ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2021


* * *

მიწას ნისლივით მოედო შუღლი,
მარტო შემოვრჩი ფიქრებს გაუვალს,
თოვს გამწარებით და ჩემი შუბლი,
თითქოს ფიფქების სასაფლაოა.

ადუღდა სისხლი, სადღაც მაჯებთან...
ისევ მიხმობენ კარგო ხევები,
შენ უშენობა მომისაჯე და
ქარი მერევა განახევრებულს.

და ბოღმა მიპყრობს ისე ვით ობოლს,
ჩემში სინათლე ჩაქრა იმ ღამეს,
შენ ხომ არ იცი, ო, მღლიან როგორ,
დღეები ზანტი და უღიმღამო.

ვერა გავუგე სამყაროს მხცოვანს,
მივყავარ სადღაც, სხეულის რღვევით
და თავს ისე ვგრძნობ თითქოს უცხო ვარ,
თითქოს მიწაზე მოვხვდი შემთხვევით.

რამ დამავიწყოს მე შენი თმები...
როგორც ლაჩრები, წლები გარბიან
და კვლავ ეულად ქუჩაში ვხვდები,
მთიდან დაშვებულ ყინვას მარბიელს.

სადა ხარ, ვისთან, მღრნიან ეჭვები,
არაფრად მიღირს სიცოცხლე, მენდე,
აქამდე ლექსმა მზიდა ბეჭებით,
მაგრამ გამიძლებს კარგო როდემდე?!

მიწას სენივით მოედო შუღლი,
მივქრი, მივარღვევ ფიქრებს გაუვალს,
თოვს გამწარებით და ცხელი შუბლი,
ახლა ფიფქების სასაფლაოა...

დანტე დარდიანი      26/01/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები