| ავტორი: ჯიმი ჟანრი: თარგმანი 4 ნოემბერი, 2021 |
ოდითგან იყო წინასწართქმული და ძველ დღეთაგან წინარხილული, რომ მტერი მისი მოადგებოდა ერთხელ თლუნრანას. ხოლო საათი, დღე და კარიბჭე, რომლიდანაც აღსასრული შემოვიდოდა, ცნობილი იყო, მაგრამ თავად მტრის არც რაობა ეწინასწარმეტყველა ვინმეს და არც ვინაობა, გარდა იმისა, რომ ღმერთებისგან იყო მოგვრილი, თუმც კაცთა შორის იმყოფებოდა. იყო თლუნრანა, ეს საიდუმლო ლამათსავანი - ჯადოქრობის ეს უმთავრესი კათედრალი - ძრწოლა და ზარი იმ ხეობისა, რომელშიც იდგა, და მის გარშემო ახლომდებარე ყველა მიწისა. ისეთი ვიწრო და მაღალი ჰქონდა სარკმლები, იმგვარ უცხო შუქს აფენდნენ ღამით, რომ მათ მაცქერელ ადამიანებს ბნელში ნაკრძალის არგამანდობელ დემონ-ეშმათა მზერით ზაფრავდნენ. იმ ნასაიდუმლოევი ადგილის ჯადოსანთა, ნაცვალჯადოსანთა და დიდი მთავარჯადოქრის ვინაობა არვინ იცოდა, რადგან ისინი თავით-ფეხამდე კუნაპეტისფრად შებურულიყვნენ, შესკვნილიყვნენ და შემოსილიყვნენ.
თუმცა დაღუპვა კარს მოსდგომოდა და წინასწართქმული მტერი სწორედ იმ ღამით შემოვიდოდა ღია, სამხრეთსმიქცეულ კარიბჭეში, რომელსაც წერის კარიბჭე ერქვა, მაინც, თლუნრანა, კლდოვან-აღნაგი, ჯერაც იდუმალ-აღმართულიყო - მხცოვანი, ბნელი, საშინელი და ზარდამცემად გვირგვინდარქმული საკუთარივე აღსასრულისგან. იშვიათად თუ ბედავდა ვინმე, ღამით თლუნრანას სიახლოვეს დაედგა ფეხი, როდესაც ჯადოსანთა გმინვა, რაჟამ ხმად-ჰყოფდნენ მიმართ იმისა, რომლის ვინაობა იდუმალია, მოფართხალე ღამურებს ქშევდა: მაგრამ სულ უკანასკნელ ღამეს ხუთი ფიჭვის ქვეშ მდებარე შავსახურავიანი სახლიდან კაცი მოვიდა, რადგან მას სურდა, თლუნრანასთვის უკანასკნელად შეევლო თვალი, სანამდის მტერი, რომელიც ღვთიური იყო, თუმც კაცთა შორის იმყოფებოდა, შემოვიდოდა მის წინააღმდეგ, და არქმნილ-აქცევდა. გულგამაგრებით აუყვა იგი ლუსკუმ ხეობას, თუმც კი შიშები თავს დასწოლოდნენ; ეს - სიმამაცე ამ კაცისა ზიდავდა შიშებს, და ტვირთქვეშ ბეჭის გაშლა უჭირდა. მან გაიარა სამხრეთის კარი, რომელსაც წერის კარიბჭე ერქვა, ბნელ დარბაზში შეაბიჯა და მარმარილოს კიბეებზე შეადგა ფეხი, თლუნრანასათვის უკანასკნელად რომ შეეხედა. კიბის ბოლოში შავი ხავერდის ფარდა გასწია და შევიდა ფარდებისაგან ტალღულ ოთახში, რომლის წკვარამი იყო უშავესი ყველა საქმეზე, რაც მის პატრონებს ბრალად სდებოდათ. ხოლო მომდევნო, პირქუშ ოთახში, რომელიც დიდი თაღის ქვეშ ჩანდა, ჯადოსნები, ხელში კელაპტარ-აბზინებულნი, გრძნებას იწრთობდნენ და ჯადო-ლოცვებს გასჩურჩულებდნენ. იქაურობის მთელი ვირთხები კიბიდან შესაბრალისად მოწრუწუნენი იპარებოდნენ. შავსახურავიანი ქოხიდან მოსულმა კაცმა ეს მეორე ოთახიც გადაიარა: ჯადოსნებს მისთვის არც შეუხედავთ, და არც ჩურჩული შეუწყვეტიათ. მათ გამომცდარმა, შავი ხავერდის კიდევ ერთი, მძიმე ფარდა გასწია და აღმოჩნდა ოთახში, სად არაფერი მიმიძვროდა. კელაპტარი ეულად ენთო ბოლო ოთახში: სარკმელი ერთიც კი არსად იყო. გლუვ იატაკზე, გლუვ კედელშიგნით აბრეშუმის კარავი იდგა, რომლის ფარდები დაგმანულიყო: ეს იყო წმიდათაწმიდა ამ ავნიშნეული ალაგისა, მისი შიდა იდუმალება. მის ორივე მხარეს დაყუნთულიყვნენ ბნელი სილუეტები კაცებისა, ქალებისა თუ შემოსილი ქვის საგნებისა, ან იქნებ, სულაც, ცხოველებისა, გაუნძრეველი მდუმარებისთვის რომ გაწვრთნილიყვნენ. და როდესაც იდუმალების ავბედითი სიწყნარე გაუსაძლისი შეიქნა, კაცი, რომელიც ხუთი ფიჭვის ქვეშ მდებარე შავსახურავიანი სახლიდან წამოსულიყო, მიუახლოვდა აბრეშუმის კარავს, ხელის შიშნეული, გაბედული წამოვლებით გადასწია ერთ-ერთი ფარდა, დაინახა შიდა იდუმალება, და გაეცინა. ამგვარად იქნა აღნასრული წინასწართქმული, და ხეობას აღარ ეწვა თლუნრანა ამის შემდგომ ძრწოლად და ზარად, ხოლო ჯადოსნები კი, თავიანთ ავადსაკრძალ დარბაზთაგან გამოქცეულნი და ველად გაჭრილნი, ვალალებდნენ და მჯიღებს იცემდნენ, რადგან სიცილი ყოფილიყო სწორედ ის მტერი, თლუნრანას აღსასრულად რომ სწერებოდა გამოცხადება სამხრეთ კარიბჭით (რომელსაც წერის კარიბჭე ერქვა), და ღმერთებისგან არის მოგვრილი, თუმც კაცთა შორის კი იმყოფება.
ორიგინალი: https://www.sacred-texts.com/neu/dun/fotd/fotd32.htm
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მსგავსი მოთხრობების კრებულიდანაა, ნაწყვეტი არაა მსგავსი მოთხრობების კრებულიდანაა, ნაწყვეტი არაა
2. ეს ნაწყვეტია თუ ... ეს ნაწყვეტია თუ ...
1. ფრიადი უცნაურია
ფრიადი უცნაურია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|