 | ავტორი: ჯოვანინი ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2020 |
წადი და იცოდე,როგორია არშეხებული ხელის სიგრილე. წადი და იცოდე,როგორია შენთვის არნამღერი სიმღერა. წადი და იცოდე,როგორია შენს გულში შეცდომით შენახული პიონის სურნელი. წადი და იცოდე,როგორია არ განცდილი გრძნობების სიცივე. წადი და იცოდე,როგორია მიუცემელი პირობის ერთგულება. წადი და იცოდე,როგორია თითში შერჭობილი ეკალივით ყრუდ მტკივნეული მონატრება. წადი... წადი,გადაირბინე მდინარეები,მთები,გამოიარე გამოქვაბულები, წადი,გაიხიზნე... დაემალე მდუმარე სიტყვებს,დაფანტულს ქარში. წადი და წაიყოლე ირეალური სიზმრის სიცხადე, წადი,უიმედოდ წამოკრიფე მიწის მტვერში ჩაკარგული ორქიდეები... წადი... წადი სხვა სხეულებში,სხვა დროებში,სხვა სახლებში, სხვა დრამებში ან სხვა კომედიებში, წადი,თავი შეაფარე სხვების შენთვის უტყვ,მყიფე მკერდებს ხან ქალისას,ხან კაცისას.. წადი და ყველა ცხოვრებაში ეძებე ის,რაც არასდროს გქონია... ყველას თვალებში, ყველას სულში ეძებე ის,რაც არასდროს ყოფილა შენი,მაგრამ დასაბამიდან დღემდე იცი მისი სიმფონია. იცი მისი გემო,სუნი და გესმის ყველგან მისი ნაბიჯების ხმა. წადი და დატოვე ათობით,ათასობით ნაკვალევი ყოველ რეალობაში...მაგრამ ვერასოდეს იპოვო ის,რაც ასე ძალიან გცივა. ვერასოდეს იპოვო ის,რაც ასე გიმღვრევს და გიბილწავს ქარის მუსიკაზე დალაგებულ გეგმებს... ვერასოდეს იპოვო ის ერთადერთი ნაკვალევი,რომელიც ოდესღაც დახატე ქვიშაზე საკუთარი თითებით... რომელიც მას მერე ჩაგეკირა სულში უმიზნო,უსიცოცხლო ნაჭდევივით... მერე იარე,იარე... ეძებე... მეძებე... წყევლასავით წაიღე ყოველ ახალ რეალობაში ჩემი სულის ანარეკლი... თითის ანაბეჭდივით ერთადერთი,შენთვის ყველაზე უცხო... მეძებე ყველა ცხოვრებაში, მოკვდი და გაცოცხლდი ათასჯერ... მოკვდი და დაიბადე ათიათასჯერ... მილიონჯერ... ყველა სიცოცხლეში,ყველა სიკვდილში, ყველა დაბადებაში და ყველა ახლიდან სიკვდილში მეძებე და ვერ მიპოვო. წვიმაში ატალახებულ ბილიკებში აცდენილ ნაბიჯებში, მზიანი დღის ფერად მდელოებზე დაცემულ ჩრდილებში, დღისით, ღამით ძრწოდეს შენი სული იმ ერთადერთი პიონის ძებნაში... და ვერასოდეს შეძლო მისი გულის ფიცრიდან ჩამოგლეჯა.... ... წადი და იცოდე,როგორია არშეხებული ხელის სიგრილე... წადი და თან ატარე ეს სიტყვები ქარის მუსიკას რომ უკარგავს ნოტებს, სიტყვები - არასოდეს თქმული ამ რეალობაში, მაგრამ ასე ნაცნობი და საზარელი,როგორც სასჯელი. წადი... და გტკიოდეს შენთვის არნათქვამი ჩემი სიტყვები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|