ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2020


მოგონებები მონღოლეთიდან (თავი მეორე)

ჩაფრენიდან მესამე დღეს ქალაქ ჩოიბალსანისკენ გავემგზავრეთ. გზას ავტომობილით ორი დღე სჭირდებოდა. არ გაგიკვირდეთ, მონღოლეთი ხომ თავისი მილიონნახევარი კვადრატული კილომეტრით სიდიდით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა და ამ უზარმაზარ ქვეყანაში იმაზე უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. ულანბატორის გარეთ ადამიანი თუ შეგხვდა ესე იგი ძალიან გაგიმართლა. რითი დაიმსახურეს მონღოლებმა ამხელა ქვეყანა და რატომ პატარვდება სულ უფრო მეტად ჩვენი საწყალი სამშობლო? ამაზე ჩოიბალსანისკენ მიმავალ გზაში ბევრს ვფიქრობდი...
მონღოლები თითქოს ბუნებასთან შერწყმული ხალხია. ისინი მიწას არ ამუშავებენ. მიწა მათთვის წმინდაა და ამიტომაც ცდილობენ არ დააბინძურონ იგი პესტიციდებით, სხვადასხვა ქიმიური მასალითა თუ ერთმანეთის მიმართ ზიზღით...
ვინც მონღოლეთში ნამყოფია ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ყველაზე მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ის უსასრულო სივრცეა, რომელიც ადამიანის ირგვლივ იშლება. ძალიან ცოტაა დასახლებული პუნქტები და მრავლად არის სწორი, თვალუწვდენელი პლატოები. ვიღაცისთვის ეს მოსაწყენი სანახაობაა და მართლაც საქართველოს, რომ შეადარო საკმაოდ ერთფეროვანია, თუმცა თავისი უნიკალური სილამაზე აქვს, რომელსაც ვერსად შეხვდები და დამატებით, ბევრმა არ იცის, რომ ეს თვალუწვდენელი მინდვრები გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი ტყეები. ჩემი პროექტიც აღმოსავლეთ მონღოლეთში სწორედ ამგვარი უსასრულო მდელოების დაცვას ისახავს მიზნად.
ცოტა უცნაურია, რომ მონღოლური ბუნების დაცვას, გერმანიის სახელით, ქართველი უდგას სათავეში. აქ გინდა არ გინდა "მამლუქის" "ხვიჩა და გოჩას" ეპიზოდი გაგახსენდება... თუმცა ბუნებას საზღვრები არ გააჩნია, მითუმეტეს, როცა კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ეს რა თქმა უნდა მაიმედებს და მამშვიდებს…

გზად ჩოიბალსანისკენ გაფუჭებული მანქანა და შეწუხებული მძღოლი შევნიშნეთ. ჩვენმა მონღოლმა კოლეგამ, ჰუიაგაამ, რომელსაც პირთან ერთად თვალებიც კი მუდმივად მომღიმარი ქონდა სასწრაფოდ გააჩერა, გადავიდა და დაიწყო მიხმარება. დაახლოებით 1 საათი ვიყავით იქ, სანამ გაფუჭებული მანქანა არ გაკეთდა, რის შემდეგაც ყველამ ბედნიერად გავაგრძელეთ გზა. თურმე რა ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის.
ამ უკაცრიელ ქვეყანაში ადამიანებს ერთმანეთის დახმარება საკმაოდ კარგად შეუსისხლხორცებიათ და ბევრ სხვა ქვეყანას შეშურდებოდა კიდეც ასეთი გვერდში დგომა.

მონღოლეთის თვალუწვდენელ მინდვრებში პირველად ვნახე ველური ცხენების ჯოგი, რაც საოცარი სანახაობაა. მართლაც უუნაგირო მორბენალი ცხენები ისეთ სილამაზეს ქმნიან, რომელიც რთულია ან ნახატზე გადმოსცე ან სიტყვებით აღწერო. ალბათ ყველას მრავლად გვინახავს მხატვარების მცდელობები დაეხატათ ველური ცხენები, თუმცა როგორც წესი, ესეთი ნახატები საკმაოდ ბანალურად გამოიყურება ხოლმე. ხატვის პროცესში უკმაყოფილო მხატვრები ნახატის გამოცოცხლებას შიშველი ქალის მიხატვით ცდილობენ ხოლმე, რაც საბოლოოდ ამსგავსებ ხოლმე ესეთ ნახატს 90-იანებში მანქანის "პროფილაკტიკებში" ჩამოკიდებულ იაფფასიან კალენდრებს...
მე შევეცადე ეს სანახაობა პანორამულ ფოტოზე აღმებეჭდა და ვფიქრობ, ცუდი არ გამოვიდა. ამ ფოტოს “თავისუფლება” დავარქვი და ამ სანახაობის შემდეგ ყოველთვის ძაან მეცოდება ყველა ცხენი, რომელიც თავლაში ცხოვრობს და პატრონი ყავს...

გზად ერთი ღამე ქალაქ ჩინგიზში, ჩინგიზ ხანის სახელობის ერთერთ ტურისტულ კომპლექსში დავრჩით. დამავიწყდა მეთქვა, რომ მონღოლეთში ყველაფერი ჩინგიზ ხანის სახელობის არის. არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამ ადამიანმა ხომ მსოლფიოს ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის შექმნა შეძლო. ჩემს ჩანთაშიც შესაბამისად ჩინგიზ ხან ვოდკა საპატიო ადგილს იკავებდა. სასტუმრო კომპლექსში ოთახების ნაცვლად მონღოლური ტრადიციული იურტები იყო. ვერ ვიტყვი, რომ იურტაში ძილი კომფორტულია. შეშის ფეჩი, რომელმაც საღამოს გაათბო ჩვენი იურტა დილისკენ რაღა თქმა უნდა ჩამქრალი იყო და საოცრად ციოდა. სულ ცოტათი ვინანე კიდეც საბინე, რომ არ დავიტოვე ჩემთან იმ ღამით.
ერთი სასიამოვნო ფაქტი, რაც ამ კომპლექსიდან დამამახსოვრდა არის ის, რომ ჩემდა ძალიან გასაკვირად სასტუმროს რესტორანში ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი ქართული ქინძმარაული გახლდათ. მართლაც გასაოცარია ამ უკაცრიელ ადგილას ქართული ღვინო როგორ გაჩნდა. “აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანოთქო” ვაპირებდი ინგლისურად მეთარგმნა იმ მომენტში ეს ფრაზა კოლეგებისთვის, თუმცა დამეზარა...
რა თქმა უნდა დიდი სიხარულით მოვითხოვეთ მე და ჩემმა კოლეგებმა, მონღოლეთის ერთერთ გადაკარგულ დასახლებაში ქართული ღვინო, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა და აღნიშნული იმედგაცრუების გამოსასწორებლად და გადასაფარად ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და გარკვეული სადღეგრძელოების თქმა მომიწია. ჩემ გერმანელ კოლეგა საბინეზე, რომელზეც ყველა საქებარი სიტყვა ითქმის გარდა “ნაზისა” იმდენად იმოქმედა ბანალურმა და საქართველოში გაცვეთილმა სადღეგრძელოებმა, რომ უკვე რომანტიკის მეფედ წარმომიდგინა. საბინე ძალიან მაგონებდა ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის რომელიღაც ბიჭ გმირს..   
ღვინისგან ყვრიმალაწითლებული საბინე, ვითომ ხუმრობით ამ დროს კი ძალზედ პრინციპულად და აქტიურად ითხოვდა ჩემს იურტაში დარჩენას. კარებამდე მიმაცილა კიდეც და მოითხოვდა, რომ ერთ ლოგინში დაგვეძინა. გარეთ, იურტის წინ ვიდექით. მე თბილი ალპინისტის ქურთუკი მეცვა, საბინეს კი მხოლოდ დეკოლტეიანი შავი გაცვეთილი მაისური და ზემოდან შეხსნილი ჟაკეტი. საბინე სიცივეს ვერ გრძნობდა, მე კი სულ მთლად გაყინული ვიყავი. “გპირდები კარგად მოვიქცევი” მითხრა მან. ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, როდესაც საბინეს პოზიციაში მე ვიყავი ხოლმე და ღიმილნარევი, მაგრამ პრინციპული ტონით ვუთხარი: საბინე, შენ ახლა ნასვამი ხარ, ჩემს იურტაში, კი უკვე ძინავს ამარხუუ გუნგაას, რომელსაც აუცილებლად გაეღვიძება და ძალიან გაუკვირდება, თუ რატომ ვართ სამნი ორ-კაციან იურტაში. ხანგრძლივი და საკმაოდ უაზრო დისკუსიის შემდეგ მაინც დამნებდა. გამიმართლა, რომ საბინე არც ისეთი პრინციპული და მოხერხებული აღმოჩნდა, როგორიც მე ვიყავი ახალგაზრდობაში...

უგემური, მაგრამ მაინც მშობლიური ქინძმარაულით ტვინარეულ და გერმანელ ემანციპირებულ ქალბატონთან ბრძოლაში გადაღლილ მამლუქს მონღოლური კარვის ქვასავით საწოლზე მალევე ტკბილად ჩაეძინა...                          *მეორე თავის დასასრული





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები