ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2021


ცხოვრებაზე გამარჯვება

წლების წინ დედაჩემი ამერიკაში წავიდა.
დედაჩემი ემიგრანტი გახდა!
როცა მიდიოდა, ცხარედ მომტირალს თავისი დაწითლებული, მრავალღამენათევი და მაინც იმედდასახული მზერა მომანათა და მითხრა: არ გინდა ჩემო ლამაზო, სულ რაღაც ორი წლით გშორდები, ვალებს გავისტუმრებ-"თ", ცოტას სახლსაც მივხედავ-"თ", მერე კი დავბრუნდები და გვერდიდან აღარასდროს მოგცილდებიო. მამიკოს დაუჯერეთ, მამიკოს მოეფერეთო... მაშინ 13-14 წლისანები ვიყავით. რაღა გზა გვქონდა... რაღა აზრი ჰქონდა ტირილს თუ გეგმა უკვე დასახული იყო და განხორციელების გზასაც ადგა? გავაცილეთ დედა და მთელი სითბო, იმედი თუ ყურადღება მეორე მშობელზე გადავიტანეთ. ერთმანეთს ვაძლებინებდით. მამა არ იმჩნევდა, მაგრამ ვგრძნობდი მასაც ძალიან უჭირდა დედაჩემის გარეშე. ვგრძნობდი რა, ხშირადაც მინახავს ცოლის სურათით ხელში, გარინდული, შორეულ სივრცეში მომზირალი. არასდროს დამირღვევია მისთვის ამგვარი "იდილია", არასოდეს შევუმჩნევივარ კარებს უკან ამოფარებული ფრთხილი მოდარაჯე, რომელსაც მთელი ის პერიოდი იმის შიში მქონდა, დაღონებული მამაც დედის გზას არ დადგომოდა და მასაც ჩვენი "უკეთესი მომავლის" მიზეზით არ დავეტოვებინეთ. "უკეთესი მომავალი"- უკვე ზიზღს აღძრავდა ჩემში ეს სიტყვები... სიტყვები, რომელიც დედაჩემის მიერ დაპირებული ორი წლის გასვლის შემდეგ, უფრო და უფრო ხშირად ისმოდა მისი პირისგან. არ ვიცი ამ დროს რას გრძნობს ემიგრანტი მშობელი, როცა დათქმული ვადა იმაზე შორს იწევს, ვიდრე წასვლისას წარმოედგინა, მაგრამ ზუსტად ვიცი რას გრძნობს შვილი, რომელიც დედის ხელში გამოვლილი კუპიურების ნაცვლად ამ ხელების სითბოს უფრო ელოდება, ის უბე და ის კალთა ელანდება, რომელიც სწორედ იმ ასაკში სჭირდებოდა, როცა მისი ერთადერთი ცხოვრებისეული მეგობარი ოკეანის მიღმა აგრძელებდა ღამეების თენებას, ისევ შვილებზე ფიქრში, მაგრამ არ ბრუნდებოდა მათივე მომავლის "კეთილდღეობისათვის".
და რაშია მომავლის კეთილდღეობა?- იმაში, რომ დედის გარეშე გვიწევს რთული პერიოდების გადალახვა?
თუ იმაში, მისგან და მისივე ბედის მსგავსი ქალბატონებისგან გამოგზავნილი ფულებით რომ ბოლო მოდაზე ჩაცმა დავიწყეთ ოჯახებმა? რომ რესტორნებს არ ვიკლებთ და საზოგადოების "პატივისცემაც" დავიმსახურეთ ყოველთვიური, სოლიდური შემოსავლის წყალობით? ამაში?..
-კი ბატონო, ზოგისთვის მართლაც ნიშნავს ეს ყველაფერი "ბედნიერ" მომავალს (არავის ვკიცხავ, უბრალოდ მე კარგად ვხედავ), მაგრამ ვერ იქნა და ვერ იქცა ჩემთვის ის "სიმდიდრე" გემრიელ ლუკმად, რომელსაც დედაჩემის ტკივილიანი ოფლის, ცრემლისა თუ შიშის გემო და სუნი ასდიოდა. ვერ იქნა და ვერ შევიყვარე მის გარეშე გატარებული წლების ვერცერთი დღე. მე მხოლოდ დედა მინდოდა და ალბათ ვერასდროს ვაპატიებ ცხოვრებას მის "იმედიან გაქცევას!"
წლები გავიდა, 15 თუ 16 წელი. დროთა სვლა შემზიზღდა და ათვლაც შევწყვიტე. ჩვენმა ოჯახმა ვალებიც გაისტუმრა, სახლსაც მიხედა და იყიდა კიდეც სხვა, პრესტიჟულ ადგილას. შვილებსაც გვასწავლა, პატარა ბიზნესიც წამოიწყო და დაბრუნდა... ჰო... დედაჩემი დაბრუნდა... თავის სახლში, თავის მეუღლესთან.
ცნობა გამიჭირდა, მის ღიმილს ჩაქრობოდა ის ბრწყინვალება, მე რომ ბაღისა და სკოლის ბილიკებს მინათებდა. ის თვალები, ყოველ დილით სურნელოვან ყვავილებს რომ გვაფრქვევდა საუზმეზე და ასე უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა ფაფები, ახლა უსწორმასწორო ხაზებით გარშემორტყმულიყო და სევდას აღვენთებდა მონატრებული შვილების ნერვებს. თმები კი, შავი, ხშირი და გრძელი თმა გადასხვაფერებულიყო, დროის უშნო მდინარებას აჰყოლოდა და შემოდგომასავით გაცრეცილიყო, დათხელებულიყო, გაფითრებულიყო... მოკლედ სხვა ქალი იყო, სხვა დედა იყო დედაჩემი. მხოლოდ ტუჩის კუთხეებში, ხელის ნაოჭებსა და სისხლივით მდუღარე ბედნიერ სიტყვებში ჩაგროვებული, წლებს გადარჩენილი, მომკივან ქარიშხლებს თავდაღწეული სითბო თუ ამხელდა ამ "უცნობ" ქალბატონს, რომ ის ჩემიანი, ჩემი სულისა და სხეულის ნაწილი, ჩემი გამჩენი და აღმზრდელი მშობელი იყო, თორემ სხვა არაფერი... სხვა ვეღარაფერი... უამრავი წლის შემდეგ ოკეანეს გამორიყული ქალი არაფრით გავდა ჩემს ფერად დედიკოს, ვერაფრით ვამსგავსებდი მას იმ ციმციმა ქალს, ჩემში დაუსრულებელ ბავშვობას რომ უდიდესი დაღი დაასვა თავისი გამიზნული წასვლით. მიზანს მიაღწია კიდეც, მაგრამ...
ჰო... მართლა, ხანშიშესულ, თუმცა მაინც უდაოდ მშვენიერ, ჩემს მშობელს, ჩემი ბავშვობის ბილიკებზე პეპელასავით მოფარფატე დედის ხატების სურნელი კი ნამდვილად მსუყედ შერჩენოდა. სწორედ ამ სურნელმა გადაარჩინა ჩვენი დედა-შვილობა. მე, მისთვისაც უცნობმა, ზრდასრულმა ქალიშვილმა და მან, ოჯახისთვის თავდადებულმა უნაკლო ერთგულებამ, ხელახლა ვისწავლეთ ერთმანეთის ანბანი და შესაშურადაც მოვუყარეთ თავი, ნიღაბაკრული ცხოვრების მიერ დატაცებულ, მაცოცხლებელ ფრაზებსა თუ ქმედებებს!
და მამაჩემი?
-ახლა შევამჩნიე, რომ ისიც დაბერებულიყო, თმებში უჟანგავი ვერცხლი შერეოდა, თვალებთან კი მუდმივი მონატრება დამჩნეოდა წარუშლელ კვალად. არ ვიცი ამდენ ხანს ვერ ვხედავდი თუ უბრალოდ არ მინდოდა დამენახა მისი ცვლილება ( ალბათ იმის შიში, თუ მქონდა, მამის ახალგაზრდობასთან ერთად ჩემი, მასზე მაგნიტივით მიწებებული, იმედიც არ გაუფერულებულიყო), მაგრამ ნათელი იყო, ორივე მშობელს დროსთან ბრძოლა წაეგოთ და სიშორის მიუხედავად ერთმანეთს საოცრად დამსგავსებოდნენ.
არ ვიცი სხვა, ემიგრანტობაში მყოფი ადამიანების დატოვებულ ოჯახებში რა ხდება (ზოგთან ვიცი კიდეც), მაგრამ ზუსტად მახსოვს და ბოლო დღემდე ასე იყო-დედაჩემის გამოგზავნილ ფულს მამა ყოველთვის ტკივილით იღებდა და მთელი სულით ახმარდა საქმეს, რომლის გამოც მისი ერთადერთი სიყვარული წლებისა და ოკეანის მიღმა სისხლნარევი იმედით იყო შეფარებული უცხო ოჯახსა და უცხო გარემოს. გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვა, რომ არც ჩემი მამიკო ყოფილა გულხელდაკრეფილი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისიც მაქსიმალურად ცდილობდა შემოეტანა ოჯახში ის, რაც მისი ქვეყნის მცირე ეკონომიკიდან ერგებოდა და ასე, ცოტათი, მაგრამ მაინც უწყობდა ხელს იმ დიდ მიზანს დაგვირგვინებაში, მომავლის "კეთილდღეობად" რომ ნათლავენ ემიგრანტები!
დედაჩემი დაბრუნდა. ვერ ვიტყვი ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდათქო და არც იყო ალბათ საჭირო ასე მომხდარიყო, რადგან სწორედ იმგვარი ცხოვრების გამო დაიკარგა ის წლები, ჩვენს სულებს რომ უკურნებელი იარა მოაყენა.
დედაჩემი დაბრუნდა და ცხოვრება ახლიდან დაიწყო, ახალი გეგმებით, ახალი იმედებით და ძველებური სურნელით. დედაჩემი დაბრუნდა და მზემ ბავშვობისფრად დაიწყო ამოსვლა, ბავშვობისფრად აჭიკჭიკდა მერცხალიც, ბავშვობისფრად აცეკვდა პატარძალი აპრილი. მერე კი თავიდან აფეთქდა მშობლების გრძნობებიც, რა ვუყოთ თუ ახალგაზრდობა შორს გაფრენილიყო და სიბერისკენ უფრო იხრებოდა სხეულები. სამაგიეროდ მათი გულები ცემდნენ არეული პულსივით და ქვეყანას არწმუნებდნენ სიცოცხლის მშვენიერებაში... ცხოვრებაზე გამარჯვებაში, რთული გზით, მაგრამ მაინც,
გა-მა-რჯვე-ბა-ში!
წლების წინ დედაჩემი ამერიკაში წავიდა.
დედაჩემი ემიგრანტი გახდა, ჩვენი მომავლის "კეთილდღეობისათვის!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები