 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2021 |
შენნაირები არიან ყურეები, მიდი-მოდიან ეზოს გარეთ თუმცა რჩებიან, იმ ეზოში სადაც მურიკა თათებს ილოკავს, იოკებს დორბლით გალესილ დრუნჩს, სახეს იბადრავს. აქ ლეიბები სიგრილით მოგვრილ სირბილეში ხატავს ყინულებს ფარდებდახურულ, ბიაზჩამოფარებულ მარტო სახლში გაჭრილ თითივით შენახულან ჩვენი დღეები ამ ღაღადს მიღმა დაგდებულა შენი სიმშვიდე, შენთან განცდილი მხრებშეშველებული ჩემი სიხარული, პაპას გამოჭრილ პიმიდვრის ჭიგოებივით მტკენენ უშენობას. კედელზე ფოთლის ორნამეტის ყავისფერი ლაქები, წვიმაჩამოსულ ჭერის უზორი ჩაფსმულ კაცივით გაწელილი უბეებით ისევ ივსება. მანდ როცა იწექ უკვე უკვდავი, მაშინაც მშვიდი რატო ვიყავ, არც კი ვიცი მაპატიე, არაფრისთქმისათვის წვეთოვანის პულსაციით ცრემლიანი თვალების მიღმიერი გახურვის დასტური ჩემგან თან წაიყოლე ჩემი თვალები სიკვდილზე უფიქრო გეხურა საბანი თეთრ ქვეშაგებში მიხმობდი ისე, მე სიცოცხლისაგან არგამოშვებული შორიდან გიქნევდი ხელს, შენ-სიკვდილისთვისაც ბედნიერებას. ღუმლის ტკაცუნში ჩაიდანი ისევ ადუღდა ორთქლმავალივით გვამცნობდა სადილობას შენი თლილი ჭიქები იდგნენ თაღჩაში წკარაწკურით, ამ თაროს ქაღალდი ერთად შევცვალეთ. ბაღჩიდან გამოსულმა მოხარშული კარტოფილი გადმომიღე, თავად მშიერმა ოფლის წვეთები შუბლზე მოკაკვულნი ცრემლს ჯერ არ მიჩენდა ცრემლი ჩამრჩა უტირალ თვალებში და ველოდები მოსკდომას მისას არასდროს გაიხსნება მიღმიერიდან მოხურული შენი კარი თვალებდახუჭულმა დარდების ჟურნალი გადაფურცლე, დასწრებას უწერდი შენს "არას" დედაშვილობისთვის სარკედ გეკიდა სურათები და განჯინებში ვერცხლის კოვზები, ბავშვებდანატრებული უღიმილო ნაყლაპ ლუკმებივით გულზე გადგებოდა ყლუპად სინანულს აყოლებდი მხოლოდ ეგ ამოდიოდა შენი დამუწული პირიდან. სიმინდის ტაროები ერთ მხარეს გაკბეჩილი დათლილი ატმები უქილო თავსახურებისთვის შაქრდებოდა გოდრები ავსებული უღვინო მაჭრით, სახლი დათბილული უმატყლო საბნებით იცხოვრებოდა, სანამ ჩამოვლენო შვილიშვილები დაგვჭირდებაო თბილი საბნები, დაღვინდებიან როცა მაჭრები დაიკვლებიან მაშინ ღორები, გაივლებიან ჩურჩხელები გამოცხვებიან თონის პურები, შენი ჩაკრული პურის გულები გვიკრავდა გულში მენანებოდი მოკითხვაგაუმეტებელ დღისთვის უნაკლოდ, დაუნახავად შესრულებულ დავალებებსა და უსულგულოდ სიბერეგაუხარელ შეხიზნულ წლებში შენ არ გინდოდა უთქმელობა და მძივებით ლაპარაკობდი ჩარაკრაკებულ თეთრ ღიმილებში გარწევდა სევდა შენ არ გტანჯავდა პაპაჩემის სიფიცხე მარტოობა გაწნავდათ სილას ჟრიამულით გაუღებელი ჭიშკრის მომლოდინე გაშლილი ხელებით დავიწროებულ გულის არტერიის არითმიებზე თეთრი თმა გიმშრალებდა ჩუმად მოწმენდილ ცრემლს არვის გვეგრძნო და დაგვენახა როგორ გიჭირდა მაშინაც ლოცულობდი ხელები მოწეული პურის თავთავებივით გეფინა ეზო-ყურის დაძაგრულ სისავსედ შენ დადიოდი ნათელ ჩრდილებად დაყრილ სიზმრებში მზისხივმილეულ ღიმილებში ივარცხნიდი ბუმბულის თმას კოპს ვეღარ მალავდი და არც გინდოდა ჩემი კოპი ისე გაძლიერდა თმას მიცვენს და იქით ვივარცხნი საითაც შენ გიყურებდი, სხვებს კი ვკარგავდი ღიაობით, ვირეკლავდი მათ მზერებს უდღეურს. მაშინ გიპოვე, როცა მივხვდი რითი დამარცხდი სიყვარულში დამარცხება ღირსეული ტვირთი რომ იყო კოპს არ ვებრძვი შენგან გადმონაშთს, არ ამოვიკვეთ შენნაირი თვალით ვუმზერ ჩემ სარკეში და სხვა ტბები მეშლება, სხვა ზღვა-გზები იბრუნეო ტალღად ყველა ყლუპი მოსვიო კდემით გაიზარდე და ის კარი გააღეო სადაც გელიან არ დანებდეო ქარტეხილებს ნავივით ყურეს მიებიო და დაელოდე როგორ სიმშვიდით ჩაეკვრებიან ტალღები აკვანში არტახი თუ გაგიწყდეს თმა გადაიწანიო ლერწამივით გამოჩნდეს კოპი-სიმახინჯე ყველაზე ადამიანური ცხიმგროვა- არ გქონდესო საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა მას მიემსგავსეო, ვიზეც სულიერ წვას ვერაფრით ვუშველე მაშინაც უსიტყვო ლაპარაკი გვქონდა კბილის წილ ღიმილშეგებება, ხელის ჩაჭიდება, მკბენდნენ მხოლოს მისი კოჟრები დავინახე ჩემი ხირცი და თვალი სიბერისა კუშტი, ღრმა გამოხედვა ასე რომ მიყვარდა ჩემ თავში ვიჭერ გესმოდა ჩემი პატარა ტანის, მუდამ კოხტად იყავიო ბებო გენაცვალოს ის დღეები არ დაღამებულა ერთად გათენებული ბოსტანში ლიდინი, პატარა სკამზე მჯომისთვის როდის გაიყვანდა ბოლო კვალს, მე ფიქრით გეხმარებოდი, არამარტოდმყოფის ფიქრით შენ ფითრს გავდი, გაელვებას ღრუბლიან დღეში არ იყავი დედაკაცი ენამიბმულჭინკებიანი, სხვაზეთითგაშვერილენაყარტლიანი, უსაქმურკაბაგამოკერებულლაშლაშქაფიანი, შავწყალგადასხულ ქალობაგახუნებულნადედაკაცარი ქმარი გყავდა გამრჯე არავის დასაყვედი ლუკმის მჭამელი მითუმეტეს თავის ოფლით უყვარდა ჭამა ჯანიანი და ჯინიანი, კაცი და არა ფშუტე ქარწაყოლილი ხვეტილი ღორის ტალახივით სხვებისთვის ბუზებგაქშეული და თავის ოჯახისთვის ხელმოცარული შენ იყავი და ახლა ამიტომ სუნთქავ იმ შუკებში სადაც არასდროს მოვდივარ ჩემი წალკოტები შენ გაახარე, სულ ვარდებია სხვადასხვა ფერის წყარო მოჩუხჩუხებს გულის გასაგრილი კოკურას მატან, მეც გავრბივარ რომ მოგირბენინო, გულშიც ჩაისხა ოფლი გადაიწმინდო სველი თავსაფრით სათამაშოდაც მიშვებ გოგო-ბიჭებთან შენი დავარცხნილი ჩემი კარე სხვა თავებში შავად ბზინავს, სხარტად ქანაობს, დახტის, მზერით მაშინვე მწვდები დგახარ ქუჩასთან ეძებ წითელ ფერებში შენ ნაყიდ შორტ-მაისურს ვეჯინში ერთად მივდივართ ავტობუსით გიჭირს სილუეტების გარჩევა, მე ვიცი სად უნდა ჩამივიდეთ გაგულიანებ და შენც გიხარია, ხელს ხელზე მიჭერ როგორც იცოდი ღიმილს არ ვიშორებ იმის დასტურად რომ გეიმედები შენს გადარჩენას ვახერხებ და ჩამივდივართ შესახვევთან სადაც შენი თეთრი დის თეთრბათქაშიანი რკინის კარია ქრისტინე გვიყვება წიგნებს, თავზარდაცემული მარილუიზა როგორი ქალია ყველა წინაპარი შენზე ავკინძე, ყველამ ასეთი სინათლით მკვებოს შენს სიმაღლეს სხვანაირად როგორ მოვწვდები თვალის ჩაკვრას გავდა შენი არსებობა, ზემოდან გამოწვდილ უფლის ხელს ჩითისხალათიანი მოხუცები მიყვარს, რათა შევეხიზნო მათ ცისფერ ყვავილებს როგორც შენს ენერგიას ყვავილივით სუნთქვა რომ მასწავლა ნათქვამის შეტრიალება, არც ერთი მხარე რომ არ დამწვოდა დუმილში ღიმილი მასწავლა და ჩუმად სიხარული სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართ სხვებს რიგორ ერჩოდი არ შეგეძლო ვინმესთვის ტკენა დუმილი გიცავდა და გგუდავდა, შიგნიდან ამოიზარდე, ამოიყვანე ჯებირად სიყვარული, ვერაფერს რომ ვერ დაეშალე დაწვრილმანებულ, წიაწიადაკრეფილ სამაგიეროებში, ყვინჩილასავით არ გექნია თავი ნიშნისმოგებით ჯაფაში იკლავდი უიმედობას მხოლოდ თაფლი ცრემლით გაზავებული ჟონავდა შენი არსებობიდან გავსებდა და გაწებებდა კუთხე კუნჭულს ვერსად მიდიოდი, თაფლის ნაფლეთები ყველგან გტკბილავდა და სახლში გამორბოდი ამოგეღო და გაგეტანებინა ვინმესთვის, დაგეცალა საცავები ახალი, ნამდვილსიხარულნაბრუნები თაფლისთვის ვერ გადავცურეთ ძლიერების თაფლნარევი ტკბილი ნექტარი რომელსაც გვიგროვებდი გაღმა მდელოებიდან გვასმევდი დამსკდარი პეშვებით ვინც ვერ დალია დღემდე მწყურვალია თლილი ჭიქებით ყველა კუთხეში მიდგას შენი ნექტარი არ უნდა მოგვაკლდეს, ბავშვები ყველას უნაწილებენ კოპი ჯერ არ ამოსვლიათ სიყვარულის სისუსტით სნეულების მაცნედ როგორ არ უნდა გაუღრმავო სხვებს შენი ბზარი და ტკივილმა როგორ უნდა გაგაძლიეროს კოპი თავს არ დამალავს და არც გვჭირდება ბებო, მე და შენ ახლა იმაზე მეტად ხარ ჩემი ვიდრე ცოცხალი ჩემში გადმოიწრიტე მარლაზე დაწურულ მაწონივით რომელსაც ახლა პურზე ისვამენ ჩემით ბავშვები მსუყე ლუკმად შვილების საზრდო შენ გადმომიტვირთე და იმკი ჩემგან გამოწურვილ თაფლს და მისით გოზინაყს.
ეძღვნება მარიამ თანდაშვილის ხსოვნას
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იმედია არ ეწყინება ბოშა- ევას და მეც ეგ აზრი გამიჩნდა რატომღაც. Არაუშავს თუ ვცდები,შეცდიმები მოსულა:))) იმედია არ ეწყინება ბოშა- ევას და მეც ეგ აზრი გამიჩნდა რატომღაც. Არაუშავს თუ ვცდები,შეცდიმები მოსულა:)))
2. მადლობა მუხა. ეს ლექსი იმსახურებდა უფრო მეტ გამოხმაურებას, ტერმინ ციგანზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვამგონი არ ღირდა. მაგრამ ეგეც ერთგვარი ინტრიგაა და ყურადღების მიქცევის საშუალებაა. უკვე საკმაო ეჭვი მაქვს რომ მაგ ნიკს ამოფარებული ამ გვერდიათვი კარგად ნაცნობი პოეტია და ახალი ძალით ცდილობს ადგილის დამკვიდრებას და ხელსაც სარფიანად უწყობენ. მადლობა მუხა. ეს ლექსი იმსახურებდა უფრო მეტ გამოხმაურებას, ტერმინ ციგანზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვამგონი არ ღირდა. მაგრამ ეგეც ერთგვარი ინტრიგაა და ყურადღების მიქცევის საშუალებაა. უკვე საკმაო ეჭვი მაქვს რომ მაგ ნიკს ამოფარებული ამ გვერდიათვი კარგად ნაცნობი პოეტია და ახალი ძალით ცდილობს ადგილის დამკვიდრებას და ხელსაც სარფიანად უწყობენ.
1. შესანიშნავი მიძღვნაა, კახური ნაჟური ღვინივით, მადლიანი სიტყვებით, ლოცვით და აზრებით, ეს მთელი წარსული ცხოვრებაა მომავლის გამიზნებით ძალიან მომეწონა .
შესანიშნავი მიძღვნაა, კახური ნაჟური ღვინივით, მადლიანი სიტყვებით, ლოცვით და აზრებით, ეს მთელი წარსული ცხოვრებაა მომავლის გამიზნებით ძალიან მომეწონა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|