მგონია რომ მეორედ ვწერ ამას. მგონია, რომ უკვე დაწერა, როდესღაც, სადღაც, ვიღაცამ. მცხვენია. თითქოს ყველაფერი სხვამ გააკეთა უკვე, თითქოს სხვისი ცხოვრების ანაკერლი ვარ ნაწვიმარ გუბეში. მხოლოდ მაშინ ვლივლივებ, როდესაც ნამდვილ სამყაროში ნიავი დაუბერავს, ანდაც ვინმე ფეხს ჩაკრავს ჩემი ცხოვრების ტბორში. უკვე ვიყავი, ნამდვილად ვიცი რომ უკვე ვიყავი სადღაც, უკვე ნაცხოვრებია ის რაც უნდა ვიცხოვრო. მხოლოდ მიყურებენ, ამოწმებენ, აკონტროლებენ, ხომ სწორად მიდის ჩემი დროის ხაზი, ხომ არ ვუხვევ სადმე? ვიცი ვერ დავამარცხებ დროს, დრო მმართავს, დრომ თავისი დიდი გალიის პატარა საკანში მომიქცია და ელექტრო ძაბვა გაუშვა გისოსებში, თითქოს გავრბოდი სადმე, თითქოს არ მეყოფოდა დღიურად მოწვდილი ცხოვრების ულუფა და მეტს მოვინდომებდი. აი დღესაც, როდესაც სინათლეე აანთეს, თუ როდესაც გათენდა, ვეცადე რომ ეს მოსაზრება გამებათილებინა, რომ არანაირი გალია არ არსებობს. ვეძებე, მთელი დღე ვეძებდი რაღაც ახალს და არაფერი, არაფერია ახალი. არაფერია რაც არ განმიცდია, ყველაფერი ნაცნობია. აი, ჩემი საყვარელი საჭმლის სუნი, აი მისი გემო. აი, ჩემი საყვარელი სიმღერა, აი ჩემი საყვარელი ადამიანი, ეს ყველაფერი მომხდარია უკვე, ეს ყველაფერი განცდილია, შეცნობილია, ბოლოს ფარხმალი დავყარე. ჩემი ცხოვრება გამეორებაა, სამყაროს დიდი ცოდნისა, ვერ გავექცევი ამას, უნდა მივიღო. დაღლილი დავჯექი და გადაყვლეფილ მაჯებზე დავიფურთხე, შველისო. მახსოვს, მაშინაც ჩვეულებრივი დილა იყო, დასვენების დღე. გავიღვიძე და დაღლილი პაპაჩემი დავინახე, რომელიც მეორე ოთახში იჯდა მაგიდასთან და მაყვლის კომპოტიდან დარჩენილ ხილს ჭამდა ნახევარ ლიტრიანი ჭიქიდან. ბებო მიუტანდა ალბათ, სულ ასე იცის, მიუტანს ხოლმე და ეუბნება, ჭამე თამაზ ხომ არ გადავყრითო. მოიტა დედაკაცო, დაამხე, უპასუხებს, ბოდიშით, უპასუხებდა ხოლმე პაპაჩემი. თან აღაჟღაჟებულ ლოყებზე შინაგანი ღიმელი ეტყობოდა, მეგონა ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი. თებერვლი იყო, მზე რაღაცნაირი მორბილო, ორი დღის გაციებული კისელივით ანათებდა, რომელიც არ მოგწონს, მაგრამ მაინც უნდა ჭამო, ვინაიდან სხვა არაფერია სახლში. მამაჩემი არ იყო შინ, საზღვართან რიგში იდგა. სალიერკა უნდა გადმოეტანა, აზერბაიჯნიდან გადმოქონდა ხოლმე, ორჯერ იაფად და იმით ამუშავებდა ტრაქტორს, ცოტა მეტი მოგება რომ დარჩენოდა. ფოლკსვაგენ პასატით, ოთხმოცდათოთხმეტ წლიანით, ვინაიდან მას სამოცდაათლიტრიანი სათავსო ჰქონდა, მაგრამ თუ მოინდომებდი და ხერხსაც იხმარდი, ასათლიტრამდე ჩადიოდა. აბა, როგორია ერთ დღეში შეგეძლო ასი ლარი დაგეზოგა. მითუმეტეს ტრაქტორისტი თუ იყავი. დაზოგვა მოგებაა, დამიჯერეთ. თუმცა, რაც მართალია მართალია, მთელმა რაიონმა და რეგიონმა იცოდა ეს და უწევდა ხოლმე მთელი დღე რიგში დგომა. პაპამ, როგორც ყოველთვის, იმედგაცრუებული მზერით გადმომხედა. ზარმაცი ადამიანები არ უყვარდა, ვერ უგებდა მათ. თვითონ ერთი წამი არ ისვენებდა, ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, იმ დღესაც ვენახი ქონდა გასხლული, თებერვალში გასხლა, სად ეჩქარებოდა. შემრცხვა, მარტო პაპასი მრცხვენოდა. ავდექი და ჩემი ნებით წავედი ვენახში, რათა გასხლული წალამი ამეკრიფა და კონებად შემეკრა. თან მობილური წავიღე, ჩინური იყო, დიდი დინამიკითა და დიდი ხმით. ბერას სიმღერა ჩავრთე, გეფიცებით მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამო ვუსმენდი. ვაღიარებ უნდა მიმხვდარიყავი, ერთ-ერთ სიმღერაში ხომ ამბობს, რომ მე ვარ ქართული ოცნებაო, გირჩევ შემეგუო, მოვედი დიდი ხნითო. რა ვიცოდი. ავედი ვენახში, რომელიც სახლის უკან იყო, მთების მხარეს, ხის ძირში ჩავჯექი. მივხვდი, რომ არაფრის გამკეთებელი არ ვიყავი და ისედაც საკმაო ძალისხმევა დამჭირდა უბრალოდ აქ ამოსვლაში. მობილურში, შვიდი უსახელო საქაღალდის გახსნის შემდეგ, ღვთაებრივი ადრიანა ლიმას სურათები გამოჩნდა. სულ ახალი აღმოჩენილი მქონდა სხეულის ეს, ადრიანასავით ღვთაებრივი, შესაძლებლობა და რატომ უნდა მეთქვა უარი მასზე?! ამ რბილ ამინდში, ამ ეგზოტიკურ ადგილას. გვიან მივხვდი, ადრიანას მიმზიდველობას, სწორედ ეს სიამოვნება ანიჭებდა, რომლის განცდაც შეგვიძლია. ეს აქცევდა მას ქალად, თორე მანამდე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ისე, დღესაც ვერ ვხვდები, უფრო პატარაობაში, რატომ ვიფარებდი ხოლმე თვალებზე ხელს, როდესაც ტელევიზორში შიშველ თუ ნახევრად შიშველ ქალს ვხედავდი, როდესაც უფროსები სერიალს უყურებდნენ. უკვე შემდგომ პერიოდში ამ განცდას და ქცევას წინასწარმეტყველური ორგაზმი დავარქვი. წვალება არ დამჭირვებია, მალე ავისრულე წადილი. შემდეგ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, გოგო მიყვარდა, ორი წლით დიდი იყო ჩემზე და მამცირებდა ხოლმე, მაგრამ ადრიანაზე მაინც არ უნდა მეფიქრა, მეგონა ეს არ შეიძლებოდა. ღმერთი ალბათ ძალიან არ გაბრაზდებოდა, ვინაიდან ჩემი კლასელების სიტყვას თუ დავუჯერებთ, ისინი დღეში რამოდენიმეჯერ შვრებიან და თანაც ზოგჯერ ქალთანაც, ასე რომ ისენი ჩემზე უარესები გამოდიან, რაც ჩემი სამოთხეში მოხვედრის შანს ზრდიდა, ჩემსავე შკალაზე. არ ვიცი, მასტურბაციის პროცესი უფრო სასიამოვნოა თუ უკვე განტვირთულზე ცაში ყურება და ფიქრი. ვფიქრობდი, ხოლმე რომ სამყაროში, მარტო მე ვიყავი კაცი და ჩემს გარდა, ჩემს მიერ არჩეული ასი ქალი იყო კიდევ. მგონია, რომ არაფერია იმაზე ცხოველური და ნამდვილი, ვიდრე საკუთარი ფანტაზია, საკუთარი წარმოსახვა, გაქცევა ამ გალიიდან, მცდელობა, რომ აღარ იარსებო ისეთმა როგორიც სულ ხარ. ბებიაჩემი ნამდვილად არ უნდა ყვიროდეს ახლა. რადგან პაპა იქვე იყო და გაიგებდა ისედაც ძახილს. მახსოვს ის ბიძგი რომელიც წამიერად მოხდა ჩემს თავში, წამიერად მივხვდი რომ აწი ყველაფერი შეიცვლებოდა, აწი აღარ იქნებოდა ძველებურად. ბებია აბანოს კარებს ეჭიდებოდა და ტიროდა, კაცო მიპასუხეო, კაცო გამიღეო. მე ვიდექი, ვუყურებდი, ვკანკალებდი. ვუყურებდი ქალს, სამოცდაოთხი წლის ახალგაზრდა ქალს, ჩემზე ახალგაზრდას, ჩემზე მეტად სიცოცხლით სავსეს, ვუყურებდი პირველად, ვხედავდი პირველად. ვხედავდი, რომ თურმე მასაც უყვარს, შეიძლება ჩემზე მეტადაც, მე ხომ ადრიანასთან ვუღალატე ჩემს სიყვარულს, არადა არასდროს უთქვამს პაპასთვის რომ უყვარდა, არასდროს. პატარა ფანჯარა შეამტვრია და შიგნით, წამში ჩაიკეცა, ჯოჯოხეთის ამოკივლება იყო, გალიის კარების გამონგრევის ხმა, სულის ამოსვლა, ბებია ამიერიდან აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც ადრე, მან ეს იცოდა, მან იცოდა რომ სიცოცხლე იგივენაირად ვეღარ გაგრძელდებოდა. მე ლოცვა არ დამიწყია, მამას დავურეკე. მამა მიშველე მეთქი, მამა მოდი მეთქი გადამარჩინე მეთქი. შემდეგ მეზობებლები მოვარდნენ, მოხუცი ქალები, ქვრივები, რომლებსაც პაპა უვლიდა, უხნავდა უფასოდ, ულესავდა თოხებს, ხედავ პაპა, ხომ ამბობდი, არაფრისთვის ვაკეთებ ამასო, სხვანაირად არ შემიძლიაო, თურმე გჭირდება შენც ხალხი. ხედავ პაპა. ნაჯახს ურტყამენ კარს და მალე შემოანგრევენ, ხედავ პაპა, მალე გიშველით. ნუ გეშინია პაპა. ვერ აღებდნენ მოხუცები, გამოვართვი ნაჯახი და ყვირილით დავიწყე ქნევა, სულ დავამტვრიე, სად გვქონდა მერე მისი გამოცვლის ფული. ხუთი წელი, ყოველთვის, როცა დაჭრილ ფიცარს ვხედავდი, შენ მახსენდებოდი პაპა, ტანის მარცხენა მხარე მთლიანად ჩალურჯებული გქონდა, ალბათ თავი დაარტყაო. შემდეგ მამაჩემი მოვიდა, შენი შვილი, ნუ გეშინია პაპა, უბნის ექთანმა თქვა გულის არევა კარგიაო, მიდი პაპა, ნუ გცხვენია, შენი სახლია. მამა მოვიდა პაპა, ჩემი მამიკო, ახლა ყველაფერი აკრგად იქნება. ნუ გეშინია, პაპა. ნუ გეშინია, პაპა. მამა ნუ გეშინია, ნურც შენ ნუ გეშინია მამა. რა გატირებს მამა, შენ ხომ უნდა გადაგვარჩინო, მამა შენ ხომ ყველაზე ძლიერი ხარ, მამა შენ ხომ შეგიძლია პაპას უშველო, ხო შეგიძლია მამა. მამა? მეც წამოვალ მამა, მეც წამოვალ სავადმყოფოში, ხედავ მამა მარტო ამ სასწრაფოს ექომებს არ ეშინიათ, მარტო ამათ არ ეშინიათ, წყნარად არიან. ბებო, არაა საჭირო იტირო, მე ხომ დავინახე როგორ გიყვარს პაპა, ხომ დავინახე შენს მკვდარ თვალებში, რომელიც პაპაზე ადრე მოკვდა, დავინახე ბებო მე ეს დამიჯერე დავინახე, არაა საჭირო მეზობლებსაც ანახო, არაა საჭირო ბებო ვერ გაგიგებენ. ღმერთო, ღმერთო, იმიტომ მიგყავს პაპა რომ მე წეღან ცუდი რაღაც გავაკეთე? ღმერთო გეხვეწები, არ წაიყვანო პაპა, არ წაიყვანო და გეფიცები ღმერთო არასდროს აღარ ვიზამ, არასდროს აღარ ვიზამ, აღარ უფალო. დამეხმარე, დამეხმარე. თბილისში გადაიყვანეს პაპა. ლაგოდეხში არ იყო საკმარისი ტექნოლოგიები, რომ ემკურნალათ, ოპერაცია გაეკეთებინათ. არადა გავიგე, რომ მოძრაობა არ შეიძლებოდა მისთვის, ტვინში სისხლი აქვსო, ამოუღებენ და გადარჩება. მადლობა ღმერთო. თბილისში ღამით ჩავედით. ექიმი დილამდე არ მოვიდა, ოპერაცია დილამდე არ გაუკეთეს და მერე მანამდე სამამ მამას სესხი არ დაუმტკიცეს. აბა უფასოდ ვინ გაუკეთებდა. ყოველი წამი მნიშვნელოვანიო ექიმი ეუბნებოდა, რომელიც დილით მოვიდა, რომელიც არ მოვიდა ღამე, ყოველი წამი მნიშვნელოვანია ამბობდა, მაგრამ სანამ ფული არ იშოვა მამამ არ შეიყვანეს საოპერაციოში. ვინ იყო არამენაცი? რატომ ქვია ამხელა სავადმყოფოს მისი სახელი? მამა ამ დანგრეულ შენობაში რატომ მოიყვანე პაპა, გვერდით რომაა ახალი იქ უფრო კარგად მიხედავენ. მორჩა ოპერაცია. ყოჩაღო ექიმმა. მაგარი კაციაო, გადაიტანაო. ვამაყობდი პაპით. მეორე დღის საღამო იყო მამიდასთან რომ მივედით სახლში, იქვე თბილისში. მართალია წინა ღამით არ მეძინა, მაგრამ ვერ ვიძინებდი, არადა მინდოდა. ფიქრი დავიწყე, მინდოდა ამომეგდო თავიდან ყველაფერი რაც წინა დღეს მოხდა, მეშინოდა, მეშინოდა რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. ხოდა ასე დავრჩით მე და ასი ქალი ერთად. ისევ ვქენი, პირობა გავტეხე. მასტურბაციაც და სიფხიზლეც ერთად მორჩა. ოცდაორი დღე იწვა პაპა რეანიმაციაში, მამაჩემი რომელსაც კვირაში მხოლოდ სამჯერ ჰქონდა აზერბაიჯანში გადასვლის უფლება და რომელიც ერთ გადასვლაზე ას ლარს იგებდა, სავადმყოფოში ათასს იხდიდა, ყოველ დღე. ბიძია ეხმარებოდა, მამიდის ქმარი. მე სოფელში ჩამოვედი, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, გარდა იმისა რომ სკოლაში მასწავლებლები გვერდულად და მიყურებდნენ და მოწიწებით მეპყრობოდნენ. ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, გარდა იმისა რომ პაპა ყოველდღე მესიზმრებოდა მკვდარი. ჩვიდმეტი კილო დავიკელი და ოცდათხუთმეტი დავრჩი. ოცდამეორე დღეს, შვიდი წლის წინ, ათ მარტს, საღამოს მე რაგბს ვუყურებდი და გია ძია მოვიდა სტუმრად. მოდი ძია, მოდი ვიგებთ, დედა მალე მოვა, ზინა ბაბოსთანაა გასული. ძიას წითელი ჰქონდა თვალები, გავიხედე და ქუჩაში მთელი უბანი მოგროვილიყო. მამა მომინდა, მამა მომინდა, მინდოდა მენახა მამა, ჩემი მამიკო მინდოდა. მარანში შევვარდი და კარი ჩავიკეტე, მხოლოდ მე და გია ძიამ ვიცით დღემდე, როგორ ვტიროდით ორივე იქ. გვიან ღამით მოვიდა უძლური მამაჩემი. გვიან ღამით და მეც ამიხდა სურვილი, მამა მიშველიდა, ვიცოდი რომ მამა მიშველიდა, ის ხომ ყველაზე ძლიერია, მამა ყველაფერს გაუმკლავდება. ბოდიშიო ასე მითხრა, ბოდიში რომ შეგპირდიო და ვერ ჩამოგიყვანე პაპა ცოცხალიო, ის პაპა რომელმაც გასწავალ ფიქრიო, ის პაპა რომელმაც კითხვა შეგაყვარაო, ის პაპა რომელმაც შენი ტყუილების მოსმენის შედეგ გაიცინა და გითხრა კარგი ფანტაზია გაქვს წერა დაიწყეო, ის პაპა რომელიც მამამისის ომის ისტორიებს გიყვებოდა, ის პაპა რომელსაც შენი სჯეროდა, ის პაპა რომელსაც შენი სიზარმაცის ეშინოდა ამ რწმენიდან გამომდინარე, ის პაპა რომელმაც პირველმა გითხრა მამაჩემის ისტორიას მოყვებიო, როცა გაიზრდებიო. შემდეგ წავიდა ფორმალობები, მეც იმიტომ ვტიროდი რომ ხალხს დაენახა, ჩემი რვა წლის და რომ არ ტიროდა ვეჩხუბებოდი ხოლმე. პაპა მეორე სართულზე დააძინეს. მეორე დღეს სამძიმრები დაიწყო, მე კიბის ძირში ვიჯექი. მეც მისამძიმრებდა ხალხი, მაგრამ ერთ-ერთმა ვერ დამინახა. პაპასთან ასვლის შემდეგ სახლის გზას რომ უნდა დასდგომოდა, კიბეზე მეორე მეზობელთან ერთად ჩამოდიოდა და ეუბნებოდა, ნახეო, შპალიერი საბჭოთა დროინდელი აქვთ გაკრულიო, ან ფიცარი მაინც შეეღებათ, სულ რომ აცვენილი აქვს საღებავი იატაკსო. ალბათ ეს იყო პირვლი ნაბიჯი ჩემი გაუცხოებისა, ეს იყო პირველი ბიძგი, როცა მივხვდი რომ მე და არაფერი მესაქმებოდა ხალხში. პაპა დავმარხეთ. გასვენებაში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ასე ამბობდნენ, რომ ამდენი კაცი ახალგაზრდის დაღუპვისას არ მოდისო. მე კი მივხვდი რატომაც მოკვდა პაპა, იმიტომ რომ მე არ მქონდა საკმარისი რწმენა, საკმარისი რწმენა იმისა, რომ რაღაცის შეცვლა შემიძლია. იმიტომ, რომ ვიცოდი, არაფრის შეცვლა არ შემეძლო. ასე წამართვა ბუნების კანონებმა პაპა, ასე აღსრულდა სამყაროს სამართალი, მოხუცების წასვლისა და ჩვენი, ახალგაზრდების გაზრდისა და გახარებისა, მათი იქ მშვიდობით და ნათელში ყოფნისა და ჩვენი აქეთ არ მოკითხვისა. ასე დასრულდა ამბავი, მილიონი შვილიშვილის მიერ განცდილი და ჩემში განმეორებული, მე საკმარისად ძლიერი არ ვარ... ძალა მყოფნის მხოლოდ იმისთვის, რომ ამ მარაზმში ვიცხოვრო, იმითვის რომ შევეგუო და მივიღო ეს ყველაფერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მუხა, გამიხარდა რომ მოგეწონათ. ქალბატონო მზია, თქვენი აზრიც მაინტერესებს და გამიხარდება თუ დააფიქსირებთ მადლობა მუხა, გამიხარდა რომ მოგეწონათ. ქალბატონო მზია, თქვენი აზრიც მაინტერესებს და გამიხარდება თუ დააფიქსირებთ
6. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
5. ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ, ნსმუსი მაწუხებდა ამ ისტორიის გამოყენება ნაწარმოებისთვის, მაგრამ მერე მივხვდი რომ წერა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და თან პაპას შთავონებით დავფიქრდი ამაზე თავიდან ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ, ნსმუსი მაწუხებდა ამ ისტორიის გამოყენება ნაწარმოებისთვის, მაგრამ მერე მივხვდი რომ წერა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და თან პაპას შთავონებით დავფიქრდი ამაზე თავიდან
4. ზოგჯერ არაადეკვატური ჩანს ჩემი კომენტარი, მაგრამ როცა ჩემზე ნაწერი ასე მოქმედებს, ლიტ.საიტზე შესაფასებლად წარმოდგენილ ნაწარმოებზეც შემიძლია ვთქვა მარტივად: რა საყვარელი ხარ , ფინქ!
ზოგჯერ არაადეკვატური ჩანს ჩემი კომენტარი, მაგრამ როცა ჩემზე ნაწერი ასე მოქმედებს, ლიტ.საიტზე შესაფასებლად წარმოდგენილ ნაწარმოებზეც შემიძლია ვთქვა მარტივად: რა საყვარელი ხარ , ფინქ!
3. გმადლობთ რომ წაიკითხეთ, ქალბატონო ლელა და შეფასებამაც გამახარა, დიდი მადლობა გმადლობთ რომ წაიკითხეთ, ქალბატონო ლელა და შეფასებამაც გამახარა, დიდი მადლობა
2. რაც წამიკითხავს თქვენთან, შეიძლება ყველადერი საჩემოდ არმიმიჩნევია, მაგრამ ყველაფერი ნაღდი და გულწრფელი ყოფილა. ახლაც, პოეტურ-ფილოსოფიური შესავლის შემდეგ,თითქოს მორიგ ცხოვრებისეულ ტრაგედიას შევესწარი და ცრემლიც ვღვარე. რაც წამიკითხავს თქვენთან, შეიძლება ყველადერი საჩემოდ არმიმიჩნევია, მაგრამ ყველაფერი ნაღდი და გულწრფელი ყოფილა. ახლაც, პოეტურ-ფილოსოფიური შესავლის შემდეგ,თითქოს მორიგ ცხოვრებისეულ ტრაგედიას შევესწარი და ცრემლიც ვღვარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|