ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე V (დეტექტიური ჟანრი)

  თავი 15

დეტექტივები და კაპიტანი ფერგესი ლიზას მკვლელობის საქმეში ამოტივტივებულ ახალ დეტალებზე მსჯელობდნენ:
_ დადგინდა, რომ დღიური ნამდვილად ლიზა მეტრეველის ხელით არის დაწერილი. ასევე უკვე ითარგმნა კიდეც და დიდი იმედი მქონდა, რომ რამე ახალს ვიპოვიდით, მაგრამ ყველაფერს ის ართულებს, რომ გარდაცვლილის ხელით ბოლო გვერდზე დაწერილი წერილი არანაირ კოდირებულ და დაშიფრულ ანბანში არ ჯდება.
_ არადა, როგორი იმედი მქონდა, – სინანულით თქვა რებეკამ.
_ ექსპერტებთან გუშინ საღამოს მქონდა შეხვედრა და როგორც აღნიშნეს, ლიზას მიერ მოხაზული უცნაური გამოსახულების ასოები ძველი ქართული დამწერლობის ასოებს უფრო წააგავს, თუმცა არც ერთი მათგანი ემთხვევა მათ რეალურ მნიშვნელობას, რომ სიტყვები შედგეს და გარდაცვლილის მიერ დაწერილი ტექსტი გაიშიფროს, _ გააგრძელა ფერგესმა.
_ ესე იგი, დღიურიდან ვერაფერს გავარკვევთ? უცნაური მოხაზულობების გარდა,  საინტერესო არაფერი წერია? _ საუბარში ჩაერთო კრისტოფერი.
_ არის რაღაც, რაზეც დაფიქრება გვმართებს, – გააგრძელა კაპიტანმა, – ვიდრე ლიზა მეტრეველი საქართველოდან წამოვიდოდა, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე დიმასთან და როგორც ჩანს, დაქორწინებასაც აპირებდნენ. ამას ადასტურებს ლიზას მრავალი ჩანაწერი აღნიშნულ პიროვნებაზე, მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი _ ლიზას მოულოდნელად ნიუ-იორკის საბალეტო დასის ქორეოგრაფის რეკომენდაციით, სამუშაო კონტრაქტზე შეთავაზება მოსდის და ახალგაზრდა წყვილის გეგმები თავდაყირა დგება. ლიზა და დიმა ერთმანეთს შორდებიან და ბალერინა ამერიკული ოცნებების ასახდენად ამერიკაში ჩამოდის, ხოლო ძალიან მალე, აქაურ მოქალაქეზე ქორწინდება და ბედნიერ ცხოვრებას იწყებს. 
_ ანუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა, დიმას ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლა ლიზა?
_ დიახ, სწორად მიმიხვდი, მარკ, ამიტომ ამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოსთან მოგვიწევს დაკავშირება. გვაინტერესებს 1990 წლის 11 მაისს დაბადებული დიმიტრი მიქავა, რომელიც ცხოვრობს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე და მუშაობს “თიბისი” ბანკში. სამწუხაროდ, მეტი არაფერი ვიცით მასზე, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, გავარკვევთ. ახლა, მთავარია, ჩვენს შორეულ კოლეგებს დავუკავშირდეთ და საქმეს ერთობლივად მივხედოთ. დანარჩენ ნაბიჯებს კი მომავალი გვიჩვენებს.





თავი 16

დილის 04:50 საათი იქნებოდა, როდესაც ამანდა ჰანცინგერის საძინებელ ოთახში შუქი აინთო. დაახლოებით ნახევარ საათში, გოგონა გარაჟიდან საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა და ჩამქრალი წინა ფარებით და დაბალი სიჩქარით საცხოვრებელი სახლის მისამართს გაეცალა.
ქუჩის მეორე კუთხიდან სხვა ავტომობილი დაიძრა და ასევე ნელი სვლით და ჩამქრალი წინა ფარებით მანქანას აედევნა.
რამდენიმე წუთში, ამანდამ მანქანა გააჩერა, საბარგული გახსნა, დიდი პარკით რაღაც ამოიღო, აქეთ-იქით ფრთხილად მოავლო არემარეს თვალი და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, ნელი ნაბიჯებით ტყისკენ გაუყვა გზას. ცოტა ხანში, ერთ ადგილს მიადგა, ისევ საგულდაგულოდ დაათვალიერა იქაურობა, მერე პარკი მთლიანად გადმოაპირქვავა და გადმოყრილი ნივთები ერთ ადგილას ხელით მოაგროვა. გოგონას სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. ჯიბეში რომ ხელი ჩაიყო, იქ ვერაფერი აღმოაჩინა და იმედგაცრუებული მანქანისკენ გაბრუნდა, – აშკარა იყო, რაღაც დაავიწყდა.
რამდენიმე ხანში, ასანთით ხელში უკან დაბრუნდა, მობილურის ეკრანზე ნაცნობი სახელი და გვარი მოძებნა და დაურეკა.
_ ჯეიმს, შენ ხარ? – დაბალი და აკანკალებული ხმით ჰკითხა გოგონამ და პასუხს დაელოდა.
_ მე ვარ, ამანდა, _ მეორე მხრიდან მამაკაცის ხმა გაისმა.
_ აქ ვარ, სადაც მომასწავლე. 
_ მერე, დაწვი?
_ არა, ჯერ კიდევ.
_ რაღას ელოდები?
_ ცოტა ქარია და მეშინია, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და აქეთ-იქით მიმოაბნიოს ნივთები.
_ სასწრაფოდ გააკეთე, რაც გითხარი, დაელოდე და ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწვება, ფეხი არ მოიცვალო.
_ მეშინია.
_ შიშის დრო არ არის, ან ახლა, ან არასოდეს, – მკაცრი ტონით უთხრა მამაკაცმა და ტელეფონი გაუთიშა.
ამანდამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო, გაჰკრა და ნივთებზე ცეცხლის წასაკიდებლად რომ დაიხარა, უკნიდან ისეთი მაღალი ხმით დასჭექეს, ადგილზე გაშეშდა.
_ ამანდა ჰანცინგერ, დააგდე, რაც ხელში გიჭირავს, მუხლებზე დადექი და თავზე ხელები შემოიწყე!
გოგონა ადგილზე გაშეშდა, მთელ სხეულში წარმოუდგენელმა შიშმა დაუარა, მუხლებზე მოწყვეტით დაეშვა და უკან მიუხედავად დაემორჩილა ბრძანებას.



თავი 17

მთელი ღამე არ ეძინა დეივიდ მილერს. უკვე გარიჟრაჟი იყო, როცა საწოლში ბევრი წრიალის შემდეგ წამოდგა და სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავიდა. საძინებელ ოთახს ფინჯანი ყავით დაუბრუნდა და ლეპტოპი ჩართო. ეკრანზე ლიზას და თავისი სურათების ალბომი მოძებნა და დათვალიერება დაიწყო. რამდენიმე სურათის ნახვის შემდეგ იგრძნო, რომ მეუღლე ძალიან მონატრებოდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და უნებურად წამოსული მლაშე სითხე ტუმბოზე მდგარი ყუთიდან ამოღებული ერთჯერადი ცხვირსახოცების ბღუჯით შეიმშრალა. ამოიოხრა, ლეპტოპი გამორთო და გვერდზე გადადო. მოუსვენრად იყო, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. ფურცელი და კალამი აიღო და მოწოლილი ემოციები წერილად გადააქცია:
ლიზა, ვერ ვიჯერებ, რომ შენს დაბადების დღეს მარტო ვხვდები. არადა, როგორ გიყვარდა ეს დღე. გაზაფხულზე დაბადებული იყავი და ამ სეზონივით ლამაზი და ლაღი ხასიათი გქონდა, ჩემს ცხოვრებაშიც მუდამ გაზაფხულები მოგქონდა... იცი, როგორ მომენატრე? სულ შენ გეძებ, ყველგან და ყველაში, მაგრამ იმდენად ერთადერთი და გამორჩეული იყავი, ვერსად ამოგიცანი. როგორ მიყვარდა ბალეტი და რაც შენ აღარ ხარ, იქ ფეხიც არ დამიდგამს, ან რად მინდა? ვიცი, რომ მხოლოდ შენ გამახსენდები და უფრო ცუდად გავხდები. ვიდრე შენთვის წერილის მოწერას დავაპირებდი, შარშანდელი დაბადების დღე გამახსენდა. ძალიან საინტერესო დღე იყო. მართლა გამაოცე. მუდმივად სხვადასხვა აღმოჩენებს ვაკეთებდი შენში. რაც მეგონა, რომ არ მოგეწონებოდა, ზუსტად ის მოგწონდა. რას ვიფიქრებდი, ეს სიფრიფანა და ნაზი გოგო ექსტრემალური რაღაცების მოყვარული აღმოჩნდებოდი. ჰმ... ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმომხტარი ლიზა მეტრეველი... ნეტავ, წელს რა საჩუქარს მომთხოვდი? რით გამაკვირვებდი?
დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო!
წერილის წერა რომ დაამთავრა, კალამი გვერდზე გადადო, მკლავები მოხარა და თავი ჩარგო. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ფურცელზე დაწერილი წერილი ხელში აიღო, სიმწრისგან მუჭში მოიქცია და ხელი ისე მოუჭირა, ფრჩხილები კანში ჩაესო და სისხლის კვალი დაემჩნა. საწოლისკენ წავიდა, მძიმედ დაეშვა და საბანი წაიფარა.       




თავი 18

მამაკაცი ამანდას მიუახლოვდა და შეამოწმა, სადმე იარაღი ხომ არ ჰქონდა. როგორც კი დარწმუნდა, რომ სუფთა იყო, იარაღი საფეთქელთან მიადო და გაბოროტებული ხმით უბრძანა:
_ როგორც გადმოყარე, ისევ შენივე ხელით აკრიფე თითოეული ნივთი და პარკში ჩააწყე!
გოგონას ხმა ეცნო და გაუნძრევლად, აკანკალებული ხმით ჰკითხა:
_ პატრიკ, შენ ხარ?
_ გააკეთე, რასაც გეუბნები, – მამაკაცმა ნერვიულად გამოსცრა კბილებიდან.
გოგონა ბრძანების შესრულებას შეუდგა და როცა საქმეს მორჩა, პატრიკისთვის სახეში შეეცადა შეხედვას, მაგრამ პისტოლეტის ლულა საფეთქელთან ისე მჭიდროდ მიაჭირა, ტკივილი იგრძნო და იქვე გაჩერდა.
_ ახლა რას მიპირებ, მომკლავ? – ძლივს ამოილუღლუღა ამანდამ.
_ ეგ შენი საქმე არ არის. სამხილების განადგურებას აპირებდი, არა? _ მწარედ ჩაიცინა მამაკაცმა.
_ რომელი სამხილების?
_ თავს ნუ იშტერებ! – ხმას აუწია პატრიკმა.
_ გეფიცები, ტყუილად ფიქრობ, არაფერი სამხილი აქ არ არის.
_ ვისი პუანტებია ან ვის ეკუთვნის დანარჩენი? – მამაკაცი პისტოლეტს არ აშორებდა გოგონას და კიდევ მეტად უმატებდა ხმას.
_ პატრიკ, ეს ის არ არის, რასაც ფიქრობ. მე არ მომიკლავს ლიზა.
_ სტყუი! – დაიღრიალა მამაკაცმა, – ვისი ნივთებია ესენი? გამეცი პასუხი! – კითხვა გაუმეორა პატრიკმა.
_ ლიზა მეტრეველის, – ძლივს აღმოხდა ამანდას და შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ელოდებოდა, რომ ამ სიტყვების შემდეგ პატრიკი საფეთქელში დააჭედებდა ტყვიას.
_ მეზიზღები, ამანდა ჰანცინგერ, მძულს თითოეული ის წუთი, რომელიც შენთან ერთად გავატარე. რას ერჩოდი იმ უდანაშაულო ადამიანს? – ზიზღნარევი ხმით ჰკითხა გოგონას.
_ მე არ მომიკლავს.
_ მაშინ ვინ მოკლა? ლიზას ნივთებს შენთან რა უნდა?
_ ყველაფერს აგიხსნი.
_ მე არა, პოლიციას აუხსნით ყველაფერს შენც და ის თანამზრახველიც, ვისთანაც ცოტა ხნის წინ მობილურზე საუბრობდი. ფეხზე წამოდექი და განყოფილებაში გამომყევი! – უბრძანა მამაკაცმა.
_ პატრიკ... – რაღაცის თქმა დააპირა ამანდამ.
_ ერთი სიტყვა აღარ გავიგონო! პარკი ხელში აიღე და წინ წადი! – მკაცრად უთხრა მამაკაცმა.
_ ძალიან გთხოვ, დამასრულებინე, ტყუილი სკანდალები არ მინდა, დამინდე.
_ შენ თუ დაინდე ჩემი თავი ან ლიზა მეტრეველი?
ამანდა გაირინდა და ხმა ვეღარ ამოიღო. შემდეგ როგორც იქნა გაბედა და მამაკაცს უპასუხა:
_ ლიზას მართლაც ვმტრობდი, ამას არ ვუარყოფ, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, ნუ დამაბრალებ.
_ მის ნივთებს რა უნდა შენთან?
_ ეს ნივთები სცენაზე გასვლის წინ დავუმალე, რომ ვეღარ ეცეკვა.
_ საზიზღარი არსება ხარ, ადამიანსაც ვერ გიწოდებს კაცი. – აღელვებას ვერ მალავდა მამაკაცი.
_ გთხოვ, რა საჭიროა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ გაიგოს? გინდა, ამდენი ხნის ნაშენები კარიერა რამდენიმე საათში თავზე დამამხო?
_ ბოლოს ყველა იმას იმკის, რასაც სთესს! – სიბრაზით აზიდა წარბები პატრიკმა, – ახლა კი, წინ იარე და არ გაბედო ჩემთან წინააღმდეგობა!
ამანდას ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს, ისე დაემორჩილა მამაკაცს. შიშისგან თავზარდაცემული ნელი ნაბიჯებით  მიდიოდა და ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდ შარში იყო. მანქანაში სანამ ჩასხდებოდნენ, პატრიკმა გოგონას ხელები შეუკრა, იარაღი ჯიბეში ჩაიდო და საჭეს მიუჯდა.
დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არც ერთს არ დაუძრავს სიტყვა. ბოლოს ისევ ამანდამ დაარღვია სიჩუმე და სიკვდილმისჯილივით ამოილუღლუღა:
_ დედაჩემთან წამიყვანე, გთხოვ...





თავი 19

Forget me not… (არ დამივიწყო; კესანე _ ყვავილის სახელწოდება)
შუადღე ახლოვდებოდა. ღამენათევი დეივიდი უხასიათოდ წამოდგა საწოლიდან და სახლიდან ისე წავიდა, საუზმე არც გახსენებია. სადილის დრო იყო, ნათიას სამსახურში გაუარა და იქვე, ახლოს მდებარე იტალიურ რესტორანში დაპატიჟა:
_ იცით, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ვიცი, უფრო ხშირად უნდა გნახულობდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ.
_ არაფერი გაქვს საბოდიშო, დეივიდ, – თბილად გაუღიმა ქალმა.
_ გუშინ, მთელი ღამე ლიზას ვიხსენებდი, – მკრთალი ღიმილით წარმოთქვა მამაკაცმა, – ძალიან განსხვავებული იყო.
_ განსხვავებულში რას გულისხმობ? – ინტერესით ჩაეძია ნათია.
_ ზოგჯერ მშვიდ და დალაგებულ დღეს ისე აურევდა, თავდაყირა აყენებდა ყველაფერს.
_ მართლა? აბა, რამე მომიყევი, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვს.
_ ერთ დღეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელთან და მის მეუღლესთან ერთად გვქონდა ვახშამი. ყველაფერმა მშვიდად, წყნარ გარემოში ჩაიარა, ლიზაც ისე იქცეოდა, როგორც იმ სიტუაციას შეეფერებოდა. მანქანაში რომ ჩავსხედით და სახლში წასვლა დავაპირე, იმდენი ქნა, გზიდან გადამახვევინა და საშინელებათა ოთახში ამოვყავით თავი. 
ნათიამ საკუთარი თავი ამოიცნო და გაეცინა.
_ მერე, დეივიდ? ეს გაწონასწორებული და მშვიდი კაცი ჩონჩხების გარემოცვაში მინიმუმ ნახევარი საათი ღრიალებდი, არა?
_ მაგას ვინ ჩიოდა, თვითონ მეტად ეშინოდა, პატარა ბავშვივით იყო ჩემზე მოკრული და იმდენი იყვირა, ხმა აღარ შერჩა. ბოლოს, თავს იმით იმართლებდა, უარყოფითი ენერგიისგან დავიცალეთ და მადლობას უნდა მეუბნებოდე, რომ აქ წამოსვლა მოვინდომეო.
_ ოჰ, ლიზა, ლიზა, – თავს აქნევდა გახალისებული ნათია, – ესე იგი, შიშისგან გაკანკალა და კიდევ მადლობას გთხოვდა, არა?
_ ასეთი იყო, სულ სიურპრიზებს ველოდებოდი მისგან. იცი რა მომწონდა? ეს თავშეკავებული ადამიანი უცებ რადიკალურად განსხვავებული რომ ხდებოდა. თითქოს, მასში ორი პიროვნება ცხოვრობდა, არისტოკრატული მანერების, დახვეწილი ქალბატონი და ცელქი ლიზა.
_ შენ რომელი მოგწონდა ყველაზე მეტად?
_ ალბათ, უფრო ცელქი, სერიოზული ჩემი თავიც მყოფნიდა, – იცინოდა დეივიდი,  – თუმცა ორივე პიროვნების სახეს ისე ირგებდა, საბოლოო ჯამში, ერთ საინტერესო ადამიანად გვევლინებოდა.
_ მართალი ხარ, ლიზა მრავალფეროვანი და ამოუცნობი იყო.
_ დღეს 5 მარტია, მისი დაბადების დღე. ოცდაერთი წლის გახდებოდა... ვიცი, სახლში ჯდომა და მასზე ფიქრი ორივესთვის რთული იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცით მაინც შეგვემსუბუქებინა ეს დღე.
_ კარგად მოიქეცი, დეივიდ. შენთან შეხვედრამ შვება მომცა. ჩემი შვილი არ შემცდარა, რომ ცხოვრების მეგზურად აგირჩია. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
_ გმადლობთ! მინდოდა, ლიზას საყვარელი ყვავილები მომეტანა თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ მარტში არ ყვავიან და ეს ყელსაბამი მოგართვით თავის კულონით, რომელშიც სწორედ ის პატარა, ნაზი, ლურჯი ყვავილია გამოსახული, რაც თქვენს შვილს უყვარდა.
_ ეს რა ყვავილია? – გაოცებული უყურებდა ნათია კულონს.
_ Forget me -not  – ამ ყვავილს ასე უწოდებენ.
_ წარმოუდგენელია, არ ვიცოდი, ლიზას თუ ეს ყვავილი უყვარდა, – ცრემლები ვეღარ შეიკავა ნათიამ, – ხედავ? ზოგი რამ შენ უკეთესად გცოდნია ჩემს შვილზე, ვიდრე მე.
_ დაწყნარდით, მერე რა მოხდა? ნუ ტირით, გთხოვთ.
_ მაპატიე, თავი ვერ შევიკავე.
_ არა უშავს.
_ იცი? როდესაც საჩუქარს შევეხე და მითხარი, რომ ეს პატარა ლურჯი ყვავილი ჩემი შვილის საყვარელი მცენარე იყო, რაღაცნაირად მისი სიახლოვე ვიგრძენი. ეს კულონი მას ეკუთვნოდა?
_ არა.
_ მაინც ძვირფას ნივთად დარჩება ჩემთვის. დიდი მადლობა!
_ ლიზას ერთი ჩვევა ჰქონდა. საკუთარ დაბადების დღეზე, გასული წლის განსაკუთრებულ პიროვნებას ამოარჩევდა და საჩუქარს ჩუქნიდა. უცნაურია, არა?
_ კი, ვიცი, – ასე ამბობდა, კარგი პიროვნება მაშინ ხარ, როცა საკუთარ დაბადების დღეზეც კი საყვარელ და ძვირფას ადამიანებს არ ივიწყებ და ყურადღების ნიშნად თავადაც საჩუქრით გამოხატავ მათდამი პატივისცემას და სიყვარულსო.
_ ჰოდა, აბა, გამოიცანით, ვის ყიდულობდა ხოლმე თავის დაბადების დღეზე საჩუქარს? _ თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ეშმაკურად გაუცინა ნათიას.
_ მივხვდი, მაგრამ მინდა გითხრა, მხოლოდ შენ არა, დეივიდ, _ ნათიამაც თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
_ თქვენც გჩუქნიდათ?
_ დიახ, – ღიმილით უპასუხა ნათიამ.
_ ვხედავ, ლიზას ოცდამეერთე დაბადების დღეზე, ორი მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი შეკრებილა და სიყვარულით იხსენებენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს გაახსენდება ჩვენი იუბილარი დღევანდელ დღეს?
_ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გაახსენდება, დეივიდ.
_ ალბათ...
_ ოცი წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი თბილად გასახსენებელი დღე დაგვიტოვა.
_ გეთანხმებით.
_ დეტექტივები ხომ არ შეგხმიანებიან? არაფერი უთქვამთ გამოძიების მსვლელობაზე?
_ ჯერჯერობით ახალი არაფერია, მუდამ ვარ მათთან კონტაქტზე, თუ რამე გავიგე, აუცილებლად შეგატყობინებთ.
_ მადლობა.
სულ რაღაც რამდენიმე საათი შეხვდნენ დეივიდი და ნათია ერთმანეთს, მაგრამ ეს შეხვედრა ორივესთვის დიდი შვება აღმოჩნდა.


თავი 20

გაზაფხულის წვიმიანი საღამო იყო. ოდნავ შეციებული და დასველებული ფაბიანა ბრუკლინის მიმართულებით ნიკასთან მიიჩქაროდა. როგორც იქნა, ძველ შენობას მიადგა და ბიჭს მობილურით ამცნო, მოვედი და კარი გამიღეო. 
ცოტა ხანში, სადარბაზოს კარები გაიღო და ნიკა გამოჩნდა.
_ დაგიწია ტემპერატურამ? – აღელვებულმა ჰკითხა ბიჭს.
_ ჯერ არ დაუწევია.
_ გაციების და სიცხის საწინააღმდეგო აბები მოგიტანე. მოკლედ, შარის პრინცი ხარ რა, – დასცინოდა გოგონა.
_ ჰო, არა? იქნებ მეფე? – მისუსტებული ხმით ჰკითხა ხუმრობის ხასიათზე მოსულ  გოგონას და უკან ღიმილით გაჰყვა, – წამლებისთვის რატომ შეწუხდი?
_ რა შეწუხებაა? ახლა ვივახშმოთ, ჩაისაც აგიდუღებ, მერე წამლებიც მიიღე და დღიურზე დავილაპარაკოთ.
_ არ მითხრა, რომ საჭმელიც იყიდე.
-მერე რა მოხდა, ყოველდღე ავად ხომ არ ხარ?
_ მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.
_ არ მაწყენინო, თორემ წავალ.
_ კარგი, არაფერს აღარ ვამბობ, – ხელები ასწია ბიჭმა.
_ ეს პასუხი უკვე მომწონს! _ გაეცინა გოგონას.
ვახშმის შემდეგ ლიზას დღიურის განსახილველად მოემზადნენ. ფაბიანამ ჩანთიდან დღიური ამოიღო და საუბარი წამოიწყო:
_ ნიკა, კარგად იცი, შენი განსაკუთრებული თხოვნა რომ არა, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი. ისიც მესმის, რომ გინდა, შენი წვლილი შეიტანო ამ გამოძიებაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძალიან რთულია მეგობარი მამაკაცის ბავშვობის დროინდელი შეყვარებულის პირად საქმეებში ვიქექო.
_ მესმის, მაგრამ შენს მეტი აქ არავინ მყავს, ვისაც ვენდობი, როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე საქმეში.
_ გასაგებია, ვაფასებ შენს ნდობას და ამიტომაც ვარ შენ გვერდით. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ერთი კვირაა, ლიზას დღიურს ვეცნობი და ცალკე ჩანიშვნებს ვაკეთებ.
_ რა გაარკვიე?
_ სულმოუთმენელი ნუ ხარ, დამაცადე, გითხრა.
_ გისმენ. _ ინტერესით უყურებდა ბიჭი და ერთი სული ჰქონდა, როდის გაიგებდა რამე მნიშვნელოვანს, რაც თავის დროზე, დღიურის კითხვისას ვერ შეამჩნია.
_ პირველ რიგში, როდესაც მკვლელობის ამბავს ვიძიებთ, ფიქრს ვიწყებთ იმით, ვის  აწყობდა გარდაცვლილის სიკვდილი. აქედან გამომდინარე, რაც ლიზას დღიურში არსებულმა ჩანაწერებმა ცხადყვეს, ამ ეტაპზე მის სიკვდილში საეჭვო პირებად მიმაჩნია თანამშრომელი, ამანდა ჰანცინგერი და ლიზას ყოფილი საქმრო, დიმა მიქავა.
_ ამანდა ჰანცინგერს ვერაფერს უმტკიცებენ, ყველაფერი შეამოწმეს და სუფთაა ამ საქმეში.
_ ალიბი აქვს?
_ სუსტი ალიბი აქვს, მაგრამ ვერაფერს უმტკიცებენ.
_ მერე ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ უდანაშაულოა.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, სამხილები არ არსებობს.
_ კიდევ ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა. ლიზას შენ არ უყვარდი, ეს თავისთავად ცხადია. ის დიმა მიქავას ხვდებოდა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის, მარიკოს ძმა იყო და რომ არ გიცნობდე და არ ვიცოდე, სად იყავი 9 დეკემბრის დილას, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად შენც მიგიჩნევდი. კარგი, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, სისულელეა. შენ ის მითხარი, იცნობ დიმა და მარიკო მიქავებს?
_ არც ერთს ვიცნობ. მოიცადე! – ნიკამ თვალები დაავიწროვა და ღრმად ჩაფიქრდა. – მგონი, მარიკო ნანახი მყავს.
_ როდის?
_ ერთხელ, ლიზას სკოლაში მივაკითხე. მისი დაპატიჟება მინდოდა სადმე. სკოლიდან ვიღაც გოგოსთან ერთად გამოვიდა და თავიდან რომ მოვეშორებინე, მითხრა, მასთან მიდიოდა სახლში, _ მოიმიზეზა, სამეცადინო გვაქვსო. ეგ გოგო იქნება მარიკო მიქავა, სახელით მიმართა და მახსოვს.
_ მარიკოს უნდა გავესაუბროთ.
_ რატომ?
_ შეიძლება მისგან ბევრი ინფორმაცია შევიტყოთ, რასაც ჩვენს სასარგებლოდ  გამოვიყენებთ.
_ მაინც რას უნდა ველოდოთ მისგან?
_ შეიძლება, ისეთი რამ იცოდეს, რომელიც ჩემს გონებაში გაჩენილ კითხვებს პასუხებს გასცემს.
_ დღესვე დავიწყებ მარიკოს ძებნას.
_ როგორ?
_ ნაცნობ-მეგობრებს ჩავრევ თბილისში და არა მგონია, მისი ნახვა გაჭირდეს.
_ ასე არ გვაწყობს, არ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ამა და ამ პიროვნებას ამერიკიდან ეძებენ. შეიძლება ძებნის მიზეზი რომ გაიგოს, დაფრთხეს და ბევრი რამ დამალოს კიდეც. შენ არ ამბობდი, რომ ქართველებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ძნელად დაითანხმებო? რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ და მისი ნდობა მოვიპოვოთ.
_ რა გეგმა გაქვს?
_ საქართველოში უნდა ჩავიდეთ და ყველას ისე უნდა წარვუდგეთ, როგორც ლიზა მეტრეველის წარსულით დაინტერესებული პიროვნებები, რომლებიც მის ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობენ.
_ რა? _ ხმამაღლა იკითხა გაოცებულმა ნიკამ.
_ დიახ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არა მხოლოდ მარიკოს, არამედ კიდევ ბევრი ადამიანის გაცნობა მოგვიწევს და ისეთი მიზეზი უნდა ვუთხრათ, ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობდნენ და საუბარს არ ერიდებოდნენ.
_ კიდევ ვისთან გინდა შეხვედრა?
_ დიმასთან, ლიზას ბალეტის მასწავლებელთან და ნათესავებთან.
_ რაღაც სერიოზული ჩაიფიქრე. ბოლომდე მითხარი, რას გეგმავ?
_ ამის მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვი, რადგან შესაძლოა, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო იყოს, არ მინდა ტყუილად აგაფორიაქო.
_ მითხარი, ყველაფრისთვის მზად ვარ.
_ ყველაფერს თანდათან გაიგებ, ოღონდ იცოდე, საქართველოში შენ გარეშე ვერაფერს შევძლებ, სულ ჩემთან უნდა იყო.
_ რა თქმა უნდა, დაგეხმარები. როდის ვაპირებთ წასვლას?
_ ამ ზაფხულს, როგორც კი გამოცდებს დავამთავრებთ, წავიდეთ.
_ გთხოვ, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი.
_ რომელ კითხვაზე?
_ ლიზას მეგობარი მარიკო გასაგებია, დიმაც და ბალეტის მასწავლებელიც, მაგრამ ნათესავები ამ საქმესთან რა კავშირში არიან?
_ მამის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდით ის ჯერ დეიდასთან, მერე კი მამიდასთან ცხოვრობდა.
_ ...და მერე?
_ მერე ის, რომ გამორიცხული არ არის, ლიზაზე ისეთი რამ გვითხრან, რაც ძალიან გამოგვადგება და გამოძიებას წინ წასწევს.
_ მაინც რა? ვერ ვხვდები.
_ მაგალითად ის, რომ ლიზას უცნაური გატაცებები ჰქონდა. როგორ არ გესმის? დიდი ალბათობით, ნათესავებს კიდევ სადმე შემჩნეული ექნებათ მისი უჩვეულო სახის წარწერები და შესაძლოა, რაიმეს გახსენებით ან მინიშნებებით ამ თავსატეხის გამოცნობაში დაგვეხმარონ. ნიკა, აშკარაა, რომ ლიზა ამ სიმბოლოებს საქართველოდანვე იყენებდა. არ ვიცი, შენიშნე თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ჩანაწერში,  როცა ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა, გამოყენებული აქვს იგივე სახის მოხაზულობები,  როგორიც ბოლო გვერდზე უწერია, ოღონდ ამ უკანასკნელთან შედარებით, ის ძალიან პატარა მოცულობის არის, _ მხოლოდ ერთი სიტყვა იქნება, შეუმჩნევლად წერია. 
_ ეგ სიმბოლოებია სწორედ, რომ მოსვენებას მიკარგავს. გული მიგრძნობს, მაგის გაშიფვრით სერიოზულ რაღაცას შევიტყობთ.
_ ადვილი შესაძლებელია, დეიდასთან ან მამიდასთან ინახებოდეს იმ ანბანის შიფრი.
_ ჭკვიანი ხარ ფაბიანა, არ შევმცდარვარ, რომ პარტნიორად აგირჩიე ამ საქმეში.
_ ჭკვიანი ვარ თუ არა, ეგ ბოლოს გამოჩნდება. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. კიდევ ერთი რამ მაფიქრებს.
_ მაგალითად, რა?
_ ლიზა მეტრეველის მეუღლის მხარე და მისი სანაცნობო წრე.
_ მაგ თემაზე არ მახსოვს, რომ რამე საეჭვო ყოფილიყო დღიურში.
_ არა, დღიურში არაფერი წერია, მაგრამ არ არის გამორიცხული, მისი მეუღლის მხრიდან ვინმეს ლიზას სიკვდილი აწყობდა.
_ რას გულისხმობ?
_ ლიზას მეუღლე ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცია. ჰყავდა ცოლი, რომელსაც თავისი ნებით დაშორდა. მართალია, ლიზა ევაზე ცუდს არაფერს წერს, არც ჰყავდა ნანახი, მაგრამ როგორ ფიქრობ, მეუღლისგან მიტოვებული შეყვარებული ქალბატონი რას უნდა განიცდიდეს, როდესაც ნარკოდამოკიდებულების გამო ქმარი შორდება და რამდენიმე წლის შემდეგ ცოლად სხვას ირთავს?
_ დეივიდის პირველ ცოლთან განშორება დიდი ხნის წინ მოხდა, ნუთუ ევას ის დღემდე უყვარს და ეჭვიანობს?
_ ვერ გეტყვი.
_ მოკლედ, ამანდა, დიმა და ევა _ ამ სამ პიროვნებაზე გაქვს ეჭვი?
_ ამ ეტაპზე, ეს პიროვნებები იკვეთებიან.
_ გასაგებია.
იმ საღამოს ნიკამ და ფაბიანამ კიდევ ბევრი ისაუბრეს, შეთანხმდნენ, რომ არც ერთი მათგანი ერთმანეთის გარეშე არაფერს დაგეგმავდა და მით უმეტეს, მოიმოქმედებდა. ერთად მოიფიქრეს ნიუ-იორკში სამოქმედო გეგმაც, რომელიც საქართველოში ჩასვლამდე უნდა განეხორციელებინათ.
 



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები