*** -საიდან გაიგე ვივიენ კარტერის საცხოვრებელი მისამართი? -მეგობრის საქციელით გაოგნებული ანა ემოციებს ვერ აკონტროლებდა. -ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? -მასთან რამ მიგიყვანა? -მინდა, მის გადაცემაში მივიდე და ჩემი წარსულის შესახებ ვისაუბრო. -და ეს რას მოგცემს? -ახლა არ მითხრა, რომ შეცდომა დავუშვი. -ვთქვათ მიხვედი და შენი გასაჭირის შესახებ ყველაფერი თქვი. ეს იმ პრობლემას რა კუთხით გადაჭრის, რასაც შვილებთან დაშორების სიმწარე ჰქვია? -როგორ არ გესმის? ეს იქნება თავდაპირველი ნაბიჯი, რომელიც მყარად აშენებული კედლების უკნიდან გამომიყვანს და ახალ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში დამეხმარება. -ვივიენ კარტერის გადაცემა სკანდელურ ამბებზე დაყრდნობით არის პოპულარული. არა მგონია, ჰასიდთა ცხოვრების წესები და ტრადიციები მას საინტერესოდ მოეჩვენოს. რელიგიურ თემებზე საუბარი იმდენად ფაქიზი რამ არის, მის თავისებურებებზე საჯაროდ საუბარს, მითუმეტეს კრიტიკულ განხილვას და მათი მიმდევრების დაკნინებას ამერიკა არასოდეს დაუშვებს. -სად ვახსენე, რომ იქ ჩემი რელიგიის გასაკრიტიკებლად მივდივარ? რაც არ უნდა იყოს, მე ჰასიდთა გარემოცვაში გავიზარდე, მშობლების, ნათესავების და ყველა გარშემო მყოფის უზომო სიყვარული და მზრუნველობა მერგო წილად და ის, რომ ჩემი რელიგია ჩემთვის მისაღები არ აღმოჩნდა, არ ნიშნავს იმას, მის მიმდევრებს შეურაცხყოფა მივაყენო. მიუხედავად იმისა, სექტიდან წასვლის გამო, საკუთარმა ოჯახის წევრებმა მიმატოვეს, მათ დღემდე დიდ პატივს ვცემ. -მაშინ ამიხსენი, რა სარჩული უდევს ვივიენ კარტერის გადაცემაში სტუმრობის სურვილს? -მე მინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვისაუბრო და მოვყვე ის, რასთან მიწევდა გამკლავება და რატომ იყო ის გარემო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. -არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ რადგან ასე გსურს, ისე მოიქეცი, როგორც გონება და გული გიკარნახებს,- საყურის წვალება დაიწყო ანამ. სარას არ უნდოდა თემის განვრცობა, ახლადნაყიდი გაზეთი გადაშალა და სამსახურების ძებნას შეუდგა. რამდენიმეწუთიანი კირკიტის შემდეგ ხუთამდე განცხადება მონიშნა და დამსაქმებლებთან რეკვა დაიწყო. უყურებდა ანა და თვალებს არ უჯერებდა ერთ დროს კდემამოსილი, ჰასიდი ქალბატონი, რომელიც წესიერად თვალებს ვერავის უსწორებდა, როგორი მონდომებით ძლევდა მორიდებულობას და თავისუფლად საუბრობდა უცხო ხალხთან.
*** ღრმა ძილში წასული ვივიენი სიზმრების სამყაროში მშვიდად დააბიჯებდა, როდესაც მისი მობილური ტელეფონი პროდიუსერის მიერ შესული ზარებით ლამის აფეთქდა. გაბმულმა ზარებმა საბოლოოდ მაინც გააკეთეს თავის საქმე და ძილბურანში მყოფმა ქალმა ძლივს წამოსწია ატკიებული თავი საწოლიდან. -რა ჯანდაბა ხდება? იმედი მაქვს, მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა, - ზოზინით და მთქნარებით გახსნა პატარა ჩანთა და ტელეფონს დახედა. თვრამეტი შესული ზარი და თორმეტი ტექსტური შეტყობინება ჰქონდა მიღებული ტელევიზიიდან. სასწრაფოდ ჩაიკითხა სხვადასხვა პირებისგან შესული წერილები, შემდეგ საათს დახედა და პირზე აიფარა ხელი: -ამის დედაც! გადაცემის ჩაწერის დღე გადმოუტანიათ, მე კი სულ რაღაც ერთი საათი მრჩება, რომ საჯდომი ავწიო და ტელევიზიაში გავიქცე. მაგრად დაგერხა, ვივიენ!- ქალმა გადასაფარებელი ელვის სისწრაფით გადაიხადა და აბაზანაში შევარდა. სიჩქარეში ვერც კი შეამჩნია, როგორ გადავარდა სარას ჩანაწერების რვეული საწოლიდან. მოგვიანებით კი აბაზანიდან გამოსულმა ტანსაცმლის ძებნაში და ფაციფუცში შემთხვევით ფეხის ქუსლი მიჰკრა და საწოლის ქვეშ შეუვარდა.
*** -ყველაფერს აგიხსნი, - ძლივს სუნთქავდა სირბილისგან დაღლილი ვივიენი, როდესაც სიბრაზისგან პომიდორივით გაწითლებულ პროდიუსერს, ჯონათან დევინს გადააწყდა. -ახლა მხოლოდ სტილისტი ვიზაჟისტი! გადაცემის ჩაწერის შემდეგ დავილაპარაკებთ, -ნაძალადევად გაუღიმა და ოთახისკენ მიანიშნა, სადაც მისი გარეგნობის სადარაჯოზე მყოფნი ელოდებოდნენ. ვივიენი მორჩილად შევიდა ოთახში და სარკის წინ მოთავსდა. არანაირი განწყობა არ ჰქონდა ტელეკამერების წინ დამდგარიყო და გადაცემა წაეყვანა. იმ წუთებში ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ვიღაცების პირადი ცხოვრების დეტალები, თუმცა გადაცემის ფორმატი სწორედ ამას ითვალისწინებდა და იძულებული იყო, კარგად შესწავლილი მიმიკები დაეყენებინა და ავტომატურად მოწყობილი რობოტივით ხან გაეღიმა, ხან გაეცინა, ხან რაღაც შეეცხადებინა და ხანაც ყველაზე თანამგრძნობი, გამგები და კეთილი ადამიანის სახე მიეღო. კოსმეტიკური საშუალებების სურნელი ცხვირში არასასიამოვნოდ უღიტინებდა და გულის რევის შეგრძნებას უმძაფრებდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უგუნებობა გვერდზე უნდა გაეწია და დაბინდული გონების ფსკერიდან წინა დღეებში დამუშავებული მასალები ამოეღო. ვიდრე ვიზაჟისტი თავს ევლებოდა, ყველა ინფორმაცია აღიდგინა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე სტუდიაში იყო და გადაცემა მიჰყავდა. როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. თავი დამაჯერებლად ეჭირა და ეგრეთწოდებული „ყურის“ დახმარებით, რომელიც თავისივე რეკომენდაციით მიყვანილი პიროვნება გახლდათ, ყველაფერი სანიმუშოდ მიჰყავდა. სწორედ ეს შურდათ მის კოლეგებს -ვივიენის უეცარი გარდაქმნა, რომელსაც ისეთი მაღალი ხარისხით ასრულებდა, ვერავინ დაიჯერებდა, რომ წინა ღამეს სახლში ალკოჰოლით გათიშული დაბრუნდა, გადაცემის დაწყებამდე მოსამზადებლად საათნახევარი ჰქონდა, უხასიათობა სჭამდა, ან კი რამე აწუხებდა. სამუშაო პროცესში მთლიანად გადაშვებული იყო მის პროფესიაში და კამერების წინ მხოლოდ წამყვანი ვივიენ კარტერის ცხოვრებით ცხოვრობდა.
*** გადაცემის დასრულების შემდეგ პროდიუსერმა ვივიენი თავის კაბინეტში დაიბარა და საყვედურების კორიანტელის დასაყენებლად მოემზადა: -რომ არა ამ გადაცემის რეიტინგი, აქამდე ტელეკომპანიის არცერთი მმართველი რგოლი არ მოითმენდა შენს კაპრიზებს და დიდი ხნის წინ გვეყოლებოდი შინ გასტუმრებული. ეს ყველაფერი შენც კარგად იცი და სარგებლობ, მაგრამ ყველას აქვს მოთმინების ზღვარი და გაითვალისწინე! -კარგი რა, ნახევარი საათი იქით, ნახევარიც აქეთ. თავს ნუ გამოიდებ ხოლმე, არაფერი დაშავებულა! -როგორ არ გესმის? ყოველთვის ხელს ვერ დაგაფარებ. შენი უპასუხისმგებლო საქციელის შესახებ დღეს საჭიროზე მეტმა გაიგო და ზოგიერთის წყალობით, ტელევიზიის დირექტორის ყურამდე მიაღწია. -თუ რამე გასერიოზულდა, რა უჭირს, რომ ტელევიზიის დირექტორთან დამაჯერებელი ტყუილი შეთხზა? შენი ხომ უპირობოდ სჯერა? -რატომ დააგვიანე? -არ ვიცოდი, რომ გადაცემის ჩაწერა დღევანდელი თარიღით დაგეგმეთ. -დიდი ტყუილი! ხომ გაგაფრთხილე? -გამაფრთხილე, მაგრამ გუშინ დილით მთლად დარწმუნებული არ იყავი, რომ დღე და საათი შეიცვლებოდა. -გითხარი, რომ მოგწერდი. წერილობით შეტყობინებებს რატომ არ კითხულობ? -ბოდიში, რომ ჩასაფრებული არ ვარ თითოეული შემოსული ზარი და შეტყობინება ვამოწმო. მეც ადამიანი ვარ და სამსახურის გარდა, პირადი ცხოვრებაც მაქვს. -ბოლო დროს ძალიან გაუბერე და აღარ ვაპირებ შენს გამო თავის შარში ჩაგდებას. -ამას სერიოზულად მეუბნები? წინ ჩამოუდგა, ხელის გულები მხრებზე დაადო, მაცდურად გაუღიმა, ყელი მისკენ გადახარა და ყურის ძირთან ვნებიანად აკოცა. შემდეგ შემღვრეულ თვალებში ჩახედა, ეშმაკურად გაუცინა და თეძოების სექსუალური რხევით გავიდა ოთახიდან. -სად მიდიხარ?-ძლივს მოვიდა გონზე მისტერ დევინი, თუმცა ვინ უსმენდა? ვივიენი უკვე ლიფტში შედიოდა და ტელევიზიის შენობას ტოვებდა. -ჯანდაბა! სილამაზე, ნიჭი, ადამიანებთან საუბრის ხელოვნება და მოხერხებულობა -აი, ეს არის მისი გადაცემის რეიტინგის საიდუმლო!- ფეხი მიჰკრა სამუშაო მაგიდის წინ მდგარ სკამს და ხელში რაც ეკავა, მაგიდაზე დაახეთქა.
*** სარას თავდაუზოგავმა ძებნამ ნაყოფი გამოიღო და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მის მოვალეობაში გასახდელ ოთახთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა, შეტანილი ტანსაცმლის დათვლა და დაწუნებულის თავის ადგილას დაბრუნება შედიოდა. ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, მაგრამ უამრავ ადამიანთან ურთიერთობა და მენეჯერისგან დაკისრებული მოვალეობები დღის ბოლოს ენერგიას იმდენად აცლიდა, დაქანცული სახლამდე ძლივს აღწევდა. ვივიენ კარტერთან შეხვედრის შემდეგ ერთი თვე ისე მიიწურა, მისგან არაფერი ისმოდა. დეკემბრის საღამო იყო. საშობაოდ განწყობილი ხალხი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების არჩევის ფუსფუსში იყვნენ. სამსახურიდან გამოსული სარა ვივიენის საცხოვრებელი მისამართისკენ გაეშურა. არც ზამთრის ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი სიცივე და არც ყინულისგან დაფარული, მოლიპული ტროტუარები აშინებდნენ. მედგრად მიაპობდა გზას მასთან შესახვედრად. -ვივიენ კარტერთან ვარ!- კორპუსის ფოიეში კონსიერჟეს სწრაფად მიახალა და ხელთათმანი მოიხსნა. -ქალბატონ ვივიენს სტუმრის შესახებ არაფერი უთქვამს. -სასწრაფო საქმე მაქვს, შეატყობინეთ. მამაკაცმა ტელეფონის ყურმილი აიღო და ბინაში გადარეკა, თუმცა როგორც კი ვივიენმა უცხო ქალის სახელი და გვარი გაიგონა, უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე და კონსიერჟეს პირით გადასცა, რომ მეტჯერ აღარ შეეწუხებინა. გაწბილებულმა სარამ ფოიე დატოვა, მაგრამ არ დაუტოვებია იქაურობა. შენობის ქვეშ მანქანების სადგომის გასასვლელი მოძებნა და მთელი ღამე ფეხზე მდგომმა იქ გაათენა. გაყინვისგან რომ თავი დაეხსნა, ხანდახან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პროდუქტების სადღეღამისო პატარა მაღაზიაში შედიოდა, თავს იქ ნაყიდი ცხელი ყავით ითბობდა და იფხიზლებდა. იმავდროულად თვალს არ აცილებდა ადგილს, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვივიენ კარტერი გამოჩენილიყო.
*** ადრეული დილა იყო, როდესაც ვივიენი თავის მანქანითურთ ავტოსადგომის გასასვლელთან გამოჩნდა. მარცხენა მხარეს იყურებოდა და ახლადგამოღვიძებული ნიუ-იორკის ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩის გამოხშირვას ელოდებოდა, რომ მოძრაობას შეერთებოდა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თერმული ჭიქით თავისსავე მომზადებულ ყავას წრუპავდა, როდესაც მის ავტომობილს წინ სარა გადაუდგა: -აქედან იქამდე არ წავალ, სანამ თქვენს პასუხს არ მოვისმენ! -ღმერთო ჩემო, ეს რა ხათაბალა ავიკიდე?- ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ფანჯრის მინა ჩასწია: - დროს ნუ მაკარგვინებ, ახლა ყველაზე ნაკლებად შენთან სასაუბროდ მცალია. -მთელი ღამეა აქ ვდგავარ და გიცდით. თქვენ გგონიათ, ასე მარტივად დამიძვრებით ხელიდან? -ოღონდ ახლა შემეშვი, ძალიან საჩქარო საქმეზე მივდივარ და საღამოს რომ დავბრუნდები, გპირდები, ჩემს სახლში მიგიღებ და მოგისმენ. -არ მჯერა!- თავი გააქნია სარამ. ამასობაში ვივიენის მანქანას უკნიდან სხვები მოადგნენ და სიგნალებით იკლებდნენ: -სამსახურებში ვიგვიანებთ. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ და ამ მასკარადს ვუყუროთ?- შეჰყვირეს მოთმინებადაკარგულმა მეზობლებმა. -ახლავე შენს თვალწინ ავკრეფ კონსიერჟეს ტელეფონის ნომერს და ვეტყვი, რომ საღამოს სტუმარს ველოდები. სახელი მითხარი. პასუხის მოსმენისთანავე ქალმა მართლაც გადარეკა და საღამოს საათებში სტუმრის მოსვლის შესახებ გააფრთხილა, შემდეგ მობილური ჩანთაში ჩააბრუნა და მანქანის წინ გაშეშებულ სარას შეხედა: -ერთი სიტყვით, გელოდები. -ქალბატონო ვივიენ, რასაც ახლა აკეთებთ, ყოვლად დაუშვებელია. საჩივარს დაგიწერენ,- ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელი წამოადგა თავს და აღელვებული სახით ხან მას და ხან მის უცნაურ სტუმარს უყურებდა. სარამ თავი დამნაშავედ იგრძნო: -ყველაფერი ჩემი ბრალია. ქალბატონი ვივიენი არაფერ შუაშია, მე მომიტევეთ. -სხვა დროს ასე აღარ მოიქცეთ! არ გაქვთ უფლება, ამ ტერიტორიაზე მოძრაობა შეაფერხოთ. -დიახ, სერ. ბოდიში უკვე მოვიხადე,- თავმდაბალი ადამიანის ტონით მიუგო და გაცოფებული მძღოლებისთვის თავისუფლად მოძრაობის საშუალება რომ მიეცა, გვერდზე გაიწია. ვივიენი ძალიან ჩქარობდა, ეტყობოდა, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. მანქანა ავტოსადგომიდან გაიყვანა და თვალთახედვის არეს მოწყდა.
*** იმედით შეპყრობილმა სამსახურამდე მისასვლელი გზა ისე დაფარა, დროის შეგრძნება დაეკარგა და ვერც მიხვდა, როგორ აღმოჩნდა უზარმაზარ მაღაზიასთან. ცოტა ადრეც კი მოუვიდა მისვლა და კარის გასაღებად მენეჯერს დაუწყო ლოდინი. იქვე ჩამოდგა, ცალი მხრით დეკორატიული ქვით გაფორმებულ კედელს მიეყრდნო და მთელი ღამის უძინარმა თვალები მილულა. ბინდში გახვეულ გონებას და ყურთასმენას ოდნავ სწვდებოდა ტრანსპორტის გამუდმებული და გულისგამაწვრილებელი სიგნალების ხმა. დადიოდა ნაცრისფერ არემარეში და კვამლში არეულ, უგზოუკვლოდ მოსიარულე, მოღრიალე ხალხს აწყდებოდა. ისინი ვერაფერს ხედავდნენ და არაფერი ესმოდათ, ცოცხლად იტანჯებოდნენ. ხელებს იქნევდნენ, რომ რამეს არ დასჯახებოდნენ და ზოგიც ჯოხით ართმევდა თავს სასაფლაოებით სავსე გზის გაკვლევას. ოდესღაც ამაყად მდგარი შენობები ნანგრევებად ნაწევრდებოდნენ. საშინლად ეჩვენებოდა ყველაფერი. ფეხს აუჩქარა, გარდაცვლილ ქალაქში სიარულს ვეღარ უძლებდა. იქაურობა ხრწნადი სხეულებისგან აქოთებულიყო. ავტოსადგურის მიტოვებულ შენობას მიადგა. მხოლოდ ერთი, ჰაერისფერი ავტობუსი იდგა სახეწაშლილი მძღოლით და ვიღაცას უცდიდა. „გზა მაგედარისკენ“- საქარე მინასთან დამონტაჟებულ ელექტრონულ დაფაზე ამოიკითხა და შვება იგრძნო. სიტყვა „მაგედარისთვის“ ადრეც მოეკრა ყური, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებდა მისი წარმოქმნის ისტორიას. ბევრი აღარ უფიქრია, ავტობუსში ავიდა და პირველ სკამზე დაჯდა. მძღოლმა მგზავრს გაუღიმა, მაშინვე დაძრა ავტობუსი და ღიღინით ჩამოიტოვა გარდაცვლილი ქალაქი. აუტანელი სუნი სადღაც გაქრა. ჰაერი კვამლისგან გაიწმინდა და თანდათან ნათელი ფერები გამოჩნდა. შორს გაიჭრა ავტობუსი, მერე თითქოს უწონობისგან ჰაერში აიწია და ჩიტივით ფრენა დაიწყო. ენით აუწერელი გრძნობა დაეუფლა. ასეთი რამ აქამდე არსად გამოეცადა და სახეზე სიამოვნების ღიმილი მოადგა. ასე იფრინა კარგა ხანს, ვიდრე მოულოდნელად დაბლა დაშვება არ იგრძნო. ავტობუსი გაჩერდა და მძღოლის ხმა მოესმა, თქვენი ჩასვლის დროაო. ცხოვრების მძიმე ეპიზოდებისგან დამძიმებული წამწამები აახამხამა, კიბეებზე ჩავიდა და მის წინ გადაშლილმა სილამაზემ უმალ მოაჯადოვა. სინამდვილე რომ ერწმუნა, აქეთ-იქით ალპურ მდელოზე ნორჩად ამოსულ ხასხასა ბალახში მოჰყვა სიარულს, რომელსაც საიდანღაც ჩუმად მოპარული ნიავი არხევდა. ალპური ვარდის მოწითალო ფერის ზანზალაკისებრი ყვავილები ზურმუხტისფერს არნახული სილამაზით აფერადებდნენ. კლდეების ჯიბეებიდან ამოსული ჟასმინები ქვებს ხავსებივით მოსდებოდნენ და მზის გულზე ცელქი ბავშვებივით ათამაშებულიყვნენ. თითქოს უღრუბლო ზეცაზე ღიღილოები ამოზრდილიყვნენ და სიცოცხლისფერი ბალახებისკენ შესარწყმელად მიიწევდნენ. ყვავილებიანი ზეცისთვის რომ შეეხედა, მდელოზე გაწვა და თვალები ზევით აღაპყრო. მცენარეებში დამალული და უცბად გამოჩენილი მწერების ბზუილი ოდნავადაც არ აწუხებდა, ან რა მოსატანი იყო, როცა ასეთ ნეტარებას განიცდიდა? გაშტერებული აკვირდებოდა ცის ცვარში განბანილ ღიღილოებს, რომლებიც წვიმის წვეთებივით ეცემოდნენ თეთრ კაბაზე და ქსოვილს სამუდამოდ ეჭედებოდნენ. -დედიკო!- მთების ნიავმა ბავშვის წკრიალა ხმა მოიტანა. ნაცნობმა ბგერებმა ზეცის თვალიერებას მოსწყვიტა და შეშლილივით წამოდგა: -ესთერ!- გაფაციცებით ათვალიერებდა მთებში მოქცეულ ალაგს. -დედიკო!- სადღაც იაკობის ხმაც გაისმა. -შვილებო!- აღელვებულმა ხელის თითები გულზე მიიდო და მათკენ გასაქცევად მიმართულებას არჩევდა. მოულოდნელად მთების ძირში მისკენ მორბენალი ბავშვები გამოჩნდნენ. ქალი დაუჯერებელი ამბის მომსწრე გახდა. ჯადოსნური ადგილი მის სანუკვარ ოცნებას ასრულებდა - შვილებს უბრუნებდა. ვიღაცამ მისი სახელი ხმამაღლა წარმოთქვა და იქაურობა წამებში გაქრა. სარა ფაფუკი ღრუბლებით გათეთრებულ ადგილას აღმოჩნდა და შეშინებულმა იკივლა: -სად წახვედით? მალე ღრუბლებით დაფარული ადგილიც გაქრა და თვალები გაახილა. მის წინ მენეჯერი იდგა და განცვიფრებული სახით აკვირდებოდა: -კარგად ხარ? -დ...დიახ, რატომ მეკითხებით?- სიზმრიდან გამოყოლილი ზმანება თვალწინ უტრიალებდა, თუმცა ცდილობდა, მალევე დაბრუნებოდა რეალობას. -რა ვიცი, თითქოს შენთვის ლაპარაკობდი. მომეჩვენა, რომ გადაღლილი და ცოტა აფორიაქებული ხარ. -კარგად ვარ, არაფერი მიჭირს,- მისი დარწმუნება სცადა და კარის გაღებაში დაეხმარა. მთელი დღე საათები, წუთები და წამები კლაკვნით მიიწევდნენ წინ. თითქოს დრო სამუშაოს დასასრულებლად საღამოს მოსვლას ჯიბრში ჩასდგომოდა. სარა კვლავინდებური თავდაუზოგავი შრომით აწონებდა თავს ყველას, თუმცა დროდადრო, მაშინ როდესაც კლიენტების რაოდენობა შეთხელებას იწყებდა, გონება ერეოდა და ქვეცნობიერად დილით ნანახი ჯადოსნური ადგილისკენ მიიწევდა.
*** საღამო ხანს შეთანხმებისამებრ ვივიენთან შესახვედრად გაემართა. დიდი მოლოდინები ჰქონდა, დაღლილობა სადღაც გაჰფანტვოდა. აზრობრივად ერთადერთი საკითხით იტვირთებოდა - გაეცნო საზოგადოებისთვის ახალი სარა, რომელიც ცხოვრებას სხვა საწყისებს უძებნიდა და ახლებურად აგებდა. ვივიენ კარტერის საცხოვრებელ კორპუსში ამჯერად თავისუფლად შეაღწია და ორმოცდამეთორმეტე სართულზე ავიდა. კარი თავად ვივიენმა გაუღო. სახეზე ეტყობოდა, მისთვის არც თუ ისე სასურველი სტუმარი იყო: -შემოდი,- სერიოზული სახით უთხრა და გაღეღილი მკერდი რომ დაეფარა, ლაგუნისფერი სატინის ხალათი შეისწორა. სარა გაბედულად შევიდა. რაღაც მომენტში ამაყადაც იგრძნო თავი, ბოლოსდაბოლოს, ჩაფიქრებული გამოუვიდა და ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი ტელეარხის ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს სტუმრობდა. -აქეთ.- მასპინძელი მისაღებ ოთახში შევიდა, ჯეკ დენიელსის ვისკის ბოთლს დასწვდა, ბროლის დაბალი ჭიქა ნახევრამდე შეავსო და დივანზე ჩამომჯდარ სტუმარს წინ ჩამოუდგა. -ჩანაწერების რვეული რომ გადმოგეცით, წაიკითხეთ?-ახედა სარამ. ქალმა გაკვირვება ვერ დამალა, აშკარად ვერაფერს მიუხვდა: -რომელ ჩანაწერებზე მელაპარაკები? -იმ დღეს, როდესაც პირველად შეგხვდით, მაშინ გადმოგეცით. -მსგავსიც არაფერი მახსოვს,- ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა. -რას ნიშნავს არაფერი გახსოვთ? ესე იგი, აქ ტყუილად მომიყვანეთ? მე და თქვენ ჩემს ჩანაწერებზე უნდა გვესაუბრა. -ასეთი რა გეწერა იქ, რომ განხილვად ღირდა?- წარბები ასწია ქალმა და ჭიქა პირთან მიიტანა. -უნდა გვემსჯელა თქვენს გადაცემაში სასაუბროდ რომელ ადგილებზე სჯობდა ყურადღების გამახვილება და რომელზე - არა. -ესე იგი, ჩემს გადაცემაში სტუმრობა გსურს? -კი, მაგრამ ამ თემაზე ხომ ვისაუბრეთ? ახლიდან ვუბრუნდებით? -და შენ გგონია, მახსოვს მე და შენ პირველ შეხვედრაზე რა მოვილაპარაკეთ? -სინამდვილეში არაფერი მოგვილაპარაკებია. ასეთი წინაპირობა გვქონდა, ჯერ ჩემს ჩანაწერებს უნდა გაცნობოდით. თქვენ კი ისიც არ გახსოვთ, სად წაიღეთ. არადა, გაგაფრთხილეთ, რომ სულს გაბარებდით. ვივიენმა ცინიზმით გაჯერებული სახით შეხედა და ჩაეცინა: -ვთქვათ შენი სული დავკარგე, ახლა რა უნდა ვქნათ, ერთმანეთს ვუყუროთ? მაპატიე, მაგრამ ამდენი არც დრო მაქვს და არც ნერვი. დაიწყე რაზე სალაპარაკოდაც მოხვედი, ოღონდ მოკლედ მითხარი ყველაფერი. სარამ ხელები მუხლის თავებზე დაიწყო და თავისი ამბის მოსაყოლად მოემზადა: -არ ვიცი, რამდენად გამომივა ჩემი ამბავი მოკლედ გიამბოთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, შევეცდები. დავიბადე ნიუ-იორკში. ჩემი ოჯახი ებრაელებში ყველაზე მკაცრ, ულტრა-ორთოდოქსულ რელიგიას მიჰყვება. მე ჰასიდი ვიყავი, კერძოდ სატმარი. თუ ასეთ ხალხზე გსმენიათ, ზოგადად მაინც გეცოდინებათ მათი ცხოვრების წესები. -მსმენია, მაგრამ არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. ყველას თავის მოთხოვნილებები და ინტერესები აქვს. მთავარია, ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, სადაც ცხოვრობს, ვისთანაც ცხოვრობს და როგორც ცხოვრობს. -საქმე იმაშია, რომ მე არ აღმოვჩნდი ისეთი, რომლისთვისაც ადვილი იყო ჰასიდიზმი. მისი მიმდევრები არ სცნობენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს, მისწრაფებებს, განვითარების დონეებს, არ ინტერესდებიან სხვების კულტურით, ტრადიციებით, მწერლობით, მხატვრობით, მუსიკით... აქვთ საკუთარი პრინციპები, ზედმიწევნით იცავენ კანონთა მიმდინარეობას, რაც უძველესი დროიდან, მეთვრამეტე საუკუნიდან მოსდგამთ. ისინი ვიზუალური მახასიათებლებითაც გამოირჩევიან. მამაკაცები ატარებენ გრძელ წვერს და ყურებთან ხვეული თმა აქვთ, აცვიათ შავი კოსტუმები და გრძელი პალტოები, ხოლო ქალებს რაც შეეხება, მათი თმა დაფარულია თავსაბურავით, სამოსი კი საკმაოდ მოკრძალებული, გრძელი სახის კაბებისგან შედგება. ტელევიზორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სმარტფონები და მსგავსი სახის ტექნიკა მათთვის უცხოა. ვივიენს მოთმინებამ უღალატა და საუბარი გააწყვეტინა: -გისმენ და ჯერჯერობით არაფერი გითქვამს საგანგაშო. ეს ამ რელიგიის თანმდევი წესებია, მე ვერაფერს შევცვლი. სარას სახე შეეცვალა, ქალს შეატყო, მისთვის უინტერესო თემაზე საუბრობდა და მთელი ძალისხმევით შეეცადა, რომ მისი პრობლემების სიმძიმე უკეთ დაენახებინა: -ძალიან გთხოვთ, დამამთავრებინეთ მაინც. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩემს ქორწინებაზე გადავალ. ჰასიდების ქორწინების საშუალო ასაკი თვრამეტიდან ოც წლამდე მერყეობს. ბიჭს და გოგოს ქორწინებამდე რაიმე სახის სექსუალური ურთიერთობა ეკრძალებათ. ერიდებიან ერთად ყოფნას და ფაქტობრივად ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ჩემი მეუღლე მხოლოდ ორჯერ ვნახე. შემდეგ მშობლების თანხმობით შედგა ქორწილი და ცხრამეტი წლის ასაკში გავთხოვდი. იმ დღიდან დაიწყო ოთხწლიანი ტანჯვა. მე ის არ მიყვარდა, მასთან მხოლოდ იძულებითი სახის სქესობრივი ცხოვრება და ამ პროცესების შედეგად გაჩენილი ორი შვილი მაკავშირებს. სექტაში რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა შვიდი, ცხრა ან თერთმეტი შვილიც მყოლოდა. მათში შობადობის კონტროლის უმეტესი ფორმები რელიგიურად აკრძალულია. ვივიენი შეწუხებული სახით წინ ჩამოუჯდა და ვისკის ბოთლიდან ჭიქის ხელმეორედ შევსება დაიწყო. სარა აგრძელებდა: -ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ის გარემო, სადაც ვცხოვრობდი ძალიან მზღუდავდა და მავიწროვებდა. ერთი სიტყვით, თავისუფლებას მაკარგვინებდა, თვითგანსაზღვრის შესაძლებლობებს მისპობდა და მაცამტვერებდა. მე კი მინდოდა, ჩემი თავი ვყოფილიყავი და საკუთარი ბედი არა დოგმებით გარშემორტყმულ ხალხს, არამედ მე შემექმნა. ამიტომ ფარულად დავიწყე ბიბლიოთეკაში სიარული, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა თემებზე და ჩუმად ნაყიდი სმარტფონიდან ინტერნეტში ძრომიალი. სწორედ ეს აღმოჩნდა ის მარცვალი, რომელიც გაღვივდა და ჩემთვის აქამდე უცნობი საკითხებისადმი მეტი ლტოლვა დამაწყებინა. მაშინ დაიწყო გონებაში რევოლუციური მოვლენების განვითარებაც. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვეზიარებოდი, ვხვდებოდი, როგორ ვშორდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ყოველდღიურობას წარმოადგენდნენ. ნელ-ნელა უინტერესო გახდა ის თემები, რაზედაც ოჯახში საუბრობდნენ. ვეღარც თანატოლ გოგონებს ვუგებდი, მათი პრიორიტეტები მხოლოდ გათხოვებით, სახლის საქმეებით, ბავშვების გაჩენით და მათი აღზრდით შემოიფარგლება. გახლეჩილობას ისიც დაერთო, რომ ცხრამეტი წლის ასაკში იძულებული გავხდი, ჩემთვის სრულიად უცნობი პიროვნების ცოლი გავმხდარიყავი. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღემდე არ ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ჩვენი რელიგია გამოჰკვეთს ზღვარს, რასაც ვერ გადაკვეთ. ამ სამყაროდან გამოვედი და შვილებიც თან წამოვიყვანე. ცოტა ხნის წინ მოსამართლემ ჩათვალა, მათ ჰასიდებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესებით ვზრდიდი და დედობის უფლება ჩამომართვა. -რას აკეთებდი ამისთანას? -ჩემს გოგონას მიკი მაუსის, მინი მაუსის, დონალდ დაკის და დისნეის დანარჩენი პერსონაჟები გავაცანი. მინდოდა, გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდა უოლტ დისნეიზე, როგორც მნიშვნელოვან ფიგურაზე ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში. ასევე მსურდა, სცოდნოდა რას აღნიშნავდნენ ამერიკელები როკფელერის ცენტრთან მდგარი უზარმაზარი, გაბრდღვიალებული ნაძვის ხით. ისიც ვაჩვენე და მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსენი, რომ ეს შობას უკავშირდებოდა. ესთერი მცირეწლოვანი ბავშვია და რა თქმა უნდა, ვერ მოვთხოვთ, მოზარდივით შეინახოს საიდუმლო. მამასთან მივიდა და ყველაფერი ტიტინით უამბო. როგორი რეაქცია ჰქონდა ჩემს მეუღლეს, ამაზე არ ვილაპარაკებ. სასამართლო პროცესზე ამისთვის და კიდევ ბევრი წვრილმანისთვის მკაცრად მომეკითხა. ისინი მიიჩნევენ, რომ სექტისთვის ყოვლად დაუშვებელ საქციელს ჩავდიოდი, შვილებზე ცუდ გავლენას ვახდენდი და ჩემს წრეში დედობის საშინელ მაგალითს ვიძლეოდი. -ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩემი გადაცემისგან რას ითხოვ? -მინდა საზოგადოებამ დაინახოს, რომ იმის გამო დავისაჯე, მეტი განათლების მიღება და ჩემი აზროვნების ჩარჩოების გარღვევა მოვიწადინე. არც შვილებს ვუმღვრევდი გონებას. დღემდე ვფიქრობ, მათ უფლება აქვთ, ასაკის შესაბამისად გაეცნონ სხვადასხვა კულტურებში ჩასახულ საინტერესო ფაქტებს. -მაპატიე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. თუკი რელიგიის მიხედვით რაღაც გეკრძალება და შენ ამას მაინც აკეთებ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო ქმედებაა და ლოგიკურია, ცუდად შემოგიბრუნდეს. არ მინდა, გული გატკინო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსამართლე იმ კანონების თანახმად მოქმედებდა, რასაც თქვენი რწმენები, შეხედულებები და ტრადიციები ითვალისწინებენ. სარა სავარძლიდან წამოხტა: -გატყობთ, ჩემს საწინააღმდეგოდ ხართ განწყობილი. როგორ შეგიძლიათ, ის გადაწყვეტილება გაამართლოთ, რასაც დედისთვის შვილების წართმევა ჰქვია? გული საერთოდ არ გაქვთ? თქვენც თვლით, რომ დამნაშავე ვარ? არც მავნე ჩვევები მაქვს, არც კრიმინალი ვარ, არც ზრუნვას ვაკლებდი მათ და ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ იმ სექტაში დარჩენა არ მსურდა. -ვწუხვარ, მაგრამ შენი ისტორია არაფრით გამოირჩევა. მე კი გადაცემის რეიტინგს სენსაციური ამბებით ვიმაღლებ. -თქვენ არასოდეს გამოგიცდიათ შვილების დაკარგვა, არ იცით რას ნიშნავს მათი განცალკევება და ქმრის ნათესავებისგან სამადლოდ აღზრდა. ამიტომ უყურებთ ამ საკითხს გულგრილად. ვნანობ, რომ აქ მოსვლაზე დრო დავკარგე,- თვალები აუწყლიანდა სარას. -ნუ ცდილობ, ნამუსზე ამაგდო. შენი შვილები კარგად არიან და არაფერი იცი, რას ნიშნავს ბავშვისთვის ცუდ მდგომარეობასა და პირობებში ყოფნა. სარამ ხმა აიმაღლა და სიმწრით წარმოთქვა: -ენა როგორ გიბრუნდებათ?! არ გრცხვენიათ? -შენ წარმოიდგინე, არა. -ეკრანზე ასეთი არ ჩანხართ. რამდენადაც საზოგადოებას კარგ ადამიანად აჩვენებთ თავს, ორი იმდენად უხეში და გულცივი ადამიანი ყოფილხართ. ვივიენს სარასგან წამოსული სიტყვების ფონზე ბრაზისგან თვალები გაუფართოვდა: -შენ ახალი გადმოდგმული გაქვს ფეხი რეალურ მსოფლიოში და წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდება. აზრზე არ ხარ, რამდენი ბავშვი იტანჯება ულმობელი ადამიანებისგან მიყენებული ტკივილით. ოლივია უებერი არის ბავშვი, რომელსაც ნაძირალა მამინაცვალი დაშინებებით და ცემა-ტყეპით პორნო გადაღებებს აიძულებდა და აღებული ფულით ნარკოტიკებსა და სასმელში იხრჩობოდა. სილვია როდრიგესი იყო რვა წლის გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად უკეთესი მომავლის საძიებლად მექსიკის საზღვრიდან გადმოიპარა და გუშინ დილას საემიგრაციო ციხეში დაიღუპა. ბენსონ რივერა ალკოჰოლიკმა და შიზოიდმა მამამ იმის გამო, რომ ბავშვს სათამაშო მოუნდა და რადგან არ ყიდულობდა, ატირდა, დედამისის წინ დააბა და ხელფეხშეკრული ცემაში შემოაკვდა. ახლა მითხარი, რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც ახლოს არის შენი შვილების უბედურებასთან? შეძრწუნებულმა სარამ თავი გაიქნია. -დამიჯერე, ეს კიდევ ცოტაა, რაც ვთქვი. მსგავსი სახის ინფორმაცია უამრავი შემოგვდის და ამდაგვარი ხალხის ისტორიებით თითქმის ყოველ დღე სულით ხორცამდე შეძრულებს გვიწევს გადაცემების მომზადება. -ჯანდაბა! -ძალიან გთხოვ, დამტოვე. ვეღარ მოგისმენ და ვერც დაგეხმარები. ხელებჩამოყრილი სტუმარი უსიტყვოდ დაემორჩილა მასპინძლის ნებას და გასასვლელისკენ წავიდა. -შენს რვეულს თუ ვიპოვი, აუცილებლად დაგიბრუნებ. მართლა არაფერი მახსოვს, სად წავიღე. სარას პასუხი არ გაუცია. ღრმად ამოისუნთქა, ფილტვები მძიმე ჰაერისგან გაითავისუფლა და ვივიენის ბინიდან დათრგუნული გავიდა.
*** მიდიოდა სარა მანჰეტენის ქუჩებში ნაღვლიანი გამომეტყველებით და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, არაფერი ეყურებოდა. ვერც თაიმ სქვერზე არსებული ხალხმრავლობა, ტურისტების მხიარულება და ვერც კოსტუმებში გადაცმული სასურათედ გამოწყობილი მსახიობები იქცევდნენ მის ყურადღებას. ვივიენის სიტყვები გონებიდან არ გამოსდიოდა. მათ გემოს პირშიც კი გრძნობდა და გული ერეოდა... -ბავშვები არ უნდა იტანჯებოდნენ!- უნებურად წამოსცდა და სუსხდადებული ტუჩები აუკანკალდა. ნერვიულობისგან აზროვნების უნარი გასთიშვოდა. აშკარა იყო, რომ გონზე მოსასვლელად დრო სჭირდებოდა. სიარული შეწყვიტა, წითელ საფეხურებზე რამდენიმე ტურისტის გვერდით ჩამოჯდა და თავი არ აუწევია, მოდუნებული დასცქეროდა მინისგან შექმნილ ძვირადღირებულ კონსტრუქციას. გვიანი იყო, როდესაც სახლში შევიდა. პალტო არც გაუხდია, მაშინვე ბავშვების სათამაშოებთან ჩაიმუხლა, ორივე ხელში რაც დაეტია, ყველა ერთად გულზე მიიკრო, ცხვირი ჩარგო და მონატრებული შვილების სურნელს დაუწყო ძებნა. -თქვენ არაფერი გემუქრებათ! ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ! კარგად იქნებით! - გაუჩერებლად ბუტბუტებდა. მოულოდნელად ელდანაკრავივით წამოხტა, კარადიდან ფუნჯები და საღებავები გამოიღო, კედელთან მიყუდებული მოლბერტი გაშალა და დიდხანს უყურებდა სუფთა ტილოს. ეტყობოდა, შავ ღრუბლებად დაწოლილი ვივიენის სიტყვები მეხსიერების დაფიდან დროებით ქრებოდნენ და საფიქრალს სხვა აზრები ენაცვლებოდნენ. ტილოს მიუახლოვდა, ხელის გულები კარგად გაშალა, ორივე მიაბჯინა და აქეთ-იქით ამოძრავებდა, თითქოს ეფერებოდა და თავისებურ კავშირს ამყარებდა, რომ სულში ჩაკერილი ამბები ხელების მეშვეობით ტილოზე გადმოეტანა. დილით ნანახი ზმანება დაწვრილებით აღიდგინა, შემდეგ ფუნჯი საღებავით დაფერა და პირველ რიგში ზეცის შემყურე ქალის კონტური მოხატა. ლამაზი, სახასიათო სახე ჰქონდა. ისეთი, რომ სულ გინდოდა, სუნთქვაშეკრულს გეცქირა და ამოგეცნო, რაზე ფიქრობდა. მისი თვალებიდან სიმშვიდე იღვრებოდა. თვალებში უცნაური პატარა ანარეკლები შეიმჩნეოდნენ - მაღალი, მწვანეღეროიანი ღიღილოების. საოცარი ხედვა ჰქონდა სარას. თეთრ კაბაში შემოსილ ქალს სამ ნაწილად გაუყო გული. სამივე ფეთქავდა, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო. სადღაც შორს მისი შემყურე ორი ბავშვის სახეც გამოიკვეთა. ქალის გრძელი თითები ცეცხლის ბურთივით მოელვარე მზეს ყვითლად გაეთბო და სხივად წასული ხაზი ბავშვებისკენ შეუპოვრად მიიწევდა. დედა-შვილების კავშირის შემდეგ დადგა დრო, ტილოზე ზღაპრული „მაგედარიც“ აღბეჭდილიყო, თუმცა მოტანებულმა დილის საათებმა თავისი ქნა, სარა ფიზიკურ-ემოციურად ლიმონივით გამოწურა და ძილი მოერია. მთელი ღამის ნამუშევარი სურათი ჩაბნელებული ოთახის შუა გულში იდგა და მძინარე სარას დასცქეროდა. მუქი ფარდებიდან შემოპარული შუქი სამად დაშლილი გულისკენ მიიწევდა. ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა. არაფერი ჩანდა, გარდა სისხლისფერი გულებისა, რომლებიც უცნაურად ანათებდნენ...
*** კარზე ატეხილმა ზარმა ვივიენი ძილს ძლივს მოწყვიტა და თვალების ფშვნეტით გავიდა საძინებლიდან. არასოდეს იყო დილის ტოროლა, ყოველთვის უჭირდა მიძინებული გონების გამოფხიზლება. -ჩაიცვი, მივდივართ,- პროდიუსერის ბოხმა ხმამ ლამის მეცხრე სიზმარში მყოფი რეალურ სამყაროში დააბრუნა. -სად მივდივართ? -ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჩიხში შევიდა. შენი ჩართულობის დროა. მთავარი მოწმე ინტერვიუს ჩაწერაზე უარს გვეუბნება. ვივიენმა კეფაზე მოისვა ხელი და ისეთი თვალებით შეხედა, ეტყობოდა, რომ ძალიან ეზარებოდა, მაგრამ სამსახურს არასოდეს ღალატობდა და როცა საჭირო იყო, იქ იდგა, სადაც საქმე მოითხოვდა: -დრო მომეცი, რომ მოვემზადო. მამაკაცმა ქალის სექსუალურობას ვეღარ გაუძლო, მიუახლოვდა და სხეულზე მჭიდროდ აიკრო, მაგრამ ვივიენმა ხელი ჰკრა და მოიშორა: -არ იყო საჭირო აქ მოსულიყავი. დაგერეკა და გადამღები ჯგუფი გამოგეშვა. დანარჩენს მე მოვაგვარებდი. -ხელს რატომ მკრავ? ისე იქცევი, თითქოს ჩვენი ურთიერთობა სამსახურის იქით არასოდეს წასულიყოს. -მოკეტე!- თავისთვის ჩაიბურტყუნა და ცხვირწინ მიუხურა საძინებლის კარი. გულმოსულმა პროდიუსერმა კარის უკნიდან მიაძახა: -კიდევ სადამდე გააგრძელებ ჩემს მოგერიებას? იცოდე, ამ საქციელს განანებ. ქალს სიტყვა არ დაუძრავს, არ ჩათვალა საჭიროდ აბეზარი სტუმრისთვის პასუხი გაეცა.
*** გადაცემაზე სამუშაოდ მომზადებული ვივიენი გადამღებ ჯგუფთან ერთად ორსაათიანი მოგზაურობის შემდეგ კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ფეარფილდში ჩავიდა. სიუჟეტი ოლივია უებერის შემზარავი ამბის შესახებ მზადდებოდა. უეცრად გაუჩინარებული ბავშვი და მამინაცვლის უმოქმედობა დიდ ეჭვებს იწვევდა. მათი ვარაუდებით ბავშვი ან გადამალული ჰყავდა, ან მოკლული. ამბავი, რომელიც ანონიმური ზარის მეშვეობით, ვიღაც ქალბატონის მიერ იყო ტელევიზიაში შესული, მამინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გოგონას იძულებითი წესით პორნო ინდუსტრიაში ჩართულობას და მისდამი სასტიკ მოქცევას მოიცავდა. ბრალდება საკმაოდ სერიოზული იყო. თავად მამინაცვალი აცხადებდა, რომ გოგონას ბედით თავადაც შეწუხებული იყო და უკვე მეცხრე დღე იყო, ყველგან ეძებდა. საჭირო იყო ერთ-ერთი მეზობლის ალაპარაკება, რომელმაც საგამოძიებო ჯგუფის წევრების გათვლებით იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამბობდა. ვივიენ კარტერი სწორედ ამ მიზნით ჩავიდა მასთან, რომ ინტერვიუზე დაეთანხმებინა. ხვეწნა-მუდარა და მუხლის ჩოქებზე დადგომა მისი სტილი არასოდეს ყოფილა. ძალიან ჩვეულებრივად იწყებდა საუბარს და ნელ-ნელა ისეთ პირობებს უქმნიდა მოსაუბრეს, საუბარში იყოლიებდა და ხშირ შემთხვევაში ინტერვიუს ჩაწერაზეც ითანხმებდა. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ვივიენის მორიგმა მცდელობამ გაამართლა. უფრო მეტიც, რაღაცებზე წამოაგო და მეტი ინფორმაცია დასტყუა. ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით მოსაუბრე მეზობელს გამოცდილმა ჟურნალისტმა გონება გაუფანტა და ისეთი დეტალი წამოაცდევინა, რომელიც კარგი ხელმოსაჭიდი აღმოჩნდა კერძო გამოძიებისთვის.
*** გადამღები ჯგუფი თითქმის მთელი დღე დაყოვნდა ფეარფილდის შემოგარენში და ყველა საეჭვო ვითარებას იძიებდა. -არ გგონიათ, რომ გოგონას დაკარგვამდე ყოფილი შერიფის რამდენჯერმე სტუმრობა რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში?- მანქანაში მჯდომი ვივიენი შუბლის სრესვით მიუბრუნდა თანაგუნდელებს. -შენ ფიქრობ, რომ ამ ბიზნესს ვიღაც ზემდგომი პირი მფარველობს? მაშინ ეს ამბავი კიდევ უფრო საშიში ყოფილა, ვიდრე ჩვენ გვგონია, -მიუგო ერთ-ერთმა. -არის კიდეც. -ვიდრე რამეს გამოვჩხრეკთ, ჩემი დამემართება,- სიტყვა ჩააგდო ოპერატორმა. -ბავშვის დედის მშვიდი სახე ცოტა არაადეკვატურად მომეჩვენა. არა, აზროვნებაზე ეტყობა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არამდგრადია, მაგრამ თუ მისი შვილი მამინაცვლის დაძალებით ასეთ სისასტიკეს ეწირება, მაშინ თავადაც უნდა იყოს საქმის კურსში და სიმართლეს მალავს. საეჭვო იყო გოგონას ოთახიც. მხოლოდ მის ოთახში ეგო ახალი, ვარდისფერი, რბილი იატაკი, ხოლო ყველა დანარჩენი ხის პარკეტით იყო დაფარული. ასევე კედლების შპალერიც ახალი გაკრული უნდა ყოფილიყო. საინტერესოა როდის შესრულდა ეს სარემონტო სამუშაოები? -დედის ქცევები მეც უცნაურად მივიჩნიე, მაგრამ ოთახის დიზაინისთვის უჩვეულო არაფერი შემინიშნავს. კაცმა რომ მკითხოს, ჭკუა მომეკითხება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვერ ვამჩნევ ხოლმე, ჩემს თავზე მეშლება ნერვები. ეგ რატომ არ ვიფიქრე? -თითების წვალება დაიწყო თანაგუნდელმა. -შეიძლება ვცდები და ოთახი ბავშვის გულის მოსაგებად განაახლეს, მაგრამ არა მგონია, იმ ამაზრზენ წყვილს ოლივიას სურვილები მის გასახარებლად დეტალ-დეტალ გაეთვალისწინებინა. მოსიყვარულე მშობლებს ნამდვილად არ ჰგვანან. -დღეს ვეღარაფერს გავარკვევთ, მაგრამ გპირდები, ხვალ ისევ ჩამოვალთ. დედასაც და მამინაცვალსაც ვაიძულებთ, შენს გაჩენილ კითხვებზე პასუხი გაგვცენ. -ცხადია, ჩამოხვალთ. ამ საქმის გამოძიება თუ შევძელით, გპირდებით, რომ ტელევიზიის მფლობელებს თქვენი ხელფასების მომატებაზე ზრუნვა მოუწევთ. ახლა კი სახლში წამიყვანეთ, მთელი დღეა თავის ტკივილს ვერაფერი მოვუხერხე, ასე მგონია, უროს მირტყამენ. ყველა ერთად დაემორჩილა ვივიენის სურვილს, ან კი ვინ გაუბედავდა შეპასუხებას? გზაში არაფერი უთქვამს. ფანჯარაში იყურებოდა და თანამშრომლების მიერ წამოჭრილ თემებს რატომღაც არ აჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სენტიმენტალურობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არასოდეს იყო შესამჩნევი, თავს ვეღარ მოერია, ფიქრებს გაჰყვა და მოიწყინა.
*** კორპუსის ფოიეში შესულს კონსიერჟემ უსახელო კონვერტი გადასცა. მაშინვე გახსნა და CD დისკი აღმოაჩინა. ბინაში შესვლისთანავე მასში ჩაწერილ ვიდეოს გაეცნო. ნათლად ჩანდა შეშინებული ოლივია, რომელიც შიშველ მამაკაცს შესცქეროდა და ახლად წამოზრდილ მკერდზე ხელებს უხერხულად იფარებდა. მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა, ყელთან ამოტვიფრული ტატუ დაფარული ჰქონდა და სიამოვნების მისაღებად მისკენ მიიწევდა. ვივიენს ცივმა ოფლმა დაასხა, სასწრაფოდ შეწყვიტა ვიდეოს ყურება და აკანკალებული ეცა ვისკის ბოთლს. ფსკერამდე დასულმა სითხემ ჭიქა ოდნავ შეუვსო. -ანონიმური შეტყობინების ავტორი მართალი ყოფილა. ბავშვი მსხვერპლია და საშინელი ადამიანების ხელშია ჩავარდნილი. რადგან ვიდეო მისი სიტყვების უტყუარობას ამტკიცებს, უკვე მჯერა, რომ კრავის სახით მოცქერალი მამინაცვალი უშუალოდ არის ჩართული ამ ამბავში და ნამდვილად დამნაშავეა. ცოლზე რა უნდა ვთქვა? ალბათ, ქმარი მისი მდგომარეობით სარგებლობს და ისე მართავს, როგორც საბრალო ოლივიას ბედს. შენი დედაც, ნაბიჭ*ვარო! - იღრიალა, ჭიქა ერთბაშად გამოცალა და აცრემლებული იატაკზე ჩაიკეცა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უფრო დამაინტერესა, კარგია, შემდეგი თავების ლოდინი არ მიწევს :) 5 უფრო დამაინტერესა, კარგია, შემდეგი თავების ლოდინი არ მიწევს :) 5
4. ქალბატონო მზია, გადავხედავ და აუცილებლად ჩავასწორებ. მადლობა. ქალბატონო მზია, გადავხედავ და აუცილებლად ჩავასწორებ. მადლობა.
3. მცირე შენიშვნა: ერთგან წერია, რომ ცხრამეტი წლის გათხოვდა, მეორეგან - თვრამეტის.
მცირე შენიშვნა: ერთგან წერია, რომ ცხრამეტი წლის გათხოვდა, მეორეგან - თვრამეტის.
2. ორგვარი ხედვაა: ერთის მხრივ შეზღუდულები არიან ჰასიდები (ან სხვა მსგავსი საზოგადოებები), მეორეს მხრივ - დაცულები. ცხოვრებაში კი სიყვარულით შეუღლებულებსაც სძულდებათ ერთმანეთი, ზოგჯერ პირველივე დღიდან. ცალკე თემაა ბავშვების დაუცველობა. მარტოსული, უბედური და დეპრესიულიც უამრავია. 5
ორგვარი ხედვაა: ერთის მხრივ შეზღუდულები არიან ჰასიდები (ან სხვა მსგავსი საზოგადოებები), მეორეს მხრივ - დაცულები. ცხოვრებაში კი სიყვარულით შეუღლებულებსაც სძულდებათ ერთმანეთი, ზოგჯერ პირველივე დღიდან. ცალკე თემაა ბავშვების დაუცველობა. მარტოსული, უბედური და დეპრესიულიც უამრავია. 5
1. 5 <3
ძალიან საინტერესო თემა გაქვს არჩეული, მომწონს <3 5 <3
ძალიან საინტერესო თემა გაქვს არჩეული, მომწონს <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|