოგომ, ხელები გაშალა, სასაცილოდ ცეკვავდა, გულიანად იცინოდნენ ბავშვები. კაკლების ქვეშ, ვანოს გარაჟიდან გამოჭიმულ შუქზე, დომინოს აჭახუნებდნენ კაცები. ვიღაცას აგინებდა თომა. მიყოლებით გავარდა სამი ტყვია, პირველი უმისამართოდ, მეორე კეფაში მოხვდა თიკუნას და სანამ მოცელილი ბალახივით გადაწვებოდა, მესამე ტყვიამ ჰაერი გაკაწრა.
არ ვიცი იცოდა თუ არა თომამ რა ჩაიდინა, როცა კაცები კიბეზე მოათრევდნენ, მახსოვს, რომ სახეზე იფარებდა ხელებს, ჩვენ კი ვურტყამდით გამეტებით, დაუნდობლად. და როცა ფეხებში ძალა აღარ მქონდა, ქვას დავუწყე ძებნა და ვერ ვიპოვნე, არაფერი ჩანდა, მოპირდაპირე სადარბაზოში სახლები ყველას ჩაებნელებინა, ასე უკეთ შეიძლება ფარდის უკან იდგა და პატარა ღრიჭოდან ადევნო თვალი რა ხდება გარეთ. სეირს უყურებდნენ მეზობლები. ვერც გაამტყუნებ, აბა, რა ექნათ, შარის თავი ვის აქვს ამ დროში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები