ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2020


ქარაფებზე მოსიარულე (VI)

მზისფერი
ხატვის სურვილი იმდენად დიდია, ორი ბავშვის მოვლისგან გამოწვეული დაღლილობა ვერაფრით ჩაგრავს. ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს, ყველა სიახლეს ვისრუტავ და ტექნიკას ვხვეწ.
ანა მეუბნება, შენნაირად მოტივირებული მოსწავლე არსად მინახავს, ნახატებით ისეთ ისტორიებს ჰყვები, შინაარსით მწერლებს და ტექნიკით მხატვრებს შეშურდებათო. არ ვიცი მანებივრებს, თუ მართლა ასეა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მიყვარს სურათები, სადაც აქცენტი ადამიანებზე და მათი ცხოვრების დეტალებზე კეთდება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი დღე სარდაფიდან აღარ ამოვიდოდი, ვიქნებოდი საღებავებით მოხატულ სამყაროში და ხან დავშლიდი და ხანაც ავკინძავდი ადამიანებს ფერებად, გრძნობებად და ისტორიებად.
ვიდრე ხატვას დავიწყებ, წინასწარ არასოდეს ვიცი რას ვხატავ. ჯერ ერთ პიროვნებას ვქმნი, ის მეორეს ითხოვს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და ასე იკვეთებიან ერთმანეთში თავიანთი ამბებით.
ვცდილობ, მუქი ფერები ნაკლებად გამოვიყენო. ჩემს ნამუშევრებს ღია მეტად უხდება. მოვასწარი და ერთი ფერი მეტად შევიყვარე. მას მზისფერი ვუწოდე.
მზისფერი ჩემი ფერია!


განხეთქილებები
პატარა ესთერმა მამამისს ამბავი მიუტანა, დედამ სათამაშოებდაკიდებული ხე მაჩვენაო. იმ დღეს მართლაც წავიყვანე როკფელერის ცენტრთან საშობაოდ მორთული უზარმაზარი ნაძვის ხის და გარშემო განლაგებული თვალწარმტაცი დეკორაციების საჩვენებლად. ნეითანი ამას კიდევ როგორმე გადაიტანდა, ესთერს ისიც რომ არ დაემატებინა, მეც მინდა, სახლში ეგეთი ხე, მიყიდეთ, ზედ ჩემი სათამაშოები უნდა დავსვაო. მეუღლემ მკაცრად შემომხედა, მზერით ცეცხლი წამიკიდა და შიგნით ჩამფერფლა. ადგილზევე გავშეშდი, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ესთერმა მამამისისგან უარი მიიღო, ტირილი დაიწყო და უარესში მამხილა- მაშინ დედამ ანას მობილური მომიტანოს და მულტფილმებს მაყურებინოსო. მაშინვე მივვარდი და დაწყნარება დავუწყე. ნეითანმა ვეღარ მოითმინა და ვიდრე ბავშვს ვაჩუმებდი, ისე გამლანძღა, იმ დღის გათენება შემაჯავრა.
ეს პირველი სერიოზული განხეთქილება იყო, რაც ჩვენს შორის მოხდა. მეორე კი რამდენიმე  დღის წინ მოხდა, როდესაც იაკობის წინდებზე დახატული სანტა კლაუსი შენიშნა. თავი გააქნია და სიმწრით წარმოთქვა- საინტერესოა, სად გაელია დედაშენს გონებაო? იმწამსვე გახადა და ნაგავში ჩაუძახა. მერე დამიძახა, დამნაშავე ბავშვივით კედელთან მიმიმწყვდია, ახსნა-განმარტება მომთხოვა და გულში დაგროვილი თითოეული წვრილმანი წამომაძახა, რომელსაც ჩვენი თემის კანონების საწინააღმდეგოდ ჩავდიოდი. არც ის დაავიწყდა ეთქვა, მრცხვენია შენი საქციელების და თავს ნუ მაძულებ, წესიერად მოიქეცი და სხვები არ ალაპარაკოო.
მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ვერაფერი ვუთხარი. აზრი არ ჰქონდა. ადრეც აღვნიშნე, ნეითანი სიახლეებს ვერ იტანს.
ჰასიდები არაფერს ცვლიან!


რევოლუციური ძვრები
ჩემს ქმარს ანას პროფესიული წარმატებების შესახებ მოვუყევი. აღვნიშნე, მის საქმიანობას სიამოვნებით შევისწავლიდი და ოთახებს მოვხატავდი-თქო და ავი ძაღლივით შემომიღრინა -ფრთხილად იყავი, ჯერ არ დამვიწყებია მაგის მობილურით ბავშვს რომ მულტფილმებს აყურებინებდი, საერთოდ არ დავითხოვო აქედანო.
სიტყვაც აღარ დამიძრავს...
იძულებული ვარ, ტყუილში ვაცხოვრო...
რაც ხატვა დავიწყე, დღიურისთვის ნაკლებად ვიცლი. სურათებში გადამაქვს სათქმელი და ასე ვთავისუფლდები. ფუნჯები და საღებავები ძალიან მეხმარებიან დასაცლელად. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის იდეალური თერაპიაა. შეკრული კვანძები, რომლებიც მთელ სხეულს სიმებივით მიჭიმავენ და კეფას მატკიებენ, მეხსნება. გონება გაჭედილი აზრებისგან იცლება და მოჭარბებული სიამოვნებისგან სულ სხვა ვხდები -ისეთი, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.
იმ დღეს ნეითანმა კარადის უკან დამალული საღებავების სუნი იგრძნო და მკითხა, სარდაფში რისი სუნი დგასო, თუმცა გონებაში არც გაუვლია, რომ ხატვით ვარ დაკავებული და რაღაცას ვუმალავ.
ესთერმა არ გაიღვიძოს და არ დაინახოს!
ნეითანმა რამე არ იეჭვოს!
ახლობელმა არაფერი შემამჩნიოს!
როდემდე?! კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს შიში? უკვე იმ ჭკუაზე ვარ, ყველაფერი ვაღიარო. ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ.


გარღვევა
რაც დრო გადის, თავს ვეღარ ვცნობ. ძველი სარასგან აღარაფერი დარჩა. როგორც ვცხოვრობ, საკუთარი თავის და თემის მოტყუებაა. დროა, სერიოზული ნაბიჯი გადავდგა და ყველაფერს წერტილი დავუსვა. უკვე ძალაც მაქვს, სათანადოდ მომწიფებულიც ვარ და ვფიქრობ, დამოუკიდებლად არსებობას შევძლებ.
პირველ ხანებში სამკაულებს გავყიდი და აღებული ფულით თავს ასე გავიტან. ანას ვთხოვ, სადმე ერთი ოთახი მომიძებნოს. ვიცი, არ დამზარდება.
დედაჩემს ვნახავ და ვეტყვი თემის დატოვება რომ განვიზრახე. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არ შეხვდება, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რას და რატომ ვაპირებ. იგი ერთადერთია, ვისაც ვერ დავუმალავ წასვლის მიზეზს, თუმცა ახალ მისამართსაც ვერ გავუმხელ, რადგან ნეითანს ეტყვის. ის კი ხელს შემიშლის, ან ყველა ძალას იღონებს, რომ ბავშვები არ გამატანოს.
ვიცი, წინ დიდი ომი მელის, მაგრამ მზად ვარ, თითოეული ნაბიჯისთვის პასუხი ვაგო! ამას შევძლებ, რადგან თავისუფლების სურვილმა იმდენად მძლია, სიტუაცია ყველანაირად მაიძულებს, რაც შეიძლება დროზე გავეცალო აქაურობას.
ერთი ბეწო გამბედაობა მაკლია და ჩემს ტანჯვა-წვალებას ბოლო მოეღება!


ქვიშის სახლი
როგორც შემწიფებული რკოები მუხას, ჩემი აზრებიც მათსავით წყდებიან გონებას, მიწას ეხეთქებიან, სკდებიან და ნაწილაკებად სახეში მეფრქვევიან.
ჩემი სახლი ქვიშისგან ნაშენები აღმოჩნდა. ნაწილ-ნაწილ ჩამოიფხვნა და ჩამოიშალა. განა ეს არ მინდოდა, რომ დაშლილიყო და აღარ ეარსება? მაგრამ არა, რაღაც მამძიმებს. ნეითანი იმ ჩამოშლილ კედლებში დავტოვე და მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, დედაჩემის პირით სახლში დაბრუნებას მთხოვდა და თუ ასე არ მოვიქცეოდი, ბავშვების წართმევით მემუქრებოდა, მაინც მეცოდება. თანავუგრძნობ, რომ ისეთი პიროვნება არ გამოვდექი, როგორიც ვეგონე და იმსახურებდა.
არა, არც ჩემს თავს და არც მას მეორეჯერ ვეღარ გავაუბედურებ!
დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს ვიმსახურებ თუ არა ესთერის და იაკობის დედობას? მშვიდად დაველოდები მოსამართლის გადაწყვეტილებას და იმედს არ შევწყვეტ სანატრელი პასუხის მოლოდინში.
ანამ მითხრა, ნეითანი თავის ბიძაშვილთან ერთად კორპუსთან დამიხვდა და ჩვენს შორის არასასიამოვნო დიალოგი შედგაო. იგი დეივიდს არ იცნობს, მონტრეალში ცხოვრობს და ნიუ-იორკში იშვიათად ჩამოდის. მეც ერთადერთხელ, როშ ჰაშანას* დღესასწაულზე მყავს ნანახი. უცხო კაცთან ერთად მისული ჩემი ყოფილი მეუღლე რომ დაინახა, თავდაპირველად შეშინდა, შემდეგ კი საქმის ვითარებაში გაერკვა და ორივეს ადგილები მიუჩინა.
საინტერესოა, ნეითანი ანასთან შეხვედრით და ცოფების ყრით რას მიაღწევს? მისი მხრიდან ასეთი საქციელი წაგებულ ომში მუშტების ქნევას ჰგავს. სჯობს, შეეგუოს უჩემობას და ოჯახის დაშლას.
ბოლო დროს ძნელად ასახსნელი შეგრძნებები დამჩემდა. ოვალურ სივრცეში ვიმყოფები, საიდანაც თავის დაღწევა მწადია. გამჭვირვალე გარსით ვარ დაფარული, ზედ ლურჯი და წითელი სისხლძარღვების ბადე მაკრავს და გამუდმებით ფეთქავს. ხელებს და ფეხებს ვიქნევ, მისგან გამოძვრომა და გარეთ გასვლა მწადია, მაგრამ არაფერი გამომდის.

***
ჰოი, საოცრებავ! ბადის გაგლეჯვა კიდევ ვცადე და ამჯერად გამომივიდა, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ფეხზე ძლივს ვდგავარ და თეთრ გამჭვირვალე გარსს თვალს ვავლებ. უცნაური სუნი დგას, ვერაფერს შევადარებ. გარსს თითებით ვეხები და ჩამოხევა მინდა. არაფერი გამომდის. შიგნით სიჩუმეა, მაგრამ გარედან ხმა მესმის, რაღაც გუგუნებს. ყურები მიფეთქავს, ლამისაა გასკდეს და სითხე გადმოიღვაროს. დავდივარ და გასასვლელს ვეძებ. არაფერი ჩანს. გარსს ფრჩხილებს ვასობ და დაზიანებას ვიწყებ. ელასტიურია და იწელება, ვერ გავწყვიტე. ხელის გულებით ვაწვები და ვგრძნობ, მის უკან მყარი კედელია აღმართული. ხან ერთ მხარეს ვეხეთქები, ხან მეორეს, გვერდები მტკივა, მაგრამ არ ვჩერდები. ეჭვიც არ მეპარება, მალე გავალ აქედან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდე, ქვიშის სახლს აღარასოდეს ავაგებ!

ეს ბოლო ჩანაწერი იყო. ამის შემდეგ სიტყვაც აღარსად იძებნებოდა. ვივიენმა უკანა ყდაზე სარას ტელეფონის ნომერს მოჰკრა თვალი. მასთან დარეკვა და საუბარი მოინდომა, თუმცა საკმაოდ გვიანი იყო და სხვა დროისთვის გადადო.

***
-აღარც თანაგრძნობა არსებობს სატმარებში და აღარც დედა-შვილობის სიყვარულის ხათრი? თუ ჰასიდი არ ხარ, მოკვდი და აღარ არსებობ? - აღშფოთებული ბურტყუნებდა ანა და ცალ თვალს რებეკასგან და დებორასგან ახალი ამბით შეძრული მეგობრისკენ აპარებდა.
სარა დარდში ჩაძირულიყო. გაქვავებული სახით იყურებოდა.
-მიზეზად რა გითხრეს, რატომ ვეღარ შევძლებთ შენთან შეხვედრას და ბავშვების ჩვენებასო? 
-თემის სურვილის წინააღმდეგ ვეღარ წავალთო. არ უღირთ რისკზე წასვლა და საკუთარი თავების საფრთხეში ჩაგდება.
-ჰმ! თხუთმეტი წუთი შვილებს მონატრებულ დედას რომ შეხვდნენ და ბავშვები აჩვენონ, დაიქცევა ქვეყანა?
-ასეა, თუ ისე, მე უძლური ვარ.- ამოიოხრა სარამ.
ანამ ტელეფონის ეკრანზე ნერვიულად ატეხა გრძელი ფრჩხილების წკაპუნი, ფიცხი იყო და ადგილს ვეღარ პოულობდა:
-ვფიქრობ, მათ გადაწყვეტილებას ახსნა მოვუძებნო და მილგრემის ექსპერიმენტი მახსენდება.
-ეგ ვინღაა?- წარბები შეკრა სარამ და შუბლზე ორი ხაზი გამოეკვეთა.
-მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა.
-მერე?- ადგილიდან წამოიწია სარა.
-ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, მასწავლებელი, რომელიც რეალური ცდის პირი იყო  და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდის პირის, კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლის როლს. მასწავლებელს მოსწავლის მეხსიერების შემოწმება დაევალა. თუ სიტყვებს ვერ დაიმახსოვრებდა, სასჯელი ელექტრული დენის დარტყმა იყო და ყოველ ჯერზე უნდა გაეზარდა სიმძლავრე.
ექსპერიმენტმა ცხადად აჩვენა მასწავლებლების უუნარობა, შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს, იგივე მკვლევარს, რომელიც ავალდებულებდა მოსწავლის წამებას.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კომფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც.
ასე, რომ მიუხედავად იმისა, დებორას და რებეკას შინაგანად სურთ, შვილებს არ ჩამოგაშორონ და ეს რამდენჯერმე დაგიმტკიცეს კიდეც, მაინც მზად არიან ტკივილი მოგაყენონ, რადგან თემში გავრცელებული მკაცრი წესები ამას ავალდებულებთ.
-მათზე რა ვთქვა? როცა მშობლები, ძმები და ნათესავებიც ასე მომექცნენ? არავინ აღარ მეკონტაქტება.
-უნდა გაუძლო!
სარამ თავი დაუქნია და ჯიბეში აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. ვივიენი იყო, ახალი სეზონისთვის პირველი გადაცემის მოსამზადებლად შეხვედრას სთხოვდა.  სარას სევდისფერი თვალები გაუნათდა, იმ წუთებში ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა მის ზარს. თანხმობა განუცხადა, სახტად დარჩენილმა ანას შეხედა და ამოილუღლუღა:
-თვით ვივიენ კარტერი დამიკავშირდა და გადაცემაში მიმიწვია.
-რაღა გვიჭირს?- ანამ პათეტიკური ვნებათაღელვით გაშალა ხელები. სარას ტელევიზიით გამოსვლას და დრამის დედოფლად თავის გასაღებას თავიდანვე არ იწონებდა, თუმცა აღარაფერი უთქვამს, მეგობრის გაღიზიანებას მოერიდა.


***
ტელევიზიები სექტემბრისთვის განსაკუთრებული დატვირთვით ემზადებოდნენ. ველური კონკურენცია ახალი სახეების დამატებას, განახლებულ გადაცემებს, მათ ქუდებს, შიდა პროგრამულ ტიხრებს და საეთერო პრომოუშენის თითოეულ დეტალზე თავდადებულ შრომას მოითხოვდა. შესაბამისად, ყველაზე გადატვირთული პერიოდი იყო და თანამშრომლები ძალიან მონდომებით ირჯებოდნენ. გამონაკლისი არც ვივიენის გადაცემა გახლდათ. წამყვანი ქალბატონი დილიდან საღამომდე სამსახურში რჩებოდა, სამუშაო გუნდთან ერთად ახალ იდეებს განიხილავდა და შემდეგ ტელევიზიის დირექტორთან ათანხმებდა.
სწორედ ასეთ ალიაქოთში მოუწია სარას მასთან სტუმრობა. ქალმა ვივიენის კაბინეტში შესვლისთანავე მოჰკრა თვალი თავის დღიურს, რომელშიც რამდენიმე ალაგს თეთრი ფურცლები იდო და ზედ წვრილი ხელნაწერით გარკვეული ჩანიშვნები იყო გაკეთებული. მიხვდა, რომ წამყვანს ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა წაკითხული და სულიერი სიშიშვლე იგრძნო, რასაც მისი მხრიდან მღელვარება მოჰყვა და ცოტა დაიბნა კიდეც.
-შემოდი და კარი მოხურე,- ვივიენმა კარგი ნაცნობივით უთხრა და გაუღიმა.
სარამ მხნეობა მოიკრიბა, კარი დახურა და სამუშაო მაგიდასთან ჩამოდგა.
-მაპატიე, წერილის გაგზავნას დავასრულებ და ახლავე მოგხედავ. დაჯექი, რას დგახარ?-საქმიანი სახით ახედა და კლავიატურის წკაპუნი გააგრძელა.
-რა სხვანაირია უმაკიაჟო და საქმეში გართული ვივიენ კარტერი,- აკვირდებოდა ჯინსის მოკლე ქვედაბოლოში, მაისურსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ ცნობილ წამყვანს და ეკრანზე ნანახთან შედარებებს ახდენდა. 
-ესეც ასე, გაკეთებულია! -კომპიუტერის ეკრანის გასწვრივ მიკრული ვარდისფერი, წებვადი ფურცელი ჩამოხსნა, ხელის გულში მოიქცია, დაჭმუჭნა და ნაგვის სათლში მოისროლა. მერე სარას შეუბრუნდა და მის დღიურს წამოავლო ხელი,- აბა, როგორ ხარ?- მისკენ მაქსიმალურად გადაიხარა და შინაურულად მოიკითხა.
-გმადლობთ, კარგად. თავად როგორ გიკითხოთ?
-უკეთესადაც შეიძლებოდა. საგიჟეთი გვაქვს, - აქეთ-იქით აამოძრავა ხელი და მიახვედრა, რომ ახალი სეზონისთვის დამახასიათებელ, ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე წუწუნებდა,- კარგი, დავანებოთ ამას თავი, შენს ჩანაწერებს გავეცანი და გარკვეულ საკითხებზე სასაუბროდ დაგიბარე. შეგიძლია, ცოტა რამ ახლანდელ ცხოვრებაზე მიამბო? დღიურში ამასთან დაკავშირებით არაფერს წერ და ამიტომ გეკითხები.
-დიახ, მართალს ბრძანებთ. რაც ბავშვები წაიყვანეს, არცერთი ჩანაწერი აღარ გამიკეთებია. წერისთვის არ მეცალა. გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მქონდა მოსაგვარებელი. სამსახურს ვგულისხმობ.
-მერე მოაგვარე?
-ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ახლა მეორე სამსახურს ვეძებ. ვიზაჟის კურსი გავიარე და დამატებით შემოსავალი არ მაწყენს.
-ვიზაჟისტობას უმიზნებ?
-დიახ, ერთმა სილამაზის სალონმა უკვე შემომთავაზა თანამშრომლობა. რეკომენდაცია ჩემმა ინსტრუქტორმა გამიწია.
ვივიენმა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. გადაცემაზე ლაპარაკი ამჯობინა:
-ჩვენი ბოლო საუბარი გემახსოვრება. ვიცი, არ მოგეწონებოდა, მაგრამ ასეთი პირდაპირი ვარ და ვერაფერს გავაწყობ. მინდა, გითხრა, იგივე აზრზე ვარ. რელიგიაზე და მის თავისებურებებზე გადაცემებს არასოდეს ვაკეთებ, მაგრამ თუ საკითხს სხვაგვარად შემოვაბრუნებთ და მე და შენ კონკრეტულ სასაუბრო თემებზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ჩვენს შორის თანამშრომლობა შედგება.
-ჩემგან რას ითხოვთ?
-უნდა ილაპარაკო მხოლოდ შენს თავზე, რატომ დატოვე თემი, რას მიიჩნევდი მიუღებლად, რა საზღაური გაიღე ჰასიდიზმის დატოვებისას და დღეს როგორია შენი ცხოვრება. ეს არის ძირითადი, რასაც გთხოვ.
-არც ოჯახის წევრებზე ვისაუბრო?
-სახელების და გვარების გარეშე! გააჩნია, რისი თქმა გინდა, საკითხი შენ უნდა გეხებოდეს, მაგაზე შევთანხმდებით.
-კარგი. იყოს ისე, როგორც ამბობთ.
-ესე იგი, დავიწყო შენზე, როგორც ყოფილ ჰასიდ ქალზე გადაცემის მომზადება? აქვე დავძენ, რომ მთელ გადაცემას ვერ დაგითმობ, მხოლოდ მეორე ნაწილში ჩაგსვამ.
-ეგ თქვენ უფრო უკეთესად იცით.
ვივიენი სავარძელში გაიმართა და სარას გამჭოლი მზერა მიაპყრო:
-შეგიძლია, ერთ კითხვაზე მიპასუხო?
-დიახ.
-რატომ მოინდომე საზოგადოებისთვის თავის წარდგენა?
სარა ჩაფიქრდა, ღრმად ამოისუნთქა და წამყვანს დამაჯერებლად უპასუხა:
-ჩემი თავისთვის. მსურს, მას უამრავი მაყურებლის წინაშე პირობა მივცე, რომ წართმეულ შვილებს დავუბრუნებ!
-არის რაღაც, რაც შენში მიზიდავს. შეიძლება შეუპოვარი ხასიათი, შეიძლება სხვა რამ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ძალიან მესმის შენი და შანსს გაძლევ, საკუთარ თავს დაუმტკიცო ის, რისი დამტკიცებაც გინდა.
-მიუხედავად იმისა, თქვენ ერთადერთი ხართ, რომელმაც სარა ჰოროვიჩის ცხოვრება დღიურის დახმარებით ახლო კადრებით ნახა, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ მისი ბოლომდე გესმით.
-ნურასოდეს იტყვი იმას, რაზედაც დარწმუნებული არ ხარ!
სარას არც უფიქრია, ვივიენისთვის პოლემიკა გაემართა:
-კარგი, თუ დღეისთვის სულ ეს იყო, მაშინ წავალ და თქვენს ზარს დაველოდები.
ვივიენმა ახალი სიტყვით გააჩერა:
-მითხარი, რომ ვიზაჟის ხელოვნებას ფლობ, არა?
-დიახ.
-შეგიძლია, ერთ ოთახში გამომყვე და მაკიაჟი გამიკეთო?
-რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ მე რატომ?
-საქმე იმაშია, რომ სამი ვიზაჟისტიდან ერთი საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდა. ამხელა ტელევიზია მხოლოდ ორის ამარა ვერ იქნება. ახალს ვეძებთ.
- მზად ვარ, გამოგყვეთ,- აღტაცების გარეშე, სერიოზულად მიუგო.
ვივიენი ფეხზე წამოდგა და სარასთან ერთად ვიზაჟის ოთახში შევიდა. სარკის წინ მოთავსდა და გამომცდელივით უთხრა:
-რასაც აქ ხედავ, ყველაფერი შენს განკარგულებაშია, დანარჩენი შენ იცი.
სარამ თვალი მიმოავლო კოსმეტიკურ საშუალებებს, მათ ხარისხიანობაში დარწმუნდა და მერე ვივიენს სახის ნაკვთებს დაუწყო თვალიერება:
-ეს მცირე ზომის იარა...
-ეს იარა ბავშვობისდროინდელ სიცელქეს მახსენებს. შეეცადე, რომ კარგად დაფარო,-წინადადება არ დაასრულებინა.
სარას არ გასჭირვებია ვივიენისთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დაენახებინა. იარაც დაუფარა და წამყვანი ქალის მშვენიერი იმიჯიც მალე მოარგო. შედეგით აღფრთოვანებულმა გამომცდელმა გაოცება ვერ დამალა, მადლობა გადაუხადა გულითადი მუშაობისთვის და დააძალა, ვიზაჟისტის ვაკანსიაზე ტელევიზიაში განაცხადი შეეტანა. აღუთქვა, პასუხისმგებლობას აიღებდა რეკომენდაციის გაწევაში და ბოლომდე მხარს დაუჭერდა მის კანდიდატურას.

***
სარამ ვივიენისგან შეთავაზებული წინადადება კარგად აწონ-დაწონა, სამსახურის მინუს-პლუსებზეც დიდხანს მოუწია ფიქრი და გადაწყვეტილება მიიღო, ტელევიზიაში აღნიშნულ ვაკანსიაზე პროფესიული ავტობიოგრაფიის ფორმა შეევსო და გაეგზავნა. როდესაც გასაუბრებაზე დაიბარეს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გამოცდილების გარეშე პირველი შემთხვევა იყო, ვინმე სამუშაოდ მიეწვიათ. ისიც დაამატეს, ისეთმა პიროვნებამ გაგიწიათ რეკომენდაცია, შეკამათების გარეშე ვენდობით და გვჯერა, მის სიტყვას გაამართლებთო. ამ შეხვედრამ სარას ნათლად დაანახა, მისი დასაქმება მხოლოდ ვივიენის დამსახურება იყო. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო, მასზე გაკეთებული არასწორი დასკვნები გონებიდან ამოიგდო და მუშაობის დაწყების პირველივე წუთებიდანვე მისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
-გილოცავ! ჩვენი გუნდის წევრი ხარ,- როგორც კი ვივიენმა თავის კაბინეტში შესული სარა დაინახა, კმაყოფილებით სავსე სახით ჩაილაპარაკა.
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
-მადლობა რისთვის?
-თქვენ რომ არა...
-მე ჩემს თავზე ვიზრუნე. კარგი ვიზაჟისტი მესაჭიროებოდა, შენ კი დამატებითი შემოსავალი. საბოლოო ჯამში ორივე მოგებული დავრჩით.
-გეთანხმებით, მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, გირჩევ, საკუთარ თავში თვითრწმენა გაიმყარო და შენს ნიჭს მეტი გამოხატვის თავისუფლება მისცე. ნუღარ ცდები და მეც ნუ მაცდენ. შეგიძლია, წახვიდე და საქმეს შეუდგე,- ასეთი სიტყვებით გაისტუმრა მადლიერების გამოსახატავად შესული სარა.
კაბინეტიდან გამოსულმა გაკვირვებული სახით წაიბუტბუტა:
-რანაირად ახერხებს ეს ქალი ასეთი იყოს? წესიერად მადლობაც არ გადამახდევინა. -  შეტრიალდა და ღია კარიდან გახედა.
შემოქმედებით წვას დაბრუნებული ვივიენი მისკენ აღარ იხედებოდა.

***
მივესალმები ერთგულ მაყურებელს და მათ, ვინც სწორედ ახლა გადაწყვიტა,  შემოგვიერთდეს. გადაცემა „Face” -ის ახალი სეზონი კვლავ აქტუალური თემებითა და საინტერესო სტუმრებით გიბრუნდებათ. მე ვივიენ კარტერი ვარ, იგივე არხზე, იგივე სტუდიიდან, - უკვე მეხუთე სეზონს ხსნიდა მომხიბვლელი წამყვანი ხალხით სავსე დარბაზის წინაშე და კამერებთან თავი დამახასიათებელი თავდაჯერებულობით და ინტელექტუალური საუბრის მანერით ეჭირა.
გადაცემის პირველი ნაწილი დაკარგული მშობლებისა და შვილების ისტორიებს ეთმობოდა. როგორც ყოველთვის, ემოციური იყო ვივიენისგან და მისგან შერჩეული სტუმრებისგან მოტანილი ამბები. ზოგი ობოლთა თავშესაფარში გატარებულ წლებზე საუბრობდა, ზოგი წლების განმავლობაში შვილის უშედეგო ძებნით გამოწვეულ ტანჯვაზე. ადვილი არ იყო პირადი ტრაგედიებით მისული ხალხის ყურება და მათი ისტორიების მოსმენა, მაგრამ გადაცემის საგამოძიებო ნაწილით მიღებული შედეგი ყველა იქ მყოფის უიმედობით გამსჭვალულ სახეებს სიხარულის ცრემლებით ცვლიდა და წურბელასავით ჩაჭიდებულ ტკივილს აბათილებდა.
წამყვანის ერთადერთი მიზანიც ეს იყო -პირველი გადაცემა აუცილებლად პოზიტიური დასასრულით გასულიყო და ტკბილ-მწარედ გაჟღერებული ამბების ფონზე, იქ მისული სტუმრები და მაყურებელი სასიამოვნო შეგრძნებებით უფრო დატვირთულიყვნენ, ვიდრე პირიქით.
გაწერილი პროგრამის მიხედვით, მეორე ნაწილი ძლიერ დედებს ეხებოდა, რომლებიც არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ბედს არ ნებდებოდნენ, საკუთარ თავებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ წართმეული და დაკარგული შვილების დასაბრუნებლად. სწორედ ასეთ კატეგორიაში გადიოდა სარაც, რომელიც სტუდიის გარეთ იდგა და აკანკალებული ელოდებოდა, როდის გამოაცხადებდა ვივიენ კარტერი მის სახელს, რომ დარბაზში შესულიყო.
თქვენ ახლა ხედავთ ერთი წლის ბავშვის ფეხსაცმელს, რომელიც ხელში შერჩა დედას, როდესაც ატირებულ შვილს ყოფილი მეუღლე სასამართლო განაჩენის აღსასრულებლად მისული პირების თანდასწრებით მკლავებიდან აცლიდა. მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს შეუწყვიტავს წართმეულ ბავშვებზე ფიქრი. სანუკვარ ოცნებად ექცა, აღიდგინოს მშობლის სტატუსი და დაიბრუნოს დაკარგული ბედნიერება,- ვივიენმა ხელის გულზე დადებულ ცისფერ ფეხსაცმელს დახედა, სახეზე ავდარმა გადაუარა და მომდგარი ცრემლისგან თვალები ალმასებივით აუბრჭყვიალდა.
სტუდიაში სიჩუმე ჩამოწვა, ყველა წამყვანის სიტყვის გაგრძელებას ელოდებოდა, თუმცა ის იდგა და წამწამებზე გადასული ცრემლი უფსკრულში ჩასავარდნად გამზადებული ადამიანივით დაჰკიდებოდა. აი, მოწყდა და ლოყებზე ჩამოუგორდა კიდეც. ქალმა ხელი მიაშველა და უმალ მოიწმინდა.
-ვივიენ, სარა ჰოროვიჩი ჰქვია სტუმარს,- ჩასძახა „ყურმა“. ეგონა, წამყვანს სტუმრის სახელი დაავიწყდა და ამგვარი ქცევით დრო გაჰყავდა.
ფართო აუდიტორიის წინ მდგომი ქალი საბოლოოდ თავს მოერია, სისუსტეს სძლია და სიტყვა გააგრძელა:
-სარა ჰოროვიჩი ყოფილი ჰასიდი ქალბატონი გახლავთ, რომელმაც თემი დატოვა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. თუ რა გზა გამოიარა და რისი გაღება დასჭირდა ფეხზე დასადგომად, თავად მოგვიყვება. მიესალმეთ მას,- ატეხილი ტაშის ფონზე შემოსულ სარას შვილის ფეხსაცმელი დაუბრუნა და კითხვების დასასმელად მოემზადა.
შეთანხმებისამებრ, სარა მხოლოდ იმ თემებს შეეხო, რაც ჰასიდ ებრაელებში გაბატონებულ წეს-ჩვეულებებსა და შეზღუდვებს მოიცავდა. ნათელი მოჰფინა წარსული ცხოვრების ისეთ დეტალებს, როგორიც იყო ჩუმად ბიბლიოთეკაში სიარული, ინტერნეტში ვებ-გვერდებიდან ამა თუ იმ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ამერიკული შოუ-ბიზნესის და სპორტული ღონისძიებების თვალყურის დევნება, ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ფუნჯებთან და საღებავებთან ყველასგან მალულად სარდაფში გატარებული საათები, რომელიც  ყოველდღიურობის წნეხისგან წარმოუდგენელი ხსნა იყო.
ყველაზე რთული გასახსენებელი სასამართლოში დატრიალებული ამბები იყო, რომლებსაც ჰასიდი ქალისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო, მისთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილი -დედობის უფლების ჩამორთმევა მოჰყვა. წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად დამნაშავედ მიიჩნევდა თავს თემისა და შვილების წინაშე, სარას პასუხი იყო:
-შეიძლება თემის წინაშე დამნაშავე ვარ, მაგრამ შვილებთან როგორც დედას, ბრალი არ მიმიძღვის და მითუმეტეს, მათთვის ზიანის მომტანი არაფერი ჩამიდენია!
ვივიენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი რესპონდენტი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ახალი ცხოვრების საფეხმავლო ბილიკებზე სასიარულოდ და რამდენიმე კვირის წინ სანიმუშოდ გამოვლენილი ნიჭის დამსახურებით მათი გუნდის წევრი გამხდარიყო. სარა ხედავდა დარბაზში მყოფი სტუმრებისგან გამოხატულ კეთილგანწყობას და სულ უფრო რწმუნდებოდა, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გადაცემაში სტუმრობა იმ კუთხით, რომ უკანასკნელი ძალები მოეკრიბა და სტარტი აეღო სირთულეებით დახუნძლულ აღმართზე ასასვლელად.
წამყვანის ბოლო კითხვა, რა იყო სარას მიზანი და სამომავლო ნაბიჯები, ყველაზე დამაინტრიგებლად გაისმა. არც დაფიქრებულა, მაშინვე მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა, როგორც კი ფინანსურად წელს მოვიმაგრებ, აუცილებლად მივმართავ ყველა საშუალებას, სამართალი აღვადგინოო.
მისმა დამაჯერებელმა გამოსვლამ დარბაზში მყოფი ანა სიამაყის გრძნობით აავსო და აატირა, მაგრამ სულაც არ ეტირებოდა სარას, როგორც არასდროს, მტკიცე და საოცრად ურყევი იყო.

***
გადაცემის დასრულებისთანავე წამყვანმა სტუდია დატოვა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში სულის მოსათქმელად გავიდა. მაგიდას ხელის მტევნებით დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად სუნთქავდა.
-შეიძლება, ერთი კითხვა დაგისვა?- ახალგაზრდა ოპერატორი მამაკაცი ზედმეტი ფამილიარობით წამოადგა თავზე და მაცივრიდან გამოღებული წყლის ბოთლი მიაწოდა.
ვივიენმა სასწრაფოდ გახსნა, ცივი სითხე გახურებულ სხეულში ჩაუშვა და ოპერატორს შეხედა:
-გისმენ.
-უარეს პრობლემებზეც გაგიკეთებია გადაცემა, მაგრამ პირველად მახსოვს, ასე ატირებულიყავი. რამე მოხდა?
ქალს მწარედ ჩაეცინა:
-გგონია, რომ გულწრფელი ვიყავი?
-შენი ცრემლები არ ტყუოდნენ.
- როცა არაფერი გესმის დრამატურგიის, რეჟისურის და სამსახიობო ხელოვნების შესახებ, სიტყვაც არ უნდა ამოიღო. ჩემს გადაცემაში ჟურნალისტიკასთან ერთად სამივეს თავად ვუძღვები. ასე, რომ მორჩი ცნობისმოყვარე ბავშვის როლის თამაშს და მარტო დამტოვე!
-ყოველთვის თავშეკავებული ხარ და შენი ატირება ასე იოლი არ არის.
-რა პასუხიც გაგეცი, ის იკმარე და ეგ აზრები, შენთვის შეინახე!
-თუ რამე ზედმეტი მომივიდა, მაპატიე,- მამაკაცი უხერხულობისგან შეიშმუშნა და ვივიენს გაეცალა.
ქალმა ამოიხვნეშა, მაგიდის ქვეშ შედგმული სკამი ჩამოსაჯდომად გამოსწია და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა.
მისი მდგომარეობით შეწუხებულები ფიქრობდნენ, ვივიენი თავს ცუდად გრძნობდა და მოწიწებული ტონით სთავაზობდნენ დახმარებას. ყველას ამშვიდებდა, კარგად ვარ და ნუ წუხდებითო. კარგად ყოფნის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ საკუთარი თავის პატრონობა წლების განმავლობაში გამომუშავებულ ჩვევად ჰქონდა და სხვებს არაფრის დიდებით მოახვევდა თავზე პრობლემებს.
აღელვება სადღაც მიჩქმალა, საცავებში შემორჩენილ მხნეობას ხელი დაავლო, ფეხზე წამოდგა და სასწრაფოდ ტელევიზიის შენობა დატოვა. ლიფტით მანქანების სადგომზე ჩავიდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ავტომობილებით სავსე რიგებს.
-ვივიენ!- უკან დაედევნა სარა.
ქალი გაჩერდა და ტუჩების კვნეტით შეხედა.
-მადლობელი ვარ! ამ პატივისცემას არასოდეს დაგივიწყებ!
ვივიენმა მხოლოდ თავი დაუკრა და გზა განაგრძო.

***
ახალ გარემოში მოხვედრილი სარა შრომისმოყვარეობის წყალობით, თანდათან წარმატებით იმკვიდრებდა სახელს ტელევიზიაში. მალე სრული სამუშაო გრაფიკით დასაქმდა და ბევრი დადებითი თვისების გამო, ირგვლივ მყოფებისგან ნდობა და სიყვარულიც დაიმსახურა. ყველაზე მეტად მასთან საიდუმლოდ ნათქვამი სიტყვების გაუთქმელობას და გულისხმიერებას აფასებდნენ. ხშირად ნახავდით ფინჯან ყავაზე მსმენელის მდგომარეობაში მყოფს, რომელსაც ამა თუ იმ თემაზე ნაწყენი თანამშრომლების ნუგეში უწევდა და მიუხედავად იმისა, მათზე უარეს ხასიათზეც ყოფილა, არასდროს ეუბნებოდა უარს მწუხარების ჟამს მათი გასაჭირის თანამოზიარე ყოფილიყო.
სწორედ ამ მიზეზის გამო, ყველას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ერთ დღეს მშვიდი, გაწონასწორებული სარა ჰოროვიჩი წყობიდან გამოსული და ერთ-ერთ წამყვანთან ტორეადორისგან გაღიზიანებული ხარივით რქებით შემსკდარი იხილეს. მოგვიანებით გაირკვა, სარას აღელვება ვივიენ კარტერზე აგდებულად ნათქვამ სიტყვებს გამოეწვია. სწორედ ეს არ აპატია მასთან მაკიაჟის გასაკეთებლად შესულ, მოლაყბე თანამშრომელს და უარი უთხრა მომსახურებაზე.
ამბავმა ვივიენამდეც მიაღწია და ვიდრე დირექტორთან სერიოზული გარჩევა მოჰყვებოდა, ტელევიზიის გარეთ, პატარა, მყუდრო რესტორანში სალაპარაკოდ დაიბარა:
-პირდაპირ გეტყვი, რა ამბავიც დღეს ტელევიზიაში ატეხე, არ მომეწონა.
-მე მაქვს უფლება, ვიღაცას დავეთანხმო, ან არ დავეთანხმო.
-რა თქმა უნდა, გაქვს, მაგრამ რაც შენს სამუშაო მოვალეობაში შედის, ის აუცილებლად უნდა გააკეთო და სამსახური არ დააზარალო.
-მდგომარეობიდან გამომიყვანა.
-მესმის. ყველას გვქონია ასეთი მომენტები, მაგრამ ძალიან გთხოვ, როცა საქმე სამსახურს ეხება, ფრთხილად იყავი და პირადი მოსაზრებები შენთვის შეინახე.
-მან ცინიზმით მოგიხსენიათ.
-არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველას ერთნაირად მოსწონს. არც ის იქნება მართებული, ადამიანები აზროვნებით ერთმანეთს დაემსგავსნონ და განსხვავებული აზრი არ გააჩნდეთ. მარტივად აგიხსნი, მე ბეისბოლი მიყვარს და შეიძლება ამ რესტორნის მენეჯერს - გოლფი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, გოლფის მოყვარული მენეჯერი გაწბილებული მოვიდეს და როგორც ბეისბოლის მოყვარული, აქედან მიმაბრძანოს.
-გემოვნება სხვა ამბავია, ის თქვენ დაგცინოდათ.
-თუ რამეა, თავის დაცვა არავისგან მესწავლება, ნუ ჯავრობ.
-ყველანაირ სათქმელს მიჭრით.
-შეცდომა დაუშვი და აღიარება უნდა შეგეძლოს.
-ვაღიარებ, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით განმარტებასაც ვაკეთებ.
-მხოლოდ ჩემთან არა, ეს ლინდასთანაც უნდა აღიარო და თუ საჭიროა, ბოდიშიც უნდა მოუხადო.
-ბოდიშს არ მოვუხდი!
-სარა! -ხმას აუწია ვივიენმა,- ასე ფონს ვერ გახვალ. მას ათ წუთში ახალი ამბები უნდა წაეყვანა, შენ კი რა დამართე?
-ღირსი იყო.
-ვთქვათ ღირსი იყო, მაგრამ შენ ტელევიზიის იმიჯს აყენებდი ზიანს და სამსახურს ღალატობდი. ეს არ გეპატიება!
-როგორც ვიცი, ხვალ ტელევიზიის დირექტორი შვებულებიდან ბრუნდება. ვნახავ და ვეტყვი, რომ ჩემს საქციელს ვნანობ და იგივე აღარასოდეს განმეორდება.
-სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ლინდა? რა დააშავა მილიონობით მაყურებელმა, რომელსაც დღეს მისი მოუწესრიგებელი და უჟმური სიფათის ყურება მოუხდა?
სარას ვივიენის სიტყვებზე გულიანად გაეცინა:
-ნუ აზვიადებთ, ბრინდამ იზრუნა მის სილამაზეზე.
-ბრინდამ რომ იზრუნა და არა შენ, ამიტომ ვთქვი.
-მართლა უშნოდ გამოიყურებოდა? მე არ მინახავს.
-რა ვიცი, მე ასე მომეჩვენა, ან ვინც აუგად მომიხსენიებს, იმ დღეს ყველა ასე მეჩვენება,- მხრები აიჩეჩა ვივიენმა.
სარამ ვერც ახლა შეიკავა თავი და სიცილი აუტყდა.
-შემპირდი, რომ ხვალიდან იმ ქალბატონს ბოდიშს მოუხდი, მოემსახურები და მის გამოხტომებზე ასეთი სახის მწვავე რეაქციები აღარ გექნება.
-შევეცდები.
-შემპირდი-თქო!
სარა ცოტა ხნით ორჭოფობდა. ბოლოს თავი დაუქნია და თანხმობა გამოხატა:
-თქვენი გულისთვის!
-მე კი მინდა, ამას არა ჩემი, არამედ შენი გულისთვის აკეთებდე.
-ამ ეტაპზე მეტს ვერ შევძლებ.
-ჯიუტიც ყოფილხარ,- ბოკალი აიღო და შუშხუნა ღვინო მოწრუპა.
-ჩემს სიჯიუტეს უნდა ვუმადლოდე, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ.
-დავიჯერო, შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ?
-ჩემი შინაგანი ხმა და ალღო მკარნახობდა, რომ თქვენ იქნებოდით ის წერტილი, საიდანაც მომავალი ცხოვრების გეგმას დავწერდი.
ვივიენისთვის ეს პასუხი ყოველმხრივ მოულოდნელი აღმოჩნდა:
-რატომ მაინცდამაინც მე?
-რაც უფრო გაუხსნელი და მიზანდასახულია ადამიანი, მით უფრო გამოსდის ჩაფიქრებულისთვის ხორცის შესხმა. ასეთები საინტერესოებიც არიან და მაგნიტურად იზიდავენ ადამიანებს. ჩემს თვალში თქვენ ყოველთვის ძლიერი, მიზანდასახული და უდრეკი ხასიათის ჩანდით. მე კი ასეთებისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.
-და მე რომ აღარ მიზიდავენ ადამიანები და ყველას მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული? ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
-მეგობრები არ გყავთ?
ვივიენმა შუბლი შეკრა და პასუხი დაუგვიანა:
-სიტყვად და სახელად ბევრი, თუმცა რაწამს ჩემი სახელი გაქრება, ისინიც მიწაში ჩაჟონილი წვიმის წყალივით გაქრებიან. ეს ამ დამპალი სამყაროს კანონია და გვინდა თუ არა, ადამიანები ვემორჩილებით.
-თქვენ მართლა გქონიათ ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგული.
-ადამიანები ყველაზე საშინელი არსებები არიან, ვისაც შეუძლიათ უმიზეზოდ გატკინონ, სახელი შეგიბღალონ, გადაგიარონ, ჯვარზე გაგაკრან, ჭიანჭველასავით გაგსრისონ, ჩაგქოლონ და სული წამებით ამოგხადონ. ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ თავადაც ასე ექცევიან საკუთარ თავებს. ისინი ყველაზე დაუნდობელ ხორციელ ქმნილებებს წარმოადგენენ. მათი შემყურე, ყოველდღე ვიჯერებ, რომ სიყვარული კვდება და ღმერთი მარცხდება.
-მე კი მგონია, არასწორი შეხედულებები გაქვთ მათზე. ნამდვილი და სიყვარულით სავსე ადამიანებიც არსებობენ. რამ შთაგაგონათ, ასეთი აზრი?
-წარსულის გაკვეთილებმა!..
-იქნებ არასწორ ადამიანებთან მოხვდით?
-არ გამოვრიცხავ,- ყელზე შემოხვეული თმა გაისწორა და მოშიებულმა ორაგულის სტეიკს დანით პატარა ნაწილი ჩამოაჭრა.
-თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით, იცით, რა მაინტერესებს?
-მკითხე.
-თავისუფალ დროს სად და რითი ერთობით?
-რატომ გაინტერესებს, ვერ მივხვდი.
-თუკი ვიღაც შენთვის ბევრ რამეში მისაბაძი მაგალითია და პირადი ცხოვრების შესახებ ინტერვიუებში სიტყვაძუნწობს, მაშინ ჩემი დასმული კითხვაც ადეკვატურია.
-ვივიენ კარტერს ხშირად ნახავ ბარებსა და პაბებში, სპორტულ ღონისძიებებზე, წვეულებებზე, ან ბუნებაში.
-ბუნება მეც მიყვარს.
-ბუნების სიყვარული წილად მამაჩემისგან მერგო. პატარა რომ ვიყავი, ხშირად დავდიოდით ცხენებით მთებში და იქიდან მოვაკებულ და დასახლებულ ბარს გადმოვცქეროდით. მიყვარდა, როდესაც ადამიანებს სიმაღლიდან დავყურებდი. ისინი იქ ვერ მწვდებოდნენ და არაფერს მიშავებდნენ. მე კი თავს ყველაზე დაცულად სიმაღლეზე ყოფნით ვგრძნობდი, სილაღეც მემატებოდა და ძალაც. ბავშვობა ყოველთვის იკირება ჩვენს მეხსიერებაში. შემდეგ ვცდილობთ, იმდროინდელი მოგონებები წლების შემდეგაც გავაცოცხლოთ და ადრინდელი სიხალისე დავიბრუნოთ.
-ვის გაურბოდით?
-ბრაზიან მასწავლებლებს, გულისგამაწვრილებელ მეზობლებს, შურიან თანატოლებს, გრძელცხვირა და გაუცინარ მაღაზიის მეპატრონეს, რომელიც მუდამ ჯიბრში გვედგა,  მაღაზიის გვერდზე თამაშს გვიშლიდა და გამყინავი ხმით დაგვკიოდა, რომ დავშლილიყავით. -ამ უკანასკნელის ხსენებაზე პირზე ღიმილი მოადგა.
-ვატყობ, მაღაზიის მეპატრონეზე ბევრი გასახსენებელი გექნებათ.
-ყველაზე მეტად მე ვერ მიტანდა.
-რატომ?
-ერთხელ ვუთხარი, ტოტივით გრძელი ცხვირი გაქვს-მეთქი და დავეჭყანე.
სარა ისე აკისკისდა, ვივიენსაც გადაედო და აიყოლია:
-ბავშვობიდან ენამახვილი ყოფილხართ.
-ასე გამოდის.
-ცხენებზე ჯირითი ახლაც გიყვართ?
-ორი ცხენი მყავს, ხშირად ვაკითხავ და მათთან ერთად ბუნებაში ვიჭრები.
-ორი რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობის მოგონებებში ორი ცხენი ცოცხლობს... მათთან ერთად  ყველაზე ბედნიერი ვარ. სხვათაშორის, ხვალ ვაპირებ მონახულებას. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, იპოთერაპიის მიღებაში შემომიერთდე.
-მე?
-ჰო, არ მითხრა, რომ ცხენების გეშინია.
-არა... უბრალოდ... - პასუხის გაცემა გაუჭირდა. ბოლოს როგორც იქნა, სათქმელს თავი მოაბა,-ცხენზე ჯირითი რომ არ ვიცი? ახლოდანაც კი არ მინახავს.
-ეგ არაფერი. მე გასწავლი მათთან მოპყრობას და ჯირითის სპეციფიკასაც.
-მართლა?- თვალები აუციმციმდა სარას.
-წამოხვალ, თუ არა?
-წამოვალ!
იმ საღამოს ვივიენი წვეთ-წვეთობით ამჟღავნებდა საკუთარ სახეს. არავინ იცის, ეს ამბავი მოსაუბრის ჯადოსნური აურის დამსახურება იყო, თუ სხვა ფაქტორის, მაგრამ ცხადი იყო, სარა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც ვივიენმა წარსულის ფოტოალბომიდან რამდენიმე სურათის ჩვენება და მასთან ერთად მეორე დღის გატარება მოიწადინა.



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები