ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე I (დეტექტიური ჟანრი)

ბალეტი მისთვის მთელი ცხოვრება იყო ის, რაც ყველაზე დიდ სიხარულს ანიჭებდა. მისთვის ყველაფერს აკეთებდა და არაფერს ერიდებოდა. თავდაუზოგავად შრომობდა, ცეკვავდა დილამდე და ზოგჯერ ვერც კი ხვდებოდა, თავზე როგორ ათენდებოდა...  ჰქონდა მიზანი, რომელიც წარმატების უდიდესი მწვერვალებისკენ მიილტვოდა და ასეც იყო, საკუთარი შესაძლებლობების წყალობით, იქ აღმოჩნდა, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა –არც მეტი და არც ნაკლები, ნიუ-იორკის საბალეტო დასში. კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ერთ დღეს, ოცი წლის პერსპექტიული ბალერინის ცხოვრება ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა...
„9 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათისთვის, ნიუ-იორკის დასის ბალერინა, ლიზა მეტრეველი საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. გარდაცვლილის გვამი სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ სამზარეულოს იატაკზე აღმოაჩინა. მას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი გახდა.“_ გადმოსცემდნენ ტელეარხები.
„შეძრული ვარ მომხდარით. ის არაჩვეულებრივი პიროვნება და ბალერინა იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვის აწყობდა მისი სიკვდილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მოცეკვავე და საკუთარი საქმის ერთგული იყო. ლიზას მიერ შესრულებული პარტიების შემდეგ აღფრთოვანებული მაყურებლის მქუხარე ტაში ახლაც ჩამესმის ყურებში. დასანანია, ძალიან დაგვაკლდება.” _ აღნიშნავდა ქორეოგრაფი ბრაიან ჰარვი.
„ლიზას საუცხოო შესრულების მანერა ჰქონდა, ჰაეროვანი მოძრაობები და მთელი სხეულის ასპროცენტიანი ფლობა. ყველა ნაწილი ჰარმონიულად ერწყმოდა ცეკვას. სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო, მასთან თავს ყველა კარგად ვგრძნობდით, მოგვენატრება”- ამბობდა დასის ერთ-ერთი წევრი, სოფია დუაიერი.








თავი 1

საქართველოდან აშშ-ში ჩასვლის მერე, ლიზა მეტრეველმა იმდენი მოახერხა, ძალიან მალე, სოლო პარტიების შესრულებები დაიწყო და ერთ-ერთი მოწინავე მოცეკვავე გახდა მთელ დასში. ჰქონდა წარმატებული კარიერა, ახალი და გავლენიანი სანაცნობო წრე და მთავარი მონაპოვარი _ მეუღლე, დეივიდ მილერი, რომელიც შემთხვევით, მეგობრის სახლში, მადლიერების დღეს გამართულ ვახშამზე გაიცნო. მას შემდეგ დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლიზაზე უზომოდ შეყვარებულმა დეივიდმა არ გადაწყვიტა, რომ მარტოობის დღეებისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი და ძალიან ორიგინალურად ეთხოვა ხელი _ “Empire State Building”-ის ბოლო სართულზე აიყვანა და უამრავი ხალხის თანდასწრებით ცოლობაზე დაითანხმა.
ქორწილი სექტემბერში, მანჰეტენის შუაგულში, “Midtown Loft & Terrace”-ზე შედგა. ულამაზესი და დახვეწილი გარემო, ბედნიერი წყვილი და სტუმრები საზოგადოების მაღალი წრიდან... თაფლობის თვე კარიბიის ზღვის სანაპიროზე, არუბას კუნძულზე გაატარეს. 
დეივიდი პროფესიით ექიმი კარდიოლოგი გახლდათ. ოცდათხუთმეტი წლის სიმპათიური, მაღალი მამაკაცი, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით... ლიზასთან ქორწინება მისთვის რიგით მეორე იყო. პირველად სტუდენტობის დროს, ოცდაორი წლის ასაკში იქორწინა, მაგრამ ურთიერთობა არც თუ ისე კარგად დასრულდა. ლიზა მისთვის მშვიდი და სიყვარულით სავსე ცხოვრების მეორე შანსი იყო, რომელსაც ძალიან აფასებდა და უფრთხილდებოდა. მკვლელობის  დღეს, საქმიანი ვიზიტით წასული მეუღლე ფლორიდიდან უკან, ნიუ-იორკში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის სავარძელში კომფორტულად მოთავსებულიყო და საყვარელი მეუღლისთვის ნაყიდ სამაჯურებს ხელში ღიმილით ათამაშებდა. 
 

***
ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი ზამთრის მკაცრი ამინდი მანჰეტენზე მოსიარულეებს თვალებში თოვლის კორიანტელს აყრიდა. სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი ხალხი ზოგი მეტროსკენ, ზოგიც სხვა მიმართულებით ნაწილდებოდა. ქუჩებში, როგორც ყოველთვის, საცხობებიდან და ყავის სახლებიდან გამოსული სუნი იდგა და გამვლელებს მაცდურად იზიდავდა თავისკენ. ტრანსპორტის ხმა, სიგნალები და ხალხის ხმაური სიცოცხლით სავსე ქალაქს კიდევ უფრო აქტიურ იმიჯს სძენდა. ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოდან გოგონა გამოვიდა და იქვე, ახლოს მდებარე “Diner”-ში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა. მომსახურე პერსონალმა თავაზიანად გაუღიმა და მიესალმა:
_ დილა მშვიდობისა, რით შემიძლია გემსახუროთ?
_ დილა მშვიდობისა. ბეიგალი სეზამის მარცვლებით და ჩვეულებრივი მდნარი ყველით, თუ შეიძლება. 
_ კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
_ უშაქრო “კაპუჩინოს” პატარა ზომის ჭიქით.
ახალგაზრდა მამაკაცმა ორ წუთში გაუმზადა შეკვეთა გოგონას და მიაწოდა.
_ გმადლობთ!
_ კარგ დღეს გისურვებთ, ნახვამდის, _ კიდევ ერთხელ გაუღიმა მამაკაცმა გოგონას და ყურადღება სხვა კლიენტზე გადაიტანა.
_ თქვენც ასევე, ნახვამდის! – ღიმილითვე უპასუხა გოგონამ და თავისუფალი მაგიდის ძებნა დაიწყო. ამასობაში, მობილურზე ტექსტური შეტყობინება მიიღო:
_ ლიზა, როგორ ხარ, საყვარელო, ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
_ ცოტა მოვიწყინე. – უპასუხა მეუღლემ.
_ არა უშავს, დავბრუნდები და დაკარგულ დროს ავანაზღაურებთ.
_ ხომ არ დაგავიწყდა, რაც დაგაბარე? – გოგონა საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა და თან ჩუმად ეღიმებოდა.
_ რა დამაბარე?Hჰო, გამახსენდა _ სითბო, მზე და სიყვარული, არა? არ ინერვიულო, უხვად მომაქვს, ამაღამ დაგცხება კიდეც.
_ ნუ მაცინებ, იცი რაზეც გეუბნები, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, – ცხელი ყავა მოსვა და გამალებით დაუწყო პასუხს ლოდინი. ცოტა ხანში მობილური ისევ აწკრიალდა.
_ ვერ ვხვდები.
_ ოკეანის ნიჟარებით გაკეთებულ სამაჯურზე გეუბნები, მიყიდე?
_ ვაჰ, როგორ დამავიწყდა. ახლა უკვე აეროპორტში ვარ, სადაც არის, ჩემი თვითმფრინავი ჰაერში აიჭრება.
_ ვიცი, რომ მეხუმრები და არ დაგვიწყებია. 
_ არა, მართლა დამავიწყდა, – არ იშლიდა ტყუილს დეივიდი.
_ კარგი რა...
_ ონლაინიდან გამოვიწეროთ.
_ ოჰ... – ახლა კი მართლა დაიჯერა, არ ესიამოვნა მეუღლის გულმავიწყობა და წარბები შეკრა.
_ იმედი მაქვს, მაპატიებ და აეროპორტში მანქანით დამხვდები.
_ არ იმსახურებ, მაგრამ დაგხვდები. როდის ჩამოდიხარ?
_ ზუსტად 10:00 სთ-ზე ვიქნები.
_ როცა ჩამოხვალ, რაღაც უნდა გითხრა.
_ ახლა მითხარი, ხომ იცი, როგორი მოუთმენელი ვარ.
_ არა, როცა ჩამოხვალ, მაშინ გეტყვი, – აინტრიგებდა გოგონა მეუღლეს.
_ მითხარი რა...
_ არა, – მოკლედ მოუჭრა გოგონამ და “Diner”-დან გასვლა დააპირა.
_ ჯიუტი ხარ!
_ ახალი ამბავი, – ჯერ კიდევ გაბუტული პასუხობდა გოგონა და თან მოსწონდა, რომ მამაკაცს ნერვებზე ეთამაშებოდა.
_ ის მაინც მითხარი, კარგი ამბავი გაქვს თუ ცუდი?
_ ვერ გეტყვი.
_ კარგი, რა გაეწყობა. ცოტაც და მანდ ვიქნები. მიყვარხარ და გკოცნი. 
_ მეც. – უკვე გზაში იყო, როცა ბოლო პასუხი მისწერა, მობილური ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და ნაბიჯებს აუჩქარა, რომ სიცივისგან არ გაყინულიყო.
ნიუ-იორკში გადაუღებლად თოვდა...
ბინაში დაბრუნებულმა გოგონამ საათს შეხედა და იფიქრა, მეუღლის ჩამოსვლამდე დრო ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი და ერთ-ერთ ცეკვაში დეტალის დახვეწაზე ივარჯიშებდა. მუსიკა ჩართო და ჩაიკოვსკის მელოდიას ჰაეროვანი მოძრაობებით აჰყვა.


***
10:10 საათი იყო, როდესაც დეივიდი ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტის (JFK) მე-8 ტერმინალში იდგა და ლიზას ელოდებოდა. მეუღლე არსად ჩანდა. რამდენჯერმე ტელეფონზეც დაურეკა, მაგრამ არ პასუხობდა. ჯერ იფიქრა, რომ საჭესთან იჯდა და ეს იყო მიზეზი, თუმცა ლიზას კარგად იცნობდა და იცოდა, ასე უპასუხისმგებლოდ არ მოექცეოდა. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, მამაკაცი ტაქსით წავიდა. გზაში უცნაურმა შიშმა შეიპყრო. სახლში მისულს, ბინის კარი ღია დახვდა, ოთახები კი არეული. სამზარეულოში შესვლისას იატაკზე გართხმული მეუღლე სისხლის ტბაში ცურავდა. სასწრაფოდ პულსი გაუსინჯა და მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო, ვერაფერს უშველიდა. პატარა ბავშვივით აქვითინებული დიდხანს დაჰყურებდა საყვარელი ადამიანის უმოძრაო სხეულს, გულში იხუტებდა და სახეზე კოცნიდა. ბოლოს, გონს მოეგო, სიმწრით ხმამაღლა ამოიგმინა, თავზარდაცემული მივარდა ტელეფონს და 911-ზე დარეკა.
რამდენიმე წუთში, “Chamber”-ის ქუჩა სასწრაფო დახმარების პერსონალით და პოლიციელებით აივსო.
გარდაცვლილი მეუღლის გვამი, ექიმები, პოლიციის კაპიტანი, ფოტოგრაფი, ექსპერტ-კრიმინალისტები, დეტექტივები, არეული სახლი და სხვა _ ყველა და ყველაფერი ისე ირეოდა დეივიდ მილერის გონებაში, აზროვნების უნარს უკარგავდა.
მალე ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ, ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეძებდნენ, რომ მათი კომენტარები ჩაეწერათ და ახალი ამბავი გაეშუქებინათ.
ჩემბერის ქუჩა სრულმა ქაოსმა მოიცვა.




***
ლიზას სხეულის პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ დაახლოებით ოთხი საათის გარდაცვლილი იყო, როდესაც მეუღლემ ბინაში ნახა. ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და ფიქრობდნენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ამ ფაქტმა გამოიწვია.
პოლიციელები დეივიდ მილერს დაწვრილებით ეკითხებოდნენ, რა დაინახა ბინაში შესულმა და როგორ მდგომარეობაში დახვდა მსხვერპლი. მოგვიანებით კი საქმის დეტალებში უკეთესად გარკვევისთვის განყოფილებაში დაიბარეს: 
_ დეივიდ, თქვენ მიერ მოწოდებულ თითოეულ ინფორმაციას, შესაძლოა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გვიამბოთ.
_ რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მამაკაცი.
_ მოგვიყევით ყველაფერი, სად იყავით და როცა დაბრუნდით, რა ვითარებაში აღმოაჩინეთ თქვენი მეუღლე?
_ მაიამიში კონფერენციაზე მქონდა გამოსვლა, დღეს დილით დავბრუნდი. ვიდრე გამოვფრინდებოდი, აეროპორტიდან ჩემს მეუღლეს მობილურ ტელეფონზე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნიდი. შემპირდა, რომ აეროპორტში დამხვდებოდა, მაგრამ არ მოვიდა და არც ჩემს ზარებს პასუხობდა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. რას წარმოვიდგენდი თუ...
_ როდის გადაწყდა თქვენი კონფერენციაზე წასვლა და ვინ მიგიწვიათ?
_ ხუთი თვით ადრე მივიღე მოწვევა კონფერენციის ორგანიზატორისგან, შეტყობინება მეილზე მაქვს.
_ მაიამიდან როდის წამოხვედით და სახლში როდის და როგორ მოხვედით?
_ მაიამიდან ჩემი რეისი დილის 07:00 სთ-ზე გამოფრინდა და ნიუ-იორკში დაახლოებით ათი საათისთვის ჩამოვედი, სახლში ტაქსით მოვედი, კარი ღია დამხვდა. როცა შემოვედი, სამზარეულო ოთახის იატაკზე ჩემი მეუღლე ასეთ ვითარებაში ვნახე. მერე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დავრეკე, დანარჩენი თქვენც იცით...
_ სახლში ვინ ცხოვრობთ?
_ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით, მეტი არავინ.
_ გაიხსენეთ, ბოლო ხანებში თქვენს მეუღლეს ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია?
_ ძირითადად ბალეტის დასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან მოსდიოდა ხოლმე ხშირი უსიამოვნებები.
_ მისი სახელი და გვარი გახსოვთ?
_ ამანდა ერქვა, გვარი არ ვიცი, არ ვიცნობ.
_ კიდევ ვინმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?
_ ახლა სხვა არავინ მახსენდება. ლიზა ძალიან უკონფლიქტო ადამიანი იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის შეიძლებოდა, რომ ასე გაემეტებინა.
_ უცნაური რამე ხომ არ გახსენდებათ? მაგალითად, აღელვებული თუ იყო ბოლო დროს?
_ ცოტა უცნაურად კი იქცეოდა, ხშირად ნერვიულობდა წვრილმანებზე, მაგრამ ეს მის გადაღლილობას დავაბრალე. თუ მის ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა, ყველაფერს მიყვებოდა, ჩვენ არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს.
_ როდიდან შეამჩნიეთ ასეთი ცვლილებები?
_ ჩემს წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე, თითქოს აღელვებული იყო. დღეს მომწერა, რომ როცა მნახავდა, რაღაც მნიშვნელოვანს მეტყოდა. ახლა ვფიქრობ, შეიძლება ის  არ ასვენებდა, რაზეც დღეს უნდოდა ჩემთან საუბარი.
_ ეჭვიც არ გაქვთ, რა შეიძლებოდა, თქვენთვის ეთქვა?
_ სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, მართლა ვერ ვხვდები, – მხრებს იჩეჩავდა დეივიდი.
_ ბოლო პერიოდში, თქვენ ხომ არ მოგსვლიათ ვინმესთან უთანხმოება?
_ არა, არავისთან.
_ გასაგებია. კარგი, ამ ეტაპზე ჩვენ შეკითხვები არ გვაქვს, თუმცა გამოძიების პერიოდში, შესაძლებელია, ხშირად მოგმართოთ.
_ არ არის პრობლემა, რამდენჯერაც გნებავთ, მომმართეთ.
_ თავისუფალი ხართ და როგორც კი ახალი რამე გამოჩნდება, შეგატყობინებთ.
_ ნახვამდის.
_ დროებით.
დეივიდს პოლიციის განყოფილებასთან ლიზას დედა, დედამისი და ნათესავები ელოდებოდნენ. ყველას აინტერესებდა, რას ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოძიება ახალი დაწყებული იყო და სიმართლე ჯერ არავინ იცოდა.



  თავი 2

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში ლიზა მეტრეველის გახმაურებული მკვლელობის გამოძიებაზე კაპიტანი რიჩარდ ფერგესი და დეტექტივები, კრისტოფერ გრეი, დებორა გარეტი, მარკ ბელინსკი და რებეკა ფულერი მუშაობდნენ:
_ მეგობრებო, მოდი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შევაჯეროთ, _ დაიწყო კაპიტანმა. – ლიზა მეტრეველის სხეულის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ იგი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდეგ მუცლის აორტაში დანით მიაყენეს ღრმა ჭრილობები. მსხვერპლს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს გლუვი და თანაბარი ჭრილობები. იმ დროს, იგი უკვე პარალიზებული იყო. ზურგზე აღენიშნება წერტილოვანი დამწვრობა _ ელექტროშოკის კვალი. მუცლის ღრუში  მიყენებული ჭრილობები იმდენად ღრმა და სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა, მსხვერპლის სწრაფი სიკვდილი გამოიწვია. სამედიცინო დასკვნაში ასევე წერია, რომ გარდაცვლილი სამი კვირის ორსული იყო. რაც შეეხება მოწმეებს, ჯერჯერობით მეუღლის გარდა, არავინ გვყავს. მეზობლებს, დაცვის თანამშრომლებს და სავაჭრო პუნქტებში მომუშავეებს უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.
_ გარეთ არსებული ყველა პერიმეტრი კარგად დავათვალიერეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვაჩინეთ, – აღნიშნა დეტექტივმა გრეიმ.
_ ექსპერტებმა ადგილზე მხოლოდ ფეხსაცმლის ლანჩის ნაკვალევი ნახეს, რომელიც დაახლოებით ორმოცდაორი ზომაა. არ გვაქვს თითის ანაბეჭდებიც. ამ დროისთვის ხელჩასაჭიდი არაფერია. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძარცვას ჰგავს, მაგრამ როგორც ლიზას მეუღლე ამბობს, ბევრი ძვირფასი ნივთი ხელუხლებელია, წაღებულია მხოლოდ რამდენიმე სამკაული. ასე, რომ დამნაშავე არა ძარცვისთვის, არამედ მსხვერპლის მოსაკლავად შევიდა ბინაში. სამკაულების აღება, მისი მხრიდან უბრალოდ გათამაშებული სცენარია, რომ კვალი აგვიბნიოს, – განაგრძო კაპიტანმა.
_ საინტერესოა, როგორ შეაღწია მკვლელმა კორპუსში? შენობას ორი შესასვლელი აქვს, მთავარი და უკანა შესასვლელები. ორივეგან დაცვა ზის და კამერებია დამონტაჟებული. უნდა ამოვიღოთ ვიდეოჩანაწერები და დეტალურად შევისწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ გარდაცვლილის მეუღლის ჩვენება, სადაც აცხადებს, ლიზას ხშირად ჰქონდა კონფლიქტური სიტუაციები ბალეტის დასის ერთ-ერთ წევრთან, ვინმე ამანდასთან, – საუბარში ჩაერთო დეტექტივი ფულერი.
_ დეტექტივებო ფულერ და ბელინსკი, კორპუსის დაცვის თანამშრომლებს თქვენ გაესაუბრებით და ვიდეო მასალებს შეისწავლით, ხოლო გრეი და გარეტი ამანდას და გარდაცვლილის დანარჩენ თანამშრომლებს დაკითხავენ. სასწრაფოდ უნდა გავესაუბროთ ოჯახის სხვა წევრებსაც.
_ გასაგებია, – მიუგო დებორამ.
_ მოკლედ, წინ დიდი სამუშაო გველის, – კრისტოფერმა მეწყვილეს გადახედა.
_ ყველაფერს ის ართულებს, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, დამნაშავის ფეხსაცმლის ლანჩის ზომის გარდა, არაფერი ვიცით. მკვლელმა სუფთად იმუშავა, _ აღნიშნა ბელინსკიმ.
_ გეთანხმები მარკ, როგორც ჩანს, დამნაშავე საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ არ არსებობს იდეალურად დაგეგმილი მკვლელობა და ეს ყველამ კარგად ვიცით, – მარკის გამხნევება სცადა რებეკამ.
_ მართალია.
_ მოკლედ, დავალებებს უნდა მივხედოთ, დრო არ ითმენს, მეგობრებო, _ თქვა კაპიტანმა და ტექნიკურ განყოფილებაში გადარეკა, რომ გაეგო, ლიზას კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში რამე საინტერესოსთვის ხომ არ მიეგნოთ.


***
კაპიტნის მიერ მიცემული დირექტივების მიხედვით, ფულერი და ბელინსკი ჩემბერის ქუჩაზე, კორპუსის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ვიდეოჩანაწერებს ეცნობოდნენ.
_ სტივენ გონზალეზ, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ცხრა დეკემბერს, ვიდრე მუშები სამშენებლო მასალებს ეზიდებოდნენ, 07:45 სთ-ზე ტელეფონზე საუბრობთ... _ დაიწყო ფულერმა.
_ ერთ-ერთი ბინის მეპატრონეს ვესაუბრებოდი. გამაფრთხილა, რომ იმ დღეს, ავეჯის გადამზიდი ფირმიდან მოვიდოდნენ და ტახტს და სავარძლებს წაიღებდნენ.
_ გასაგებია, – ეჭვიანი თვალებით შეხედა გამომძიებელმა და საუბარი განაგრძო: _ მუშებმა სამშენებლო მასალები ლიფტით ზედა სართულზე აზიდეს, ამის შემდეგ ათი წუთით  სამუშაო ადგილი მიატოვეთ და სადღაც წახვედით. სად იყავით?
_ მუშებმა ბურღი ჩართეს, რის გამოყენებაც ამ შენობაში აკრძალულია. სადაც მუშაობდნენ, მესამე სართულზე ავედი და გამოვართვევინე, წესები გავაცანი, რომ მეორედ იგივე შემთხვევა აღარ განმეორებულიყო და უკან დავბრუნდი.
_ შემდეგ ისევ ტელეფონზე საუბრობთ...
_ კომპანიაში დავრეკე და მათ უფროსს აქ მუშაობის წესები შევახსენე, მან მანამდეც იცოდა წესების შესახებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ჰყავდა გაფრთხილებული მუშები.
_ ცხრა დეკემბერს რამდენი მუშა მუშაობდა კორპუსში?
_ ზუსტად არ მახსოვს, ერთი წუთით, შეიძლება სამუშაო რვეულში მეწეროს, –მამაკაცმა სამუშაო მაგიდაზე გადაშლილ რვეულს ჩახედა და ცხრა დეკემბრის აღრიცხვას დაუწყო კირკიტი, მაგრამ მათთვის ვერაფერი იპოვა, თავი გააქნია და გამომძიებლებს მიუბრუნდა:
_ სამწუხაროდ, მუშების რაოდენობის შესახებ არ ჩამინიშნავს, მხოლოდ სამშენებლო კომპანიის სახელი და ტელეფონი მიწერია. ყოველდღე ერთ-ერთი მათგანი  შემოსვლისას პირადობის დამადასტურებელ ბარათს მიტოვებს და გასვლისას უკან ვუბრუნებ. დღესაც ასე მოვიქეცი, ბარათი დავატოვებინე და აქ მაქვს, თუ გნებავთ, შემიძლია, გაჩვენოთ კიდეც.
დეტექტივებმა ID ბარათს დახედეს, მასზე გამოსახული პიროვნების სახელი და გვარი ჩაიწერეს და დაკითხვა განაგრძეს:
_ რა ჰქვია კომპანიას?
_  “Walter’s Construction”, – ანერვიულებული ტონით მიუგო მამაკაცმა.
_ ტელეფონის ნომერი მოგვეცით.
_ ახლავე, _ დაცვის თანამშრომელმა პატარა ფურცელზე ნომერი დაწერა და პოლიციელებს გაუწოდა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მუშები დღესაც აქ არიან და მუშაობენ, არა?
_ დიახ.
_ უნდა გავესაუბროთ.
_ აქეთ წამობრძანდით, _ გონზალეზმა დეტექტივები ადგილამდე მიაცილა და სამუშაოს დაუბრუნდა.
პოლიციელებთან საუბრისას მუშებმა დაადასტურეს, რომ მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე, გონზალეზი ოფისში მართლაც ავიდა და ბურღის გამოყენება აუკრძალა. გაიხსენეს, რომ იმ დღეს, მხოლოდ ხუთი მათგანი მუშაობდა. მათთან საუბრისას გამომძიებლებმა საეჭვო ვერაფერი მოისმინეს და მალე დაემშვიდობნენ.


***
_ მარკ, არ მოგეჩვენა, რომ გონზალეზი უცნაურად ნერვიულობდა? _ ჰკითხა კორპუსიდან გამოსულმა ფულერმა მეწყვილეს.
_ რატომ?
_ მგონია, რომ რაღაც იცის და არ ამბობს.
_ რასთან დაკავშირებით? მოდი რა, საუბარი ცოტა ხანში გავაგრძელოთ, “Subway”-ში სენდვიჩებს და ყავას ვიყიდი და მალე დავბრუნდები, თორემ ისე მშია, ახლა ნამდვილ მკვლელსაც რომ ვუყურებდე, ხელიდან დამისხლტებოდა, _ შეწუხებული სახით შეხედა მარკმა ქალს. 
_ კარგი, იყიდე, – გაეცინა რებეკას და მანქანაში ჩასაჯდომად კარი გამოაღო.
_ რა წამოგიღო?
_ სტეიკის და ყველის სენდვიჩი და ლიმონათიც გამოიყოლე.
_ ოჰო, შენც კარგად მოგშიებია, მადას არ უჩივი, – გაეცინა მამაკაცს.
_ თუ მეპატიჟები, შეკვეთაც მიიღე, – თავი გაბუსხულად მოაჩვენა და ხელები გადააჯვარედინა რებეკამ.
_ კარგი, ჰო, გაგეხუმრე. გადმოხვალ თუ აქ მოგიტანო?
_ არა, მანქანაში დაგელოდები.
_ როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა ბელინსკიმ.
ცოტა ხანში, მარკი სენდვიჩებით და სასმელით დაბრუნდა. შიმშილი რომ დაიკმაყოფილეს, რებეკასთან საუბარი გააგრძელა:
_ აბა, რას მეუბნებოდი, რაზე მაქვს ეჭვიო?
_ გონზალეზზე, მარკ, რატომღაც მგონია, რომ მკვლელი მან შემოუშვა, ან უბრალოდ მისი დაუდევრობით შემოიპარა ან კიდევ სხვა რაღაცაშია საქმე. კარგად უნდა გადავამოწმოთ ყველაფერი.
_ დიახ, ვიდეოჩანაწერებს კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად უნდა გავეცნოთ. 


***
მარკი და რებეკა პოლიციის დეპარტამენტში მისვლისთანავე ჩანაწერების გაშიფვრას დაუბრუნდნენ და მათთვის საინტერესო დეტალებს ცალკე, რვეულში ინიშნავდნენ. ვიდეოკადრების ხელმეორედ შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ლიზა  07:35 საათზე სახლში დაბრუნდა. იმ დროს, სადარბაზოს უკანა შესასვლელიდან მუშები სამშენებლო მასალებს ეზიდებოდნენ. როდესაც ყველაფერი აზიდეს, 08:00 საათზე უკანა შესასვლელში მოძრაობა შეწყდა და რამდენიმე წუთში დაცვის თანამშრომელი გაუჩინარდა. მის ადგილას კი შემცვლელი თანამშრომელი დარჩა, რომელსაც დერეფნების შემოვლა უკვე კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა და სწორედ იმ დროს დაბრუნდა პირველ სართულზე, როცა ლიზა სადარბაზოში შევიდა. 
_ გონზალეზი ზევით ადის, რომ მუშებს ბურღი გამოართვევინოს. საინტერესოა, სად არის ამ დროს მკვლელი? _ ჩაილაპარაკა ბელინსკიმ და დაკვირვებული თვალებით კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა.
_ არადა, ეს ზუსტად ის დროა, მარკ, როცა ლიზა მოკლეს. შეხედე, 08.08 საათზე დაცვის თანამშრომელი ადგილს ტოვებს, 8:20 საათზე უკან ბრუნდება და მშვიდად აგრძელებს მუ-შა-ო-ბაას, _ ბოლო სიტყვა პირზე შეეყინა რებეკას და წამში სახე შეეცვალა, – ერთი წუთით, უკან გადაახვიე, – სწრაფად გააგრძელა სიტყვა დეტექტივმა.
_ რომელი მომენტი გაინტერესებს? – ინტერესით შეხედა მარკმა.
_ შეხედე ერთ-ერთ მუშას, ვიდრე გონზალეზი სამუშაო ადგილზე არ იმყოფება და იმ დროს მას სხვა თანამშრომელი ცვლის, 08:17 საათზე ლიფტიდან გამოდის და სადარბაზოს ტოვებს.
_ მუშა რა შუაშია? _ გონება დაძაბა მარკმა.
_ გარეთა კამერის ჩანაწერს დააკვირდი, ეს პიროვნება ქუჩაში გადის, კორპუსის კუთხესთან ადის და იქიდან უჩინარდება.
_ მოდი, შევამოწმოთ თუ დაბრუნდა, – ბელინსკიმ კადრების დეტალური დათვალიერება განაგრძო.
_ რაღაც არ მგონია, მაგრამ გადაამოწმე, _ უთხრა რებეკამ და მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა თითები.
_ მართალი ხარ, აღარ ბრუნდება, – ჩაფიქრებულმა მამაკაცმა მეწყვილეს გადახედა.
_ ამ პიროვნებამ სადარბაზოში როგორ შეაღწია? წინა წუთების ჩანაწერები მაჩვენე, მარკ, _ სთხოვა რებეკამ.
მარკმა ვიდეოკადრები 07:20 საათიდან დააბრუნა და ახლა, ორივე კიდევ უფრო დიდი კონცენტრაციით ადევნებდა თვალს ეკრანზე გამოჩენილ გამოსახულებებს.
_ ესე იგი, მუშები 07:30 საათზე მივიდნენ ადგილზე, მათგან ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს ID ბარათი დაუტოვა და მერე მანქანიდან სამშენებლო მასალის გადაზიდვა დაიწყეს. თავიდან ხუთნი არიან, მაგრამ 07:47 საათზე მეექვსე ასე საეჭვოდ რატომ ჩნდება? შეხედე, ქუჩის კუთხიდან ჩამოდის და სადარბაზოს უკანა შესასვლელიდან მუშების ნაკადს ერევა. ხუთი მუშაობს, ეს ახლადმოსული მუშა მათ არც კი უყურებს და კიბეებისკენ მიდის. მუშებმა გვითხრეს, რომ იმ დღეს, მხოლოდ ხუთი მათგანი მუშაობდა. ასე არ არის?
_ მართალი ხარ, – თავის ქნევით დაუდასტურა მარკმა და მოვლენების განვითარებას მეტი დაკვირვებით დაუწყო შესწავლა, _ რებეკა, ნახე რას აკეთებს დაცვის თანამშრომელი, – მამაკაცი შეეცადა, რებეკას ყურადღება გონზალეზის ქმედებებზე გადაეტანინებინა.
_ ტელეფონზე საუბრობს და ვერ ამჩნევს, ან არ იმჩნევს ამ მეექვსე მუშას. _ სიბრაზით თქვა დეტექტივმა.
_ ნუთუ ეს მეორე დაცვის თანამშრომელიც ვერაფერს ამჩნევს?
_ მაგას არ მიუღია მუშები, გონზალეზმა მიიღო, შესაბამისად, არაფერი ეცოდინება. გადაახვიე, ვნახოთ წინა დღეებში რამე საეჭვო ხომ არ ხდება.
_ ისეთი არაფერი, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს. ამ მამაკაცის მსგავსი პიროვნებაც კი არსად ჩანს.
_ სასწრაფოდ ჩემბერის ქუჩაზე უნდა დავბრუნდეთ, დაცვის თანამშრომლებს და მუშებს ხელმეორედ უნდა გავესაუბროთ. ჰო, მართლა, ვიდეოჩანაწერების გაცნობა გრეის და გარეტსაც უნდათ, ეს კადრები მათ დავუტოვოთ, ჩვენ კი წასვლას დავუჩქაროთ. _ რებეკამ სამუშაო რვეულს ხელი დაავლო და მარკთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა.
ცოტა ხანში, რებეკა და მარკი ჩემბერის ქუჩაზე მუშებს და დაცვის თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ. გაირკვა, რომ ვერც ერთმა იქ მომუშავემ ვიდეოზე დაფიქსირებული პიროვნება ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ ის მამაკაცი იყო. გონზალეზმა აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდა, რადგან ვერ შეამჩნია მუშის ფორმაში გადაცმული უცხო პირი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდა მასთან რაიმე სახის კავშირს.


***
გრეის და გარეტის მიერ წინასწარ მოძიებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის საბალეტო დასში მართლაც მუშაობდა ამანდა, რომელიც გვარად ჰანცინგერი იყო. მარკის და რებეკას მიერ განყოფილებაში მიტანილ ვიდეოჩანაწერებში ერთ საინტერესო დეტალსაც წააწყდნენ, სადაც ჩანდა, რომ ლიზა მეტრეველის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ამანდა ხშირად მიდიოდა გარდაცვლილის საცხოვრებელ კორპუსთან –გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მსხვერპლს უთვალთვალებდა.
დებორამ და კრისტოფერმა ნიუ-იორკის საბალეტო დასს მიაკითხეს. სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტთან რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ოთახში შეაღწიეს. დეტექტივების დანახვისას მამაკაცი მარდად წამოდგა სკამიდან, სტუმრებს ხელი ჩამოართვა და მაგიდასთან სასაუბროდ მიიწვია:
_ მისტერ კოლინს, _ საუბარი კრისტოფერმა დაიწყო, _ როგორც უკვე მოგახსენეს, პოლიციიდან, ლიზა მეტრეველის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გაწუხებთ.
_ დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? – თავაზიანი ტონით მიმართა დეტექტივებს კოლინსმა.
_ თანამშრომლებს უნდა გავესაუბროთ.
_ მითხარით, რომელ თანამშრომელთან გსურთ საუბარი და არ არის პრობლემა,  ახლავე შემოვიყვან კაბინეტში.
_ ყველას უნდა გავესაუბროთ.
_ ყველას? – მამაკაცმა უსიამოვნოდ დაღრიცა ტუჩები და რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ დარბაზში რეპეტიცია გააჩერა.
საბალეტო დასის წევრებთან საუბრისას დეივიდ მილერის სიტყვები დადასტურდა _ ამანდას ლიზასთან სისტემატიურად მოსდიოდა უსიამოვნებები. როგორც თანამშრომლები ახასიათებდნენ, ამანდა პირველობის მოყვარული და ამბიციური პიროვნება იყო და ახალი ემიგრანტის წინსვლა მისი სახელის დაჩრდილვას და მუდამ მის გაღიზიანებას იწვევდა.


***
ჰანცინგერი განყოფილებაში დაიბარეს:
_ ამანდა ჰანცინგერ, სად იყავით ცხრა დეკემბერს დილის 07:50 სთ-დან 08:20 სთ-მდე?
_ თქვენ რა, მკვლელობაში მდებთ ბრალს? _ წამოიყვირა გოგონამ.
_ ვცდილობთ, დავადგინოთ, ვინ მოკლა ლიზა მეტრეველი, _ დინჯად აუხსნა კრისტოფერმა.
_ სახლში ვიყავი.
_ ამ ფაქტს ვინ დაგვიდასტურებს?
_ ვერავინ, მარტო ვიყავი.
_ ძალიან სუსტი ალიბია, – თავი გააქნია დებორამ და ამანდას მკაცრი თვალებით შეხედა. _ რას აკეთებდით სახლში მარტო?
_ ტელევიზორს ვუყურებდი, – სწრაფად მიუგო გოგონამ გამომძიებელს და თვალები გაუსწორა.
_ რომელ გადაცემას უყურებდით?
_ დილის გადაცემას “Good Morning America”.
_ რომელ არხზე?
_ “ABC”-ზე, – არ დაიბნა ამანდა.
_ ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვლილთან ხშირად გქონდათ კონფლიქტური სიტუაციები, – ახალი თემა წამოიწყო დეტექტივმა და პასუხის მოლოდინით ცნობისმოყვარედ ახედა გოგონას.
_ მერე რა? მქონდა, ვაღიარებ, – თამამად უპასუხა დაკითხვაზე მყოფმა და უტიფრად შეხედა დეტექტივებს.
_ მერე ის, რომ ლიზა მეტრეველი თქვენი მეტოქე იყო. ერთადერთი მოწინავე მოცეკვავე, რომელიც თქვენ გჯობდათ და მისი თავიდან მოშორების შემდეგ სწორედ თქვენ მიიღებდით სოლო პარტიებს. ასე, რომ საკმაოდ კარგი საფუძველი გქონდათ, გზიდან ჩამოგეცილებინათ.
_ ჰმ, _ გოგონას დაბალ ხმაზე ჩაეცინა და გააგრძელა: _ ბრალს მდებთ ისე, რომ არანაირი სამხილი ხელში არ გიჭირავთ? მე არ მომიკლავს, ამას არაერთხელ გავიმეორებ.
_ კარგი, გაიხსენე ყველა ის ადგილი, სადაც ლიზა მეტრეველის მკვლელობამდე, სამი დღით ადრე ყოფილხარ.
გოგონა დაფიქრდა და რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ დეტალურად დაიწყო ადგილების გახსენება, მაგრამ მათ შორის, რატომღაც ლიზას საცხოვრებელი კორპუსი არ უხსენებია.
კრისტოფერმა უნდობლად შეხედა, შემდეგ ლეპტოპი ჩართო და გოგონას მიმართა: _ ამ ვიდეოჩანაწერებზე რას გვეტყვით? ლიზა მეტრეველის კორპუსს მთელი სამი დღის განმავლობაში არ მოსცილებიხართ, – ვიდეოკადრები ჩართო, ეკრანი მიუტრიალა და პასუხს დაელოდა, თან გამჭოლ მზერას არ აცილებდა.
ამანდა ცივად ადევნებდა თვალს ეკრანზე გამოჩენილ ვიდეომასალას და მისი დასრულებისთანავე აუღელვებლად აღიარა: _ დიახ, ვიდეოზე მე ვარ, მაინტერესებდა, სად ცხოვრობდა ლიზა მეტრეველი. 
_ ძალიან სასაცილო პასუხია. შენ ჩვენ სულელები ხომ არ გგონივართ? – ირონიულად ჩაეცინა კრისტოფერს, თვალები ნახევრად მოჭუტა და გოგონას სახის გამომეტყველების ფსიქოლოგიური დაკვირვება განაგრძო.
_ ვერავინ ამიკრძალავს ქუჩაში დგომას, – თავდაცვას აგრძელებდა გოგონა.
_ რატომ გვითხარი, რომ ამანდას საცხოვრებელ კორპუსთან არ მისულხარ? _ უნდობლობა იგრძნობოდა დეტექტივის ხმაში.
_ ზედმეტ კითხვებს და პასუხებს თავი ავარიდე.
_ ამანდა ჰანცინგერ, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კითხვების დასასმელად და პასუხების მოსასმენად არც ჩვენ გვცალია და თუ ამ დანაშაულში თქვენი ხელი ურევია, უმჯობესია, ახლავე აღიაროთ.
_ იცით რა? ჩემი უფლებები კარგად ვიცი, თქვენ არანაირი დამამტკიცებელი ფაქტი არ გაგაჩნიათ, რომ ბრალი წამიყენოთ და პოლიციის შენობაში გამაჩეროთ. ასე, რომ თუ მეტი კითხვა არ გაქვთ, მირჩევნია, დაგტოვოთ.
_ კეთილი, მაგრამ გამოძიება აუცილებლად დაადგენს სიმართლეს და...
_ წარმატებებს გისურვებთ, – გოგონამ სიტყვის დამთავრება არ აცალა დებორას და წასასვლელად მოემზადა.


***
ამანდა ჰანცინგერი პოლიციამ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო, განყოფილებიდან გაანთავისუფლა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ რჩებოდა სერიოზულ ეჭვმიტანილად და დეტექტივები მასზე ყურადღების მოდუნებას არ აპირებდნენ.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები