ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ.ე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2020


პირადი ბიბლიოთეკა ნ.ს-ს (წერილი მეოთხე)

ოთახი. კელია. სენაკი.
ჩაის სვამთ პიტნით და უშაქროდ,
კითხულობთ რომანებს რემარკის,
მთვარიან ღამეებს გუშაგობთ.
სიზმარში, სათიბზე, რემა კი,
იქროლებს, იქროლებს სათიბზე.
(ქინძისთავს გაგიცვლით სათითზე)
სიზმარში, სათიბზე, რემა კი,
იქროლებს, იქროლებს სათიბზე.

კითხულობთ ფსალმუნებს თაგორის,
მერიმეს, მოლიერს საამოდ.
არ ძალუძთ გადასვლა მთა-გორის-
სტუმრები არ მოვლენ საღამოდ.
ჩემთან კი, უწყვეტი წვიმები...
რაფაზე, ქოთნებში როდია.*
სველი მაქვს გამხდარი წვივები.
ჩემთან კი წვიმები მოდიან,
ჩემთან კი მოდიან წვიმები,
ჩემთან კი ტაროსი როდია?!

„დათქმული ფიცი და ინათი,
ზღაპარი, ეპოსი, მითი ხარ.
აენთე! ინათე, თინათინ! “-
ამბობთ და სიზმარში მიდიხართ.
კითხულობთ ჯოისის „ულისეს“,
კითხულობთ პიტნით და უშაქროდ.
გუშაგობთ ბნელეთის კულისებს,
უკუნი წკვარამის გუშაგო.

და ასე სრულდება ყოველი,
წარსულის პირველი რომანი.
როგორც ნაბოკოვის ნოველა,
როგორც ბულგაკოვის რომანი.
მე კი, ძველებურად ვზარმაცობ,
მთელი დღე დამდგარი ყირაზე
და ამ რომანების სანაცვლოდ
გაშლილად მიჭირავს ჭილაძე.

________
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=35822

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები