ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2019


ტიბეტის მისადგომებთან. ახალი მსოფლიო. ნაწილი V

        აზიელები და რუსები, ციმბირის სივრცეებისათვის შეებნენ ერთმანეთს - ფრონტის ხაზი, როგორც მოსალოდნელი იყო, ურალის მთებსა და ტრანსციმბირული რკინიგზის ხაზზე გადიოდა. მცირე და საშუალო მასტაბის შეტაკებებს საყოველთაო ხასიათი მიეცა. რუსები ჯერ-ჯერობით სრულად აკონტროლებდნენ მონღოლეთისა და ჩინეთის საზღვარს, თუმცა ვეღარაფერს ახერხებდნენ უსურიაში - ვლადივოსტოკი და ხაბაროვსკი უკვე ერთმანეთთან მოქიშპე ჩინელების, იაპონელებისა და კორეელების კონტროლის ქვეშ იყვნენ. შორეული აღმოსავლეთს, ამურისპირეთის მიმდებარე, უზარმაზარ ტერიტორიებთან ერთად გარდამავალი წარმატებით მართავდნენ ხან ტოკიო, ხან პეკინი და ხანაც - კომუნისტური პჰენიანი.

      აფრიკაში ჩინელებისა და სამხრეთ-აზიელების ექსპანსიამ, ადგილობრივების სასტიკი რისხვა გამოიწვია - ნიგერიაში, ეთიოპიაში და კენიაში, აზიური და ევროპული წარმოშობის კორპორაციების  საკონტროლო პაკეტები, ყველგან აფრიკელების ხელში გადავიდა. სამხრეთ აფრიკელებმა კი სრულიად „გაათავისუფლეს“ ქვეყანა ევროპელთა და აზიელთა
შთამომავლებისგან და საერთოდ აკრძალეს ქვეყანაში არააფრიკელების იმიგრაცია და სტუმრობაც კი...

    ავსტრალიასა და ოკეანეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ბრიტანელი კოლონისტების შთამომავლებს მიწების კანონიერი მფლობელისათვის „დაბრუნება“ მოსთხოვა. ავსტრალიის დასავლეთი და ჩრდილოეთის ტერიტორიები სასწარაფოდ დატოვეს თეთრმა ავსტრალიელებმა. ავსტრალიის სამხრეთში, ახალ სამხრეთ უელსში და ტასმანიაში, აბორიგენების კონგრესის მხარდამჭერებმა შტრუმით აიღეს შტატის პარლამენტის შენობა და ავსტრალიელ აბორიგენთა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა - „კოორი“ გამოაცხადეს. შეშინებული თეთრი ავსტრალიელები კი ევროპასა და ამერიკას მიაწყდნენ, თუმცა იქაც, მათ არავინ ელოდა გაშლილი ხელებით...

  დაახლოებით ავსტრალიის მსგავსად განვითარდა მოვლენები მეზობელ ახალ ზელანდიაში, სადაც სამხრეთ კუნძულის მაორებმა, ადგილობრივ თეთრებთან და სხვა ჩამოსულ ხალხთან ერთად ახალი სახელმწიფო - „ტანგატა ვენუას რესპუბლიკა“ დაარსეს...

    მსოფლიო ახალი, აქამდე უცნობი ქაოსისკენ მიექანებოდა. ევროპული ყაიდის ერი-სახელმწიფოები სულს ღაფავდნენ და არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდნენ, მოიშალა მრეწველობა, წარმოება და სატრასპორტო ნაკადები, მსოფლიო ბირჟები აღარ არსებობდნენ, ვალუტის კურსებმა და მათზე სპეკულაციებმა აზრი დაკარგეს, ძველი ამერიკული დოლარი, ქაღალდის ფარატინა მწვანე ნაგლეჯად იქცა, რომელზეც ყველასთვის უცნობი ამერიკელი პრეზიდენტების სახეები ეხატა... მსოფლიო მასტაბის ატომური ომის დაწყების მცდელობა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ადამიანებს 2090 წლის მაისში გააბედინა თავიანთი უგუნური მთავრობების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ეს გაუგონარი გლობალური პროტესტი, ზოგადად მსოფლიოში არსებული სახელმწიფო წყობისადმი, უკვე დიდი ხანია ჰაერში ტრიალებდა. მსოფლიოს ხალხები, არნახული ფინანსური და სამომხმარებლო კრიზისა და გაღარიბების ფონზე, სულ უფრო ხშირად ითხოვდნენ მთავრობებისგან რეალურ ცვლილებებს.

    გამოსვლების ტალღები უკვე მრავალი წლის განმავლობაში აზანზარებდნენ მეტროპილიურ ნიუ-იორკსა თუ პროვინციულ ინსბრუკს, ტერორიზმით გათანგულ პარიზსა თუ სასიკვდილო ეპიდემიებისგან თითქმის დაცლილ კალკუტას და კრიმინალურ კარაკასს... მსოფლიოს დიდი ქვეყნების, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობისა და ამ
ქვეყნების გიგანტური სამრეწველო-ფინანსური კორპორაციების სურვილი, დაეწყოთ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც მათ ბიზნესსა და მმართველობას გადაარჩენდა, უშედეგოდ დასრულდა...
 
ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მთავრობაში მოკალათებულ პოლიტიკოსებს და ხარბ მეწარმეებს საშუალება არ მისცეს გაეჩაღებინათ მომაკვდინებელი მსოფლიო ომი და მის ხარჯზე „გადაეგორებინათ“ მსოფლიო კაპიტალიზმის სუიციდალური კრიზისი. თუმცა, ომი მაინც დაიწყო (იხ. შტაინახის ინციდენტი ) საბედნიეროდ, იგი მალევე დასრულდა, სულ რამდენიმე დღეში...2090 წლის 25 მაისს, დილის ცხრა საათზე, ლონდონის დროით, რუსეთისა და ნატოს სახელით მოქმედმა სამხედრო შენაერთებმა, ერთმანეთთან პირველი ატომური დარტყმები გაცვალეს.... ბირთვული დარტყმების შედეგად დაიღუპა ასობოთ ათასი ადამიანი, დაზარალდა და მოისპო რამდენიმე ქალაქი, მაგრამ რამდენიმე საათში, ერთმანეთთან ყოველგვარი შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე, გაიფიცნენ როგორც რუსეთის, ისე ამერიკისა და ევროპის სამხედრო პერსონალი. გაიფიცნენ სრულად, გამონაკლისების გარეშე (შემდეგ ამ ფაქტს სხვადასხვა რელიგიის მსახურნი „ღმრთის უხილავ ნებას“ მიაწერენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვათ, მათ აღარავინ დაუჯერებს).

გენერლები, პრეზიდენტები და პერემიერ-მინისტრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჯარის გარეშე დარჩნენ. საჯარისო ნაწილებში, აშშ-ში,  რუსეთში, ინგლისა თუ შოტლანდიაში, ბალისტიკური რაკეტების პირველი გასროლის შემდეგ, სამხედროებმა, ოფიცრებმა, სამხედრო-ტექნიკურმა პერსონალმა და ჯარისკაცებმა, უბრალოდ დატოვეს თავიანთი სამსახურის ადგილები და სახლებში წავიდნენ. დიახ, უბრალოდ ადგნენ და თავიანთ სახლებში გაემგზავრნენ, ოჯახებთან.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები