მეკობრე რომ ვყოფილიყავი სისხლიან ზღვას ზუსტად იმ ფერში წარმოვიდგენდი, როგორიც დღეს მიეღო ცას. სისხლი ღრუბლებში უფრო მეტად გროვდებოდა, დამიჯერე იქ რომ ყოფილიყავი იფიქრებდი საცაა გასკდებიანო, თუმცა არ სკდებოდნენ, სისხლი მომეტებულად აწვებოდათ საფეთქლებზე, მაგრამ არ სკდბოდნენ, სისხლი ზედმეტი იყო მაგრამ არც იმდენი რომ თავისით გაეხეთქა კაპილარები. ღრუბლებმა სისავსის ტკვილისგან მოგვრილი ბრაზი ერთმანეთზე გადმოანთხიეს. ქუხდა. ბოლოს გაწვიმდა, ისინიც ნელ-ნელა დაშოშმინდნენ. პიმემ ნაბიჯს აუჩქარა, თან ცას უყურებდა, სიამოვნებდა ცხელი წვიმის დენა შუბლზე, ახლა შეეძლო თავისუფლად ეტირა, ისე რომ თვითონაც ვერ შეემჩნია. პიმე გზას განაგრძობდა და ხედავდა როგორ დიდდებოდა გრძნეულის სახლი მის წინ. დიდდებოდა და ნელნელა მთლიან ჰორიზონტს ფარავდა. სახლი ძველი იყო, გეგონებოდა ქარის ნებისმიერ დაბერვაზე დაინგრევაო, თუმცა პიმეს გაახსენდა პაპამისის ნათქვამი, სახლი რაც თავი მახსოვს ასე ინგრევა თუმცა ჯერ ისევ ფეხზე დგასო. სახლი თანდათან უფრო ახლოს მოდიოდა, ბიჭს გაახსენდა პირველი ვიზიტი, გულის გახშირებული ცემისაგან სულის წასვლა და პირდაპირ გრძნეულის ფეხებთან გაღვიძება, თავი ისე გააქნია თითქოს მოგონებებისგან ბერტყავდა. ზუსტად ამ ხის დანახვაზე წაუვიდა გული, ბუჩქოვანი იყო, მსახურს ისე გაეკრიჭა ყბადაღებულ ლომს მოგაგონებდა, მისი ფაფარი ისე იყო გამოყვანილი რომ გეგონებოდა მუდმივი ქარის ბერვისგან ერთ ადგილზე გაშეშებულაო. ,,რაც უფროსია ისაა მსახურიც“-გაიფიქრა პიმემ. ........ მსახური ისევ გამოჩნდა, თითქოს არ ეყო ორი კვირის წინ ჩემი ქალბატონის შეწუხება. შეხედე ერთი როგორ მოაბიჯებს, სანაძლეოს ვდებ, რომ იმ ხესთან ისევ წაიქცევა. ჰმ, მე გავკრიჭე მარა მის დანახვაზე თავადაც მაკანკალებს ხოლმე. ვერ ვიტან, როგორ გაბედა ჩემი და ქალბატონის მყუდრო ცხოვრებაში ჩარევა, თავიდან მეგონა გულწასულს რომ ნახავდა მომცემდა უფლებას დამეკლა, იქნებ სწორედ ის იყო ვისაც უნდა შეეწყვიტა... ოხ, ვერ ამიტანია, მომიწევს ხელები დავიბანო, ამ ტყავს რაღა ვუყო? სად წავიღო? არა, არა ისევ მომიწევს რომ ქალბატონთან მივათრიო, ვიცი რომ ისევ გაითიშება, ვიცი ეს, მითუმეტეს უკვე დაკარგული აქვს ნახევარი ენერგია... ......... ამ შემთხვევაში პიმემ შედარებით ,,მხნედ“ ჩიარა ხის გვერდით, აშკარა იყო ამ ვიზიტის მიზანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მისთვის. ცოტახანში კარიბჭესაც მიუახლოვდა სადაც მსახური მიეგება ალალი ღიმილით. ის პიმეს სახლისკენ გაუძღვა. ბიჭი ძლივს იკავებდა თავს რომ გული არ არეოდა, ირგვლივ სულ სხვადასხვა ფორმამიცემული ხეები იდგა. ზოგს ხარის ფორმა ჰქონდა, ზოგს ადამიანისა რომელსაც ფაშვი აქვს გადმოყრილი. ერთ-ერთი ხე არწივის ფორმისა იყო, არწივისა რომელიც მსხვერპლს ესესაა თავს უნდა დაესხეს, მისი კლანჭების ქვევით ცხვარი დაებათ, თითქოს სწორედ ამ ცხვარს იტაცებდა. ცხვარი ალბათ დიდიხანია აქ იყო მიბმული, ვინაიდან უკვე ლპებოდა. არწივის არა, მაგრამ მატლების საუზმე გამხდარიყო, პიმემ მისი მუცლიდან გამოფრენილი რამოდენიმე პეპელაც კი შეამჩნია. თავის მხრივ მსახური სიამაყით უყურებდა პიმეს გაოცებულ სახეს, როდესაც ეს უკანასკნელი აზრ-თვალ-ქცეული აკვირდებოდა მის ნახელავებს. სახლში შევიდნენ. ოთახში მყრალი სუნი იდგა, სასაფლაოს მოგაგონებდათ, სადაც მკვდრები ძაღლებს ამოუთხრიათ. პიმეს წინა ვიზიტზეც გაუკვირდა, რატომ იყო დაგებული ქვაფენილი ხის სახლში? თანაც ისეთი, რომ ფეხს კონკრეტულ ქვაზე თუ არ დადებდი და მოინდომებდი ჩაფიქრებულს გევლო უსათუოდ დაიმტვრეოდი. გრძნეული ხის ტახტზე იჯდა, ოთახს მის უკან მდებარე ექვსი სარკმელი და ჭერში გაკეთებული ნახვრეტიდან შემომავალი სინათლე ანათებდა. პიმე სწორედ ამ ნახვრეტის ქვეშ დააყენა მსახურმა, რათა უკეთ დაენახა მის ქალბატონს, პიმე სველდებოდა, თუმცა ეს არ ადარდებდა. ....... გრძნეული ერრა... ....... პიმე სიცივისაგან კანკალებდა, თვითონ ეს ემოციების მოჭარბებისგან გამოწვეული ეგონა. ის მუხლებზე დაეცა, უსწორმაწორო და წაწვეტებულ ქვებზე კანი აეხა, სისხლი წვიმას შეერია და ქვებს შორის ადვილად გაიკვლია გზა. - გემუდარები, მომეცი საშუალება, რომ ისევ დავიძინო, გემუდარები-ევედრებოდა პიმე გრძნეულს, მეტანიებს უკეთებდა-აი თუნდაც ეს მეორეც წაიღე, მე არაფერში მჭირდება, წაიღე თუ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, გემუდარები, ოღონდ დავიძინო. -მოხვედი აქ ორი კვირის წინ-გრძნეულმა ხმა ამოიღო, მის დაობებულ ბრონქებს ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, პიმემ პირველად გაიგო მისი ხმა და თავიდან შეშინდა კიდევაც, თუმცა შუბლით იატაკს დაეყრდნო და ეს ყველაფერი არ შეიმჩნია-მთხოვდი უძილობის წამალი მომეციო, რომ აღარ დავიძინოო, თან წყეულს მეძახდი, პაპაჩემი რომ არა აქ არასდროს მოვიდოდიო-პიმემ პაპას ხსენებაზე თავი ასწია, შეჰყვირა და უკან გახტა, გრძნეული უკვე თავთან ედგა, რასაც არ მოელოდა-ახლა კი ბედავ ისევ მოდიხარ კადნიერად იგივე სხეულის ნაწილს მთავაზობ-უცბად მან ყელზე ხელი იტაცა და თითქოს იღრჩობაო წელში მოიხარა, შემდეგ გასწორდა და ფილტვებიდან დაახველა, პიმეს სისხლნარევი ნახველი სახეზე გაეგლისა-ვგონებ უნდა მომკვდარიყო პაპაშენი ერრა. ჰმ, სიჯიუტით კი ჰგავხარ მას მაგრამ ვნახოთ გამძლეობითაც თუ მიემგვანები.-თქვა გრძნეულმა და მარჯვენა ყვრიმალზე დაჩირქებულ ჭრილობაზე მოისვა ხელი. -რას ამბობ?-გაიკვირვა პიმემ-შენ მას იცნობდი?არ მჯერა! ის სულ მეუბნებოდა მაგ არსებასთან მიკარება არ გაბედოვო, სტყუი... -გაჩუმდი!-ხროტინით თქვა გრძნეულმა და თავის ტახტისკენ გაემართა, ტახტს ექვსი ფეხი ჰქონდა, ყველა მათგანში გასაღები იყო დამაგრებული-ვნახოთ რა გვაქვს აქ-მან ერთ-ერთი ფეხიდან გასაღები გამოაძრო და გულზე დაკიდებული გრაგნილებიდან ერთ-ერთი გახსნა-როგორც გითხარი, აქ მხოლოდ სათესლე ჭირკვლის შემოწირვით ვერაფერს გახდები, ვიცი რომ რთულია იმის სიკვდილის გადატანა ვისაც აღმერთებდი, ძნელია როდესაც შენი ღმერთი ჩასვრით აგვირგვინებს ამ სამყაროდან გასვლის აქტს, თუმცა ვერაფრით დაგეხმარები, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ უძილობისგან განკურნების წამლის მისაღებად მთლიანად შენი თავის შეწირვა მოგიწევს, თუმცა პირველ რიგში ის უნდა იპოვო, ახლა კი წადი და აქ მოსვლას თუ კიდევ გაბედავ სიცოცხლეც გამოიყოლე თან. ...... მსახური სწორია ქალბატონი, ასე თუ მოუხშირეს ჩვენთან ვიზიტებს კიდევ ბევრი ხის გაკრეჭვა მომიწევს, არანორმალურია ეს ადამიანი, როგორ გაბედა ასე დაღრიალება ქალბატონის წინ, უნდა გავიყვანო. ოჰ, ნუთუ ამხელა წონა ქონდა ყვერს, რომ ახლა საერთოდ არ მიჭირს მისი თრევა. მართალია ჩამოწეული იყო და შედარებით დიდიც, მაგრამ ამხელა განსხვავება არ უნდა მოეცა წონაზე. მგონი ისევ ვსულელობ, ახლა ხომ თავის ფეხებითაც მეხმარება, აშკარაა მთლიანად დაკარგა პატივისცემა ქალბატონის თვალში, ადრე თუ სრული მომსახურება მევალებოდა ახლა მეათედსაც არ ვაკეთებ. ეგრე უნდა, მიხედოს თავის თავს, აბეზარა. ......... სახლის გასასვლელთან, წვიმა ისევ მთელი ძალით დააწვა პიმეს შუბლს, მან ვეღარ გაუძლო და გაითიშა. უნდა დაცემულიყო, მაგრამ მსახურმა ხელი შეაშველა, შუბლზე ჩამოყრილი ხშირი, სველი თმა გადაუწია, თითქოს ეფერაბაო, ზურგზე მოიგდო. პიმეს სიმძიმისგან სახე დაემანჭა. ლომის ფორმის ხემდე ათრია, შემდეგ ფაფრის ქვეშ დააწვინა, წვიმას რომ ზედმეტად არ შეეწუხებუნა, შემდეგ სახლში დაბრუნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|