ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე VIII (დეტექტიური ჟანრი)

თავი 30

რაც დრო გადიოდა, მით უფრო რთული ხდებოდა ლიზა მეტრეველის მკვლელობის გამოძიება. ოჯახის წევრები თითქმის ყოველდღე სიახლის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ ამაოდ. საქმეში ხელმოსაჭიდი აღარაფერი იყო. ნათია და დეივიდი ახალგაზრდა სტუდენტების კერძოდ წამოწყებული საქმიდანაც არ ელოდებოდნენ დიდ შედეგებს, მაგრამ ხელს უწყობდნენ, რადგან ხედავდნენ, ორივე ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოძიებისთვის ხელი შეეწყოთ.
ერთ საღამოს, როცა სამსახურიდან დაბრუნებული დეივიდი კომპიუტერთან მუშაობდა, ოთახში დედამისი შევიდა და მის სახელზე მისული ფოსტა შეუტანა. წერილი ნიუ-იორკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობისგან იყო. _ ამცნობდნენ, რომ მისი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად წარმოდგენას გეგმავდნენ და სურვილი ჰქონდათ, რომ ლიზას ოჯახის წევრებიც დასწრებოდნენ:
მისტერ მილერ,
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლის, ნიჭიერი ბალერინის, ლიზა მეტრეველის პატივსაცემად ნიუ-იორკის საბალეტო დასის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალი საბალეტო წარმოდგენა, რომელიც 17 მაისს, საღამოს 18:30 სთ-ზე გაიმართება, მიეძღვნას მის ხსოვნას.
იმედი გვაქვს, რომ მობრძანდებით.
კეთილი სურვილებით,
ნიუ-იორკის საბალეტო დასის ადმინისტრაცია.
05. 03. 2017

დეივიდს გული სიამაყის გრძნობით აევსო, რომ მისი მეუღლე დღემდე ახსოვდათ და აფასებდნენ. ოთახიდან გავიდა და წერილის შინაარსი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას გააცნო. ახალი ამბის გაგებაზე ქალბატონ ლუსის თვალზე ცრემლები მოადგა და შვილს ჩაეხუტა. დიდხანს იდგა დედა-შვილი ასე გაუნძრევლად და გონებაში ლიზას იხსენებდნენ. არც ერთი მათგანი საუბრობდა მასზე, უნდოდათ, ერთმანეთს გაფრთხილებოდნენ და გული არ სტკენოდათ, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ მათი ფიქრები მხოლოდ ლიზას უკავშირდებოდა. 




თავი 31

დეტექტივები აილინ მოლსკის პირადი ცხოვრების გამოძიებას შეუდგნენ. აილინი პროფესიით გინეკოლოგი იყო და ორ ადგილას მუშაობდა – ოფისში და საავადმყოფოში.
ცოტა ხანში, პოლიცია მიხვდა, რომ დეივიდის ყოფილი საყვარლის წარსულის შესწავლა გამოძიებას დიდს არაფერს მისცემდა. ამასთანავე გაირკვა, რომ მკვლელობის წინა ღამეს საავადმყოფოში მორიგე იყო და დილით დაახლოებით 8.30 საათზე სხვა მორიგემ შეცვალა. ასე, რომ ისიც გამორიცხეს ეჭვმიტანილების სიიდან.
პოლიციის კაპიტანი კაბინეტში დოკუმენტებს ეცნობოდა, როდესაც ოფიცერმა კარი შეუღო და ვინმე მირზობახტიორ რუზმუჰამედოვის მოსვლის ამბავი ამცნო.
_ მისტერ ფერგეს, ერთი პიროვნება მოვიდა და ამბობს, რომ თქვენთან სასწრაფო საქმე აქვს.
_ შემოვიდეს, – უთხრა კაპიტანმა და სტუმართან სასაუბროდ მოემზადა.
ოთახში ტაჯიკური წარმოშობის დაბალი და შავთმიანი, შუახნის მამაკაცი შევიდა, კაპიტანს მიესალმა და გაუღიმა.
_ რამ შეგაწუხათ? – ჰკითხა მისტერ ფერგესმა.
_ მე ტაქსის მძღოლი გახლავართ. აქ მოსვლაზე დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ რაც ვიცოდი, თქვენთვის ყველაფერი მეთქვა. ტელევიზიით ვნახე, რომ პოლიცია 9 დეკემბრის დილით მანჰეტენზე თავის ბინაში მოკლული ბალერინის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებდა, რომელიც გრძელ შავ თმას, შავ სათვალეებს, წვერს და მუშის უნიფორმას ატარებდა.
_ დიახ, – კაპიტანი დაეთანხმა და იმედისმომცემი თვალებით შეხედა წინ მჯდომს.
_ დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი მგზავრი მე წავიყვანე ჩემბერის ქუჩის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან.
_ ზუსტად გახსოვთ?
_ დიახ, დიახ. არაფერი მეშლება, ის იყო.
_ დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი.
_ ის მუნჯი იყო, მხოლოდ მიმიკებით და ჟესტებით საუბრობდა. ფურცელზე დაწერილი მისამართი მაჩვენა, რომელიც ბრუკლინის ერთ-ერთ მისამართს მიუთითებდა.
_ სად წაგიყვანათ?
_ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან ჩამოვიდა.
_ მისამართი ზუსტად გახსოვთ?
_ დიახ, ახლავე დაგიწერთ. – ჯიბიდან საწერი კალამი ამოიღო და კაპიტანს მისამართი დაუწერა.
_ 1513 Voorhies Ave; Brooklyn, NY 11235  – კაპიტანმა ჩაფიქრებით წაიკითხა ტაქსის მძღოლის მიერ დაწერილი მისამართი და გამოკითხვა გააგრძელა:
_ რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ მგზავრისთვის?
_ რაღაცაზე ნერვიულობდა.
_ სათვალე არ მოუხსნია? სახეზე ხომ არ დაგინახავთ?
_ არც სათვალე, არც სამუშაო ჩაფხუტი და არც ხელთათმანები არ მოუხსნია და ხშირად იწმენდდა ოფლს სახეზე. სწორედ ამ უცნაურმა ქცევებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება.
_ როგორ გადაგიხადათ, საბანკო ბარათით თუ ნაღდი ანგარიშსწორებით?
_ „ქეში” მომცა.
_ მისტერ რუზმუჰამედოვ, მე თქვენ ფოტოს გაჩვენებთ, რომ დავრწმუნდეთ, ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვსაუბრობთ, – უთხრა კაპიტანმა და ეჭვმიტანილის ფოტო აჩვენა. მირზობახტიორ რუზმუჰამედოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ ეს პიროვნება მიიყვანა აღნიშნულ მისამართზე.
_ კიდევ რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ? რამე ჩვევას მაგალითად...
_ ჩვევაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ცელოფნის შავი პარკი ეჭირა.
_ თქვენი მანქანა უნდა დავათვალიეროთ, – აცნობა კაპიტანმა.
_ დიახ, არ არის პრობლემა. – მიუგო ტაქსის მძღოლმა.
_ გმადლობთ, რომ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთ და ითანამშრომლეთ გამოძიებასთან.
_ არაფერს. _ კიდევ ერთხელ გაუღიმა მოქალაქემ.
იმ დღეს, პოლიცია სასწრაფოდ შესაბამის ქმედებებზე გადავიდა. დეტექტივები იმედს გამოთქვამდნენ, რომ საქმის ახალი დეტალები სიმართლისკენ გზას გაუხსნიდათ.



თავი 32

ერთ დილას, ელექტრონული ფოსტის შემოწმების დროს, ნიკა ხურცილავას ფაბიანას წერილი დახვდა, სადაც ატყობინებდა, რომ იმ დღეს, საღამოს 20:00 საათისთვის ევა ვაგნერთან ჰქონდათ შეხვედრა დანიშნული და თუ დრო ჰქონდა, გაჰყოლოდა.

***
საღამოს ნიკა და ფაბიანა ევას საკუთარ გალერეაში, ჩელშისი ესტუმრნენ. მან სტუდენტები კარგად მიიღო და მზად იყო, ყველა შეკითხვისთვის ეპასუხა. ფაბიანა იქ არსებულმა ხელოვნების ნიმუშებმა ისე გაიტაცა, მთავარ საქმეს დროებით მოწყდა და ნახატებში ჩაიძირა.
ევას არ გამორჩენია გემოვნებიანი დამთვალიერებელი, კმაყოფილი სახით მიუახლოვდა და მხატვრების შემოქმედებაში ჩაკარგული ფაბიანა შემდეგი სიტყვებით გამოაფხიზლა:
_ იცი, რას ნიშნავს ხელოვნებით მიღებული ორგაზმი?
_ არა, – გაოცებული სახით შეხედა გოგონამ.
_ ნებისმიერი ხელოვანი საკუთარ სულიერ სამყაროს აშიშვლებს და ჩვენამდე ხან სათუთი გრძნობებით და სინაზით, ხან ურცხვად, მგზნებარე ვნებებით მოაქვს. გააჩნია, შემოქმედებით პროცესში როგორ ხასიათზე იყო ის პიროვნება, თუ მოახერხა და მნახველი მის მიერ შექმნილ ლაბირინთში გახვია, უნდა ჩავთვალოთ, რომ თავისი გრძნობები ბოლომდე მიიტანა ადრესატამდე. ასე მიდის ხელოვნების მოყვარული შემოქმედებით ორგაზმამდე და მერე ავტორსაც ვერასოდეს ივიწყებს. 
_ ვიცით, რომ ძალიან დაკავებული ხართ. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. მგონი დროა, რაზეც მოვედით, იმაზე ვისაუბროთ, მისის ვაგნერ, _ ნიკამ ზრდილობიანად შეაწყვეტინა ახალგაზრდა ქალბატონს ხელოვნებაზე საუბარი.
_ სიამოვნებით დაგეხმარებით, – ქალი სავარძლებისკენ წავიდა და ახალგაზრდებიც უკან გაჰყვნენ.
_ ზედმეტ დროს აღარ წაგართმევთ და პირდაპირ შეკითხვებზე გადავალთ. შეგიძლიათ, გვითხრათ, დეივიდთან დაშორების ზუსტი მიზეზი? _ პირველი კითხვა ნიკამ დასვა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. დეივიდთან დაშორების მიზეზი პირდაპირ ჩვენი შვილის სიკვდილთან და ჩემს მიერ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ სისუსტესთან არის კავშირში. ორი წლის იყო, როდესაც თამაშის დროს სათამაშო მოედანზე თითი გაიჭრა და ინფექცია შეეჭრა. საშინელი დღეები გამოვიარეთ, ტეტანუსი დაემართა და სამწუხაროდ, ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. ამ დიდ ტრაგედიას ის მოჰყვა, რომ ტკივილს ნარკოტიკებით ვუშველე, მაგრამ მოგეხსენებათ, ესეც დროებითი იყო. როგორც კი გონზე მოვდიოდი, შვებისთვის ისევ ჰეროინს ვეძებდი. ერთი სიტყვით, ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი. დეივიდმა ამას ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ ერთმანეთს დავშორდით.
_ ბავშვს ყველა ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა? – იკითხა ფაბიანამ.
_ რა თქმა უნდა. მისი პირადი პედიატრი ჩემი ყოფილი დედამთილი იყო. ასე, რომ ამ მხრივ, ყველაფერი რიგზე ჰქონდა ჩემს შვილს. თავის დროზე ბავშვის სამედიცინო ისტორიაც გამოიკვლიეს და აბსოლუტურად ყველა ვაქცინა ჩატარებული ჰქონდა.
_ საკვირველია... – ჩაფიქრდა ფაბიანა.
_ საკვირველი არაფერია, აცრა ასპროცენტიან გარანტიას მაინც ვერ გვაძლევს. ყველაფერი ბედისწერაა. ალბათ, უფალს ასე სურდა და მის ნებას წინ ვერ აღვუდგებით.
_ როგორი ურთიერთობა გქონდათ ოჯახის წევრებთან? – თემა შეცვალა ნიკამ.
_ არაჩვეულებრივი. ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან ისევ კარგ დამოკიდებულებაში ვარ. ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე ვკითხულობთ ერთმანეთს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ცუდად არ დავშორებულვართ და არც ერთმანეთის მტრები გავმხდარვართ. 
_ დეივიდთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
_ დეივიდთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა, ვიდრე ლიზას ამბავი არ მოხდებოდა. როგორც კი პოლიციამ განყოფილებაში დამიბარა, მას შემდეგ ვატყობ, რომ ჩემ მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა ამის მიზეზი არ აქვს. მე ალიბი მაქვს, რასაც ყველა დაადასტურებს. 9 დეკემბერს ნიუ-იორკში არ ვყოფილვარ, ჩემი მეგობრის ქორწილში ვიყავი. ეს ინფორმაცია გადამოწმდა კიდეც და პოლიციას ჩემზე ეჭვი აღარ აქვს. 
_ დეივიდმა თუ იცის თქვენი ალიბის შესახებ? იმიტომ გეკითხებით, რომ მაინტერესებს, ისევ აგრესიული დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ თუ შეიცვალა? –ჩაეძია ფაბიანა.
_ ნამდვილად არ ვიცი, რა იცის დეივიდმა. ალბათ, პოლიცია ჩემ შესახებ მოუყვებოდა კიდეც, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აღარავის ენდობა და ეს სამწუხარო ფაქტია. მე მისი მეუღლე ნამდვილად არ მომიკლავს.
_ თუ იცის, რომ ალიბი გაქვთ, რატომ არ გენდობათ? _ არ ეშვებოდა გოგონა.
_ ალბათ, ეჭვი აქვს, რომ მკვლელი დავიქირავე, მაგრამ როგორ დავუმტკიცო, რომ რამდენადაც ნაწყენი არ უნდა ვყოფილიყავი მასზე, მეუღლეს არ მოვუკლავდი? პოლიციამ ყველა ჩემი საბანკო ანგარიში გამოიძია. ის ფაქტი, რომ ფინანსურად ძლიერი ოჯახი მყავს, იმის მიზეზს არ იძლევა, რომ ჩემზე იფიქროს, ადამიანის მკვლელობას შევუკვეთავდი. ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დეივიდთან შერიგების  შანსი არ მაქვს. 
_ თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო დეივიდთან განშორების ამბავი?
_ ძალიან ჩვეულებრივად. ჩემი მშობლები არასოდეს ერეოდნენ ჩემს პირად ცხოვრებაში.
_ იცნობდით ლიზა მეტრეველს? – ახალი კითხვით მიმართა ნიკამ ევას.
_ არა.
_ როდესაც დეივიდის მეორე ქორწინების შესახებ შეიტყვეთ...
_ ვიცი, საითაც მიგყავთ საუბარი. მისი მეორედ ქორწინების შესახებ რომ გავიგე, ვერ ვიტყვი, რომ სიხარულით ცას ვეწიე, მაგრამ დეივიდს თავის ცხოვრება ჰქონდა, მე _ ჩემი. ყველას აქვს ბედნიერად ცხოვრების უფლება და მას კარგის მეტს არაფერს ვუსურვებდი.
_ გასაგებია, – თავი დაუკრა ფაბიანამ და ნიკას გადახედა. _ აინტერესებდა, რამე ხომ არ უნდოდა, რომ ევასთვის ეკითხა.
_ თუ რამე გაინტერესებთ, შეგიძლიათ კიდევ მკითხოთ. მზად ვარ, თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო, – სიჩუმე დაარღვია ევამ.
_ ამ ეტაპზე, მეტი შეკითხვა არ მაქვს, – ღიმილით უთხრა ქალბატონს ნიკამ.
როგორც ჩანს, ფაბიანასაც მეტი არაფერი ჰქონდა ევასთან გასარკვევი, ორივე ერთმანეთს შეატოვა და ნახატების თვალიერებას დაუბრუნდა. ნიკა რამდენიმე წუთს დაელოდა ხელოვნების ნიმუშებით მოხიბლულ გოგონას და რომ მიხვდა, მისი გალერიიდან წამოყვანა ასე უბრალოდ არ მოხერხდებოდა, ვიდრე რამეს მოიმოქმედებდა, ევასთან თავი ამ სიტყვებითღა იმართლა:
_ კარგი, აღარ მოგაცდენთ, სანამ ფაბიანა ამ ხელოვანისგან არ დაორსულებულა, უნდა დაგემშვიდობოთ, – როგორც კი სიტყვა დაამთავრა, სწრაფად მიუახლოვდა ფაბიანას, მკლავზე ხელი მოჰკიდა და სთხოვა, გარეთ გაჰყოლოდა.
თავდაპირველად ევა ვერ მიხვდა, რა უთხრა ნიკამ, მაგრამ რომ დაფიქრდა, სახე შეეცვალა, კისკისი ატეხა და ცრემლებამდე ხარხარში გადაუვიდა.
_ რა უთხარი ასეთი, რომ ასე ისტერიულად იცინის? _ გაკვირვებული ეკითხებოდა ფაბიანა ნიკას.
_ არაფერი, ჩვენი წასვლის დრო მოვიდა-მეთქი და დავემშვიდობე. – ეშმაკურად გაეღიმა ბიჭს.
ფაბიანამ მხრები აიჩეჩა, ვერაფერს მიხვდა.
_ რას ფიქრობ ევაზე, ჩაიდენდა მკვლელობას? – ნიკამ სხვა თემაზე გადაუტანა გოგონას ყურადღება.
_ არა მგონია. გული მიგრძნობს, ევა ვაგნერი ამ საქმეში უდანაშაულოა. მკვლელი სხვაგან უნდა ვეძებოთ. რატომღაც მგონია, რომ საქართველოში მივაგნებთ იმას, რასაც ვეძებ. აი, მერე კი დამნაშავის პოვნა არ გაგვიჭირდება, – ფიქრებს აჰყვა ფაბიანა.

თავი 33

ექსპერტებმა მირზობახტიორ რუზმუჰამედოვის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც ლიზა მეტრეველის დნმ-ს დაემთხვა და ამტკიცებდა, რომ მკვლელი ნამდვილად მგზავრობდა ტაქსით, რომელსაც აღნიშნული მძღოლი მართავდა. საქმეში იმედის მომცემი გარემოებები გამოიკვეთა.   
დეტექტივები, დებორა გარეტი და კრისტოფერ გრეი, ტაქსის მძღოლის მიერ მითითებული მისამართისკენ დაიძრნენ.
_ მუნჯი მამაკაცი... ჰმ, საინტერესოა. ამ საქმეს ნაირფეროვნება არ აკლია, _ ჩაილაპარაკა დებორამ.
_ ამაზე ნაირფეროვანი საქმეებიც გამოგვიძიებია. _ ამხნევებდა ქალს კრისტოფერი.
_ შენ გატყობ, რაც უფრო გვირთულდება საქმე, მით უფრო მეტ აზარტში შედიხარ.
_ აბა, რა. მარტივ საქმეებში მუღამს ვერ ვიჭერ, – გაიხუმრა კრისტოფერმა და დებორას თვალი ჩაუკრა.
როდესაც დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ, სხვადასხვა დაწესებულებებით გადატვირთულ ქუჩის ხედს თვალი შეავლეს და ერთმანეთს გადახედეს.
_ რას მიყურებ? ვიღაცას რთული საქმე იტაცებდა, – ღიმილით შეახსენა ქალმა.
_ ასეც არის, – დაეთანხმა კრისტოფერი, – აბა, მზად ხარ?
_ აჰამ... – თავი დაუქნია დებორამ.
დეტექტივები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ ირგვლივ მდებარე შენობებში მაცხოვრებლებს, სავაჭრო პუნქტებში და სხვა დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს, მაგრამ ვერავინ გაიხსენა მუნჯი კაცი სამუშაო უნიფორმით. გადაამოწმეს ქუჩის კამერებიც, მაგრამ სამწუხაროდ, დეკემბრის თვის მონაცემები უკვე დიდი ხნის წაშლილი იყო.
_ აი, ეს იცის მოქალაქეობრივმა უპასუხისმგებლობამ, კრისტოფერ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ იაზრებს სიტყვებს “If you see something, say something!”-ს რა დატვირთვა აქვს. მეეჭვება, რომ ტაქსის მძღოლმა მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირის წინ გაიგო, რომ ასეთი გარეგნული მონაცემების მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვეძებდით. ერთმანეთს უყურებენ, ჰგონიათ, რომ თუ თავად არა, სხვა ითანამშრომლებს პოლიციასთან და თავს აღარ იწუხებენ განყოფილებაში მოსვლით. ერთი სიტყვით, “ზედმეტად დახარჯულ” დროს გაურბიან, ახლა კი ყველაფერი გვიანია, ვერ ვადგენთ რომელი მიმართულებით წავიდა მეტრეველის მკვლელი მას შემდეგ, რაც რუზმუჰამედოვმა ამ მისამართზე მოიყვანა. წარმოგიდგენია, რამდენად გაგვიადვილდებოდა გამოძიება, ვიდეოკამერაზე ასახული ჩანაწერები რომ გვქონოდა? კაცმა არ იცის, იმ საზიზღარმა მკვლელმა სამხილები სად წაიღო ან რომელ ნაგვის ურნაში ჩაუძახა. რაც დრო გადის, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. ვინ იცის, ამდენი ეჭვმიტანილის არმიაც არ გვყოლოდა, – არ ცხრებოდა გაბრაზებული დებორა.
_ არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ რაღაცას მაინც გავიგებდით. კარგი, წავიდეთ, აზრი არა აქვს ამდენ მოთქმას. რაც არის, არის. ნელ-ნელა მივყვეთ ამ საქმეს და დაველოდოთ რა იქნება, – გამხნევების მიზნით კრისტოფერმა კოლეგას ხელი მხარზე დაჰკრა და მანქანის კარი გაუღო.
იმედგაცრუებული დეტექტივები განყოფილებაში დაბრუნდნენ.


თავი 34

მიყვარს, როდესაც სასცენო ფარდა იხსნება და მაყურებლის წინაშე ჩემი სამყარო იწყებს გაცოცხლებას. ეს მოზღვავებული ენერგია რომ არ გამოვუშვა და სხვასაც არ გადავდო, არ მომასვენებს და შემაწუხებს. ცეკვა ის არის, რაც საშუალებას მაძლევს, ჩემი ემოციები და განწყობები გარშემო მყოფებს გადავცე, მოვაჯადოვო და ცოტა ხნით მოვწყვიტო იმ რეალობას, რომელიც გვინდა თუ არა, ზოგჯერ არც თუ ისე სასურველია. მიხარია, როდესაც მაყურებელი ბალეტის სამყაროში შემოდის, ეზიარება მას და რამდენიმე წუთით პერსონაჟების ამბებით ცხოვრობს. მაბედნიერებს მათი კმაყოფილი სახეები, აპლოდისმენტები, ყვავილები, ყველა წამი თუ წუთი, რომელიც წარმოდგენას უკავშირდება – მეგობრებო, ეს ლიზა მეტრეველის სიტყვებია, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს წარმოთქვა. შეგახსენებთ, რომ იგი გახლდათ ნიუ-იორკის საბალეტო დასის გამორჩეული ბალერინა და არაერთ წარმოდგენაში ასრულებდა წამყვანი სოლისტის როლს. დღეს, ახალი წარმოდგენის პრემიერაა, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფების მიერ შეიქმნა და ძველი და ახალი ტექნიკის მშვენიერი შერწყმაა. რა თქმა უნდა, ლიზას ძირითადი სტილი კლასიკური ბალეტების ცეკვა იყო, შეუძლებელია დავივიწყოთ მისი შესრულება „დონ კიხოტში”, „მძინარე მზეთუნახავში”, „ბაიადერასა” და სხვა მრავალში, მაგრამ ყოველთვის გახსნილი და მოტივირებული იყო ახალი ტექნიკის შესწავლასა და დახვეწაზეც. ეს საღამო ლიზას ეძღვნება და მადლობა გვინდა გადავუხადოთ მისი ოჯახის წევრებს: დედას, ნათია მეტრეველს; მეუღლეს, დეივიდ მილერს და მის დედამთილს, ქალბატონ ლუსი მილერს, რომლებიც მობრძანდნენ და თვალ-ყურს ადევნებენ წარმოდგენას.
სცენაზე მყოფ მამაკაცს დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვები, როდესაც დეივიდ მილერს უცნობმა მამაკაცმა წერილი გადასცა და დასძინა, რომ უკანა რიგებიდან მიაწოდეს და სთხოვეს, სწორედ მისთვის მიეწოდებინა. დეივიდმა მადლობა გადაუხადა, კონვერტი შეინახა და წამყვანის მოსმენა განაგრძო.
მალე ფარდა გაიხსნა და როგორც ლიზა იტყოდა, სხვა სამყარო გაცოცხლდა. ცეკვის თანამედროვე ტექნიკა განსხვავებული ინტერპრეტაციებით აღწევდა მაყურებლამდე და მათ გულებს ატყვევებდა. მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა დარბაზში, რომლის გონება სხვაგან იყო და ვიდრე წერილის შინაარსზე ფიქრს ვერ იშორებდა, მის წინ მოცეკვავე ბალერინები მხოლოდ ბუნდოვნად ისახებოდნენ და შემდეგ იდღაბნებოდნენ. ბოლოს ცდუნებას ვეღარ გაუძლო, დარბაზი ცოტა ხნით დატოვა და წერილი წაიკითხა. ფურცელზე გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით მხოლოდ ორი წინადადება ეწერა:
მკვლელი დარბაზშია და სიამოვნებით ადევნებს თვალს წარმოდგენას. ის მალე დაისჯება!
ლიზას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო წარმატებით დასრულდა.
_ სწორედ ისეთი იყო, ჩემს ლიზას რომ მოეწონებოდა: საინტერესო, დახვეწილი და არტისტიზმით გაჯერებული, – კმაყოფილებით აღნიშნა ცრემლმორეულმა ნათიამ.
_ გეთანხმები, ჩემო კარგო, ეს ნამდვილად ის არის, რაც მას ეკადრებოდა, – დაუდასტურა ქალბატონმა ლუსიმ.
დეივიდმა ნათია მანქანით სახლამდე მიიყვანა და თავად დედასთან ერთად სახლისკენ აიღო გეზი. გზაში სიტყვა არ დაუძრავს. 


თავი 35

ნიკას და ფაბიანას წინასწარ ჰქონდათ გეგმები გაწერილი და უკვე იცოდნენ, საქართველოში ჩასვლისთანავე თითოეული წამი და წუთი როგორ გამოეყენებინათ. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ერთხელ კიდევ გადახედეს, გააანალიზეს ყველაფერი და მეორე დილას ტაქსით JFK-ის აეროპორტის გზას დაადგნენ. თორმეტ საათიანმა ხანგრძლივმა ფრენამ ორივე ძალიან დაღალა და პირველ დღეს ძალების მოკრებას მოუნდნენ.
_ მშვენიერი ქალაქია თბილისი. ასეთი არაფერი მინახავს. აი, იმ შენობის არქიტექტურა, თუ არ ვცდები, აზიურ სტილს წააგავს. – სასიამოვნოდ გაოცებული ათვალიერებდა აბანოთუბანს ფაბიანა.
_ ამ შენობას „ჭრელ აბანოს” უწოდებენ. მართალი ხარ, ირანული არქიტექტურის გავლენით არის შექმნილი. აქ ძველთაგანვე სამკურნალოდ, გასართობად და დასასვენებლად იკრიბებოდნენ, როგორც ქალაქის მაცხოვრებლები, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები და დღესაც ასე გრძელდება. აქ ყველა აბანოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თბილი წყალი ბუნებრივად მოედინება ნიადაგიდან და სამკურნალო თვისებებით არის გაჯერებული. მას გოგირდის შემცველობა აქვს და ბევრ დაავადებას ჰკურნავს.
_ ვაუ, დაუჯერებელია. აი, ის ნაგებობა რა არის? – ზევით აიხედა და თითით ანიშნა აბანოების ზევით მედიდურად მდგარ ნარიყალას ციხეზე.
_ ის ძალიან ძველი და ისტორიული ნაგებობაა, ნარიყალას ციხეს ეძახიან, მეოთხე საუკუნეში ააშენეს და თავდაპირველად `შურის ციხე” უწოდეს. გინდა ავიდეთ? ბოტანიკურ ბაღსაც დაგათვალიერებინებ. _ შესთავაზა ნიკამ ფაბიანას.
_ რა თქმა უნდა, – სიხარულით დასთანხმდა გოგონა.
ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ამერიკელი ტურისტი, როგორც ნარიყალას ციხე-სიმაგრით, ასევე ყოფილი სამეფო ბაღის იშვიათი სახეობების ფლორით მოიხიბლა. იმ დღესვე მოინახულეს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად წოდებული მეტეხის უბანი. ფაბიანა ყურადღებით აკვირდებოდა ქვაფენილით გაწყობილ ქუჩებს და გამუდმებით აჩხაკუნებდა კამერას.
დღის ბოლოს, ორივეს ძალიან მოშივდა, ერთი სული ჰქონდათ, სადმე სავახშმოდ შესულიყვნენ. ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ ფაბიანამ ნიკას შეხედა და ღიმილით უთხრა:
_ ნიკა, შენი ძალიან მშურს.
_ რატომ ვითომ?
_ ქართველებს ულამაზეს დედაქალაქთან ერთად, არაჩვეულებრივი სამზარეულოც გქონიათ.
_ შენ დანარჩენი კუთხეები და ბუნება არ გინახავს. აი, იქ არის ნამდვილი საქართველო.
_ ჰოდა, აქედან ისე არ წავალ, სანამ ყველაფერს არ დავათვალიერებ.
_ მგონი, გავიწყდება რისთვის ჩამოვედით, – სიცილით ჩაილაპარაკა ნიკამ. 
                             





თავი 36

ერთ დილას, სამსახურში მისვლისას, ნათია მეტრეველს სამუშაო მაგიდაზე წერილი დახვდა. კონვერტზე გამომგზავნის სახელი დაფიქსირებული არ იყო. მხოლოდ დაბეჭდილი ასოებით ეწერა ადრესატის სახელი. როდესაც თანამშრომლებს ჰკითხა,  რამე ხომ არ იცოდნენ, როგორ აღმოჩნდა იგი მის სამსახურში, მენეჯერმა უთხრა, რომ დილით კარების გაღებისას, ძირს დაგდებული ნახა.
ნათიას შიშის გრძნობა დაეუფლა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა. საბოლოოდ, შიშს მოერია და კონვერტი გახსნა. წერილში დაბეჭდილი ასოებით ეწერა:
„მე ის პიროვნება ვარ, ვინც თქვენი შვილის ლიზა მეტრეველის მკვლელის ვინაობა იცის. მას თქვენც კარგად იცნობთ. მალე ყველაფერი გამოაშკარავდება. შესაძლოა, შემდეგ წერილში მისი სახელი და გვარიც გაცნობოთ და გპირდებით, ძალიან გაოცდებით.
თქვენი კეთილისმსურველი.”   

ნათიას გული აუჩქარდა. _ ვინ შეიძლება, იყოს წერილის გამომგზავნი? ეს რა ჯანდაბაა? ვიღაც, მგონი, ჩემს ნერვებზე თამაშობს. კი, უთუოდ ასეა. კეთილისმსურველი როგორ შეიძლება იყოს, თუ ამდენი ხნის განმავლობაში მკვლელის ვინაობა იცის და ჩუმად არის? რატომ დუმს ამდენ ხანს? ღმერთო, მიშველე, რაღაცაშია საქმე, არ მომწონს ეს ამბავი. – ძალიან აფორიაქდა.

თავი 37

გეგმის მიხედვით, ნიკა და ფაბიანა პირველად დიმა მიქავას უნდა შეხვედროდნენ. ვიდრე დიმა სამსახურში იყო, ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებით ტკბებოდნენ, ხოლო საღამო ხანს, სამსახურის შესასვლელთან დაუხვდნენ, თავი წარუდგინეს და საუბარზე დაითანხმეს. დიმამ სტუმრები სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა:
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეიძლება, დაგეხმაროთ, მაგრამ მზად ვარ, თქვენთან ვითანამშრომლო.
_ ვიცით, რომ ლიზას არც თუ ისე სასიამოვნოდ დაშორდით და ალბათ, მიზეზიც გქონდათ. პირადი ცხოვრების დეტალების მოყოლა ყველასთვის რთულია, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ.
_ გისმენთ, რა გაინტერესებთ?
_ ლიზას პიროვნების აღწერა გვაინტერესებს. როგორი იყო, რა ინტერესები ჰქონდა და ა.შ. _ ჰკითხა ფაბიანამ.
_ ნიჭიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ცოტა ჯიუტი პიროვნება იყო. ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა ცხოვრებაში, როგორი ნაბიჯები უნდა გადაედგა და რას მისცემდა თითოეული ქმედება მომავალში.
_ რამდენად გახსნილი იყო ურთიერთობაში?
_ ტყუილი არ უყვარდა, არც თავად ამბობდა და არც სხვას პატიობდა. ერჩივნა, სიმართლის გამო უსიამოვნება შემთხვეოდა, ვიდრე ვინმე მოეტყუებინა.
_ რას გულისხმობთ, მზად იყო, სიმართლის გამო უსიამოვნება შემთხვეოდაო?
_ სიმართლეს არავის უმალავდა, პირდაპირი იყო. რაღაცას რომ აკეთებდა, რაც კარგად იცოდა, რომ არ მესიამოვნებოდა და გამაღიზიანებდა, მეუბნებოდა: _ ვიცი, არ მოგეწონება, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, საქმეს ასე სჭირდებაო.
_ და რას აკეთებდა ასეთს, რომელიც თქვენ გაღიზიანებდათ?
_ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ჩემთან შეუთანხმებლად იღებდა ხოლმე.
_ რასთან დაკავშირებით?
_ თუნდაც, სამსახურთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ბევრი წვრილმანი იყო, რაც მერჩივნა, რომ ჯერ ჩემთან შეეთანხმებინა ან რჩევა ეკითხა. გასაგებია, რომ ძალიან დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ეს ზოგჯერ მეტისმეტად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. ურთიერთობაში კი ეს, ხომ გესმით, მუდამ კონფლიქტური სიტუაციების მიზეზია.
_ იცოდით, რომ ლიზა დღიურს წერდა?
_ არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს.
_ დღიურში ის თქვენთან დაშორების დღეზე და მიზეზზეც საუბრობს.
_ მაშინ მასთან დაშორების მიზეზზე მოსაყოლიც არაფერი მაქვს.
_ ჩვენ ვიცით, ლიზა რას წერს, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი პასუხიც.
_ ერთ დღეს, ლიზამ ნიუ-იორკის საბალეტო დასიდან სამსახურის თაობაზე მოწვევა მიიღო. ჩემთვის არც უკითხავს, ისე დათანხმდა შეთავაზებას და ასე გაწირა ჩვენი ურთიერთობა.
_ დღიურში წერს, რომ ძალიან გაბრაზდით.
_ გაბრაზება ცოტა მსუბუქად ნათქვამია. ახლა რომ ვფიქრობ, ლიზა კარიერისტი იყო და ოჯახი და ვალდებულებები ალბათ, მისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა, ამიტომ ძალიან მარტივად მიიღო გადაწყვეტილება, დავეტოვებინე და სხვა ქვეყანაში წასულიყო. მისი თქმით, ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდებოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ფიზიკური განშორება საკმაოდ მძიმე ასატანია და ადრე თუ გვიან, სიყვარული ფერმკრთალდება. ამ თემაზე არავისთან მისაუბრია, პირველები ხართ, ვისთანაც გულწრფელად ვთქვი, რაც ჩვენს შორის მოხდა.
_ ჩვენ ვიცოდით კიდეც, რაც მოხდა, უბრალოდ გადავამოწმეთ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. ლიზა წერს, რომ მას ურთიერთობის შენარჩუნება სურდა თქვენთან.
_ გასაგებია, მაგრამ აკი გითხარით, ფიზიკური განშორება ურთიერთობებს სპობს და წარმოდგენა არ მაქვს, სიყვარული როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა.
_ მე ვერ შეგედავებით, რადგან ლიზა არ ვარ, – თქვა ფაბიანამ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ საუბარი ნიკამ გააგრძელა:
_ ლიზასთვის რაიმე უცნაური ინტერესი ხომ არ შეგინიშნავთ?
_ ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ?
_ კარგი, მაშინ დაგიკონკრეტებთ. ძველი დამწერლობების, მოხაზულობების ან მსგავსი ტიპის ინტერესებს ვგულისხმობ.
_ არაფერი შემინიშნავს.
_ თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი?
_ ჩემი და და ლიზა ძალიან კარგი მეგობრები და თან კლასელები იყვნენ. ერთხელ, მარიკომ და მე სახლში მანქანით გავუარეთ და კონცერტზე წავიყვანეთ, თავსხმა წვიმა იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი.
_ რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენს დასთან და დედათქვენთან, როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება. ვერ დაგვეხმარებით? – ინტერვიუს გაწყვეტა მოინდომა ფაბიანამ, მიხვდა, რომ დიმასგან მეტს ვერაფერს გაიგებდა, რაც დღიურიდან არ იცოდა.
_ ჩემი და ბათუმშია. ვკითხავ და თუ ნებას დამრთავს, რა პრობლემაა, მის ნომერს მოგცემთ. იგივე შემიძლია გითხრათ დედაჩემზეც.
დიმამ მარიკოს გადაურეკა და ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა. მარიკო დასთანხმდა, რომ ფაბიანასთვის და ნიკასთვის მობილურის ნომერი მიეცა. არც დედამისი იყო ახალგაზრდებთან შეხვედრის წინააღმდეგი.



***
გამომდინარე იქიდან, რომ მარიკო ერთი კვირა თბილისში დაბრუნებას არ გეგმავდა, ფაბიანამ და ნიკამ თავად გადაწყვიტეს ბათუმში ჩასვლა. თარიღსა და დროზე კი წინასწარ შეუთანხმდნენ. რაც შეეხება მათ დედას, დიმასთან საუბრის შემდეგ მეორე დღეს ესტუმრნენ სახლში.
ქალბატონმა ბაიამ ახალგაზრდები თბილად მიიღო და ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა. ფაბიანამ და ნიკამ დიდხანს არ დააყოვნეს და საქმეზე გადავიდნენ.
_ ქალბატონო ბაია.
_ ბაია დამიძახე, ნიკა, _ სიტყვა გააწყვეტინა ქალმა.
_ კარგი, ბაია. თქვენ ინგლისური არ იცით, თარჯიმნობას მე გავწევ. მთავარია, მთელი სიზუსტით გაიხსენოთ ის დეტალები, რაც ფაბიანას და მე გვაინტერესებს.
_ კი ბატონო, გისმენთ.
კითხვების დასმა ფაბიანამ დაიწყო:
_ ვიცით, რომ მარიკო ლიზა მეტრეველის ახლო მეგობარი იყო და თქვენთან ხშირად მოდიოდა.
_ დიახ, გოგოებს რომ გამოცდები ჰქონდათ, რამდენჯერმე აქაც დარჩენილა, ჩვენს ბინაში.
_ როგორი იყო ლიზა მეტრეველი და რამე უცნაური ინტერესი ხომ არ გამოუვლენია ოდესმე?
_ ლიზიკო ძალიან კარგი, თბილი და საყვარელი გოგონა იყო. ბალეტზე რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული, ამაზე საუბარს აღარ მოვყვები, _ ეს კარგად გეცოდინებათ. როგორც ჩემი შვილის მეგობარი, არაჩვეულებრივი იყო. არასოდეს შემინიშნავს, რომ მარიკო რამეზე მაინც გაენაწყენებინოს. რაც შეეხება დიმას, ალბათ, საქმის კურსში ხართ, რომ ჩემი ბიჭი შეყვარებული იყო და დაქორწინებას აპირებდა მასზე, მაგრამ ლიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და როგორც მერე გავიგე, დაშორებულან. დეტალებზე კი დიმას არასოდეს უსაუბრია ჩემთან. ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბის. ლიზას უცნაურ ინტერესებში, არ ვიცი, რას გულისხმობთ, მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ძალიან ნორმალური და კარგი გოგონა იყო.
_ თქვენი გოგონას რვეულში, წიგნში, ნივთებზე უცნაური გამოსახულებები ხომ არ შეგიმჩნევიათ?
_ არ ვიცი, რას გულისხმობთ, მარიკოს ხატვა უყვარს, ზოგჯერ რვეულის ბოლო ფურცლებზე პატარა სიმბოლოების მსგავსი გამოსახულებები შემიმჩნევია კიდეც, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია. ...და, მარიკო რა შუაშია, რატომ მეკითხებით?
_ მარიკო ლიზას ახლო მეგობარი იყო და შესაძლოა, ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ. ხომ გესმით?
_ აჰ, დიახ, გასაგებია, – თავი დაუქნია ბაიამ.
_ როდის შეამჩნიეთ თქვენი შვილის უცნაური, პატარა სიმბოლოები?
_ ჩემი მოუცლელი შვილის ხელში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ხშირად მიწევდა მისი ნივთების და გამოყენებული რვეულების დახარისხება და თავიდან მოცილება. როცა ვამოწმებდი, რომელი სჭირდებოდა და რომელი აღარ, მაშინ შევამჩნიე ის ნახატებიც.
_ ნახატები იყო თუ სიმბოლოები?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, ნახატები იყო თუ სიმბოლოები. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა, უბრალოდ თავს ირთობდა და მეტი არაფერი.
_ სადმე შეგვიძლია, რომ თქვენი შვილის ჩანაწერები ვნახოთ?
_ თუ სკოლის რვეულებს გულისხმობთ, ისინი დიდი ხნის წინ გადავყარე.
_ შეიძლება, მარიკოს ოთახი დავათვალიეროთ?
_ დიახ, აქეთ მობრძანდით, – წინ წაუძღვა ახალგაზრდებს ქალბატონი ბაია.
ნიკამ და ფაბიანამ საკმაოდ დიდი ხანი დაჰყვეს მარიკოს ოთახში, მაგრამ ლიზას დღიურში აღმოჩენილის მსგავსი ტიპის სიმბოლოები ვერსად ნახეს. ოთახიდან გამოვიდნენ და ქალბატონ ბაიასთან საუბარი გააგრძელეს:
_ ლიზასთვის თუ შეგიმჩნევიათ, რომ მსგავსი ტიპის სიმბოლოები სადმე დაეხატოს, როგორსაც თქვენი შვილი თავისი რვეულების ბოლო ფურცლებზე ხატავდა.
_ არასოდეს.
_ ჩვენ ახლა ერთ გვერდს გაჩვენებთ, სადაც უცნაური ტიპის გამოსახულებებია. ძალიან გთხოვთ, იქნებ გაიხსენოთ, – ნიკამ ლიზას დღიურის ბოლო გვერდის ასლი გაუწოდა.
რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ქალბატონი ბაია ლიზას მიერ მოხაზულ გამოსახულებებს. ბოლოს თავი გააქნია და ახალგაზრდებს უთხრა:
_ სამწუხაროდ, არ მახსოვს. ჩემი შვილის სიმბოლოებიც კი არ მახსოვს, რას ხატავდა. ხომ გეუბნებით, ყურადღება არ მიმიქცევია. მეგონა, მხოლოდ ერთობოდა და დროს კლავდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სიმბოლოები რამე დატვირთვას ატარებენ?
_ დიახ.
_ ვწუხვარ, რომ ვერაფრით გეხმარებით.
_ არაფერია, რას ვიზამთ. ახლა, ერთადერთი იმედი თქვენი შვილია, – ხასიათი წაუხდა ფაბიანას.
_ გასაგებია.
_ კარგი, მაშინ აღარ მოგაცდენთ. გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ და დაგემშვიდობებით.
_ მეტი კითხვა არ გაქვთ? მეგონა, ბიოგრაფიული წიგნის დასაწერად სხვა კითხვებიც გექნებოდათ.
_ ჯერჯერობით არაფერი, – მიუგო ნიკამ და ფაბიანას ანიშნა _ წავიდეთო.



***
მიქავების ოჯახიდან წამოსული ნიკა და ფაბიანა გზაში სულ სხვა იმედებით საუბრობდნენ:
_ მგონია, რომ მარიკო ლიზას ბოლო გვერდს ამოხსნის, – ხმამაღლა ფიქრობდა ნიკა.
_ წინასწარ ნურაფერს დავასკვნით, შესაძლოა მარიკო მართლაც თავს ირთობდა და პატარა ნახატების ხატვით იყო დაკავებული, მაგრამ მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ლიზას და მას რაღაც საიდუმლო ენა ჰქონდათ.
_ მოდი, დავფიქრდეთ, რაში სჭირდებოდათ, რომ ლიზას და მარიკოს საიდუმლო ანბანი შეექმნათ? ესე იგი, ვიღაცას რაღაცას უმალავდნენ.
_ საინტერესოა, ვის რას უმალავდნენ ან რატომ?
_ გაიხსენე, მარიკოს დედამ გვითხრა, რომ სკოლის რვეულების ბოლო ფურცლებზე ხატავდა.
_ კი, ასეა.
_ ესე იგი, სკოლის პერიოდში მათ რაღაც ისეთი საიდუმლო ჰქონდათ, რაც უნდოდათ, არავის სცოდნოდა.
_ ასეთი საიდუმლო რა უნდა ჰქონოდათ, ან ვის უმალავდნენ?
_ ვის შეიძლებოდა, რომ წაეკითხა და გაეგო მათი ამბები? ვის მიუწვდებოდა მათ რვეულებზე ხელი?
_ მასწავლებლებს, თანაკლასელებს და მათ შორის ოჯახის წევრებს.
_ ჰოდა, ამოცანაც ამოხსნილია. სავარაუდოდ, ამ სიმბოლოებით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. შეიძლება შეყვარებულებზე ან თუნდაც მასწავლებლებზე და თანაკლასელებზე ჭორაობდნენ რამეს და არ უნდოდათ, რომ სხვებსაც გაეგოთ.
_ ვინ იცის? არაფერია გამორიცხული.
_ საინტერესოა, მარიკოს და ლიზას მასწავლებლებს ან კლასელებს თუ ახსოვთ მსგავსი ტიპის გამოსახულებები?
_ ფაბიანა, ეს ყველაფერი ჩვენი ვარაუდებია და მოდი, ჯერ მარიკოს შევხვდეთ და ვნახოთ, რას იტყვის.
_ რა პასუხიც არ უნდა მითხრას, მაინც ვერ მომატყუებს.
_ რას ვერ მოგატყუებს?
_ იცის თუ არა, ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე რა წერია.
_ საიდან მიხვდები?
_ აი, დაიმახსოვრე, თუ მარიკომ ამ გამოსახულებების შესახებ არაფერი იცის, მაშინ დახედავს თუ არა, იტყვის, რომ მანამდე მსგავსიც არაფერი უნახავს, ხოლო თუ დიდხანს დაუწყო დაკვირვება და სახეზე განწყობა შეეცვალა, მაშინ ჩათვალე, რომ შინაარსს ეცნობა.
_ და რატომ უშვებ, რომ თუ რამეს მიხვდება, დაგვიმალავს.
_ ნიკა, რა გულუბრყვილო ხარ. გააჩნია, აქ რა წერია, შინაარსიდან გამომდინარე, ისე მოიქცევა, როგორც მას აწყობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერ მომატყუებს ვერაფერს.
_ ფაბიანა, ანუ ეჭვის დონეზე უშვებ, რომ შეიძლება ლიზას მკვლელობაში მარიკოს ძმა რაღაცით მაინც იყოს გარეული?
_ არ ვიცი. საერთოდ, ყველაფერი უნდა დაუშვა, თუმცა ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი გამოძიება. 



***
ბათუმში გამგზავრებამდე ნიკა და ფაბიანა ყველას შეხვდნენ, ვინც ლიზას ძალიან ახლოს იცნობდა და ვისგანაც რაიმე სახის ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ არც ერთი პიროვნება აღმოჩნდა გამოძიებისთვის საინტერესო. ბოლო იმედად ისევ მარიკო მიქავა რჩებოდა.
ადრიანი დილა იყო, როდესაც თბილისი-მახინჯაურის მატარებლიდან ნიკა და ფაბიანა ჩამოვიდნენ. ნიკას “ორბი რეზიდენსის” ახალაშენებულ კორპუსში ჰქონდა ერთ-ერთი ბინა წინასწარ ნაქირავები და კორპუსამდე ტაქსით მივიდნენ. მარიკოსთან შეხვედრა საღამოს 21:00 საათზე ჰქონდათ დათქმული. მანამდე რამდენიმე საათით დაისვენეს და შემდეგ ქალაქის დასათვალიერებლად გავიდნენ. ბათუმის გაცნობამ იმდენად დიდი დრო წაიღო, მარიკოსთან შეხვედრის დრო მალე მოახლოვდა. ნიკამ მობილურზე გადაურეკა და შეხვედრის შესახებ შეახსენა. ნახევარ საათში ერთ-ერთ კაფეში შეიკრიბნენ.
_ დედაჩემმა და დიმამ თქვენ შესახებ უკვე ბევრი მიამბეს. ვიცი, რომ ლიზა მეტრეველის პირადი ცხოვრების დეტალებით ხართ დაინტერესებული.
_ დიახ, სწორედ ასეა.
_ პირველ რიგში, ჩვენს თავს წარმოგიდგენთ, შემდეგ კი შეკითხვებზე გადავალთ. 
_ რა გაინტერესებთ? სხვათა შორის, თქვენ მახსოვხართ, ნიკა. მგონი, ერთხელ ან ორჯერ უნდა მყავდეთ ნანახი.
_ დიახ, მეც მახსოვხართ.
_ სიმართლე გითხრათ, ლიზა თქვენზე ხშირად მიყვებოდა ხოლმე.
საუბარში ფაბიანა ჩაერთო და მარიკოს სიტყვა გააწყვეტინა.
_ ალბათ, ოჯახის წევრებმა უკვე გიამბეს, რომ ჩვენ ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე მოხაზული სიმბოლოებით ვართ დაინტერესებული. იცოდით, რომ ლიზა დღიურს წერდა?
_ დიახ, მხოლოდ მე ვიცოდი.
_ ესე იგი, ის ძალიან გენდობოდათ.
_ მეც ვენდობოდი მას. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით.
_ როგორც ვატყობ, საიდუმლოებებსაც გიმხელდათ.
_ დიახ, ასეა.
_ მარიკო, შეგიძლია გვითხრა, რაზე საუბრობდით ხოლმე?
_ შეყვარებულებზე, ოჯახურ ამბებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რა გვილხინდა, რა გვტკიოდა და ა.შ. ბევრ რაღაცაზე, რაც შეიძლება, აწუხებდეს იმ ასაკის გოგონებს, რა ასაკშიც მაშინ ვიყავით.
_ გასაგებია.
_ საიდუმლო მიმოწერა თუ გქონდათ?
_ ძირითადად, ვსაუბრობდით ხოლმე, რატომ მეკითხებით?
_ ამ სიმბოლოებს თუ ცნობ? – ფაბიანამ ლიზას დღიურის ბოლო გვერდი აჩვენა.
მარიკომ დახედა და უმალ გააქნია თავი.
_ შეიძლება, სურათი გადავუღო?
_ რატომ?
_ არ ვიცი, ისე. დავაკვირდები და თუ რამეს გავიხსენებ, გეტყვით.
_ ახლა არაფერი გახსენდება? დახედე, ჩვენ არსად გვეჩქარება, იმდენ ხანს დაგელოდებით, რამდენიც საჭიროა.
_ არა, მირჩევნია, ჩავუღრმავდე. შეიძლება ახლა არა, მაგრამ მერე გამახსენდეს. თან დიდი დრო არ მაქვს, მეგობრები მელოდებიან, სადღაც უნდა წავიდეთ.
_ კარგი, გადაუღე მაშინ.
მარიკომ ჯიბიდან მობილური ამოიღო და სიმბოლოებს სურათი გადაუღო, შემდეგ ნიკას და ფაბიანას ბოდიში მოუხადა და იქაურობას გაეცალა.
_ რა იყო ახლა ეს? – გაოცებულმა ნიკამ ფაბიანას გადახედა.
_ რა და ჩემი დიდი შეცდომა.
_ რას გულისხმობ?
_ მაშინვე არ უნდა მეჩვენებინა ეს სიმბოლოები.
_ ვითომ რატომ?
_ საერთოდ, ჯობდა პირველად მარიკო გვენახა და მასთან საუბრით დაგვეწყო ჩვენი გამოძიება. მან ოჯახისგან ზუსტად იცოდა, რასაც ვეძებდით. ის კი ამისთვის საკმაოდ კარგად მოემზადა. დარწმუნებული ვარ, რომ მარიკო ამ სიმბოლოებს ძალიან კარგად სცნობს.
_ მგონი, ლიზას დღიური საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა.
_ ამ გოგოსთვის ლიზას დღიურის შესახებ საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა. როცა თავად მოგვიყვებოდა საიდუმლო სიმბოლოების შესახებ და რამდენიმე მსგავს მოხაზულობასაც გვაჩვენებდა, სწორედ მაშინ უნდა გამოგვეჩინა დღიური.
_ კარგი, არ ინერვიულო, თუ ჩვენთვის რამის თქმა არ უნდოდა, მაინც არ გამოტყდებოდა.
_ ყოველ შემთხვევაში, უკან დასახევი გზა არ ექნებოდა, ფაქტს მაინც ვერ გაექცეოდა. ახლა კი კარგად იმსახიობა, თავი მოგვაჩვენა, რომ ასეთი არც არაფერი უნახავს.
_ იქნებ, მართლა არაფერი იცის?
_ რაღაც არა მგონია. გული მიგრძნობს, რომ იცის. ახლა ის წაიკითხავს, გაშიფრავს და შემდეგ გადაწყვეტს, გვითხრას თუ არა შინაარსი.
_ ღმერთმა ქნას, რომ გვითხრას.
შეხვედრის შემდეგ მარიკო მიქავა ნიკას და ფაბიანას არ შეხმიანებია და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა. დარწმუნდნენ, რომ გოგონა მათთან შეხვედრას აღარ აპირებდა და მესამე დღეს თბილისში დაბრუნდნენ.







თავი 38

ბრუკლინში East  მე-15 ქუჩის და Ave.T-ის კვეთაზე მორიგი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ორმოცდაათი წლის აშშ-ში ემიგრირებული პაკისტანელი ქალბატონი, აზრა ბჰაიტი იყო. მსხვერპლს ჭრილობები მუცლის აორტაში ჰქონდა მიყენებული, რომელმაც სწრაფი სიკვდილი გამოიწვია. აუტოფსიით დადგინდა, რომ სიკვდილამდე ელექტროშოკით გათიშეს. ექსპერტებმა ადგილზე დათვალიერებისას კარის სახელურზე დარჩენილი დნმ-ის ნიმუში ამოიღეს, რაც გარდაცვლილის დნმ-ს არ დაემთხვა და პოლიციელებს აფიქრებინებდა, რომ სავარაუდოდ, მკვლელს ეკუთვნოდა. მკვლელის ხელწერა ზუსტად იგივე იყო, როგორც ლიზა მეტრეველის შემთხვევაში. საზარელი ფაქტი აქაც სწორედ დილით, 08.00 საათისთვის იყო ჩადენილი. სამსახურში მიმავალმა მეზობელმა გარკვევით დაინახა გარდაცვლილის კართან, მუშის უნიფორმაში ჩაცმული, შავთმიანი, წვერიანი მამაკაცი, რომელიც ზარს რეკავდა.
გარდაცვლილი ქალბატონი პროფესიით ექთანი იყო და “Coney Island Hospital”-ში მუშაობდა, ნაქირავებ სახლში მარტო ცხოვრობდა.


***
კაპიტან ფერგესს ნიუ-იორკის ერთ-ერთი განყოფილებიდან დაურეკეს და აზრა ბჰაიტის მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად გადასცეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს შემთხვევა ლიზა მეტრეველის მკვლელობასთან რაღაც კავშირში იყო და შესაძლოა, მისი გაგრძელებაც ყოფილიყო. ბრუკლინის პოლიციის განყოფილების დეტექტივმა ხელთ არსებული მასალები პირადად გადასცა რიჩარდ ფერგესს:
_ კაპიტანო, გვამი 25 ივლისს, დაახლოებით საღამოს 18.00 საათზე მეზობელმა აღმოაჩინა. მოგვიანებით დადგინდა, აზრა ბჰაიტი იმ დროისთვის უკვე თერთმეტი საათის გარდაცვლილი იყო. როგორც მეზობელი ქალბატონი ამბობს, სამსახურიდან დაბრუნებულმა 18:00 საათზე მოსაკითხად დაურეკა, უნდოდა ეკითხა, ყველაფერი რიგზე ჰქონდა თუ არა, რადგან დილით მის კართან სამუშაო უნიფორმაში ჩაცმული მამაკაცი დაინახა. სახლში შესვლისას, მძიმე სურათი დახვდა, სწორედ მისგან შევიტყეთ, რაც მოხდა. ადგილზე მისვლისას, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა კარის სახელურზე დარჩენილი ბიოლოგიური მასალა: ოფლი, საიდანაც დნმ-ის დადგენა მოხერხდა და სავარაუდოდ, მკვლელის გახლავთ და თითის ანაბეჭდები, რომელიც მეზობელს ეკუთვნის.
_ ესე იგი, ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში მეზობლისას უკვე შეადარეთ?
_ რა თქმა უნდა, მას არ ეკუთვნის.
_ საქმეში თანდართული სურათებით ვხედავ, ოთახებში უწესრიგობა დაგვხვდათ... – ჩანს, ბოროტმოქმედი რაღაცას ეძებდა.
_ რა გითხრათ? – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
_ მოწმე მხოლოდ ის მეზობელი ქალია?
_ დიახ, ჯერჯერობით.
_ კარგი, სახლიდან ამოღებული საეჭვო ბიოლოგიური მასალებიდან მხოლოდ დნმ-ის ნიმუში გვაქვს, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის, არა?
_ დიახ. როგორც ჩანს, სიცხემ თავის საქმე გააკეთა, – გაეღიმა დეტექტივს.
_ ბოროტმოქმედმა სახე მოიწმინდა და შემდეგ კარის სახელურზე დნმ-ის კვალი დაგვიტოვა, – ჩაფიქრდა ფერგესი, _ კრიმინალთა ბაზაში დნმ-ის მიხედვით არავინ დაემთხვა?-უცებ გამოერკვა ფიქრებიდან. 
_ სამწუხაროდ, არა. ერთი რამეც არის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. დნმ ქალს ეკუთვნის, რომლის გენეტიკური შესწავლისას დადგინდა, რომ პიროვნება სკანდინავიური წარმოშობის იყო.
_ დამაბნეველია. ესე იგი, რა გამოდის? მამაკაცის ნიღბით და ტანსაცმლით შემოსილი პიროვნება ქალია? მეორე ვარიანტიც შეიძლება დავუშვათ: მკვლელი თუ ის მამაკაცია, ვინც ლიზა მეტრეველი მოკლა, ისევ სუფთად იმუშავა, როგორც წინა შემთხვევაში, ხოლო მის გარდა, სახლში ვიღაც ქალიც იყო, რომელმაც დნმ-ის კვალი დატოვა. ყველაფერი ისეა ჩახლართული, ზოგჯერ მგონია, აღარც თავი მოეძებნება და აღარც ბოლო. ისევ დოკუმენტებს მიუბრუნდა: _ ეს ფოტორობოტი მეზობლის აღწერით შედგა? _ ჩაფიქრებული უყურებდა ფერგესი სურათს.
_ დიახ. ვიზუალით ძალიან ჰგავს ლიზა მეტრეველის მკვლელს. ამასთანავე სახლის დათვალიერებისას მივაგენით ბალერინის მკვლელობის შემდეგ დაბეჭდილ სტატიებს, რომლებიც ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი და შემდეგ საგულდაგულოდ ერთ ადგილას შენახული. აზრა ბჰაიტის ტელეფონში აღმოვაჩინეთ ინფორმაცია მილერების ოჯახის წევრების შესახებ, კონკრეტულად: დეივიდ მილერის ტელეფონის ნომერი, ბინის და სამსახურის მისამართი, მისი პირველი და მეორე მეუღლის პირადი ინფორმაცია, ლუსი მილერის საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომრები. ასევე, ვნახეთ ლიზა მეტრეველის დედის ნათია მეტრეველის სამსახურის მისამართი.
_ საინტერესოა, – მძიმედ ამოისუნთქა ფერგესმა და თავი გააქნია. _ კარგი, კიდევ რა გვაქვს საქმეში? – კაპიტანმა დოკუმენტების თვალიერება განაგრძო.
_ გარდაცვლილის ტელეფონიდან ზარი არც ერთ კომპანიაში შესულა, ვერც პერსონალური კომპიუტერიდან დადგინდა რამე, რაც ოფიციალურად გვაფიქრებინებდა, რომ აზრა ბჰაიტს სახლში ნამდვილად ჰქონდა რაღაც შესაკეთებელი და ხელოსანი გამოიძახა. 
_ მილერების ოჯახს თუ გაესაუბრეთ? მაინტერესებს, იცნობენ თუ არა გარდაცვლილს?
_ საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, არც დაწყებულა. ბჰაიტის პირად საბუთებში მილერების ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას რომ მივაგენით და შემდეგ მეზობლის მიერ მკვლელის გარეგნული აღწერა მოვისმინეთ, შემთხვევამ ლიზა მეტრეველის გახმაურებულ მკვლელობამდე მიგვიყვანა. ვფიქრობთ, ეს მკვლელობა რაღაც კავშირში უნდა იყოს წინამორბედთან.
_ გასაგებია. ამ ფურცელზე რა წერია? – ინტერესით შეათვალიერა სხვა ენაზე დაწერილი ფურცელი ფერგესმა.
_ ეს ურდუს ენაზე დაწერილი ტექსტია. ბჰაიტის პირად დოკუმენტებში ვნახეთ, ცალკე ფაილში ინახავდა და რა ვიცი, მნიშვნელოვან საბუთად მივიჩნიეთ. 
_ გასაგებია, – კაპიტანი დაძაბული სახით, დეტალურად ეცნობოდა ახალ საქმეს. მერე სტუმარს ახედა, კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა და ბოლო კითხვა დაუსვა:
_ რამდენად შესაძლებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება?
_ სახლი ჯერ კიდევ დალუქულია, მეპატრონე გაფრთხილებულია, რომ ვიდრე პოლიცია მკვლელობის ადგილის დეტალებს ეცნობა, გარკვეული დროის განმავლობაში სახლს ვერ გააქირავებს. 
_ სახლში ყველაფერი ხელუხლებელია?
_ დიახ, – დარწმუნებით უპასუხა სტუმარმა.
_ კარგი, გმადლობ და აღარ დაგაყოვნებ მაშინ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. 
_ არაფრის, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით, _ გაუღიმა დეტექტივმა და წასასვლელად მოემზადა.
როგორც კი რიჩარდ ფერგესმა სტუმარი გააცილა, სასწრაფოდ, დეტექტივები დაიბარა და ახალი საქმის ვითარება გააცნო.



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები