 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2021 |
დაჰყვება შიში გულის კუნჭულებს, ზედ გადაურბენს ფაქიზ ლავიწებს. რა დააძინებთ სულში ურჩხულებს, ანდა, ამ სევდას რა დაგავიწყებს.
ქვაფენილებზე ეცემა თოვლი, თოვლი კი არა - დამდნარი წვეთი. ცას ეფერება მორუხო ზოლი კვამლის... შენ გჯერა: გიყურებს ღმერთი.
თან გეშინია, რომ გულისნადებს ადამიანი - ვერც ერთი ხედავს... ათრთოლებულ გულს სალბუნად ადებ იმედებს და თან ოცნებას ბედავ,
რომ შენი შიში და მარტოობა მირაჟი არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ სულში ეჭვის დიდი ობობა მორჩება ქსელის გაბმას და ბოლოს
დაჰყვება შიში გულის კუნჭულებს, ვეღარ იპოვის ვერცერთგან ადგილს და გაიყოლებს სევდის ურჩხულებს კვამლი, ბუხრიდან ცაში რომ ადის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|