ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2020


მტრები

გოგია კედლისკენ გადაბრუნებული იწვა და თვალები ისე მაგრად დაეხუჭა, ქუთუთოები სტკიოდა. ნონამ კი დედას მზითვის გაქუცულ ჩემოდანში ჩაალაგა თავისი ნივთები და გამოსამშვიდობებელი სიტყვების გარეშე დატოვა სოფელი. ბედის საძებნელად თუ წავიდაო, გულზე ჯავრი აწვებოდა გოგიას, თითქოს მე საკმარისად კარგი არ ვარო. არაფერი დაუნახავს და არც გაუგონია, მაგრამ გრძნობდა, როგორ ფრთხილად ივარცხნიდა ნონა თავის ოქროსფერ თმას, ბიჭს სულ რომ ეჩვენებოდა, მთავრის შუქზე ცისფერი დაჰკრავს და კიდევ უფრო არამიწიერ შეხედულებას აძლევსო. ხედავდა თითქოს, როგორ ფრთხილად აიღო სკამზე გადაფენილი, წინა ღამეს დაუთავებული, ამომავალიმზისფერი კაბა, გაშლილ ვარდს რომ ამსგავსებდა მის მოსულ სხეულს.  ხედავდა თითქოს, როგორ დაიხარა და შეიკრა წვივებზე  თასმები, როგორ გადაეხვია მოხუც ბებიას, რომელსაც, ალბათ, თვალები აეცრემლებოდა  და ეტყოდა, ცოცხალს ვეღარ მომისწრებო, როგორ ჩაეხუტებოდა დედას და როგორ აუჩქარდებოდა მკერდს ქვეშ პატარა გული. ესმოდა კიდეც ვენახში მოფუსფუსე მამა როგორ შორიდან გასძახებდა, აბა შენ იცი და დაფიქრებით მოიქეციო. მერე როგორ გადაივლიდა ეზოს, როგორ გაიშლებოდა მხრებში, თავს ასწევდა, მხრებს უკან გადაიყრიდა ოქროცურვილ კულულებს. ქუსლებს უჩვევი ფეხი რამდენჯერმე გადაუბრუნდებოდა ორღობის ოღრო-ჩოღრო შარაზე. და წავიდოდა ისე, თითქოს აქ მისი არაფერი ყოფილიყოს, აქ არაფერი დაეტოვებინოს.
  მერე და მერე თავს უჯავრდებოდა გოგია, რას მიქვია წასვლაო, უნდა გადავდგომოდი გზაზე და არსად გამეშვაო, უნდა მუხლებზეც დავცემულიყავი და მეთხოვნაო, მთელი სამყაროსთვის გადამემალა და მხოლოდ ჩემთვის მყოლოდაო. არააო, შუაღამის ფიქრი მოუტანდა აზრს, არავის სთხოვო დარჩენა, თუ წასვლა მოსდომნებია, გინდ დარჩენილა და გინდ არა, სულაც ერთიაო მერე. თავის სიზმრებში მაინც გაგეპარებოდაო.
  გულჯავრიანი დარჩა გოგია და ლოდინისფერი დაედო თვალებს.  ყოველ ცისმარე დღეს წამოდგებოდა და დააჯერებდა თავს, ისე უცნაურად აფართხალდი, ჩემო გულო, უსათუოდ იგრძენ მოახლოებაო. მოვაო დღეს. და ელოდა. დავინახავ და ზურგს ვაქცევო, რატომაც არაო, დიახაც, უნდა იცოდეს, რომ ნაწყენი ვარო. გაივლ-გამოივლიდა,  გზას გახედავდა, მერე ჩაიღიმებდა, ვის ატყუებ,  შე მამაცხონებულოო, ზურგს როგორ აქცევო შენს სიზმრებს, ვინ დამალვიაო ოცნებას. გულში ისე ჩავიკრავო, ისე ძლიერად მოვუჭერო ხელებს, კვნესა დასცდესო  მარწყვივით ტუჩებს.
  წელი მიილია. არ გამოჩენილა. გაავებული მწევარივით აწყდებოდა საკუთარ გულს გოგია.  ვისააო რომ მასხარად იგდებო, ასეა ხომო, ახლა გაჩვენებო მე შენ როგორ უნდა მიტოვებაო.
  ქალი შეირთო. გაიგებსო, მა არ უდეპეშებს დედაო?!  ძალიანაც რომ უდეპეშებსო, ხვალვე მისწერსო. დაანუგეშებსო, არ იდარდოო, შვილო, შენი გოგია დაოჯახდაო. სანამ შენი ბუდიდან გაფრენის დრო მოვა, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, შარშანდელი თოვლივით მალე დადნებაო პირველი სიყვარული. კი ანუგეშებს, მაგრამ გულში ჩასწყდება რაღაც ნონას, დიახაც, ძალიანაც იცის გოგიამ, როგორ ამოიღამებს  ზღვისფერ თვალებს ტირილით.
  დედას არაფერი უდეპეშნია შვილისთვის გოგიაზე, ისედაც იშვიათად უგზავნიდა წერილს.  იმ წერილშიც აღმა-დაღმა მავალი ასოებით, სულ რამდენიმე სიტყვას დიდი ჯახირით მიაბამდა ერთურთს: არ გაცივდეო, თბილად გეცვას და წესიერად იკვებეო, მაგ გასაწყვეტებს აქვთ კი რამე საჭმელიო, აფსუს დედა მოგიკვდეს, ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური როგორ მოგენატრებოდაო. წიგნებს მიხედე,  ნასწავლი უნდა ჩამოხვიდე და  დაუფსოო თვალები ქვეყანას. აბა, ჰეო, გკოცნის შენი დედაო. 
  გოგიას კი მაინც სჯეროდა, უდეპეშებდაო, აი ესაა და გამოჩნდებაო. მოვა და ფეხებში ჩამივარდებაო. უჰ, აი სინანული მაგას ერქმევაო ეგ რომ ინანებს და იდარდებსო.
  ძელსკამი გააკეთა. მატარებლის მოსვლის დრო რომ მოაწევდა, დაბარებულივით მიიჩქაროდა იმ სკამისკენ, დაჯდებოდა, გვერდით პატარძალსაც მოისვამდა და მიწას ჩაჰყურებდა. ვითომ და რომ გამოივლის დაინახოს რომ სულაც არ გავყურებ გზასაო. რა ვქნა წავიდა და წავიდესო. აბა მაგას რა ეგონა, ქვეყანაზე მასზე უკეთესი ქალები აღარ იყვნენო? დაილია ქვეყნად ლამაზი ქალებიო? მოვიდეს ერთი და ნახოს როგორ ვზივარ ჩემს ცოლთან და სულაც აღარ მახსოვსო. დიახაც, აღარ მახსოვსო, აღარც მისი შრამი მახსოვს ნიკაპქვეშო, არც ის მახსოვს მარჯვენა ხელის  არათითზე  პატარა  ფრჩხილი რომ ჰქონდაო, სულაც დამვიწყებია, ზღვის ქაფისფერ ლოყებზე დაისივით რომ წვებოდა მორცხვებისას სიწითლეო. არც მისი კისკისი მახსოვსო, არც მისი ხელების სითბო შერჩენია ჩემს თითებსო, არც მისი თვალებიო მეზმანებიანო - ზაფხულის ცასავით სუფთა და ზღვასავით უძიროო. არ მახსოვსო, სიყვარული არა კიდევ ტოლმაო, დიახაცაო... ამაების ფიქრში ილეოდა ზაფხულის დღეები  და ქვიშის საათივით იმარცვლებოდა ზამთრის ღამეები.
    მერე იყო და ბავშვებს გაიმძღვარებდა ხოლმე. დღეს მოვაო, გულმა მითხრაო, ისევ ატყუებდა თავს.  ეგრე მოუხდება მაგას, მოვიდეს და ნახოს როგორ გავლაღდი და გავფოფინდი ჩემს ნაგრამშიო.
  შვილები რომ მოიზარდნენ, მათზე ფიქრმა, საკუთარი თავი მიავიწყა. ჯაფით დაღლილს ისე ღრმად ეძინებოდა, სიზმრებსაც ვეღარ ხედავდა. იმ სკამზე ჯდომა კი მაინც ვერ მოიშალა. იჯდა ხოლმე, ფართოდ გაეშალა ფეხები, შრომისაგან დაღლილი ხელები მუხლებზე დაესვენებინა  და    მიწას ჩასჩერებოდა.  კი იჯდა ხოლმე, მაგრამ უკვე დავიწყებოდა  ამ სკამს მისი შებერებული სხეული რისთვის მიხავსებოდა.  თითქოს აღარც არაფერს ელოდა, იჯდა და ასვენებდა დაღლილ ჯანს. ჰოდა, ზუსტად მაშინ იყო, რომ გამოჩნდა:
    შებინდებულიყო, ვენახიდან იყო მობრუნებული, ძველი ხალათი ეცვა, შაბიამნისაგან ლურჯად დაწინწკლული, ჯიბე მორღვეული.  ჩალის ქუდი ეხურა გამელოტებულ თავზე. იჯდა თავის ძელსკამზე, ფიცარი უკვე კარგა ხნის წინ რომ გამომპალიყო, იჯდა და თუთუნს ახვევდა. გვერდით სათლი ედგა შემრეშილი პამიდვრით სავსე. მანქანამ რომ ჩაუარა, თავი არც აუღია, თითქოს არც არავის ელოდა და არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა ვინ მოსულიყო, ან საერთოდ მოსულიყო თუ არა. ზუსტად ისე, როგორც თავის ყრმობაში დაეგეგმა, მაგრამ ახლა აღარც ეს გეგმა ახსოვდა. მანქანამ გოგიას  გაუარა, ელზას სახლსაც გასცდა, არც ზარიაანთ კარ-მიდამოსთან შეჩერებულა. მანქანა იქ გაჩერდა, იმ ჩამოღამებულ კედლებთან,  უკვე 10 წლეულზე მეტი გასულიყო ბოქლომი რომ დაედოთ. იმ სახლთან ანჯამა ჩამოვარდნილ ჭიშკარში, ქარი რომ უსირცხვილოდ იპარებოდა და მერე ჩამსხვრეულ მინებს მიღმა შეჰქონდა ბოშა ქალივით ფერადი და თავაწყვეტილი შემოდგომის ფოთლები. ნასახლარიღა დარჩენილიყო.  გოგიას  ცისფერი ქალი კი მანქანის საბარგულიდან უჩვეულოდ მძიმედ ალაგებდა ნივთებს.  ხორცი მოჰკიდებოდა.  წლები დასტყობოდა. თითქოს უფრო დაბალიც ჩანდა, რაღაცნაირად გატეხილი, დაღლილი. ერთი ის იყო თმა შერჩენოდა ძველებური. ისევ მთვარისფერი, ისევ ზურგზე დაფენილი.  მხოლოდ თმა ჰქონდა ამ ქალს  იმ არამიწიერი, ცისფერი არსების,  თმა შერჩენოდა გოგიას პირველი სიყვარულის. და კაცი მიხვდა, რომ სადღაც, რომელიღაც ქარცეცხლს შესწირვოდა  ის ამაყი ქალი, უკვე რომ დროც არევია და აღარ იცის,  რამდენი წლის წინ წასულიყო მისგან, მაგრამ ვერ კი დაშორებულიყო, ვერ კი წაეღო ამ კაცის გულიდან თავისი სახება. თითქოს შეებრალა კიდევაც  ის გოგო, ვინ იცის რომელ ქარიშხლებში რომ დაეფანტა თავისი ოცნებები, რისთვის შეელია წლები, ვისთვის მიეტანა მსხვერპლად თავისი სისპეტაკე.  და მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა, დედის მზითვს მოყოლილი, გადაქერცლილი ჩემოდანი აღარსად  ჩანდა და ერთმანეთის მიყოლებით ალაგებდა მიწაზე  მძიმე ჩანთებს და ბორბლებიან ჩემოდნებს, მიხვდა გოგია, როგორი გაძარცვული ბრუნდებოდა ქალი, წიაღში რომელსაც მოევლინა ამ ქვეყნად და ახლა თითქოს ვალის დასაბრუნებლად, იმ მიწის პატარა ნაჭრის ისევ მიწაში მისაბარებლად თუ მოსულიყო.
  და ის მივიწყებული ჯავრი, ის ბრაზი და ბოღმა, ის მოლოდინი და უძილო ღამეები მეწყერივით დაატყდა თავს კაცს. და როგორ უნდოდა, როგორ უნდოდა არასდროს დაბრუნებულიყო ეს ქალი, რომლის გამოჩენასაც გაეხუნებიან მისი  მზერა, რომლის მოლოდინსაც გამოეფიტა და წაერთმია სიხარული. როგორ სძაგდა ეს ქალი ამ განწირული სიმარტოვისათვის, ამ გაძარცვისა და წარყვნისათვის, რომელიც არ კი იცოდა, მაგრამ გრძნობდა გოგია. გრძნობდა ქალის ზლაზვნით მოძრავი სხეულით, მისი განზე გასული, ურცხვი თეძოებით. მისი თითქოს და შემკრთალი მზერით, საკუთარ თავსაც კი რომ არიდებდა ალბათ სარკეში.  და მიხვდა, როგორ სიძულვილამდე შეეძლო ამ ქალის სიყვარული, როგორი ზღვარგადასული იყო რისხვაც და პატიებაც, როგორი ყოვლისმომცველი იყო ეს განწირული ტრფობა. და შესძულდა საკუთარი თავიც და ეს ქალიც ამ უპირობო სიყვარულისთვის. 
  იმ ღამეს ცოლმა რომ ამოზელილი ლობიო დაუდგა წინ, გოგიას პრასი არ მიუყოლებია, თიხის დოქიდან რაყრაყით წამოაპირქვავა ღვინო, რომელიც ცოტა ემჟავა, თითქოს ნაკბენი ყოფილიყოს, მაგრამ ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის. უხალისოდ გაღეჭა ლუკმა, მიყოლებით დალია მეორე, მესამე... უსიტყვოდ გაიხადა ტანთ და ოფლისაგან გაწებილი სხეული პაპისეულ ტახტს მიანდო.
-ჰი ჰი ჰი, ვინ იფიქრებდა ისევ ამ სოროში რომ მოგიწევდა დაბრუნება,- ღვარძლიანად ჰკითხა კვირის ბოლოს როგორც იქნა  რომ ჩამოიარა მის გზაზე ქალმა.
  ნონას ალმური მოედო სახეზე.  უხერხულად შედგა, ახლა თითქოს თავადაც აღარ ესმოდა არც წასვლისა და არც დაბრუნების არაფერი. გოგიას გაახსენდა ის მზისფერი კაბა და თოვლივით თეთრი წვივები, გაახსენდა ზღვისფერი თვალები და ის თმა, ოქროსფერი... გაახსენდა მისი სხეულის სითბო და მწიფე, მწიფე მკერდი, ბოღმა ყელში გაეჩხირა და ისე წარმოუდგენლად მოუნდა ამ  ქალსაც სტკენოდა გული:
-ამბობენ, ფირმაში ასაკიან ქალებს აღარ აქვთ გასავალიო,- უკბილო პირით ღვარძლიანად შესცინა  და ღრმად გამოქაჩა თუთუნი.
  ალიაქოთმა გამოაფხიზლა მთვლემარე მეზობლები, ვერაფერი გაეგოთ რა ჰქონდათ გასაყოფი გოგიას და ორი დღის წინ დაბრუნებულ, აქაურობას გაუცხოვებულსა და გადაჩვეულ ქალს.  ამ დაწყევლილი ამბის ვერც თავში გარკვეულიყვნენ და ვერც ბოლოში, მაგრამ მაინც თავისდა უნებურად გადაჯგუფდნენ, ვინ იყო და ნონას ამოუდგა მხარში, ვინ გოგიას იცავდა. ნონას და გოგიას ამბავს კი არც არავისი დაცვა უშველიდა და არც არავისი განაჩენი სჭირდებოდა.
  ის ღამე იყო არც ერთს რომ არ დაუძინია, ორივე რომ საკუთარ სხეულში გამომწყვდეულნი ბორგავდნენ. გულში გათენებამდე რომ ლანძღავნდნე ერთურთს, იმ წუთას საშუალება რომ მისცემოდათ, დაუფიქრებლად რომ გამოღადრავდნენ ყელს ფრჩხილებით... ის ღამე იყო, ორივეს რომ კაკლის ხე  ეზმანა - ერთადერთი მოწმე მათი სიყვარულის, რომელიც უკვე შებერებულიყო, მაგრამ მათ ჯინაზე მაინც რომ იდგა, იდგა და ახსენებდა ქალს, მთვარის შუქზე, როგორ ეკვროდა ამ კაცის ჯერ ისევ ბავშვურ სხეულს, როგორ გაუბედავად ეძებდნენ თითები ერთმანეთს, როგორ მორცხვი მასპინძელივით ხვდებოდნენ მისი ტუჩები გაშმაგებულ კოცნას... ის დილა იყო გოგიამ რომ ვენახში წასვლა ლიანდაგებ-ლიანდაგებ მოინდომა, ნონას სახლის წინ გავლისგან რომ თავი აერიდებინა. ის დილა იყო, უთენია რომ მიადგა  ლოთ ნოდარას, ხე უნდა მოვჭრათ, მომეხმარე და ისეთი კონიაკი მაქვს შენთვის ჩამოტანილი, ნამდვილი ნეტარებაო.
  გოგია რომ დაბრუნდა, კარგად გამობრუჟულ ნოდარას კაკალი უკვე წაექცია, იჯდა მოჭრილი ხის ჯერ კიდევ მფეთქავ ტანზე და ამ მთისას და იმ მთისას უყვებოდა ნონას. ქალი  კი იდგა გამარჯვებული, სქელ გვერდებზე დოინჯი შემოერტყა, თმა კი, მთვარისფერი თმა, კვლავ ზურგზე დაჰყროდა დაუდევრად, გოგიას ჯინაზე. იდგა ქალი  ხესთან, თითქოს სასტიკად მოშორებული მოწმის ცხედარი ყოფილიყოს და შურისმაძიებლის კმაყოფილებით იღიმოდა.
  ალიაქოთზე ისევ გამოიშალა უბანი. ისევ ჩადგნენ შუაში ვიღაცები, ისევ სეკუნდანტებივით ამოუდგნენ გვერდით მოქიშპეებს სეირის მოყვარულნი. თავწაკრული, ცომიდან ნაუცბათევად ამოყოფილი ხელებით გამოვარდა შარაზე გოგიას ცოლი, გაჭირვებით შეიყვანეს შვილებმა სახლში მამა.
  ჰო მერე იყო, ორი ან სამი დღის მერე, ნონას ჟანგისგან გამოხრულ ჭიშკარზე რომ ცარცით გაკეთებული წარწერა დახვდა: „ზოგ ქალს ქათამზე ნაკლები ჭკუა, მელიაზე მეტი ცბიერება და ღორზე მეტი მადა აქვს.“
  სათითაოდ გამოლაგდნენ დიასახლისები და მარცვალ-მარცვალ წაიკითხეს საჯარო წერილი. ზოგიერთმა სველი ტილო მიაშველა, წარწერის წასაშლელად, ვიღაცებმა წნევის აპარატი მოარბეინეს, არყის ჭიქაში გაჭირვებით ჩამარცვლეს გულის წვეთები,  გარშემო უვლიდნენ, ხან ქალს და ხან - კაცს, როდის მოასწარითო ასეთი მტრობა, რამ შეგაძულათო  ერთმანეთი.  ამ ციხესიმაგრის კარი კი ვერა და ვერ მიეგნოთ და საგონებელში კიდევ უფრო ჩაცვენილიყვნენ.  მეორე დილით ახლა გოგიას ღობეზე  აღმოაჩინეს წარწერა, ამჯერად წითელი საღებავით, დიდი, მრგვალი, სათუთად გამოყვანილი ასოებით: „ სისულელეა იმ ჩიტს დაუწყო ქვების სროლა, რომელიც იმისთვის გაფრინდა, რომ გალიის კარი ღია დახვდა.“
  ოო, აი გაბრაზება მაგას ერქვა, გოგია ახლა მართლა ცხოველს დამსგავსებოდა, სასტიკ მტაცებელს. კარგი, ქა, განა რა იყო აგრეთი, მაინც გადასაღები იყო ეს ოხერი მესერიო,- ამშვიდებდა ცოლი. გოგია კი წინ და უკან დაიარებოდა, მუშტებს ისე იკრავდა, მიწაჩამხმარი ფრჩხილები ხელისგულს ეკლებივით ესობოდა, გულში იმუქრებოდა, მე შენ გაჩვენებო, მე შენ გაჩვენებ გალიასო, არ მომინდომა შაირებიო. აჰაა, ბიჭო, გალია ღიაო, ღია არა, აჰაა,- იმუქრებოდა გოგია  და ადგილს ვერ პოულობდა.
    დიდი გაჭირვებით დაეძინა კარგად შემთვრალს. დრო იხელთა ცოლმა და ფეხაკრებით გამოიპარა ეზოდან. ათასი ბოდიში უთხრა ქალს, არ ვიცი რა დაემართაო, არა, ქა, ჩემი გოგია ავყია კაცი არ გეგონოსო, ასეთი არ არისო, მისდღემჩი წინ ზიხარ უკან გადადი არავისთვის უთქვამსო, ისეთი მშვიდი და უთქმელია ჩემი კაცი, ჭიანჭველას არ აკარებს ფეხსო,- ებოდიშებოდა ქალი.  „ჩემი გოგია კი მუდამ ასეთი იყოო, გულფიცხი და ჯავრიანი,“- გულში ეღიმებოდა ნონას და 13 წლის გოგოსავით ღელავდა  ხვალინდელი წერილის მოლოდინში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები