ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
29 დეკემბერი, 2020


ავტობუსში



რაც ლურჯი ავტობუსები შემოვიდა ქალაქში, „მარშუტკას“ არ გავკარებივარ. მომწონს ამ კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა. ადიხარ თუ არა, გრძნობ სივრცეს, სისუფთავეს, ზამთარში სითბოს, ზაფხულში სიგრილეს. გზა გრძელი მაქვს გასავლელი - დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით. ყოველდღიური მარშრუტი: დიდი დიღომი - თავისუფლების მოედანი, სადაც ჩემი სამსახურია - პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ავდივარ თუ არა ავტობუსში, ბილეთს ვიღებ და თუ შესაძლებელია, ფანჯრისკენ ვჯდები. ეს ადგილი მიყვარს. ვზივარ ჩემთვის მყუდროდ, კომფორტულად  და მგზავრებს ვათვალიერებ ან ჩემს საფიქრალს ვფიქრობ. მიყვარს მგზავრებზე დაკვირვება, გამოლაპარაკება. ხშირად გვერდით საინტერესო თანამგზავრიც მომჯდომია და კარგა მანძილზე გვისაუბრია. მიყვარს უცხო ადამიანებთან საუბარი, მათი სიხარულის და გულისტკივილის გაზიარება. ავტობუსი ხომ სოციუმის ნაწილია. დაახლოებით 80 კაცს იტევს, პატარა ამბავი ხომ არაა. ჩავთვალოთ რომ ეს 80 კაცი  ყველა ტიპის ადამიანს წარმოადგენს: პოზიტიურს და ნეგატიურს, განათლებულსა და გაუნათლებელს, შეგნებულსა და შეუგნებელს, პოლიტიზირებულსა და აპოლიტიკურს, კეთილსა და ბოროტს...ჰოდა ძალიან საინტერესო ამბები ხდება ჩვენს ავტობუსში. აი, მაგალითად: სხედან ახალგაზრდები მობილურებში „თავჩარგულები“, ამოდის მოხუცი ან ორსული. ხშირ შემთხვევაში „თავჩარგულები“ არ რეაგირებენ, ვერ არ არ ამჩნევენ ამოსულ უსუსურ მგზავრებს. ამ შემთხვევაში მავანი აყვირდება ხოლმე: „ესენი ვინ არიან, სად გაიზარდნენო“, სხვებიც აყვებიან „ჩვენ ასეთები არ ვიყავითო“. ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ჭრის: „თავჩარგული“ წამოხტება, ბოდიშს მოიხდის, „ვერ დაგინახეთო“ და ადგილს თმობს. „რას დაინახავს, მომსახურების ზონიდან გასულიაო“ - ისმის აქა-იქ. მთავარია, რომ მოწყვლადი მგზავრი ადგილს იკავებს და ყველაფერი ლაგდება. მაგრამ უფრო რთული ვითარება იქმნება, თუ „თავჩარგული“ ჯიუტად არ თმობს ადგილს, თავს იცავს და ხანდახან შეტევაზეც კი გადმოდის: რატომ უნდა ავდგე, მეც ხომ მგზავრი ვარო, ან: ვისზე ნაკლებ დაღლილი ვარო. ხანდახან ამ ტიპის „თავჩარგულებს“ ქომაგებიც გამოუჩნდებიან მგზავრთა შორის:  როგორ ფიქრობთ, ესენი არ იღლებიანო? ესენი იღლებიან, თუ იღლებიანო და ა. შ. ამსგავსი სიტუაციების შემდეგ ხანდახან მთელი ავტობუსი აყაყანდება, ყველა თავის ფილოსოფიას აფრქვევს, ზოგი აგრესიით, სხვები სიყვარულით, ერთი სანახაობაა. ასეთი სცენა თითქმის ყოველდღე თამაშდება ჩვენს ავტობუსში. ჩემი დაკვირვების მიხედვით, ვთვლი, რომ, საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები თავაზიანად უთმობენ ადგილს უფროსებს თუ უმცროსებს და საქმე არც ისე ცუდადაა. ხშირად გაიგონებთ უკანა რიგში მჯდომი ახალგაზრდა როგორ ეპატიჟება წინ ამოსულ ბავშვიან მგზავრს: მობრძანდით, აქ არის ადგილიო. ასეთი შემთხვევები გაცილებით ხშირია და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩემი ასაკის ბევრ წარმომადგენელს, რომ „ცუდი თაობა წამოვიდა“, რომ „ხალხი გადაგვარდა“. ცუდები ჩვენს დროშიც იყვნენ და ყოველთვისაც იქნებიან...
სხვა საინტერესო ამბებიც ხდება ჩვენს ავტობუსებში. ამასწინათ, ერთი სიმპატიური ქალბატონი მომიჯდა გვერდით. თეთრი ტაქსები ახალი შემოსული იყო. მეჩვენება, თუ ქალაქი ცოტა განიტვირთაო - შემეხმიანა. მეც ასე ვფიქრობ-თქო - ვუპასუხე, და საერთოდაც ეს თეთრი ტაქსები კარგი იდეაა-თქო. ქალი წელში გასწორდა და ამაყად მაცნობა - მერი ჩემი ახლობელიაო, ბევრ სიკეთეს აკეთებს, მაგრამ დანახვა უნდა ამ ყველაფერსო. გამწვანების საკითხშიც კარგად მუშაობს, ყველა უბანს შეეტყო მწვანე საფარის მატება - თქო, და საერთოდ მომწონს ამ კაცის შემართება, ნეტა ყველა ამ ენთუზიაზმით აკეთებდეს თავის გასაკეთებელს-თქო - სრულიად გულწრფელად გავუზიარე ჩემი ხედვა. ქალბატონს გაღიზიანება შეეტყო: მარტო მერს ატყობთ ამ სულისკვეთებას და სხვას ვერავისო? - მსუბუქად მისაყვედურა. 7 წელიწადში მეტი უნდა გაკეთებულიყო, რაღაც ძირეული ცვლილებები უნდა დაწყებულიყო მაინც-თქო - გამოვხატე ჩემი აზრი იმ იმედით, რომ ჯერ კიდევ მჯეროდა ქალბატონის კონსტრუქციულობის. ქალბატონი აიქოჩრა: “ნაცების“ მიერ გაპარტახებული ქვეყანა რომ ქვეყნად აქციეს, ეს არაფერს ნიშნავსო? ამაზე მეტი რა უნდა ექნათო? მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი, თან ავტობუსში, ამ ჭრელ სოციუმში, კამათი შეიძლება ჩხუბში გადაზრდილიყო. აროგანტულ ქალბატონს საბოლოოდ მივმართე: როგორც მოქალაქეს, იმის უფლება ნამდვილად მაქვს, რაც მოსაწონია, მოვიწონო, და რაც არ მომწონს, თქვენი ხათრით არ მოვიწონო-თქო. ეს ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე. ქალბატონიც გაჩუმდა, უფრო სწორად გამებუტა - რატომ ჩემსავით არ ფიქრობსო.
კიდევ ერთი შემთხვევა გამახსენდა, ორი დღის წინანდელი: გვერდით ასაკოვანი ქალბატონი მომიჯდა. შემაღლებულ ადგილზე ვიჯექი. ამოსვლა გაუჭირდა და ხელი შევაშველე. იუკადრისა - ასაკში კი ვარ, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარო. ყოფილი ჟურნალისტი ვარ, ტელევიზიაში განყოფილებას ვხელმძღვანელობდიო. ახლაც ბევრი შემიძლია, მაგრამ აბა სად მიმიღებენო, ასაკს რომ მეკითხებია, ვბრაზდებიო... მივხვდი, კარგი მოსაუბრე ვერ იქნებოდა და ფანჯარაში გავიხედე...
კიდევ: სამსახურიდან მომავალს ხანში შესული სიმპათიური ქალბატონი მომიჯდა. საცობებში მოგვიწია მგზავრობა და ცას და მიწას გადავწვდით. ინგლისურის სპეციალისტი აღმოჩნდა. ბევრი ამბავი გაიხსენა უცხოელებთან ურთიერთობის: ერთხელ ამერიკელ ქალს ვეხმარებოდი  ქართული ღვინის ისტორიაზე დაწერილი სტატიების თარგმნაშიო. ეს პროცესი თვეები გაგრძელდა, საკმაოდ შეხმატკბილებულად ვმუშაობდითო. დროდადრო თავის დაწერილს მაკითხებდაო. ერთხელაც მის „ნაღვაწში“ სრულიად უპასუხისმგებლო, მის გამოგონილ პასაჟს წავაწყდი იმის თაობაზე, რომ თითქოს სტალინს ქართული ვენახების აჩეხვა და მათ ნაცვლად ხორბლის დათესვა ებრძანებინოს. იმ პერიოდის მასალები სკრუპულოზურად მქონდა შესწავლილი და ქალბატონს ამ ინფორმაციის მცდარობის გამო შევედავე. უკან დაიხია, მაგრამ იცით რა გამოსავალი იპოვა? სტალინის შესახებ პასაჟი შემდეგნაირად შეცვალა: ტირან სტალინს ქართული ღვინო ჰყვარებია და ვენახების აჩეხვაც ამ სიყვარულმა გადააფიქრებინაო.
ჩემი თანამგზავრი ქალბატონი სტალინისტი აღმოჩნდა და მერე მოჰყვა ბელადის ქებას: სტალინის ხელი სჭირდება ამ ქაოსს, რაც დღეს ხდებაო. ამაზე თქვენ რას ფიქრობთო-მკითხა. სტალინის ხსენებაზე ჩემი პატარა ისტორია გამახსენდა, რაც პარიზის ერთ პატარა სასტუმროში გადამხდა და ქალბატონს მოვუყევი: ეს ამბავი 2004 წელს, პარიზში ჩემს ერთთვიან სტაჟირებას უკავშირდება. სასტუმროს ფოიეში ვიდექი და რეგისტრაციას ველოდებოდი. არაბული წარმოშობის მხიარული რეგისტრატორი თავაზიანად ემსახურებოდა კლიენტებს. ჩემი რიგი როცა მოვიდა, პასპორტის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა: საქართველოდან, სტალინის სამშობლოდან ხართო?-მკითხა. დიახ-მეთქი - ვუპასუხე გაკვირვებულმა. თქვენს ქვეყანაში სტალინს ალბათ აღმერთებენო - განაგრძო აღტაცებულმა იმ ფაქტით, რომ სტალინის თანამემამულეს ესაუბრებოდა. როგორ გითხრათ, არიან სტალინით აღფრთოვანებული ადამიანები, მეტწილად ასაკოვნები, მაგრამ ძირითადად სტალინს ტირანად თვლიან-მეთქი. რეგისტატორს სახეზე გულწრფელი ტკივილი გამოესახა ამას ვერ წარმოვიდგენდი, საკუთარ სამშობლოში თუ მის სიდიადეს ვერ დაინახავდნენო, მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ, სტალინი ფენომენალური ფიგურაა და მსოფლიო მასთან ვალშიაო. ისტორიკოს-რეგისტრატორი გულწრფელობამ შემძრა... რიგში სხვადასხვა ეროვნების ოცამდე ადამიანი იდგა, რეგისტრატორი ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი მათაც ესმოდათ, მომეჩვენა, რომ მას მთელი მსოფლიო უსმენდა, იმ წუთში საოცარი სიამაყე ვიგრძენი...
ჩემს თანამგზავრს ამ ისტორიის მოსმენა ძალიან ესიამოვნა: ხედავთ უცხოეთში უფრო აფასებენ ჩვენს დიდი ადამიანებსო, სტალინზე თქვენ რას ფიქრობთო?
ჩემი აზრით დიდი პიროვნებაც არის და დიდი ტირანიც, მაგრამ რომელი უფრო, ამას ისტორია ჯერ კიდევ ადგენს-თქო. ქალბატონი ნაწილობრივ დამეთანხმა, ამასობაში საუბრით დავიღალეთ და ფანჯარაში გავიხედე....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები