იყო და არა იყო რა. იყო ერთი პაწაწინა, თვალით თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ძალზე ცელქი და მხიარული წერტილი. მას მეგობრებთან ყოფნა უყვარდა, მაგრამ მოგზაურობაც იტაცებდა. სულ იმაზე ოცნებობდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო, იქაურ მცხოვრებთ დამეგობრებოდა. იცით, სად ცხოვრობდნენ წერტილები? სასვენ ნიშანთა სამეფოში. ეს სამეფო სად იყო? სიტყვათა სამეფოს მეზობლად. როგორც კი დასჭირდებოდათ სიტყვებს, ეგრევე სასვენ ნიშანთა სამეფოს მცხოვრებთ უხმობდნენ საშველად. იმ სამეფოში მარტო წერტილები კი არ ცხოვრობდნენ, არამედ მძიმეები, ტირეები, ძახილისა და კითხვის ნიშნები, ორწერტილები და მრავალწერტილები. აბა, წარმოიდგინეთ, რომ არა ესენი, რა ძნელი იქნებოდა ერთმანეთს მიჯრილი სიტყვების წაკითხვა. უჰ, ალბათ ძალიან მოსაწყენი. წერტილი ძალზე საჭირო ვინმე იყო. მძიმეს ის თავზე აჯდა, ძახილისა და კითხვის ნიშანს ბოლოში. ხოლო ორწერტილი და მრავალწერტილი ხომ უწერტილოდ ვერც იარსებებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამ პატივისა, ამ ჩვენს მოუსვენარ წერტილს სხვა სამეფოს ნახვაც სწყუროდა. ერთ მშვენიერ დღეს, სისხამზე გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო. ხელები ზურგს უკან შემოიწყო და ღიღინ-ღიღინით გაუდგა გზას. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა რიცხვთა სამეფოს. ამ ქვეყანაში ბევრზე-ბევრი რიცხვი ცხოვრობდა. წერტილს ხან ერთი რიცხვი ხვდებოდა, ხან ორი, ხან სამი მეგობრულად ხელი-ხელჩაკიდებულნი. ისინი უღიმოდნენ სტუმარს და თავისთან ეპატიჟებოდნენ. ცელქმა წერტილმა მათთან თამაში მოისურვა. ახტა და ორ რიცხვს შორის ჩახტა. მათ მოეწონათ პატარა წერტილი და არ შეწინააღმდეგებიან დაა ჰოი, საოცრებავ, მათმა რაოდენობამ იმატა. ისინი გამრავლდნენ. წერტილი ახლა სხვა რიცხვებმაც მიიპატიჟეს. ცალად მყოფთა გვერდით ყოფნა არ ისურვა და ორად, სამად, ოთხად მყოფთა შორის კი სიხარულით ხტებოდა. ისინიც მრავლდებოდნენ და მრავლდებოდნენ. მათ ისე მოეწონათ წერტილის ეს ჯადოსნობა, რომ გადაწყვიტეს, თავიანთ ქვეყანაში დაეტოვებინათ. რადგან ყველა მცხოვრებს სახელი ჰქონდა, ისიც მონათლეს და გამრავლება დაარქვეს. წერტილსაც ძალიან მოეწონა ეს ქვეყანა, თავისი ახალი სახელი, იქ მცხოვრებნი და გადაწყვიტა, მეგობრებიც მოეწვია აქეთ. მეგობრება რომ გაიგეს, როგორ ქვეყანაში ეპატიჟებოდა მათ წერტილი, გადაწყვიტეს, სტუმრებოდნენ. მხოლოდ კითხვის ნიშანს დაეზარა შორ გზაზე სიარული და დარჩა შინ. მალე რიცხვთა სამეფოს მძიმე, ორწერტილი, ტირე და ძახილის ნიშანი ესტუმრნენ. რიცხვებმა სიხარულით მიიღეს ისინი, დაიმეგობრეს და თავიანთი წესისამებრ, მონათლეს კიდეც. ორწერტილს გაყოფა დაარქვეს, ტირეს - გამოკლება, ძახილის ნიშანს - ფაქტორიალი, მხოლოდ მძიმე გაჯიუტდა და არაფრით არ შეიცვალა სახელი. დარჩა მძიმედ. ყველა მათგანმა საკუთარი საქმეც გამოძებნა. თქვენც, ჩემო პატარებო, როცა რიცხვთა სამეფოს ეწვევით, ყველა მათგანის გაცნობა და დამეგობრება მოგინდებათ, რადგან ისინი ძალზე საჭირონი არიან ცოდნის მიაღებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მიხარია, რომ აქ ვხედავ. გილოცავთ. მიხარია, რომ აქ ვხედავ. გილოცავთ.
6. მადლობა, ჩემო კარგებო <3
მაგას რა ჯობია, მზიანე. წარმატებები მადლობა, ჩემო კარგებო <3
მაგას რა ჯობია, მზიანე. წარმატებები
5. მშვენიერი და საინტერესო თავგადასავალია.მეც ვწერ საბავშვო პროზა-პოეზიას,ოღონდ ცოტა სპეციფიკური მიმართულებით,მაგრამ ჯერ-ჯერობით აქ არ ვდებ. მშვენიერი და საინტერესო თავგადასავალია.მეც ვწერ საბავშვო პროზა-პოეზიას,ოღონდ ცოტა სპეციფიკური მიმართულებით,მაგრამ ჯერ-ჯერობით აქ არ ვდებ.
4. რა გემრიელი რამეა. :) 5
რა გემრიელი რამეა. :) 5
3. ძალიან საინტერესო, დიდაქტიკური ნაწარმოებია. ძალიან საინტერესო, დიდაქტიკური ნაწარმოებია.
2. ძალიან ორიგინალურია და სახალისოც. თხრობა საინტერესოდ მიდის. აზრი ნათლად იხატება,წარმომიდგენია პატარების სახეები, როცა ამ თავგადასავალს უკითხავთ ან უამბობთ. მომეწონა. ძალიან ორიგინალურია და სახალისოც. თხრობა საინტერესოდ მიდის. აზრი ნათლად იხატება,წარმომიდგენია პატარების სახეები, როცა ამ თავგადასავალს უკითხავთ ან უამბობთ. მომეწონა.
1. ძალიან ორიგინალურია და სახალისოც. თხრობა საინტერესოდ მიდის. აზრი ნათლად იხატება,წარმომიდგენია პატარების სახეები, როცა ამ თავგადასავალს უკითხავთ ან უამბობთ. მომეწონა. ძალიან ორიგინალურია და სახალისოც. თხრობა საინტერესოდ მიდის. აზრი ნათლად იხატება,წარმომიდგენია პატარების სახეები, როცა ამ თავგადასავალს უკითხავთ ან უამბობთ. მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|