 | ავტორი: თეონე ჟანრი: პროზა 29 ივნისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ირგვლივ ძალიან ბნელა. მხოლოდ ჩვენს ოთახში ანთია ძალიან ბევრი შუქი და მე გხედავ შენ. შენ ფანჯრის რაფაზე დგახარ, ჩემკენ ზურგით. ახლა ვხვდები პირველად, რას ნიშნავს შიში. რას ნიშნავს, ძვლები გიკანკალებდეს შიშისგან. შენ კი არაფერს ამბობ. მე ვყვირი. ვყვირი, რომ მიყვარხარ და რომ ყველაფერი არ დამთავრებულა და რომ ბევრი ამბავია წინ და რომ არაუშავს, თუ ვერაფერს გამოვასწორებთ და რომ სადღაც მაინც... ვერ გაჩერებ. უკანმოუხედავად ეშვები ძირს. ჩემი ყვირილი უმისამართოდ იფანტება ჰაერში. „იფიქრე, ივ“ - ვუთხარი უკვე ვაგონის კიბის ბოლო საფეხურიდან ნახევრად მობრუნებულმა და მატარებელიც დაიძრა. ივი მთელ ქალაქში ერთადერთი გოგო იყო, ვისაც ეს სახელი ერქვა. მე რომ გავიცანი, ბარის დახლთან იჯდა და ჯინ-ტონიკს სვამდა უზარმაზარი ჭიქიდან. მაშინ მარტო ვცხოვრობდი იქ. ქალაქში, რომელიც იმ საღამოს გაჩნდა და ჩვენი ამბის დასრულებისთანავე შეწყვიტა არსებობა. „ტირილს თუ აპირებ, მაკიაჟი მაინც არ გაიკეთო ხოლმე, - ვუთხარი და თხელი პალტო იქვე გადავკიდე, - საშინელებას გავხარ.“ არაფერი უპასუხია, ისე მოწრუპა ჯინ-ტონიკი თავისი უდიდესი ჭიქიდან, რომელიც ყველაფრისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო განკუთვნილი, ამ სასმლის გარდა. ვისკი შევუკვეთე და ფრთხილად გავხედე. თვითონ სივრცეს ათვალიერებდა, ვერ მამჩნევდა. გრძელი თმა ჰქონდა, თხელი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. სახეზე და ყელზე სცენის განათების ფერადი შუქები დაურბოდა. თვალის ფერს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ტუჩების და ცხვირის კონტური ჩანდა. ლამაზი იყო. „სიგარეტი გაქვს?“ - მომესმა უცებ საიდანღაც და რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი. ის იყო და მე მეკითხებოდა. „არ ვეწევი.“ - ვუპასუხე. პირდაპირ თვალებში შემომხედა. მერე ისევ სადღაც გაიხედა. ჭიქაში არაფერი ჰქონდა დარჩენილი. ფული დახლზე დატოვა და ადგა. ტყავის ქურთუკი აიღო და სანამ იქაურობას გაეცლებოდა, ერთხელ კიდევ შემომხედა თვალებში და მომეჩვენა, რომ ამჯერად უფრო დიდხანს, ვიდრე პირველად. გავყევი. „არც შენ ეწევი, ხომ ასეა?“ - ბარის გასასვლელთან ზუსტად მაშინ დავეწიე, როცა ადამიანების ჯგუფს შეერია. „არ ვეწევი. რატომ გამომყევი?“ - ისე მითხრა, ჩემსკენ არც მოუხედავს. „გინდოდა, რომ გამოგყოლოდი.“ „ჰო?“ „ჰო.“ ეს რომ ვუთხარი უკვე ერთმანეთთნ ძალიან ახლოს ვიყავით. გარშემო უამრავი ადამიანი იყო და თითქოს ყველა მხრიდან ვიღაც გვაწვებოდა. ახლა უფრო ნათლად დავინახე. ულამაზესი, სავსე ტუჩები ჰქონდა და მუქი თაფლისფერი თვალები. „არ წახვიდე.“ - ვუთხარი საკუთარი თავისთვისაც კი მოულოდნელად. „რატომ?“ „კიდევ გინდოდა ჯინ ტონიკი.. არა?“ სულ ოდნავ შესამჩნევად, წამით გაეღიმა და ბარისკენ ისე წავიდა, არაფერი უთქვამს. ისევ იქ დავსხედით. მან ისევ ჯინი შეუკვეთა, მე - ისევ ვისკი. „ელა,“ - ვუთხარი, როცა პირველი ყლუპი მოსვა ისევ იმ საშინელი ჭიქიდან. „რა?“ „ელა მქვია... ელენა, მაგრამ შეგიძლია, ელა დამიძახო.“ „ივი“ - მითხრა და მაშინ მივხვდი, როგორი სპილოსძვლისფერი იყო მისი კანი, რომელიც იმ წუთას უამრავ ფერს ირეკლავდა და მაინც სპილოსძვლისფერი იყო. რომ არაფერი ვუთხარი, ისევ თვითონ გააგრძელა, - „ჰო, ვიცი. იშვიათი სახელია...“ „ლამაზია. ძალიან.“ „დრო ყველაფრის მკურნალია?“ - მკითხა მერე უეცრად. „არა, ივ. დრო არაფრის მკურნალი არ არის.“ „აბა, არასოდეს გამივლის?“ „თუ არ გაუშვებ, არ გაგივლის.“ „არ შემიძლია.“ „კი, როგორ არა. შეგიძლია. ყველას შეუძლია.“ „არა, მე არ შემიძლია.“ „თუ არ გინდა?“ გაჩუმდა. ახლა უფრო ახლოს ვისხედით, ვიდრე მანამდე და მისი კანის სუნი თავბრუს მახვევდა. ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რას ველაპარაკებოდი. ვცდილობდი, მექანიკურად მეპასუხა კითხვებზე. სინამდვილეში იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა მისი კანი მთვარის შუქზე, ან მზის შუქზე, ან შხაპის ქვეშ... „არ მინდა.“ - მიპასუხა დუმილის შემდეგ. „რატომ არ გინდა?“ „მიყვარს და იმიტომ.“ „აჰ..“ - გამეცინა. „რა გაცინებს?“ მაჯაზე შევეხე თითებით და თვალებში შევხედე. ოდნავ შეცბა თითქოს. მერე რომ მოვეფერე, ჩურჩულით მითხრა: „რას აკეთებ?“ „ჩუუ!“ - ვუთხარი ასევე ჩუმად, თვალს არ ვაშორებდი, - „დაივიწყე.“ „რა?“ „რაც ტკივილს გაყენებს. დაივიწყე. ჩაკეტე ბნელ სარდაფში და აღარ გამოუშვა.“ „როგორ?“ ხელი ისევ მის მაჯაზე მეკიდა. უფრო ახლოს მივედი და ვუთხარი: „დახუჭე თვალები. ასე არა, ნორმალურად. ბოლომდე. ნუ გეშინია.“ თვალაბდახუჭული კიდევ უფრო ლამაზი იყო. სწორი ნაკვთები ჰქონდა და კანი, აი ეს კანი ჭკუასაც მაკარგვინებდა და კონტროლსაც. მერე ნელა მივუახლოვდი. პირდაპირ მის ყურთან წარმოვთქვი: „ბუმ!“ - თვალები გაახილა, - „მორჩა.“ ადგა და ამჯერად ისე წავიდა გასასვლელისკენ, ჩემთვის თვალებში აღარ შემოუხედავს, მაგრამ მე ისევ გავყევი. გარეთ გავიდა. უაზროდ წვიმდა. თებერვალი იყო და ცრიდა. გაუჩერებლად მიდიოდა, უცებ ერთიანად შედგა, გამომხედა და მითხრა: „რატომ მომყვები?“ არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ძალიან მივუახლოვდი და თვალებში შევხედე. ისევ მისი სურნელი დატრიალდა გარშემო. „გამოუშვი გარეთ,“ - ვუთხარი მერე ჩუმად. ისე ახლოს ვიყავით, მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი. ზურგით კედელს ეკვროდა და ღრმად სუნთქავდა. „შეგჭამს, გამოუშვი,“ - ვეუბნებოდი და უფრო ვუახლოვდებოდი. ლაპარაკისას მის ტუჩებს ვეხებოდი, ვგრძნობდი. ოდნავ დააშორა ტუჩები ერთმანეთს და ვაკოცე. არც მიფიქრია თავის მოთოკვა. ვიცოდი, იქიდან ამის გარეშე არ წავიდოდი. ვაკოცე და არ მაინტერესებდა, სად ვიყავით. არ მაინტერესებდა, რომ წვიმდა. არც ის მაინტერესებდა, ვინმე გვხედავდა თუ არა. მისი ტუჩების გემო ისეთი მძაფრი იყო, ფონად ალკოჰოლის სუნს სულ ოდნავ ვგრძნობდი. ვერ გავჩერდებოდი, თვითონ რომ არ მომშორებოდა. არაფერი უთქვამს. არ გაუპროტესტებია. ჩაი დავლიოთ-მეთქი ვუთხარი და ჩემი სახლისკენ წავედით ფეხით. იქვე ვცხოვრობდი. ხმას არ იღებდა. რატომღაც, არც მე. ისევ მის არომატზე მეფიქრებოდა და მისი ტუჩების გემოს აღდგენას ვცდილობდი გონებაში. ისეთი ლამაზი იყო, მახრჩობდა. შევამჩნიე, მიყურებდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ალბათ, თვითონაც იმავეზე ფიქრობდა მაშინ, რაზეც მე. სახლში რომ შევედით, ივი ოთახში შევიყვანე. თვითონ სამზარეულოში შევედი ჩაის დასაყენებლად. „კარგი სახლი გაქვს.“ - მომესმა ახლოდან. სამზარეულოს თაღთან კედელს ეყრდნობოდა და მიყურებდა. „ჰო...“ „ნათელია. მოწესრიგებული...“ - ისე ლაპარაკობდა, თითქოს რეციდივისტის სახლში მოდიოდა და შეუძლებელი იყო, მოწესრიგებული და ნათელი ბინა დახვედროდა. გამეცინა. „ვინ გგონივარ, მანიაკი?“ „ცოტათი, ჰო.“ „რძე დაგიმატო?“ „ა, არა. უბრალოდ ჩაის დავლევ.“ ჩემს ჭიქაში რძე ჩავასხი და ორივე ერთად მაგიდაზე დავდგი. მაცივრიდან ლიმონის ნამცხვარი გამოვიღე და თხელ ნაჭრებად დაჭრილი, ზუსტად ჭიქების შუაში მოვაქციე. დაჯექი-მეთქი ვუთხარი და მეც იქვე ჩამოვჯექი. ჩაი მაშინვე მოსვა და როგორც მივხვდი, იმაზე ცხელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. ღიმილი ვერ შევიკავე. თვითონაც გაეცინა. „რა უნდა ქნა, როცა ადამიანი, რომელზეც ერთ დღეს ჭკუას კარგავდი, ისე აღარ გიყვარს?“ დაიწყო მერე სადღაც სივრცეში თვალებგაშტერებულმა. „უნდა ეცადო, რომ არ შეგზიზღდეს.“ ერთიანად შემომხედა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო და მითხრა: „არ მეზიზღება.“ „ვიცი, ჰო, რომ არ გეზიზღება. ადამიანის „ისე აღარ“ სიყვარული დანაშაული არ არის. არ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი ყოველთვის ერთნაირად უყვარდეთ. არ ხდება ასე.“ „დავიღალე.“ „რით?“ „იმით, რომ მაშინაც კი არ ვართ ერთად, როცა ერთად ვწევართ. ვთამაშობთ. ვიცი, არც ის არის ბედნიერი.“ „ბედნიერება სტატიკური მდგომარეობა რომ იყოს, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.“ „შენ ყველაფერზე გაქვს პასუხი?“ მკითხა და ახლა უკვე შეგრილებული ჩაი მოსვა მშვიდად. „არა, მაგრამ ადამიანებს ჩემგან ყოველთვის მხოლოდ პასუხები აინტერესებთ ხოლმე.“ „შენ რა გაინტერესებს?“ მკითხა და თვალებში შემომხედა. მიწვევდა, ვგრძნობდი. „კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებლად მექნება.“ უფრო ახლოს მივიწიე და ისე ვუთხარი. „სად პოულობ ამ პასუხებს?“ არც ის იხევდა უკან. „იქ, სადაც ადამიანები არ ეძებენ. თვითონ ამ ადამიანებში,“ ვუთხარი და ორივე ხელზე მოვკიდე ხელები, „ჩაი გაგიცივდება.“ ერთიანად ამოისუნთქა ღრმად და ჰაერი პირდაპირ სახეზე ვიგრძენი. წამით თვალები დამეხუჭა. „მაგრამ თავად არ სვამ კითხვებს.“ არ ეშვებოდა ამ თემას. „შეამჩნევდი ალბათ...“ სკამის ზურგს მივეყრდენი და ჭიქა ხელებში მოვიქციე. ვცდიდი. მაინტერესებდა, ისევ თუ მომიახლოვდებოდა. ვიგრძენი, რომ არ მოეწონა, რაც გავაკეთე. „შევამჩნიე.“ თვალს არ მაშორებდა. „კიდევ რა შეამჩნიე?“ „ის, რომ შენს სახლში ლიმონის სუნი დგას.“ „ჰო?“ „ჰო.“ „კიდევ?“ „კიდევ ის, რომ უცნაურად მშვიდი ხარ.“ „კიდევ რამე?“ „ჰო და ისიც, რომ თვალები გაქვს ლამაზი.“ „იცი, რომ ახლა მეფლირტავები?“ „შეიძლება.“ მიპასუხა რამდენიმე წამში. „და ეს ძლიან მოგწონს.“ ჭიქა ფრთხილად დავდე და იდაყვებში მოხრილი ხელები დავაწყე მაგიდაზე. ამჯერად აღარაფერი უთქვამს. ხელი მივუტანე სახესთან, მაგრამ არ შევხებივარ. მოხრილი საჩვენებელი თითის ზურგს დავატარებდი მის სახესთან ძალიან ახლოს და მიუხედავად იმისა, რომ არ ვეხებოდი, მისი კანის შეგრძნება შემეძლო. „ივ...“ წამომცდა უნებურად. შეკითხვით სავსე თვალები მომაპყრო. „ალბათ, შენ გარდა არავის მოუხდებოდა ასე ეს სახელი.“ ავდექი, რომ თეფშები და ჭიქები ამელაგებინა. ვგრძნობდი, რომ ყველა მოძრაობაში თვალებით მომყვებოდა, თუმცა არაფერს ვიმჩნევდი. მშვიდად გავედი სამზარეულოში. ნელა მოვუშვი ონკანი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. დროს ვაძლევდი, რომ ეფიქრა, მაგრამ ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, უფრო ახლოს უნდოდა ყოფნა, ვიდრე იყო. რეცხვა რომ დავასრულე და ჭურჭლის გასამშრალებლად შევბრუნდი, ვიგრძენი ჩემს ზურგსუკან იდგა. „რამე გინდა, ივ?“ ხმა შეცვლილი მქონდა. ის არაფერს ამბობდა. მეც ვაჭიანურებდი მიბრუნებას. ისევ ის არომატი ვიგრძენი და გამახსენდა გემო, ტუჩების გემო. კინაღამ მუხლები მომეკვეთა. ნელა შევბრუნდი. განგებ, ისე, რომ ჩემთან სიახლოვეს მშვიდად სუნთქვის საშუალება არ მიეცა მისთვის. ასეც მოხდა. თითქმის მთლიანად ჩემს ტანზე იყო აკრული და მკერდი მძიმედ უმოძრავებდა. არ ვჩქარობდი. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი მხოლოდ სახეზე: თვალებზე, ცხვირზე, ტუჩებზე. ვუყურებდი და ვგრძნობდი. იმდენად ახლოს იყო, მთლიანად შევიგრძნობდი აი ასეც კი, როცა უბრალოდ ვიდექით ერთმანეთის პირისპირ. მერე თვითონ მომიახლოვდა, ამოიწია და მაკოცა. ფრთხილად, თითქოს რაღაც ისეთს აკეთებდა, რაც აქამდე არასდროს გაეკეთებინა. თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობდა და უნდოდა, ეს საიდუმლო ძალიან ღრმად და დიდხანს შემენახა ისე, რომ არავისთვის გამემხილა. ხელები მოვხვიე მხრებზე და ისე ვაკოცე. ვერაფერი მაკავებდა. აღარც ის თოკავდა თავს. მკოცნიდა გაგიჟებით, თითქოს ჩემში იყო ხსნა და ეს მაშინებდა კიდეც, მაგრამ ვერ მაჩერებდა. გარშემო ყველგან მისი თმის სურნელი ტრიალებდა და ყველაფერ დანარჩენს აუფერულებდა. მინდოდა, ბოლომდე შემეგრძნო, ამომეწურა. მინდოდა მთლიანად ჩემი ყოფილიყო, იმ ღამეს მაინც. ჩემი იყო იმ ღამით ივი - ერთადერთი გოგო ქალაქში, რომელსაც ეს სახელი ერქვა. მხოლოდ ჩემი იყო და ამას მაშინ მივხვდი, როცა მძინარეს ვუყურებდი გათენებისას. უცნაური იყო მთელი ეს ამბავი. ის, რომ მე პირველი ქალი ვიყავი მისთვის. ვინ იცის, არა უკანასკნელი, თუმცა ნამდვილად პირველი. პირველი ხომ ყველაფერი განსაკუთრებულია. ვუყურებდი მის სპილოსძვლისფერ კანს, განთიადის ფერები რომ უკრთოდა და მეშინოდა შეხების. ისეთი იყო, პირველქმნილი, შეურყვნელი, სუფთა. მეჩვენებოდა, რომ მშვიდად სუნთქავდა. ყოველ შემთხვევაში, მკერდი თანაბრად უმოძრავებდა და არც სახეზე დაყრილი თმა აწუხებდა. მუქ ლურჯ თეთრეულთან კონტრასტში მისი კანი კიდევ უფრო ღია ფერი ჩანდა და ეს ყველაფერი თანდათან უფრო არარეალური ხდებოდა. ვგრძნობდი დილის სუსხს. მციოდა, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. ვუყურებდი და ვფიქრობდი. თან ვცდილობდი, ყველაფერი კარგად დამემახსოვრებინა, ფორმა, სურნელი, გემოც კი. ვფიქრობდი, რომ ვეღარასდროს ვნახავდი და უზარმაზარი დანაკარგის უცნაური შეგრძნება მქონდა წინასწარ. მსგავსი რამ მანამდე არასოდეს განმეცადა. არ მინდოდა, რომ გაეღვიძა. თითქოს მის თვალების გახელაზე იყო დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანდა ეს სასწაული. სასწაული, რომელსაც მაშინ მთელი სხეულით და მთელი არსებით ვისრუტავდი. გაიღვიძა. გაიღვიძა და მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდი, რომ მოხდებოდა. „რომელი საათია?“ იკითხა ცალი გახელილი თვალით. „ათის ათი წუთია.“ ვუპასუხე. მაშინ მე უკვე ფეხსაცმელს ვიცვამდი. „ღმერთო!“ წამოიძახა და უცებ გამოფხიზლდა „უნდა წავიდე.“ „წადი,“ ვუპასუხე მშვიდად, „დალევ ყავას?“ „არა. სასწრაფოდ უნდა წავიდე.“ წამოდგა და ტანსაცმელების შეგროვებას შეუდგა. არ ვიცი, რას ეძებდა, მაგრამ უთავბოლოდ დადიოდა ოთახში და თან იცმევდა. „კარგი. კარს მიაგნებ?“ ისე გამომხედა, თითქოს უზომო შეურაცხყოფა მივაყენე. აღარაფერი მითქვამს, სამზარეულოში შევედი. წყალი დავადგი გაზქურაზე და ჩაიდნისთვის იქამდე არ მომიშორებია თვალი, სანამ ორთქლმა ხელი არ დამწვა. ისე ვუყურებდი ადუღებულ წყალს, თითქოს მას რამის ახსნა ან ამოხსნა შეეძლო. არადა, იმას, რაც მაშინ ხდებოდა ერთი და უმარტივესი ახსნა ჰქონდა მხოლოდ. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. „ელა...“ გავიხედე და ზუსტად ისე იდგა სამზარეულოს თაღს მიყრდნობილი, როგორც წინა დღეს. უკვე ჩაცმული იყო. „ჰო.“ „მადლობა.“ „რისთვის?“ მადლობებს მიჩვეული არ ვიყავი. „არ ვიცი, ყველაფრისთვის.“ „არაფრის.“ ვუპასუხე ისე, როგორც სტანდარტულ სიტუაციაში სტანდარტული ადამიანი უპასუხებდა. წავიდა, მაგრამ მერე შემობრუნდა და მითხრა: „კარს რომ ვერ მივაგნო?“ გამეცინა. „მარჯვენა მხარეს, მაღალი, ვიწრო კარია.. თეთრი. მხოლოდ ჯაჭვითაა ჩაკეტილი. ადვილად გააღებ.“ არ დავაკავე. რა აზრი ჰქონდა? ისედაც არეულ თავგზას უარესად ავურევდი. მე საკუთარი არეული ცხოვრებაც მყოფნიდა მაშინ, სხვისი ცხოვრების არევას ვერ ვიტვირთებდი. არადა, არ მინდოდა გაშვება. ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მაიძულებდა, მასზე მეფიქრა. რაღაც ისეთი, რამაც მისი თმის სურნელი კიდევ დიდხანს დატოვა ჩემი სახლის კედლებში. ვიწექი მერე, იმავე საღამოს ლოგინში, სადაც ჩემი ხორბლისფერი კანი ისეთ კონტრასტს ვეღარ ქმნიდა მუქ ლურჯ თეთრეულთან და ვფიქრობდი. ვიხსენებდი ყველა შეხებას, ყველა გამოხედვას. საკუთარ თავს დილით ნასწავლს ვაბარებდი და თუ სადმე წავიბორძიკებდი, ვცდილობდი გონების რომელიღაც ნაწილში მაინც მომეძებნა ის დეტალი. აი ზუსტად ის ღიმილი, პირველი ან ბოლო, სამზარეულოს თაღის კედელს მიყრდნობილი ივის ღიმილი. თუ იყო რამე მსგავსება ან განსხვავება. ოდნავ უფრო ბედნიერი მაინც თუ გავიდა დილით ჩემი სახლიდან, ვიდრე წინა დღეს იყო? ვიხსენებდი, როგორ თრთოდა მთელი სხეულით ჩემი სხეულის ქვეშ მოქცეული და როგორ ვცდილობდი, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც არასდროს მის ცხოვრებაში. მინდოდა, ეს ღამე არასოდეს დავიწყებოდა. ივი.. და მაინც არავინ იყო მთელ ქალაქში ისეთი, ვისაც მასსავით მოუხდებოდა ეს სახელი.
*** ისევ შენ გხედავ. ამჯერად, კაშკაშა მზის შუქზე. მინდორი სულ მწვანეა. ზუსტად ისეთი, ალბათ მხოლოდ შენ რომ შეძლებდი აღწერას. მინდვრის შუაგულში ერთი უზარმაზარი ხე დგას. მე შორს ვარ და ვერ ვხედავ, რას აკეთებ, მაგრამ ისევ ის შიშის შეგრძნება მეუფლება. მთლიანად სხეულში მივლის და ძვლებამდე ატანს. ვცდილობ, მოგიახლოვდე. მინდა, ის კონტურები, ყულფს რომ ჰგავს ძალიან, ის არ აღმოჩნდეს, რაც მგონია და ისევ ვყვირი. ისევ იგივეს, რომ მიყვარხარ ყველა სამყაროს სამყოფი სიყვარულით და რომ ამ სიყვარულის მერე, შეუძლებელია რამის გვეშინოდეს და ჯანდაბას, თუ არაფერიც არ იქნება კარგად. მთავარია, რომ ვიყოთ. ვყვირი, ვგრძნობ, ხმა ნელ-ნელა მეკარგება. შენამდე ვერ მოვდივარ. ვერ ვასწრებ. ვერ... რამდენიმე დღეში ან იქნებ ერთ კვირაშიც, ისევ იმ ბარში მოვხვდი. პრინციპში, იმ ბარში ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ მხოლოდ იმ დღის შემდეგ გახდა ჩემი იქ მოხვედრის ამბავი ამდენად მნიშვნელოვანი. ავტომატურად მიდიოდა ჩემი ფიქრები ივისკენ. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. შუქები იგივე იყო, სასმელიც, თითქოს ხალხიც, მაგრამ ის არ იყო არსად. არ იყო არსად და საშინელი სიცარიელის განცდა მფხაჭნიდა შიგნიდან. ვერ ვისვენებდი. იმ სივრცეში ვერ ვჩერდებოდი, მაგრამ წასვლაც არ მინდოდა. მანიაკს დავემსგავსე. ისევ ვისკი შევუკვეთე და ბართან ჩამოვჯექი. „გამარჯობა.“ ხმა იმდენად მივამსგავსე ივის, შემეშინდა კიდეც. მერე მივბრუნდი და დავინახე, ნამდვილად ის იყო. „გამარჯობა.“ ვუპასუხე, გავიღიმე. „იმ დღეს ძალიან ცუდად გამომივიდა...“ „რა გამოგივიდა ძალიან ცუდად?“ „აი, ასე წასვლა. არაფერი მითქვამს...“ „რა უნდა გეთქვა? თან, როგორ არ გითქვამს, მადლობა მითხარი.“ გაეცინა. „არ ვიცი, ისე წამოვედი, თითქოს არაფერი ყოფილა. თითქოს...“ „ივ, მომისმინე“ გავაწყვეტინე, „არ არის საჭირო ბოდიშები, მადლობები და წითელი ხალიჩები. ჩათვალე, რომ ზუსტად ისე წახვედი, როგორც უნდა წასულიყავი.“ ვისკი ბოლომდე გამოვცალე. „იცი... არავინ მეძახის ასე სახელს, შენსავით.“ წამით გავშრი. მერე ვუთხარი: „ჰო. ამიტომ, არასდროს დაგავიწყდები.“ „არასდროს.“ თვალებში მიყურებდა და ზუსტად ისეთი ნაპერწკლები ენთო, როგორც მაშინ. „როგორ ხართ შენ და შენი მარადიული სიყვარული?“ ვკითხე და მაშინვე თვალები დახარა. „ისევ ისე.“ „ანუ, ისევ ცდილობთ სიყვარულის მარადისობა ითამაშოთ?“ „ჰო. რაღაც ამდაგვარი.“ „მერე, რომელს უფრო გამოგდით?“ „მე მგონი, მას.“ „და შენ?“ „მე ახლა ვზივარ ბარში გოგოსთან, რომელთანაც წინა კვირას ვიწექი.“ „იქნებ ისიც ზის ბარში გოგოსთან, რომელთანაც წინა კვირას იწვა?“ „შეუძლებელია.“ „შეუძლებელი არაფერი არ არის, ივ.“ დავინახე, რომ გაეღიმა. „არც ის, რომ ახლა მაკოცო?“ არ ველოდი მაშინ ამას მისგან, მაგრამ მივუახლოვდი. ფეხზე ხელი დავადე და კაბის ქვეშ ფრთხილად შევუცურე თითები. მერე პირდაპირ ტუჩებთან ვუჩურჩულე: „ეგ, მით უმეტეს, არ არის შეუძლებელი.“ მაგრამ არ მიკოცნია. ხელს უფრო ღრმად ვაცურებდი შიგნით. ის კი ტუჩებით უფრო მოიწევდა ჩემკენ. მე უკან მივდიოდი. ის ისევ მიახლოვდებოდა. „ელ...“ ამოთქვა მთელი არსებით და მაშინ ვაკოცე. მთლიანად შევისრუტე და მივხვდი, რომ გემო იგივე იყო. ზუსტად იგივე. სწორად მახსოვდა. სწორი ვიყავი. მისი კანიც იგივე იყო. სითბოც და სისველეც, ზუსტად. ვგრძნობდი, ვეღარ სუნთქავდა, მაგრამ არ გავჩერდი. ზუსტად ვიცოდი, რას განიცდიდა და მინდოდა, ბოლომდე შეეგრძნო ეს სურვილი. არც ის გაჩერებულა. იმ ღამით, ჩემს საწოლზე, ამჯერად ნაცრისფერ თეთრეულში რომ ვიწექით, ივი მიყვებოდა თავის ამბავს. მიყვებოდა სიყვარულზე, რომლისაც მე არ მჯეროდა და რომლის არარსებობის დამადასტურებელი საბუთი მაშინ ჩემ გვერდით იწვა. მიყვებოდა თვითონ. პასუხობდა კითხვებს, რომლებსაც მე არ ვსვამდი. თავად კი ყველა იმ ღამით შემობრუნებულ კითხვას ბუნდოვნად ვპასუხობდი. „შენ, ელ?“ „რა, მე, ივ?“ „არასდროს გყვარებია?“ „მე მთელი ცხოვრება მიყვარდა.“ „მერე?“ „მერე, დამთავრდა.“ „დამთავრდა?“ „ჰო, ცხოვრება. რომ გაგრძელებულიყო, ალბათ მერეც მეყვარებოდა, სულ, მაგრამ დამთავრდა“ ამის მერე აღარაფერი უთქვამს. ცოტა ხანში, რომ დავხედე, მშვიდად ფშვინავდა. ეძინა. ისევ ჩემს საწოლში ეძინა და მე ისევ ვერ ვბედავდი, სახეზე მოვფერებოდი მძინარეს. თითქოს ძილი მისთვის პორტალი იყო. სადღაც სხვაგან გადადიოდა, სადაც სიმშვიდეს პოულობდა და მე ამ პორტალის შესასვლელთან ვიდექი მცველად. მაშინ და ყოველთვის მე მისი სიმშვიდე მებარა, მეგონა ვერასდროს გავრისკავდი, რომ ეს სიმშვიდე დამერღვია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს, ვიცოდი, მის სიმშვიდეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდი. იმ ღამეს ჩამეძინა. დილით, თვალი რომ გავახილე, უკვე თმას ივარცხნიდა. გაუნძრევლად ვიწექი და ვუყურებდი. ულამაზესი სხეული ჰქონდა და თმა, ყავისფერი, აქაიქ სხივებით. „დილამშვიდობის,“ მომესალმა ღიმილით. „დილამშვიდობის,“ ვუთხარი მეც. „დალევ ყავას?“ „დავლევ,“ თან საათს დავხედე, „მაგვიანდება, მაგრამ დავლიოთ ყავა.“ მაგიდაზე საუზმეულს ვაწყობდი და თან ვუყურებდი. უცნაურად მშვიდი იყო მაშინ. თითქოს სულ ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე. მერე ვკითხე: „რატომ იღიმი?“ „ვიღიმი?“ „ჰო.“ „არ ვიცი. კარგ ხასიათზე ვარ.“ „ჩემს საწოლში გაღვიძების გამო ალბათ...“ ვუთხარი სიცილით. „ჰო. ახლაც შენი სუნი მაქვს ყველგან.“ გამეღიმა. მერე დავსხედით და ვისაუზმეთ. მან ყავა დალია, მე - ისევ რძიანი ჩაი. „ჩაის ყოველთვის რძით რატომ სვამ?“ მკითხა პატარა ბავშვივით. „დედაჩემს უყვარდა ასე. მერე მეც მივეჩვიე და გადაჩვევა არ აღმოჩნდა ადვილი.“ „შეიძლება, გავსინჯო?“ ჭიქა მივაწოდე და მის თითებს შევეხე წამიერად. ისეთი იყო... გემრიელიაო, გამოიტანა განაჩენი ძალიან ფართო ღიმილით. „ჰო, მართლა.. ლაპარაკობ ძილში?“ მკითხა მერე უეცრად. „შეიძლება, არ ვიცი. რატომ?“ „ბუტბუტებდი წუხელ.“ „მართლა? რას ვამბობდი?“ „არ ვიცი. ვერ გავარკვიე. მე თვითონაც მეძინა თითქმის, მაგრამ აშკარად ლაპარაკობდი.“ „კარგი, ვეცდები მომავალში აღარ განმეორდეს.“ „მომავალში?“ „ჰო, მომავალში. თუ ისევ მოგიწევს ჩემთან ერთად ძილი, რა თქმა უნდა.“ „ელა...“ „ჰო.“ „შენთან მშვიდად ვარ. როგორ ახერხებ ამას?“ „ბიოდენები მაქვს...“ გაეცინა ჩემს უაზრო ხუმრობაზე, „არ ვიცი.“
*** თითქმის ორი კვირა არ გამოჩენილა. მე ბარში აღარ წავსულვარ. უამრავი საქმე მქონდა და სახლში შუაღამისას ვბრუნდებოდი ისეთ მდგომარეობაში, საწოლამდე მისვლას ძლივს ვახერხებდი, რომ დამეძინა. საქმემ გადაფარა ივის სახე ჩემს თავში, თუმცა ზოგჯერ მაინც გამიელვებდა ხოლმე ფიქრი. ფიქრი, რომ შეიძლება იქ არის და მელოდება, რომ მეძებს, ან რომ საერთოდ აღარ ვაინტერესებ, რატომ უნდა ვაინტერესებდე? მე მასზე არაფერი ვიცოდი იმის გარდა, რომ რაღაცნაირი უიღბლო სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა და იქიდან თავს ვეღარ აღწევდა. ეშინოდა, ვერ ბედავდა. ძალიან ბევრი დეტალი არ მახსოვდა მისი ამბიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაწვრილებით მიამბო. არა იმიტომ, რომ ყურადღებით არ ვუსმენდი. უფრო იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ყველა ამ დეტალის ფასი. ერთხელ, მისავათებულს ტანსაცმლიანად რომ მეძინა ლოგინზე, კარზე ბრახუნი მომესმა შორიდან. მერე რომ გამოვფხილდი, მივხვდი, მართლა აკაკუნებდა ვიღაც. დაბნეულმა გავაღე კარი და ზღურბლზე აცრემლებული ივი დამხვდა. ტიროდა. ტუში თვალებქვეშ ჩამოსვლოდა. თმა ოდნავ აწეწილი ჰქონდა. „არ ვიცოდი, სად წავსულიყავი...“ ამოიკნავლა, როგორც კი კარი გავაღე. „რა მოხდა, ივ?“ „დავშორდით.“ „ესე იგი, დაგასწრო“ ოდნავ გამეღიმა, „შემოდი...“ „მიღალატა... წარმოიდგინე, საკუთარ...“ და გაუჩერებლად, მთელი ღამე ყვებოდა ამჯერად უკვე დანგრეული სიყვარულის ისტორიას. ყვებოდა, რომ უბედური იყო, რომ მიატოვეს, რომ გათელეს, რომ... „შენც ხომ უღალატე, ივ.“ ვუთხარი ისე, სასხვათაშორისოდ. „მე?“ „ჰო, შენ. თუ ქალთან სექსი ღალატად არ ითვლება?“ გაჩუმდა. „კარგი, დამშვიდდი. მოდი ჩემთან...“ ჩავეხუტე. დივანზე ვისხედით. რძიან ჩაის სვამდა და ლაპარაკობდა. მაშინ უკვე აღარ ტიროდა. ვეფერებოდი. ბევრს არ ვლაპარაკობდი. ასეთ დროს ლაპარაკი დატუქსვას უფრო ჰგავს და მაშინ არცერთი მათგანი არ იმსახურებდა დატუქსვას. ყველაფერი აბსოლუტურად კანონზომიერი იყო და ეს ივმაც იცოდა. იცოდა და ამიტომაც გრძნობდა შვებას, უბრალოდ, შეურაცხყოფილი იყო, რადგან პირდაპირ მოუწია იმ ფაქტთან შეჯახება, როგორ გაცვალეს სხვა ქალზე; და ამას ივი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქალი, ვერასდროს აიტანდა. უარყოფას, ჩანაცვლებას, მაშინაც კი, როცა თავად იმ ადგილის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილას სურს ყოფნა, ქალი არასდროს ეგუება. „წამო, რა. დავიძინოთ, ივ. ხვალ ძალიან ადრე უნდა ავდგე...“ „შენც როგორ შემოგეჭერი ამ შუაღამეს.“ ძალიან შეწუხდა ივი. „სისულელეს ნუ ამბობ. წამოდი, დავწვეთ.“ „ელა...“ „ჰო, ივ, გისმენ. „მოვალ ხოლმე შენთან, რა. შეიძლება?“ „შეიძლება,“ გამეცინა „მოდი ხოლმე.“ დილით ადრე მომიწია ადგომა. მას ჯერ კიდევ ეძინა. ისეთი ლამაზი იყო. სიმშვიდე ეწერა სახეზე. მაგიდაზე წერილი და გასაღები დავუტოვე და წავედი. რომ დავბრუნდი, თვითონ აღარ დამხვდა, მაგრამ ჩემსავე წერილზე, ფურცლის კუთხეში, ვარსკვლავი იყო მიხატული. მაშინ მივხვდი, რომ მის თვალებში ვარსკვლავები კიაფობდნენ ყოველთვის. მაშინაც კი, როცა უბედური იყო და ტიროდა. მაშინაც, როცა ცდილობდა, გამოვეწვიე და მაშინაც, როცა დამნაშავე გამომეტყველებით მიხდიდა ბოდიშს აბსურდის გამო. იმავე საღამოს ისევ მოვიდა ჩემთან. „შენთან ლაპარაკი მინდოდა...“ მითხრა კარის ზღურბლზე მდგარმა. „შემოდი.“ ჩაიზე უარი მითხრა, სავარძელში მოკალათდა და ბორძიკით დაიწყო: „იცი, ელ... ის, რაც ჩვენ გვქონდა...“ „ჰო, ივ.“ „არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი.“ „გასაგებია.“ „ეს არ არის ჩემი ცხოვრება. მე ასეთი არ ვარ.“ სწრაფად მიაყარა ერთმანეთს, თითქოს უნდოდა მანამდე ეთქვა, სანამ ვინმე წაასწრებდა. „როგორი, ივ?“ „ხომ გესმის, რასაც ვამბობ.“ „მესმის, მაგრამ შენ მინდა მითხრა. როგორი არ ხარ?“ „ისეთი, რომ შენთან ერთად ვიყო. ელა...“ „ჰო, ივ.“ „ვერ გავაგრძელებ ასე.“ „კარგი. ნუ გააგრძელებ.“ „მაპატიებ?“ „ნუ იხდი სულელივით ბოდიშებს ასე ისტერიულად, რა.“ „წავალ.“ „გაგაცილო?“ ადგა და წავიდა. ისეთი არ ვარ, რომ შენთან ერთად ვიყოო მითხრა და მერე მთელი ღამე თავში უსასრულოდ მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა. ადამიანებს რაღაცნაირად ყოფნა ჭირდებათ, რომ მეორე ადამიანთან იყვნენ. ეს მე განსაკუთრებულს მხდის თუ გადასაგდებს? იქნებ ორივეს ერთდროულად. ნეტავ ბევრი იფიქრა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა? ძალიან უცნაური ამბავია, ადამიანებმა არასოდეს ვიცით, რამდენი უნდა ვიფიქროთ. ფიქრი ყოველთვის ან ზედმეტია ან არასაკმარისი. არცერთი წამით არ გამიმტყუნებია ივი. მეტიც, მე მანამდე ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს მეტყოდა, ვიდრე თვითონ გადაწყვეტდა მაშინ ჩემთან მოსვლას. მე ისიც კი ვიცოდი, რომ ძალიან მალე ისევ ვნახავდი ჩემს კარებთან და ეს არ იქნებოდა ჩემი გამარჯვება. მე და ივი ერთმანეთს არ ვეჯიბრებოდით, როგორც ძალიან ხშირად ან თითქმის ყოველთვის იქცევიან ადამიანები. მე უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გაძლებდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამომშრალი არსებისთვის ეს, ერთი შეხედვით, სულერთი ჩანდა, ასე სულაც არ იყო. ველოდებოდი. არ მიჭირდა უმისობა, მაგრამ მაინც ველოდებოდი და ზოგჯერ ისტერიაში გადამდიოდა ეს ლოდინი. შეშლილივით დავდიოდი ოთახიდან ოთახში, გაუაზრებლად ვსვამდი ზედიზედ რამდენიმე ჭიქა რძიან ჩაის და თავში ყველა გადახდენილ მომენტს ვათვალიერებდი მასთან ერთად. ჩემს სახლში, არა ისე მძაფრად, თუმცა მაინც ჯერ კიდევ იდგა მისი თმის სურნელი. მერე მახსენდებოდა, მე ისეთი არ ვარ, შენთან ერთად რომ ვიყოო და ამ ნათქვამს ვერანაირად ვერ ვაბრუნებდი ისე, რომ მისგან რაღაც ამის საწინააღმდეგო გამომეწურა. თუმცა, არ მჯეროდა. არ მჯეროდა მისი ან მისი სიტყვების არ მჯეროდა იმიტომ, რომ არც თავად სწამდა იმის, რასაც მეუბნებოდა. ამიტომ ვიცოდი ზუსტად, რომ ერთხელ ისევ დარეკავდა ზარს და კიდევ მილიონ უაზრო, უმიზეზო და უადგილო ბოდიშს მოიხდიდა, ღმერთმა იცის, რისთვის. უკვე გვიანი ღამე იყო. როგორც კი კარზე ზარის ხმა მომესმა, მივხვდი, ის იყო. „არ შემიძლია.“ მომეჩვენა, რომ ისევ ტიროდა. „მოხვედი.“ „ჰო, მოვედი.“ მთელ სხეულში უცნაურ ჟრუანტელს ვგრძნობდი და სიმხურვალეს. ხელი მოვკიდე და ისე შემოვიყვანე ოთახში. კარს რომ ვკეტავდი, ზურგიდან მომეხვია და ძალიან დიდი ხანი ერცერთი არ გავნძრეულვართ. ვცდილობდი, გაყინული ხელები გამეთბო. ის არაფერს ამბობდა. „მომენატრე“ ვთქვი ჩუმად. „მეც მომენატრე. ძალიან.“ მერე, ჩემს სტაფილოსფერ თეთრეულში გახვეული ივი სიცილით კვდებოდა: „რამდენი ფერის თეთრეული გაქვს, ელა?“ არაფერი მიპასუხია. არ მითქვამს, რომ ჩემი თეთრეულები მის ყველა ვიზიტს ეყოფოდა, რამდენჯერაც არ უნდა მოსულიყო. ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამდენად მყიფე იყო ჩვენი ამბავი. რომ ყოველ ჯერზე, როცა მიდიოდა, შეეძლო უკან აღარასდროს დაბრუნებულიყო და ალბათ ასეც უნდა მოქცეულიყო რომ არა რაღაც, რაც ჩემთან აკავებდა. მე კი ამ დროს მქონდა შეგრძნება, თითქოს არაფერს გავცემდი. მაშინაც კი, როცა ივის თვალებში რაღაცნაირ სავსე მადლიერებას ვხედავდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი. არაფერს ვაკეთებდი სამადლობელს ის კი თითქოს ყოველ წამს მადლობას იხდიდა იმისთვის, რომ ვარსებობდი. მე უბრალოდ მინდოდა, ის ბედნიერი მენახა. ყველაზე მკაფიოდ ვარსკვლავები მის თვალებში სწორედ მაშინ ჩანდა, როცა ბედნიერი იყო და მე ამ ვარსკვლავების თვლაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებდა. არასდროს მითქვამს, რას ვაკეთებდი, როცა თვალებში ვუყურებდი ხოლმე. როცა შემეძლო მთელი ღამე ეს მეკეთებინა, გიჟდებოდა. მერე თვალები ეხუჭებოდა და იმ დღეს ჩემთვის ფარდა ეშვებოდა, წარმოდგენა მთავრდებოდა. მერე ნაზად ვკოცნიდი ორივე დახუჭულ თვალზე და ყოველთვის ვამჩნევდი ღიმილს ტუჩებზე. ამ დროს უკვე ეძინა ხოლმე. მერე, როცა კიდევ ძალიან ბევრჯერ გაიღვიძა ივმა ჩემს საწოლში, მე ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ აი ის „მე ისეთი არ ვარ, ეს ჩემი ცხოვრება არ არის“ ისევ უღრღნიდა თავში რაღაცას, თუმცა ამავე დროს ისეთი ბედნიერი იყო, ზოგჯერ საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი, მისი ბედნიერების გარდა. თითქმის ყოველ ღამე მოდიოდა ჩემთან. ტრადიციულად, ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი. მერე ვწვებოდით და მე მისი ხერხემლის მალებს ვითვლიდი. მაშინ ძალიან მინდოდა, შემძლებოდა, არაფერზე მეფიქრა.
*** შენ აღარ ხარ არსად. სიბნელეა და ვერ გხედავ. არადა, ვგრძნობ. ვიცი, სადღაც ახლოს უნდა იყო. სადღაც ახლოს. ხმა ისმის. ონკანიდან წყალი წვეთავს და ვერ ვაგნებ. ყველა მხარეს გასასვლელია. საითაც გავიხედავ, ყველგან დერეფანია და შიში მიპყრობს, მაგრამ გიპოვო უნდა. მგონია, ზუსტად იქ ხარ, საიდანაც წყლის წვეთების ხმა ისმის. თვალებს ვხუჭავ და უბრალოდ მივყვები ხმას. მეშინია თვალების გახელის იმიტომ, რომ ვიცი, საშინელება დამხვდება, მაგრამ იქნებ მოვასწრო.. იქნებ მოვასწრო, იქნებ... ვერ ვასწრებ. ვერც ახლა ვასწრებ. საოცარი სიმშვიდით წევხარ ცივი წყლით სავსე აბაზანაში და ვინ იცის, უკვე რამდენი ხანია, აღარ სუნთქავ. ისევ ვერ მოვასწარი.
იმ დღეს მარტომ გავიღვიძე. არაჩვეულებრივი ამინდი იყო და ივმა მთხოვა, გავისეირნოთო სადმე. პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლის გარეთ შევხვდით ერთმანეთს და ვისეირნეთ. თითქოს არაფერი ისეთი, მაგრამ ამან ახალი უჯრა გახსნა ჩვენს ურთიერთობაში. თითქოს მეტი სინათლე შემოიტანა. „იცი, რომ დანახვისთანავე მომეწონე?“ მკითხა, როცა ვანილის ნაყინის პირველი ლუკმა ჩაკბიჩა და გამიღიმა. „ვიცი.“ „საიდან იცი?“ „ვიგრძენი.“ „როგორ?“ „ტანით.“ „მართლა?“ „მართლა. სხვა შემთხვევაში მეც დანახვისთანავე არ მომეწონებოდი.“ მერე სკამზე ჩამოვჯექით. თმას ნიავი უფრიალებდა და თვალებში მზის სხივები ედგა. თვალს ვერ ვაშორებდი ისეთი ლამაზი იყო. როგორც ყოველთვის, ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი. „იცი, თავიდან მეშინოდა შენი.“ „მე მგონია, რომ ახლაც გეშინია.“ „რატომ გგონია?“ „იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა გვერდით მიზიხარ, ვგრძნობ, როგორ ცახცახებ.“ „რა სისულელეს ამბობ!“ შეიცხადა და გაეცინა. არადა, მართალი ვიყავი. „არ ვამბობ სისულელეს. არც კი სუნთქავ მშვიდად.“ „კი, ეს მართალია.“ „რისი გეშინია, ივ?“ „არ ვიცი.“ „გეშინია, რომ გაკოცებ ახლა?“ ამ დროს უკვე მის მხარს ვეხებოდი ტუჩებით. „არა.“ „აბა, რისი გეშინია? მითხარი.“ მომიბრუნდა და თვითონ მაკოცა. არაფერი უპასუხია, უბრალოდ მოტრიალდა და მაკოცა და მაშინაც კი, იმ წამებშიც კი ვგრძნობდი, რომ მთელი სხეულით აცახცახებდა. შიგნიდან ჭამდა რაღაც. პატარა ბავშვივით კანკალებდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი ამის შესაჩერებლად. არადა, თითქოს ისეთი ბედნიერი იყო. თითქოს... „ივ, ყველაფერი კარგად არის?“ „არ ვიცი.“ „ხომ იცი, თუ ოდნავ მაინც დისკომფორტს გრძნობ, შეგვიძლია...“ „შენთან მინდა.“ გამომიცხადა უცებ. გავშრი. „მე შენთან მინდა, ივ. ყველაფერზე მეტად ამ წამს.“ „არ მაინტერესებს სხვა არაფერი. შენთან მინდა.“ ლაპარაკობდა ამოსუნთქვის გარეშე, „ასე მგონია, შენ გარეშე ის არ ვიქნები, რაც ვარ. ელა. მჭირდები. სულ მჭირდები და სულ დამჭირდები, ვერ ვიარსებებ უშენოდ. მინდა, სულ მყავდე გვერდით. სულ, გესმის? ელ...“ „ჰო, ივ.“ „მიყვარხარ. ძალიან.“ თავზარი დამეცა. ფიზიკურად ვიგრძენი კეფაში ისეთი ძლიერი დარტყმა, თვალები დამეხუჭა და დღემდე არ ვიცი, მაშინ ცრემლები როგორ შევიკავე. შემეშინდა. ისეთი ძლიერი შიში ვიგრძენი, არასდროს რომ არ მიგრძვნია. თითქოს მიწა შეირყა და იმ წამს, მერჩივნა ჩავეტანე ვიდრე ივის წინ ვმჯდარიყავი და იძულებული ვყოფილიყავი, რაღაც მეპასუხა. არ შემეძლო. უბრალოდ უნარი არ მქონდა მაშინ ადეკვატური დავრჩენილიყავი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. იქ იჯდა და სახეზე ის ყველაფერი ეწერა აბსოლუტური სიზუსტით, რაც რამდენიმე წუთის წინ მითხრა. არაფერს ამბობდა. პასუხს ელოდა. „სულ შენთან ვიქნები, ივ. შენ სანამ მოინდომებ, ყოველთვის შენთან ვიქნები.“ ეს მაქსიმუმი იყო, რისი თქმაც შემეძლო. არ ვიცი, სხვას ელოდებოდა რამეს თუ ზუსტად ის იყო, რისი მოსმენაც უნდოდა, მაგრამ ამ ყველაფრის სათქმელადაც კოლოსალური ძალის მოკრება დამჭირდა. და მაშინ შემზიზღდა საკუთარი თავი. რამდენადაც ივს ვუყვარდი, მე იმდენად მძულდა თავი და მინდოდა აპოკალიფსი დაწყებულიყო, რომ რამენაირად თავი დამეღწია ამ ყველაფრისთვის. არადა... ისეთი იყო, სიტყვებში ვერაფრით ვატევ. კოსმოსს ჰგავდა ყველაზე მეტად. ისეთი სუფთა იყო, ისეთი ნამდვილი, ვერასდროს ვხვდებოდი, რა აჩერებდა ჩემთან. იმ დღის მერე ყოველდღე ვხედავდი, რამხელა გრძნობას იტევდა და კიდევ რამდენის დატევა შეეძლო. ვხედავდი და მერე ვიდექი და გიჟივით ვისხლეტდი ამ უზარმაზარ გრძნობას, რომ საპასუხო არაფერი მეგრძნო, რომ არ დამენგრია, არ გამენადგურებინა. ისედაც საკმარისად ვტკენდი. ის კი მიყურებდა მთელი თავისი სინათლით, თითქოს ჩემ გარდა არაფერი სამყაროში არ არსებულა თითქოს მართლა დაიღუპებოდა, თუ მე არ ვეყოლებოდი. მიყურებდა და ბედნიერი იყო, ვგრძნობდი, მაგრამ იმდენად ვიყავი გადაჩვეული იმას, რომ ადამიანები ჩემ გამო ბედნიერები იყვნენ, ვერ ვიჯერებდი, ვერ ვითავისებდი და თვალებს ვხუჭავდი. იმ დღეს მასთან წავედით. ესეც სიმბოლური იყო და ამდენი სიმბოლო ერთი დღისთვის ზედმეტი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ მის სახლში ყოფნა მაინც სხვა ემოცია იყო. სახლში, სადაც ყოველ საღამოს მოდიოდა და ყოველ დილით იღვიძებდა თუ ჩემთან არ იყო. სადაც დაღლილი შესასვლელშივე იხდიდა ტანსაცმელს და სადაც ყველა კუთხეში მისი სუნი იდგა მთლიანად. იმ წამსვე თავბრუ დამეხვა, როგორც კი სახლში შევედით. ამხელა კონცენტრაციით ივი არასდროს მიგრძვნია და მაშინ მივხვდი, რომ თუ ამ ამბიდან თავის დაღწევა ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა, იქნებოდა აუტანლად რთული. ჩემნაირი ადამიანისთვის ისედაც არ იყო ადვილი, რაღაც ამბებში თავის გახლართვა იმიტომ, რომ ზომა და საზღვარი არაფერში ვიცოდი და მერე, ყოველთვის უკუღმა მიბრუნდებოდა ხოლმე ყველაფერი. მაშინ კი, სწორედ მაშინ, როცა ივმა მიყვარხარო მითხრა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში არანაირი ამბავი აღარ უნდა მქონოდა, თუ მინდოდა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. მიხვედრა, სამწუხაროდ, დაგვიანებული აღმოჩნდა. იმავე საღამოს ივის სახლის მისაღებში ვიდექი და ახლა უკვე ის აკეთებდა ჩემთვის ჩაის. ფართო სავარძელში ვიჯექი, თავი საზურგეზე მქონდა მიყრდნობილი და თვალები დახუჭული. მეგონა თავი გამისკდებოდა. საშინელი ხმაური მესმოდა შიგნიდან. ვერაფრით ვაჩერებდი. მარწუხებს ვგრძნობდი მთელ სხეულზე და ვერაფერს ვაკეთებდი. ყვირილს დავიწყებდი, მისი ხმა რომ არ გამეგონა. „კარგად ხარ?“ თვალები გავახილე. „ჰო, დავიღალე ცოტა უბრალოდ.“ ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა და თვითონ სავარძლის გვერდზე ჩამოჯდა. „იცი, რა ლამაზი ხარ?“ მითხრა და სახეზე მომეფერა. გამეცინა. „ძალიან?“ „ძალიან ძალიან.“ „ულამაზესი.“ „მართლა.“ მერე თავით ჩამიკრა გულში და მეფერებოდა თმაზე დიდხანს, ძალიან დიდხანს. მე კი თვალდახუჭული ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ის ხმაური სადღაც გამქრალიყო. თავიც უფრო ნაკლებად მტკიოდა. „ვიცი, რაღაც გტკივა. და იცოდე, ნებისმიერ დროს, როცა მოგინდება, შეგიძლია მელაპარაკო.“ მეუბნებოდა და ვერ ვუძლებდი. უბრალოდ ვერ ვიკავებდი თავს. ცრელმები წამომივიდა და უცებ შევიმშრალე, რომ არ შევემჩნიე. „ვიცი.“ ვუთხარი და ხელის გულზე ვაკოცე. „ისიც იცოდე, რომ მე სულ მეყვარები ყველაზე მეტად.“ აქ ვერაფერი ვუპასუხე, ის აგრძელებდა. იმ საღამოს იმდენი „მიყვარხარ“ ითქვა იმ ოთახში, არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი. ყოველ ჯერზე თითქოს ერთი ფენა კანი მძვრებოდა და ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეული იყო. მისი გულწრფელობა, მისი ამხელა, უზარმაზარი ემოცია, რომელიც პირდაპირ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა, თანდათან აუტანელი ხდებოდა და ზოგჯერ ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა სუნთქვა. მისი საძინებლიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა ქალაქზე. თავი მის მუცელზე მედო და მანქანების ხმას ვუსმენდი. ის ისევ ჩემი თმით თამაშობდა და მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ ვერ ვიტანდი, როცა ვიღაც თმაზე მეხებოდა. იმ დროს ვგრძნობდი, რომ ცხოვრება ჩემგან დამოუკიდებლად გრძელდებოდა. ჩემი საკუთარი ცხოვრება ჩემი მონაწილეობის გარეშე მიედინებოდა და ამაში კატასტროფულს ვერც ვერავინ ხედავდა რამეს. ფაქტი იყო, ორივე ვუძლებდით თუ ვეგუებოდით. არადა მისი თვალებიც ვერ ამომდიოდა თავიდან. აი ის თვალები, ჩემს დანახვაზე რომ უნათდებოდა და როგორ ემსგავსებოდა პატარა ბავშვს, როცა სიყვარულს მეფიცებოდა ხოლმე. ასე გულწრფელად არავის ვყვარებივარ ცხოვრებაში და მე ყოველ ჯერზე უფრო უარესად ვიქცეოდი. „არ ხარ კარგად, ჰო?“ მკითხა ბოლოს აშკარად დასევდიანებულმა. „ჰო.“ „მინდა, მოგეფერო.“ „მომეფერე.“ ზურგზე ვიწექი და ბეჭებზე ვგრძნობდი მის ხელებს. ის იყო ჩემი განსაწმენდელი. თითქოს ყველა ცოდვას ცალ-ცალკე მხსნიდა ზურგიდან, თუმცა სინამდვილეში ერთიორად მამძიმებდა. არ მჭირდებოდა გადარჩენა. არც განწმენდა მჭირდებოდა. მზად ვიყავი ზუსტად ისეთივე დამნაშავე წარვმდგარიყავი უფლის წინაშე, როგორიც მთელი ცხოვრება ვიყავი. არ მჭირდებოდა, არ ვიმსახურებდი ხსნას. მას კი ვუყვარდი. ვუყვარდი თავდავიწყებით და მთელი გულით. მერე მომაფიქრდა. ისეთი რაღაც მომივიდა თავში, რის იქითაც თითქოს არანაირი გამოსავალი არ არსებობდა. თავი არ ამიწევია, ისე ვუთხარი: „ჩემთან გადმოდი, ივ.“
*** მელაპარაკები, მაგრამ შენი არცერთი სიტყვა არ მემის. ან ძალიან შორს ხარ, ან მე მაქვს სმენა დახშული. არადა, ვხედავ წინ მიზიხარ. ერთი მაგიდის ორ ბოლოში, ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ და წესით უნდა ვლაპარაკობდეთ ისე, როგორც ყოველთვის ვლაპარაკობდით, მაგრამ მე შენი არ მესმის. ვცდილობ, გითხრა, რომ ვერ ვიგებ, რას ამბობ, თუმცა ამაოდ. ხმა არ ამომდის. ან საკუთარ ხმასაც ვეღარ ვიგებ. მერე ვხედავ იარაღს შენს ხელში და ვიწყებ კივილს, უმისამართოს, გოდებას, თხოვნას, ხვეწნას, მაგრამ არაფერი ჭრის. ვერ ვდგები. ვერ ვინძრევი. ვერ გიახლოვდები. ცრემლები ჩამომდის ღაპაღუპით. გარშემო ყველაფერი თეთრია, ყველაფერი, სანამ გასროლის ხმა... მერე ძალიან დიდხანს მე და ივი ერთად ვიღვიძებდით და ერთად ვიძინებდით ხოლმე და ერთად ვსაუზმობდით და ერთად ვსადილობდით და ერთად ვვახშმობდით და ერთად ვიღებდით შხაპს და ვიწექით ერთად... ყველაფერს ისე ვაკეთებდით, როგორც ერთი მთლიანი ადამიანი და ვერცერთი ვერ ვხვდებოდით, რომ ეს ნელ-ნელა საშიში ხდებოდა. ყოველი დღე მისი ღიმილით იწყებოდა და ძალიან ხშირად ასევე მთავრდებოდა. ჩემთვის ზედმეტი იყო ამხელა ბედნიერება. იდეალურამდე ძალიან ცოტა აკლდა ჩვენს ერთად ყოფნას. მე კი ყოველთვის მეშინოდა იდეალების. საერთოდაც, ძალიან ბევრი რამის მეშინოდა მთელი ცხოვრება, ივის ჩათვლით, სხვათა შორის, უბრალოდ ეს მისთვის არასდროს მითქვამს. არ მითქვამს იმიტომ, რომ საშინელი ეგოისტი ადამიანი ვიყავი და არ მინდოდა, დამეკარგა. მე ვიყავი ბედნიერი მანამ სანამ ის იყო ბედნიერი ან ვცდილობდი, საკუთარი თავი დამერწმუნებინა ამაში. იმდენად ბედნიერი ვიყავი მაშინ, იმ პერიოდზე ლაპარაკი დღესაც ძალიან მიჭირს. მინდა, ის ემოციები საკუთარ თავში დავაკონსერვო და იქვე დავტოვო. ერთ დღეს, სანამ სახლიდან გავიდოდი, ჩვეულებისამებრ როცა ვაკოცე, უცნაურად ცხელი მეჩვენა. თავად იუარა, არაფერი მჭირსო, მაგრამ მაინც გავუზომე სიცხე. თერმომეტრი 39.2 გრადუსს აჩვენებდა. იწვოდა ივი. წამიაერად პანიკამ მომიცვა. მერე სასწრაფოდ დავაწვინე, მივეცი სიცხის დამწევი და დაველოდე. უშედეგოდ. ტემპერატურამ კიდევ უფრო აუწია. ვასმევდი თაფლიან და ლიმონიან ჩაის და ველოდებოდი, როდის იმოქმედებდა წამალი. სახეზე ოფლი ასხამდა, თვალებს წესიერად ვერ ახელდა. ჩემი ხელი ეჭირა და გაბმულად მელაპარაკებოდა: „ელა, არ დამტოვო, რა.“ „არა, ჩემო პატარა. აქ ვარ.“ „ჩემთან იქნები, ჰო?“ „სულ შენთან ვიქნები.“ „სულ, ელა?“ „სულ, ივ.“ „არ წახვიდე არსად. ჩემთან იყავი.“ „შენთან ვარ, ივ. აქ ვარ.“ „თავი მისკდება, ელ. ვერ ვაჩერებ, ისე მტკივა.“ ვგიჟდებოდი. ნერვების დაწყვეტა მინდოდა კბილებით. ტკიოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი ამ ტკივილის შესაჩერებლად მაშინ, როცა მზად ვიყავი მთლიანად საკუთარ თავზე ამეღო ეს ტკივილი, ოღონდ ის ყოფილიყო კარგად. არც ტკივილგამაყუჩებლებმა უშველა, არც სიცხის დამწევმა. ყველაფერს უშედეგოდ ვაკეთებდი. არაფრით არ მაძლევდა საშუალებას, ექიმისთვის ან სასწრაფო დახმარებისთვის დამერეკა. თავს იგიჟებდა, არ მომშორდეო და მეც ვეჯექი თავთან, მისი ხელი მეჭირა და ვეფერებოდი. „ელა, მიყვარხარ ძალიან, იცი?“ თითქმის სრული აგონიიდან მელაპარაკებოდა. „ვიცი, ივ. მეც მიყვარხარ.“ „გიყვარვარ?“ „მიყვარხარ.“ „მართლა?“ „მართლა.“ და მერე მე იგივეს საკუთარ თავს ვეკითხებოდი და ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, რომ ვერ დავუშვებდი მის დაკარგვას და ასე მხოლოდ მაშინ შეიძლება გრძნობდე ადამიანს, როცა გიყვარს. სრულიად გაუსაძლისი რომ გახდა მისი მდგომარეობა, სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ვირუსული ინფექცია ჰქონდა. გადასხმები გაუკეთეს და იმავე საღამოს სუსტად, თუმცა უკეთ იყო. მე მთელი დღის განმავლობაში მთელი სხეული იმდენად მქონდა დაჭიმული რომ საღამოს, მაშინაც კი, როცა საშიში აღარაფერი იყო, ვერ დავმშვიდდი. „ხომ ყველაფერი კარგად არის, ექიმო?“ ვკითხე ექიმს, როცა ივს სისტემა დაუდგეს და ჩაეძინა. „კარგად არის. დღეს გადასხმებს გავუკეთებთ. ამაღამ დასაკვირვებლად აქ დავტოვებთ, ხვალ უკვე გავწერთ. დამშვიდდით.“ „ძალიან ცუდად იყო...“ „კარგად იქნება, ნუ ღელავთ. თუ გნებავთ, ექთანს ვეტყვი დამამშვიდებელი მოგიტანოთ. დაგეხმარებათ.“ „არა, არ არის საჭირო.“ დამამშვიდებლის ხსენებაზე ტანში გამცრა.“არ არის საჭირო, დიდი მადლობა.“ თავში გუგუნი მესმოდა. ფიქრის თავიც არ მქონდა, ისე ცუდად ვიყავი. მის საწოლზე მედო თავი და ხელზე ვეფერებოდი. კინაღამ გული გამისკდა. ვერც კი ვფიქრობდი, მართლა რამე რომ დამართნოდა, რა მოხდებოდა.
ჩემს სახლში ზიხარ ჩემს მაგიდასთან, კუთხის სავარძელში და წინ უამრავი ტაბლეტი გიწყვია, ფერის, ფორმის და ზომის მიხედვით. იცი, რომ გიყურებ. ამიტომაც დგამ შოუს. გინდა, ყველაფერი არა პომპეზური, თუმცა ელეგანტური იყოს. დამამშვიდებლები. უთვალავი, ძალიან ბევრი ფერადი დამამშვიდებელი აბი... იღიმი. კმაყოფილი ხარ. კმაყოფილი ხარ საკუთარი გადაწყვეტილებით და კიდევ იმით, რომ ვერავინ გაჩერებს. ტაბლეტებს ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით იდებ პირში და ფრთხილად აყოლებ თითო ყლუპ წყალს. უკვე ვიცი, აზრი არ აქვს. ძალა აღარ მაქვს... ვეღარ.
„ელა.. ელა...“ „ჰო, ჩემო პატარა. როგორ ხარ? გინდა რამე?“ „კარგად ვარ, ელ. არაფერი. ნუ გეშინია, კარგად ვარ.“ „ღმერთო, ივ. როგორ შემაშინე...“ „რისი შეგეშინდა?“ ძალიან სუსტად გამიღიმა. „აქედან რომ გავალთ, საკუთარი ხელით დაგახრჩობ.“ იცინოდა. სუსტად იყო, მაგრამ იცინოდა და მეც შედარებით უკეთ ვგრძნობდი თავს. „ინერვიულე?“ „ძალიან.“ „ელ... რაც დილით მითხარი, მართალია?“ „რა გითხარი?“ „აი...“ „მიყვარხარ, ივ. ჰო.“ თვალები დახუჭა და მე მაშინ ვიგრძენი პირველად მთელი სიცხადით, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. რას ნიშნავდა ეს სიტყვები ჩემთვის და რას ნიშნავდა მისთვის და კიდევ ერთხელ უფრო საშინლად ვიგრძენი თავი, თუმცა მე მისთვის ტყუილი არ მითქვამს. არასდროს არ მომიტყუებია, მაშინაც კი, როცა მთელი ჩემი სიყვარულგამოცლილი არსებით ვეუბნებოდი მიყვარხარ-მეთქი, არ ვატყუებდი. მართლა მიყვარდა. „მეც მიყვარხარ, ელა, ძალიან და შენთან ერთად არაფრის არ მეშინია.“ მთლიანად გამანადგურა. მეორე საღამოს გამოწერეს. მშვენივრად იყო, უბრალოდ ექიმმა დასვენება და სრულფასოვანი კვება გამოუწერა და მეც, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და მასზე პასუხისმგებელი პირი, ძალიან მკაცრად შევუდექი მიღებული დირექტივების შესრულებას. ***
შენი ყველა სიკვდილი ჩემი სიკვდილია და შენ ეს ძალიან კარგად იცი. ახლაც ამიტომ ზიხარ ფანჯარასთან ისე, რომ მე კარგად გხედავდე და ძალიან მშვიდად ატრიალებ ხელში სამართებელს. სადღაც Archive ისმის და მე მანამ ვგრძნობ პირში სისხლის გემოს, სანამ შენ... მგონია, ვეგუები. მგონია, ვეჩვევი, რომ ვერ გადაგარჩენ, მაგრამ მაინც ისტერიულ კივილს ვიწყებ. მინდა, გაჩერდე. მინდა, ერთხელ მაინც შემომხედო და დაინახო, რომ ვცდილობ, რომ არ ღირს, რომ არ აქვს აზრი, რომ უნდა გაჩერდე, რომ გადარჩე, რომ არ გადაიჩეხო იქით, სადაც არც სინათლეა და არც ხმა არანაირი. გაჩერდი, რა. შემომხედე. შემომხედე, გთხოვ... „ელა! ელა! ელა, გაიღვიძე! სიზმარს ხედავ, ელა. გაიღვიძე, გთხოვ. დამშვიდდი...“ ხმა მაღვიძებს და აზრზე ვერ მოვდივარ. არ ვიცი, რა ხდება. სად ვარ. ვერ ვიგებ, ვინ მელაპარაკება. „ელა, კარგად ხარ? ელ...“ „რა? ჰო.. არა. არ ვიცი. კარგად ვარ, კი.“ „ყვიროდი...“ ძალიან შეწუხებული ჩანს ივი. „ჰო?“ „ჰო. შემომხედეო, ყვიროდი. არ წახვიდეო. ელა, ცუდად ხარ?“ „ცუდად ვარ.“ მექანიკურად ვუპასუხე. „ელა, არ არის ეს პირველი შემთხვევა...“ „მართლა?“ „ჰო. ასეთ ისტერიკაში აქამდე არასდროს მინახიხარ, მაგრამ ძალიან ხშირად ბოდავ ძილში.“ „მაპატიე, შეგაშინე...“ „ვის ხედავ სიზმარში, ელა?“ „არავის.“ მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. „ვის ხედავ, მითხარი. გთხოვ...“ „არ შემიძლია, ივ.“ „ხომ იცი, ყველაფერი შეგიძლია მითხრა.“ „ვიცი, ივ.“ „მითხარი, რა...“ „ვერ, ივ. ვერ შევძლებ.“ ცრემლები მახრჩობდა. „შველა გჭირდება, ვხედავ. ყველაფერს გადავლახავთ. თუ საჭირო იქნება, ექიმთანაც მივალთ, ელ. ყველაფერი კარგად იქნება.“ წამით თვალთ დამიბნელდა და ვერც მივხვდი, ისე ავყვირდი: „არფერი არ იქნება კარგად. არასდროს. და არ მჭირდება შველა. ვერ მიშველის მე ვერავინ და ვერაფერი. აბსოლუტურად ვერაფერი. სიკვდილიც ვერ მიშველის. მორჩენილი ამბავია და უსაშველო, გესმის? არანაირი საშველი არ არსებობს!“ ვკიოდი და ცრელმები მომდიოდა ღაპაღუპით, გაუჩერებლად. არც მესმოდა, რას ვამბობდი. მერე ივის სახე რომ გავარჩიე რაღაცნაირად, ერთიანად გავჩუმდი. იმხელა შიში ეწერა სახეზე, საკუთარი თავი შემძულდა. „მაპატიე.“ მე თვითონაც რომ ძლივს გავიგე, ისე ჩუმად ამოვთქვი და საწოლიდან ავდექი. სააბაზანოში ჩავიკეტე, წყლის ჭავლის ქვეშ დავჯექი და იქიდან მთელი ღამე არ გამოვსულვარ. ვზივარ და ვფიქრობ, არ დასრულდება ეს ამბავი არასდროს. არ აქვს წერტილი. არც გაგრძელება აქვს, მაგრამ არც წერტილი დაუტოვებია, როცა წავიდა. არც ინსტრუქცია დაუტოვებია, მე როგორ უნდა დამესვა წერტილი. ამიტომაც ვერ დამთავრდება ვერასდროს, სანამ მე თვითონ არ დავმთავრდები და მერე რაღაც სხვა სიცოცხლეში არ გავგრძელდები და იქაც მას არ ვიპოვი, რომ მერე ისევ დავკარგო. ჩვენ მხოლოდ ეს გვიწერია: ვიპოვოთ და მერე ვკარგოთ ერთმანეთი მუდამ. ამიტომ არ იქნება არცერთი ჩვენგანის ცხოვრება სრულყოფილი არასდროს. იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის ცხოვრება ასეთი გავხადოთ. ჩვენი ერთად ყოფნა კი ვერაფრით დგება. ხან მე ვტოვებ, ხანაც - ის. მერამდენე ცხოვრებაა ასეა და ვინ იცის, კიდევ რამდენი ცხოვრება გავაგრძელებთ. სანამ სამყაროს რაღაცნაირად არ მოვბეზრდებით და ორივეს რომელიღაც გალაქტიკის ვარსკვლავურ ნაგავსაყრელზე არ მოგვისვრის რომ იქ მტვრით დავიხრჩოთ. ეს იქნება ჩვენი ფინალი. სხვა ვერაფერი დაგვასრულებს. დილით საშინელმა ციებამ გამაღვიძა. წყალი ისევ მოდიოდა და ისევ ცხელი იყო, მაგრამ საშინლად მციოდა. ისეთმა შიშმა ამიტანა, ძილიდან გამოყოლილმა შიშმა, კინაღამ შევიშალე. სასწრაფოდ გადავკეტე ონკანი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. მერე პირდაპირ ლოგინში შევწექი და ყველაფერი გადავიფარე, რისი დაფარებაც შეიძლებოდა. ივი სახლში არ იყო. რომ გავიღვიძე, დაბრუნებული დამხვდა. მაგიდასთან კომპიუტერს უჯდა ძალიან დიდი ინტერესით. საწოლიდან ვუყურებდი საბანში გახვეული და ხმას არ ვიღებდი. გამახსენდა პირველად ჩემს სარკეში რომ ივარცხნიდა თმას. ახლაც ისეთი ლამაზი იყო. ლეპტოპის ეკრანის შუქი უნათებდა სახეს. დაღლილი თვალები ჰქონდა. „ივ...“ დავუძახე. შეცბა და გამომხედა, „მოდი, რა, ჩემთან.“ მოვიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. „სად იყავი?“ „საქმე მქონდა.“ „მოაგვარე?“ „ჰო. რა გაცინებს?“ „როდის ვიცინი?“ „გაგეღიმა, დავინახე.“ „გამეღიმა, ჰო. მიბრაზდები?“ „არა.“ „მაპატიებ?“ „ჰო.“ „არ არის ადვილი და არ მინდა ამ ამბავში გაგრიო, ივ.“ „მე მინდა.“ „არ გინდა, დამიჯერე.“ „ცუდად რომ ხარ?“ „ჰო, ცუდად ვარ, მაგრამ არაუშავს. შენ როცა ხარ, არაუშავს.“ დაიხარა და მაკოცა. გულში ჩავიკარი და ვიგრძენი, მომნატრებოდა. მკლავებზე მეფერებოდა. მე ვტიროდი. გააზრებულად პირველად ვტიროდი ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად და მაინც ვერაფერს ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი ვერაფერს და არ იმსახურებდა ამას ივი ჩემგან. ამიტომ ვერ ვხვდებოდი, რა უყვარდა მას ჩემში. რის გამო არ მეშვებოდა, რა აჩერებდა ჩემთან. მე ხომ ვიცოდი, მე ვიცოდი, ჩემნაირ ადამიანთან ორ დღესაც არ გავჩერდებოდი გადაბმულად. ის კი არსად მიდიოდა. იქ იყო, ჩემთან ერთად და მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. და მე მტკიოდა. უფრო მტკიოდა, ვიდრე მას ვუყვარდი და მეშინოდა. ძალიან, ძალიან მეშინოდა საკუთარი თავის და იმის, რომ ვერასდროს დავუბრუნდებდი ივს იმას, რასაც მაძლევდა. ფიზიკურად არ მქონდა ამის ძალა, აღარ მქონდა. ამ დღის შემდეგ ისეთი დღეები გავიარეთ, ერთმანეთში არეული, რომ გახსენება მიჭირს. ხან ყველაფერი კარგად იყო. ხან არაფერი არ იყო კარგად. ხან საერთოდ არაფერი არ იყო. სიცარიელე იყო, ვისხედით ერთმანეთის პირისპირ და მაინც სიცარიელე გვავსებდა. ვგრძნობდი, ვაშინებდი და არ მინდოდა ასე ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ არ გამოდიოდა სხვანაირად. მერე ზოგჯერ პირიქით, ისეთი სავსე დღეები გვედგა. მზით და ერთმანეთით სავსე და მე მაშინ მიყვარდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ანუ, მთელი დარჩენილი სიყვარულით მიყვარდა. „სულ შენთან ვიქნები.“ ამას მიმეორებდა ისტერიულად. გიჟივით მიმეორებდა და მეფერებოდა. ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა საიდანღაც ამოვეთრიე. არადა, მას წარმოდგენ არ ჰქონდა, სად ვიყავი. საიდან მიწევდა მისთვის ხმის მიწვდენა. ჯიუტად მოდიოდა იმაზე ახლოს, ვიდრე ზოგადად ადამიანები მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან და მეც ვუშვებდი. მაინტერესებდა, სადამდე ეყოფოდა ნებისყოფა, სადამდე მიაღწევდა. ერთ დილას უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. მკოცნიდა. შიშველი ვიწექი ლოგინში ის კი მთელ სხეულს მიკოცნიდა. ყელიდან მკერდის გავლით, მუცელს, მერე ბოქვენთან ძალიან ახლოს და ყველა ეს შეგრძნება ისეთი იყო. იმდენად სასიამოვნო იყო, თითქმის გაუსაძლისი ხდებოდა. არ ვიღვიძებდი. მინდოდა, სიზმრად დარჩენილიყო ყველაფერი. მინდოდა, ეს მისტიურობა შერჩენოდა იმიტომ, რომ ძილში შეგრძნებებიც იმატებს და გრძნობებიც. არ ვაფხიზლებდი თავს. ის კი მთელი არსებით ჩემში იყო ჩაძირული და მეფერებოდა. მეფერებოდა ისე, როგორც არასდროს. პირველი შემთხვევა იყო, როცა ის არ იყო სიამოვნების სამიზნე. როცა ყველაფერი მასზე არ იყო მომართული. ამასობაში მე კინაღამ დამავიწყდა, როგორია, როცა შენზე ფიქრობენ. იმდენად აღარ მახსოვდა ეს შეგრძნება, შიშის გრძნობასაც მიჩენდა. იმიტომ ვუფრთხოდი. ჰო, სინამდვილეში მე ვუფრთხოდი ივს ყოველთვის და არა პირიქით. ვუფრთხოდი ყველაფერ ადამიანურს. არ მინდოდა, რამეს გაეღვიძა ჩემში. არადა მაშინ... მთლიანად ჩემს ნაწილად იყო ქცეული. იმდენად სიამოვნებდა, რა სიამოვნებასაც მე მანიჭებდა და ვგიჟდებოდი. თავიდან ბოლომდე მივენდე, მოვდუნდი და მოხდა სასწაული, რომლისმაგვარიც ცხოვრებაში არაფერი გადამხდენია. მერე ჩემს მუცელზე ედო თავი. ვეფერებოდი თმაზე და ვლაპარაკობდი. „რატომ არ მიდიხარ, ივ, ჩემგან?“ „მიყვარხარ და იმიტომ.“ „მარტო ამიტომ?“ „კიდევ იმიტომ, რომ შენთან მინდა ყოფნა.“ „კიდევ?“ „კიდევ...“ „რომ გტკენ?“ „არ მტკენ.“ „კი, როგორ არა. გტკენ. ისე გტკენ, როგორც ვერავინ გატკენს ვერასდროს.“ „არ არის ასე.“ „თავს გაუფრთხილდი, ივ.“ იყო ასეთი დღეებიც. იყო დღეებიც, რომლებიც არაფერს გავდა. იყო დღეებიც, როცა ორივეს გვერჩივნა, ცალ-ცალკე ვყოფილიყავით და მაშინ სახლში მიდიოდა ხოლმე ივი. გაიხურავდა ხოლმე კარს და მიდიოდა. „აუტანელი ხარ ზოგჯერ, იცი?“ ვეუბნებოდი, როცა ვინ იცის მერამდენედ სულელური ბავშვური ხასიათის გამო ვერ იგებდა, რისი თქმა მინდოდა. „კარგი რა, ელ...“ იცინოდა მაშინ, როცა ჩემთვის არაფერი იყო სასაცილო. „როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? არასდროს არ უნდა გაიზარდო? მითხარი.. დავიღალე უკვე ძალიან.“ ნერვები მიმტყუნებდა ხოლმე. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ახერხებდა წყობილებიდან გამოვეყვანე. აბსოლუტურად უაზრო მიზეზით მშლიდა მწყობრიდან და მერე საშინელებებს ვამბობდი. ის იცინოდა. ვერასდროს ხვდებოდა, რაზე ვლაპარაკობდი და მე უბრალოდ ოთახში ვიკეტებოდი, რომ კიდევ უფრო მეტი საშინელება არ მეთქვა. მერე ის მიდიოდა. მერე მე მივდიოდი რომ უკან მომეყვანა. და ისე მღლიდა, ისე მღლიდა ეს ყველაფერი, ზოგჯერ მინდოდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო. არადა, ვერც იმას ვიტანდი, რომ ჩემ გამო ტკიოდა რაღაც. ამიტომაც მივდიოდი და ველაპარაკებოდი და ვეფერებოდი, თუმცა არასდროს ვიხდიდი ბოდიშს იმიტომ, რომ არასდროს ჩამიდენია რამე ისეთი, რის გამოც ბოდიში მქონდა მოსახდელი. ბოდიშის მოხდაზე მეტად არაფერი მეზიზღებოდა ცხოვრებაში. ისიც იღლებოდა ვგრძნობდი. ადამიანები ყოველთვის იღლებიან ერთმანეთით. მითუმეტეს მაშინ, როცა მათი კავშირი მაინცამაინც ზეცაში არ არის დაწერილი. სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაინც ჰქონდა ხინჯად გულში. იმის გამო, რომ მე ვიყავი მის გვერდით. მე - ელა. უმომავლო, საიდანღაც მოსული, უზარმაზარი და ბნელი წარსულით. სიგიჟის ზღვარზე მოსიარულე ელა და არა ვინმე სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზად იყო გვერდში დამდგომოდა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა), მაინც ვგრძნობდი ამას. ამიტომ იყო, რომ ზოგჯერ აღარც ვკამათობდით ხოლმე. უბრალოდ ვჩუმდებოდით ორივე და ეს უფრო უარესი იყო ვიდრე იოგების დაწყვეტამდე ყვირილი. ერთხელ შუაღამისას გამაღვიძა. ნასვამი იყო. „ელ... მიყვარხარ, იცი ხო? ძალიან.“ „ვიცი, ივ.“ „შენ არასდროს მეუბნები მიყვარხარო და მე მაინც ძალიან მიყვარხარ.“ „ივი, მთვრალი ხარ და ბოდავ. დაწექი.“ „არც მთვრალი ვარ და არც ვბოდავ. ძალიან მიხარია, ჩემს ცხოვრებაში რომ არსებობ. შენ რომ არ იყო არ ვიცი, რა მეშველებოდა.“ „გეშველებოდა, ივ. გეშველებოდა. გაიხდი თუ დაგეხმარო?“ თვალებდაწვრილებულმა გამომხედა და გამომცდელად მკითხა: „გამხდი?“ „ნუ ხარ სულელი. დაიძინე.“ მაინც გამეცინა. „არ მეძინება, ელ. ვილაპარაკოთ, არ შეიძლება? მომისმინე.“ „გისმენ, პატარა. ვილაპარაკოთ.“ მივხვდი, არ მომეშვებოდა და წამოვჯექი. თვალები ამღვრეული ჰქონდა ალკოჰოლისგან და ისევ უღმერთოდ ლამაზი იყო. „ვიცი, ზოგჯერ არ ვიქცევი ხოლმე სწორად, მაგრამ სულ მიყვარხარ და სულ ვგიჟდები შენზე და სულ მინდა შენთან. რაც არ უნდა მოხდეს, გესმის?“ „მესმის.“ „და თუ ვჩხუბობთ, მე ყოველთვის მწყინს. ყოველთვის. არ მინდა, ვიჩხუბოთ.“ „კარგი, აღარ ვიჩხუბებთ.“ „დამცინი, ჰო?“ „როგორ გეკადრება“ ისევ გამეცინა „გელაპარაკები.“ „მითხარი, რა...“ „რა გითხრა, ივ?“ „რომ გიყვარვარ.“ „რომ არ გითხრა?“ არაფერი უთქვამს მაგრამ მოიწყინა. ფრთხილად დავუწყე პერანგის გახდა. მერე ჩავაწვინე ლოგინში, ზურგიდან მივუწექი და ძალიან ბევრი ვეფერე მხრებზე. „მე მიყვარხარ, ივ.“ ვთქვი ჩუმად, მაგრამ არ ვიცი, გაიგო თუ უკვე ეძინა.
*** სად ხარ შენ მაშინ, როცა ყველაფერს ცეცხლი უკიდია? შუაგულში დგახარ. ეს უკვე სიგიჟის ყველა ზღვარს მიღმაა. ამ სახლში უცნაური, მძიმე სუნი ტრიალებს. გაზის სუნია. ისეთი მძაფრი, სუნთქვას ძლივს ვიკავებ. იმდენად თეატრალურადაა ყველაფერი შესრულებული, ვერც კი ვბედავ, ხელი შეგიშალო. ძალიან ლამაზია მოშიშვლებული მილები და შენც ისე მშვიდად გძინავს, თითქოს რომ გათენდება, გაღვიძებას აპირებ. არა. ვერ გაღვიძებ. უკვე ვეღარ.
ბოლო დროს უმიზეზოდ ტირილი დამჩემდა. აი ასე ვიღვიძებდი შუაღამისას და ვტიროდი, თითქოს რამე აზრი ჰქონოდა ამას. იმ დროისთვის ჩემი და ივის ერთად ყოფნა ზოგჯერ უკვე ფორმალობაზე ნაკლები იყო და ის მაინც არ ეგუებოდა ამ ყველაფერს. იმ დღესაც უკვე მერამდენედ, თავის სახლში იყო წასული და აღარც მირეკავდა. ორი თუ სამი დღე უბრალოდ არ გამოჩენილა. აორთქლდა. მესიჯი მივწერე, მოვიკითხე. კარგად ვარო მითხრა და შევეშვი. ვგრძნობდი, ასე უნდა მოვქცეულიყავი. მერე რატომღაც კარადების დალაგება გადავწყვიტე. მჭირდებოდა, რაღაცით დავკავებულიყავი რომ ნევროზს არ მოვეკალი. უზარმაზარ ხმაზე ჩართული მუსიკის ფონზე მოვფინე მთელ სახლში მთელი ჩემი ტანსაცმელი და დალაგებას ვაპირებდი. ერთ-ერთ უჯრაში ხელში ისეთი რამე მომხვდა, რასაც წესით იქ არაფერი ესაქმებოდა. ყველაზე მეტად ფეხმძიმობის ტესტს მივამსგავსე. ტესტი გაკეთებული იყო. პასუხი - დადებითი. წამით გავშეშდი. რამდენიმე წამში ავტომატურად გადავხარშე ყველაფერი, მაგრამ განძრევა მაინც ვერ მოვახერხე. ვიდექი და დავყურებდი ორ პარალელურ ხაზს ფეხმძიმობის ტესტზე, რომელიც მე არ გამიკეთებია და მთელ ტანში ცივი ჟრუანტელი მივლიდა. იმდენი აზრი დამებადა თავში, იმდენი სისტემა დალაგდა, ზოგიერთისთვის თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი. ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ტესტი აბაზანის კარადაში შევინახე და ჩემი საქმე გავაგრძელე. აბსოლუტურად მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს მთელი დღე. თავი იმდენად მტკიოდა, გამაყუჩებელიც კი დავლიე და როგორღაც ჩამეძინა. მეორე დღეს დამირეკა: „ელა, როგორ ხარ?“ „კარგად, ივ.“ „ელ, ლაპარაკი მინდა. სახლში ხარ?“ „სამსახურში ვარ. საქმეები მაქვს. ადი სახლში და დამელოდე. მოვალ გვიან.“ თითქმის შუაღამე იყო, სახლში რომ მივედი. მისავათებული, ღამენათევი, მთელი დღე ფეხზე ვიდექი. ვერ ვაზროვნებდი. სახლში როგორც კი შევედი, მივხვდი, იქ იყო. მისი სურნელი ვიგრძენი. მოვიდა, უემოციოდ გადამკოცნა და სავარძელში ჩაჯდა. აბაზანაში შევედი ხელების დასაბანად და სარკეში ჩემს თავს ვკითხე, რა უნდა გამეკეთებინა. პასუხი არ გამცა. პასუხი მაშინ იმ სახლში მხოლოდ ერთმა ადამაინმა იცოდა და ის მე არ ვიყავი. „როდის აპირებდი თქმას?“ არ მინდოდა დამემალა, რომ ტესტი ვნახე. „ახლა.“ „ორსულად ხარ, ივ.“ ისე ვუთხარი, თითქოს თავად არ იცოდა. „ჰო.“ „რას აპირებ?“ „არ გაინტერესებს, ვინ არის?“ ხმა ჩამქრალი ჰქონდა. „რა მნიშვნელობა აქვს. აქვს რამე მნიშვნელობა?“ „მინდოდა, გცოდნოდა უბრალოდ.“ „ბედნიერი ხარ?“ „ძალიან, ჰო. მემგონი, ვარ.“ გამეღიმა. „ღმერთო ჩემო, აქამდე რატომ არ მითხარი?“ „არ ვიცოდი, როგორ მეთქვა.“ „კარგი რა, ივ.“ „გეწყინა?“ „ჰო. აქამდე რომ არ მითხარი.“ „მართლა არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი.“ „რას როგორ მივიღებდი? შენი ბედნიერების ამბავს? ივ...“ „მიყვარს.“ ვცადე, არ დამტყობოდა ღიმილი. „მას?“ „მასაც ძალიან.“ „დანარჩენი ყველაფერი სულერთია, ივ.“ „და ბავშვი?“ „გინდა ეს ბავშვი?“ „მინდა. კი.“ „იმას?“ „ჯერ არ იცის. დღეს უნდა ვუთხრა.“ „ივ, ნამდვილად ბედნიერი ხარ?“ „ნამდვილად.“ და მელაპარაკა. მელაპარაკა თავის უბედნიერეს სიყვარულზე. ზუსტად ისე, როგორც თავიდან მელაპარაკებოდა. უამრავს და გაუჩერებლად. მე ისევ ვუსმენდი. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნეტავ მას თუ უყვებოდა ჩემზე იგივეს-მეთქი. ამბობდა, რომ უყვარდა, რომ ყოველი დღე მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა და რომ მთელი ცხოვრების გატარება მასთან ერთად სურდა. ბედნიერი იყო. ეს ყველაფერში იგრძნობოდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც ვხედავდი და მესმოდა. „თავს გაუფრთხილდი, ძალიან გთხოვ... და ბავშვსაც.“ „ამ დღეებში მოვალ და ჩემს ნივთებს წავიღებ, კარგი?“ ჩამეხუტა და წავიდა. ვერაფრით ვერ ვიაზრებდი მომხდარს. რაღაც მოხდა. რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ჩემი არსებობის მიღმა მოხდა და მერე ასე, დიდი ხნის მომხდარი დამეცა თავზე. აბსურდს ჰგავდა ყველაფერი. რა რეაქცია უნდა მქონოდა? უნდა მწყენოდა? უნდა მეეჭვიანა? რა უნდა მექნა? ხომ ვიცოდი. ზუსტად ვიცოდი, მანამდეც კი ვიცოდი, სანამ მოხდებოდა. არადა მოსასმენად მაინც უცნაური იყო. ვერაფერი ვიგრძენი. ვიჯექი და აბსოლუტურად ცარიელი ვისმენდი, როგორ მეუბნებოდა ივი, რომ ვიღაც უყვარდა. ეტყობოდა თვალებში. მე ხომ ვიცოდი. ჩემზე კარგად არავინ იცნობდა. მაშინ ჩემ წინ, ჩემგან შორს რომ იჯდა, უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მაშინ, როცა მე მეკვროდა ხოლმე ზურგით. ვიცოდი, ეს მისთვის თავისუფლება იყო და ერთ დღეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მე მაშინ მივხვდი, რომ აბსოლუტურად ცალკე ვარსებობდი და არცერთ მიმდინარე პროცესთან კავშირი არ მქონდა გარდა იმისა, რომ ივმა ფეხმძიმობის ტესტი ჩემი სახლის ტუალეტში ჩაიტარა. რაღაც მხრივ სასაცილოც იყო. მთელი ეს სასიყვარულო ისტერიაც სასაცილო იყო, მაგრამ შვებას ვგრძნობდი. საშინელება იყო, მაგრამ სწორედ შვება ერქვა იმას, რასაც მე მაშინ განვიცდიდი. მწარედ გამეცინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი სიყვარულისაც ისევე არ მჯეროდა როგორც იმ ძველი სიყვარულის, მაინც მე უკანა პლანზე ვინაცვლებდი და აქ მივხვდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სხვების ცხოვრებების უკანა პლანიდან მართვა იყო. ყველაზე კარგად თავს სწორედ აქ ვგრძნობდი და ალბათ ცხოვრებაც ასე სწორედ იმიტომ ატრიალებდა ყველაფერს, რომ რაღაც ეტაპზე მაინც უკანა პლანზე აღმოვჩენილიყავი და გარედან დავკვირვებოდი მოვლენებს. ვიცოდი, ჩემგან ასე ადვილად ვერ წავიდოდა. უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი. ვგრძნობდი ამას. რამდენიმე დღეში კარზე ზარმა გამაღვიძა. კართან ივი იდგა და თვალები ისეთი დასიებული ჰქონდა, გეგონებოდა ორი დღე და ღამეა ტირისო. ალბათ, ასეც იყო. „მოვკვდები, ელა. გული გამისკდება.“ ამოიზლუქუნა, როგორც კი დამინახა. „რა ხდება, ივ? მოდი...“ „აბორტი გაიკეთეო მითხრა.“ ძლივს ამოთქვა და სახლში შემოვიდა. „აბორტიო, გესმის? ბავშვი მოიშორეო.“ ვერაფერი ვთქვი. „მითხარი, შენ ხომ ყვეელაფერზე გაქვს პასუხი. მიპასუხე, რატომ მიკეთებს ამას?“ „მაქვს, მაგრამ არ ვიცი, შენ რამდენად შეგიძლია ამ პასუხის მოსმენა. არ მოიშორო, შენ თუ არ გინდა.“ საშინელი ტირილი აუტყდა. მივედი, ჩავეხუტე, მოვეფერე. არაფერმა გაჭრა. გაუჩერებლად ტიროდა. „ეგ ბავშვი შენიც არის, ივ. შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. თუ გინდა დატოვება, დაიტოვე.“ „არ მინდა მისი დაკარგვა.“ „გასაგებია.“ აღარაფერი იყო სათქმელი. ასეა. როცა ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ თავში შეძრომა და ჩამრთველების გადატრიალება შეუძლებელი ხდება. მისი მთავარი გადაწყვეტილება მაშინ ის ტიპი იყო და იქვე ისმებოდა წერტილი. მე ვერაფერს შევცვლიდი. „ისეთი საშინელი რეაქცია ჰქონდა, ოდნავაც არ გაუხარდა. მეგონა, სადაცაა გული წაუვა-მეთქი. არადა... არადა, ბავშვია, ივ. პატარა ბავშვი. პატარა, ჯერ არდაბადებული ბავშვი.“ მთელი ღამე თავთან ვეჯექი და ვეფერებოდი. როგორღაც ჩაეძინა. იმ დილით წითელ თეთრეულში გაიღვიძა და მე შეგრძნება მქონდა, რომ დასაწყისებს დავუბრუნდით, თუმცა არაფერი იყო ისე, როგორც მაშინ. „მენატრები, ელ.“ მითხრა ძალიან ჩუმად. „მეც მომენატრე.“ ადგა და წავიდა. უნდა მოვიფიქროო, უნდა გადავწყვიტოო. გადაწყვიტა კიდეც. იმავე საღამოს დაგეგმა ვიზიტი ექიმთან. აბორტს იკეთებდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მეეჭვება გააზრება მოესწრო. „მჭირდები, რა, ელა. უშენოდ ვერ გავუმკლავდები. ვერ გადავიტან.“ მისი ხელი მეჭირა, როცა მისი სხეულიდან ახალ სიცოცხლეს ფხეკდნენ და ვერაფერს ვამბობდი. მაშინ რომ რამე მეთქვა, უარესი იქნებოდა. ისედაც ცრემლებად იღვრებოდა. ვხედავდი და ვხვდებოდი, რასაც განიცდიდა, თუმცა მისი გადაწყვეტილება იყო. ფიქრობდა, ასე სიყვარულს გადაარჩენდა. სიყვარულს, რომელიც ან არსებობდა ან არა, თუმცა თვითონ იმდენად დარწმუნებული იყო ამ ყველაფერში, ჩემი სიტყვები სიბოროტე იქნებოდა. ამიტომ არ ვამბობდი არაფერს. უსიტყვოდ წამოვედით. ჩემთან წავიყვანე. მარტო ვერ დავტოვებდი. საჭმელს არაფრით დააკარა პირი. პირდაპირ ლოგინში ჩაწვა. ზურგიდან მივუწექი და არ მოვშორებივარ. ვგრძნობდი, პერიოდულად როგორ ტიროდა ხოლმე და მაშინ უფრო მეტად ვუჭერდი ხელებს. უფრო ძლიერად ვიკრავდი გულში. ვერ ვიტანდი მის ტკივილს. ტკივილს, რომელსაც ვერ ვამსუბუქებდი. ერთადერთი, რაც შემეძლო, მასთან ყოფნა იყო. „გამივლის, ხო, ელ?“ მკითხა ჩახლეჩილი ხმით. „გაგივლის, ივ.“ „ნამდვილად.“ „ჰო, ივ. ნამდვილად. ნუ გეშინია.“ „არ დამტოვო, კარგი?“ „არ დაგტოვებ. შენთან ვიქნები. არ შეგეშინდეს. დაისვენე.“ „სულ ჩემთან იყავი, ჰო? მხოლოდ შენ შეგიძლია სიყვარული.“ ისევ ტიროდა. „სულ შენთან ვიქნები, სანამ შენ გენდომება, ივ. არ იფიქრო ამაზე.“ „მიყვარხარ. სულ მეყვარები იცოდე.“ „ვიცი. დაიძინე, ძალიან გთხოვ. დილით უკეთესად იქნები. ძილი თიშავს ტკივილებს.“ არ იყო დილით უკეთესად. კიდევ დიდხანს არ იყო უკეთესად და მისი ჩამქრალი სახის ყურება აუტანელი ხდებოდა. მთელი დღე ტიროდა, თითქოს ერთ კვირაში განახევრდა. გული მიკვდებოდა, თუმცა ვერაფერს ვაკეთებდი. არადა მეუბნებოდა, შენ გარეშე ვერ გადავრჩებოდიო და ეს კიდევ უფრო ცუდად მხდიდა. მერე ერთ დღეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ამანაც ჩაიცვა და წავიდა. უკან აღარც დაბრუნებულა. რომ მოვიკითხე, კარგად ვარ, არ იღელვოო მითხრა. არ ვღელავდი. ეს არის სიყვარულისთვის ბრძოლა? ის, რაც მე ვერ მოვახერხე? მე ვერ მოვკვდი სიყვარულისთვის, მან მოკლა. საინტერესოა, რისი გაწირვა შეუძლიათ ადამიანებს სიყვარულის გამო და სად მთავრდება ეს სიყვარული, თუ მთავრდება ოდესმე. ვერც ვითვლი, კიდევ რამდენჯერ მოვიდა ჩემს კართან ატირებული ივი და რამდენჯერ მიბრუნდა უკან. არც აქვს ახლა აზრი. მე ყოველთვის ვხვდებოდი და ის ყოველთვის მიდიოდა. ბევრს არც მაშინ ვლაპარაკობდი. არ მქონდა სათქმელი. ასეთია უკანა პლანიდან სხვების ცხოვრების დაკვირვება, როცა შეიძლება შენი საკუთარი თავზე გენგრეოდეს. აზრი არ აქვს არაფრის ლაპარაკს. მთავარი ის იყო, რომ ყოველთვის ვყოლოდი, როცა ტკივილებს თავს ვერ უყრიდა და ეს არასოდეს მთავრდებოდა.
*** იცი, რა მაინტერესებს სულ? როგორი იყო აი ეს დასასრულის შეგრძნება. მანამ, სანამ ამ ფანჯარას გააღებდი და ძირს დაეშვებოდი, რას გრძნობდი? ახლა უკვე ქვემოდან მიყურებ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, შენს თვალებში მაინც იმდენი სიცოცხლეა, ჩემსაში რომ ვეღარასდროს იქნება. ზუსტად იქ ვდგები, სადაც შენ იდექი ათი წუთის წინ და ვუყურებ ზუსტად იმ სივრცეს, რომელსაც შენ უყურებდი მანამ, სანამ უკანასკნელ ნაბიჯს გადადგამდი. იცი, რა არის ირონიული? ის, რომ საკუთარი თავის შეჩერებას ვახერხებ.
„მივდივარ, ივ.“ „სად მიდიხარ?“ „რა მნიშვნელობა აქვს. აქედან მივდივარ.“ „მტოვებ?“ „ჰო. გტოვებ.“ „რომ დამპირდი?“ „კი, დაგპირდი და შეგისრულე კიდეც.“ „მიყვარხარ.“ „ვიცი. მეც მიყვარხარ.“ „მართლა?“ „ვერავის რომ ვერ ეყვარები ვერასდროს, ისე.“ „მე როგორ გავძლო?“ „შენ ეს ჩემზე კარგად იცი. მატარებელი გადის. უნდა წავიდე.“ „ხომ იცი, შენსავით არავინ მეძახის.“ „ჰო, ამიტომაც არასდროს დაგავიწყდები.“ „არასდროს.“ „იფიქრე, ივ“ - ვუთხარი უკვე ვაგონის კიბის ბოლო საფეხურიდან ნახევრად მობრუნებულმა და მატარებელიც დაიძრა.
ახლა მატარებელში ვზივარ და ჩემს ზურგს უკან ქალაქი პაზლის ფიგურებად იშლება და ნადგურდება. ნანგრევების გარეშე ჰაერში იფანტება და არსებობას წყვეტს. ყველაფერი იდეალურად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ დროს დაშლაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც აწყობა.
დღეს საწოლს თეთრი ზეწრები გადავაკარი, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში. თეთრეული უნაკლოდ სუფთა იყო და მე მაინც ისტერიულად ვეძებდი იქ სისხლის ლაქებს. ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა. ფანჯრები ღია დავტოვე, გაზის მილები - მოშვებული. ჭაღზე ყულფი ჩამოვკიდე და აბაზანა წყლით გავავსე. მაგიდაზე ზუსტად ისე დავაწყე დამამშვიდებლები, როგორც შენ დააწყობდი და წამოვედი.
წამოვედი და წამოვიღე ლიმონის ხე, რომელიც ყოველთვის უფრო მეტად შენი იყო, ვიდრე ჩემი და რომელიც სულ გამყოფებდა სადღაც ჩემ გარშემო. ამიტომ არ გავდიოდი სახლიდან ხშირად. გარეთ ლიმონის სუნი ასეთი მძაფრი არასდროს იყო ხოლმე. შენ ყოველთვის იცოდი, სად უნდა დაგეტოვებინა კვალი.
ახლა მოვდივარ. მოვდივარ შენთან ანუ იქ, საიდანაც საკუთარ თავს გავექეცი, რომ ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყოს. შენ ხომ მაინც იცი, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან დიდი ხანია, ერთ ორბიტაზე დადის და ყველაფრის ცენტრი შენ ხარ. ყველა გრავიტაცია შენგან მოდის და თუ სადმე ეს გრავიტაცია აღარ იგრძნობა, არსებობა კარგავს აზრს.
ვიცი, ვერასდროს იტანდი, როცა ამას ვაკეთებდი, მაგრამ თითებით ვსრეს ლიმონის ფოთოლს და მერე მთელი გზა ხელებზე ლიმონის სუნი ამდის. ჟანგბადივით. რაღაცით უნდა ვიარსებო, სანამ კანს გამოვიცვლი. რაღაცნაირად უნდა მოვაღწიო შენამდე და ამას გავაკეთებ, თუნდაც ამისთვის ყველა ლიმონის ხის ფოთლების დასრესვა მომიწიოს, ისევ გამოგიგონებ. ისევ გამოგძერწავ და მიუხედავად იმისა, რომ მე ღმერთამდე ბევრი მიკლია, მაინც გაცოცხლებ. გაცოცხლებ რომ ვიცოცხლო.
არ გაბედო და იმ ლიანდაგებზე არ დაწვე, სადაც ამ მატარებელმა უნდა გაიაროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. “ იცი, რა მაინტერესებს სულ? როგორი იყო აი ეს დასასრულის შეგრძნება. მანამ, სანამ ამ ფანჯარას გააღებდი და ძირს დაეშვებოდი, რას გრძნობდი? ახლა უკვე ქვემოდან მიყურებ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, შენს თვალებში მაინც იმდენი სიცოცხლეა, ჩემსაში რომ ვეღარასდროს იქნება. ზუსტად იქ ვდგები, სადაც შენ იდექი ათი წუთის წინ და ვუყურებ ზუსტად იმ სივრცეს, რომელსაც შენ უყურებდი მანამ, სანამ უკანასკნელ ნაბიჯს გადადგამდი. იცი, რა არის ირონიული? ის, რომ საკუთარი თავის შეჩერებას ვახერხებ.“
..
“ იცი, რა მაინტერესებს სულ? როგორი იყო აი ეს დასასრულის შეგრძნება. მანამ, სანამ ამ ფანჯარას გააღებდი და ძირს დაეშვებოდი, რას გრძნობდი? ახლა უკვე ქვემოდან მიყურებ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, შენს თვალებში მაინც იმდენი სიცოცხლეა, ჩემსაში რომ ვეღარასდროს იქნება. ზუსტად იქ ვდგები, სადაც შენ იდექი ათი წუთის წინ და ვუყურებ ზუსტად იმ სივრცეს, რომელსაც შენ უყურებდი მანამ, სანამ უკანასკნელ ნაბიჯს გადადგამდი. იცი, რა არის ირონიული? ის, რომ საკუთარი თავის შეჩერებას ვახერხებ.“
..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|