| ავტორი: ჯიმი ჟანრი: თარგმანი 30 ნოემბერი, 2021 |
იქ, სადაც ტარფეტის დიდი დაბლობი, როგორც ზღვა შესართავებში, სირეზიის მთებში ილევა, შორი დროიდან იდგა ქალაქი მერიმნა, კლდეთა ჩრდილებში ლამის შეფარებული. არასოდეს მინახავს ისეთი ლამაზი ქალაქი, როგორადაც მერიმნა წარმომიდგა, რა პირველად მესიზმრა იგი. კოშკურებისა და ბრინჯაოს ფიგურების, მარმარილოს შადრევნების, საარაკო ომთა ალაფისა და მთლიანად მშვენიერებისადმი მიძღვნილი ფართო ქუჩების საკვირველება იყო. ზუსტად ქალაქის შუაგულში გადიოდა ქუჩა ორმოცდაათი ნაბიჯის სიგანისა, და მის თითოეულ მხარეზე ჩარიგებულიყო ბრინჯაოს გამოსახულებანი მეფეებისა ყველა იმ ქვეყნისა, რომლის შესახებაც მერიმნას ხალხს სცოდნოდა ოდესმე. ქუჩის ბოლოში აღმართულიყო უზარმაზარი ეტლი ბრინჯაოს სამი ცხენით, რომელთაც ფრთოსან ასულად ნაქანდაკევი სახელოვნება მიაგელვებდა, და უკან, ეტლში, ვეება ფიგურა ველერანისა, მერიმნას უძველესი გმირისა, ხმლით ხელში იდგა. ისეთი ფიცხელი შესახედაობა ჰქონდა სახელოვნებას, და ცხენები ისე ჩქარები ჩანდნენ, დაიფიცებდი, რომ ეტლი ზედ წამის უმალ წამოგდგომოდა, და მეფეთა სახეები უკვე მტვრისაგან დაბურულიყო. და ქალაქში იდგა დიდი დარბაზიც, სადაც მერიმნას გმირთა ალაფები ინახებოდა. ჩუქურთმოვანი იყო და გუმბათიანი, დიდებად მრავალი წლის წინათ მიცვალებულ ქვისმკვეთელთა ხელოვნებისა, ხოლო გუმბათის თავზე მჯდარი როლორის გამოსახულება გასცქერდა მიწებს, გადაშლილთ სირეზიის მთათა გადაღმა - მიწებს, რომელთაც მისი ხმალი უწყოდნენ. და როლორის გვერდით მოხუცი გადიასავით ჩამომჯდარი ქანდაკება გამარჯვებისა მას შუბლის შესამკობ დაფნის ფოთლებად დაცემულ მეფეთა გვირგვინების ოქროს უჭედდა.
ასეთი იყო მერიმნა, გამოქანდაკებულ გამარჯვებათა და ბრინჯაოს მეომართა ქალაქი. მაგრამ იმ დროისათვის, რომელსაც აღვწერ, ომის ხელოვნება დავიწყებას მისცემოდა მერიმნაში, და მის ბინადართ ლამის ეძინათ. ზემოთ და ქვემოთ, აქეთ და იქით იარებოდნენ მარმარილოს ქუჩებში და შესცქეროდნენ სახსოვრებს იმისა, რისთვისაც თავიანთი ქვეყნის ხმლებს მიეღწიათ მათ ხელში, ვისაც პირნათლად უყვარდათ მერიმნა. ლამის ეძინათ და ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ყმაწვილი ირაინე ესიზმრებოდათ. მთებისიქითა მიწებისა, რომლებიც ყველა მხრიდან ერტყათ გარშემო, უწყოდნენ მხოლოდ, რომ ისინი ველერანის საზარელი საქმეების თეატრი იყო, თავისი ხმლით რომ მოემოქმედა. დიდი ხანი იყო, ის მიწები დაებრუნებინათ ქვეყნებს, რომლებზეც ერთ დროს მერიმნას ჯარებმა გადაიარეს. ამჟამად მერიმნას ხალხს აღარაფერი დარჩენოდა, გარდა თავიანთი ხელუხლებელი ქალაქისა და უძველესი სახელოვნების მოგონებისა. ღამით შორეულ უდაბნოში გუშაგებს აყენებდნენ, მაგრამ მათ, საგუშაგოზე ძილმორეულებს, მუდამ როლორი ესიზმრებოდათ, და ყოველღამ სამჯერ მეწამულად შემოსილი დამცველებიც დაუვლიდნენ გარშემო ქალაქს, შუქებით ხელში, და ველერანის ამბებს მღეროდნენ. მუდამ უიარაღოდ იყვნენ მცველები, მაგრამ როდესაც მათი სიმღერის ხმის ექოები დაბლობზე გამოლანდული მთებისაკენ გადაივლიდა, უდაბნოს ყაჩაღებს ველერანის სახელი ჩაესმოდათ და თავ-თავიანთ ბუნაგებში იპარებოდნენ. ხშირად განთიადი გადმოივლიდა დაბლობზე, მერიმნას კოშკისწვერებზე გასაკვირველად აციმციმდებოდა, ყველა ვარსკვლავს დაამორცხვებდა და იპოვიდა ჯერაც ველერანზე მომღერალ მცველებს, მათ მეწამულ ტანისამოსს ფერს შეუცვლიდა და მათ სინათლეებს გაამკრთალებდა. შემდეგ მცველები უკანვე ბრუნდებოდნენ და გალავნებს უსაფრთხოდ ტოვებდნენ, ხოლო დაბლობზე სათითაოდ ფხიზლდებოდნენ გუშაგები როლორის სიზმრებისაგან და ქალაქში შემცივნებულნი შელაგდებოდნენ. მაშინ რაღაც მუქარის მსგავსი მოსცილდებოდათ სახეებიდან სირეზიის მთებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ვიწროვდებოდნენ მერიმნასაკენ, და დილის ნათელში გარკვევით ჩნდებოდნენ ქანდაკებები და სვეტები ძველ, ხელუხლებელ ქალაქში. გაიკვირვებდი, როგორ შეეძლოთ უარაღო მცველებსა და მძინარ გუშაგებს დაცვა ქალაქისა, რომელშიც ხელოვნების ყოველგვარი ბრწყინვალება ინახებოდა, რომელიც მდიდარი იყო ოქროთი და ბრინჯაოთი - ზვიადი, ერთ დროს მეზობელთა დამჩაგვრელი ქალაქისა, რომლის ბინადრებს ომის ხელოვნება დავიწყებოდათ. აი მიზეზი, რის გამოც, თუმცა სხვა ყველა მიწა დიდი ხნის წინათ წაერთმიათ ქალაქისათვის, თავად მერიმნა უსაფრთხოდ იყო: უცნაური რამისა სჯეროდათ თუ ეშინოდათ მთებისიქითა სასტიკ ტომელებს: დასტურ იცოდნენ, რომ მერიმნას გალავნების გარშემო, ზოგ ადგილებში, ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ყმაწვილი ირაინე თავიანთ ცხენებს ჯერაც დააგელვებდნენ. თუმცაღა, ლამის ასი წელი იყო გასული, რაც ირაინეს, მერიმნას ასისთავთაგან უმრწმესს, ამ ტომელებთან თავისი ბოლო ბრძოლა გადაეხადა.
და მართლაც, ზოგჯერ გამოერეოდნენ ამ ტომელებში ყმაწვილკაცები, რომლებიც ეჭვობდნენ და ამბობდნენ: “როგორ შეიძლება, კაცი სამარადისოდ დაუსხლტეს სიკვდილს?”
მაგრამ მათ უფრო ჭკუადამჯდარი მოხუცები უპასუხებდნენ: “გვისმინეთ, ბრძენნო, ამდენს რომ ჩახვდომიხართ და ჩვენც მიგვახვედრეთ, თუ როგორ შეიძლება, კაცი სიკვდილს დაუსხლტეს, როდესაც ორმოცი ცხენოსანი წამოესევა შიშველი ხმლებით, ორმოცივენი - შეფიცულები მის მოსაკლავად: შეფიცულები თავ-თავიანთი ქვეყნის ღმერთებზე, როგორც ველერანს ხშირად უქნია. ან მიგვახვედრეთ, თუ როგორ შეიძლება, სულ ორმა კაცმა შეაღწიოს ქალაქში ღამით, და იქიდან მეფე-მოურავი გამოიტაცოს, როგორც სორენარდსა და მომოლეკს ჩაუდენიათ. ეჭვი არ გქონდეთ; კაცნი, რომელნიც ამდენ ხმალსა და ისრების ამდენ თავსხმას დაუსხლტნენ, სიკვდილს და დროსაც დაუსხლტებიან.”
ყმაწვილკაცებიც ჭკუას სწავლობდნენ და ჩუმდებოდნენ. მაგრამ ეჭვი მაინც მატულობდა. და ხშირად, როდესაც მზე სირეზიის მთებზე დასვენდებოდა, მერიმნას ხალხი არჩევდა სასტიკ იქითტომელთა შავ მოხაზულობებს სინათლეში, ქალაქისკენ რომ იყურებოდნენ.
მერიმნაში ყველამ იცოდა, რომ ფიგურები გალავნების გარშემო ქვის ქანდაკებები იყვნენ მხოლოდ, თუმცა იქაც კი შერჩენოდა ზოგიერთს იმედი, რომ ქალაქის ძველი გმირები ერთ დღესაც ისევ დაბრუნდებოდნენ, ვინაიდან მათი სიკვდილი თვალით მართლაც არვის ენახა. საქმე კი ჩვეულება იყო იმ ექვსი ოდინდელი მეომრისა: ყოველ მათგანს, როდესაც უკანასკნელი ჭრილობა შეხვდებოდა და შეატყობდა, რომ სასიკვდილო იყო, გაექუსლა ერთი ღრმა ღარტაფისკენ და სხეული იქ გადაეჩეხა, ისევე, როგორც, სადღაც ამომიკითხავს, სჩვევიათ სპილოებს, რათა მათ დიდ ძვლებს უარესმა ცხოველებმა ვერ მიაკვლიონ. ეს ღარტაფი ციცაბო იყო და ვიწრო, პირებთანაც კი: დიდი ნაპრალი, რომელსაც ძეხორციელი ვერასგზით ვერ მიუდგებოდა. იქით გააჭენა ცხენი ველერანმა მარტომ, მძიმედ აქოშინებულმა; და მოგვიანებით იქით გაქუსლეს სორენარდმა და მომოლეკმა, მომოლეკმა - სასიკვდილო ჭრილობით, უკანმოუბრუნებლად, ხოლო სორენარდი უვნებელი იყო და მარტომ გამოაჭენა ცხენი მას შემდეგ, რაც ძვირფასი მეგობარი ველერანის ძალუმ ძვლებს მიაბარა. და სორენარდმა, როდესაც მასაც მოუვიდა დრო, იქითვე გაქუსლა, როლორისა და აკანაქსთან ერთად: როლორი შუაში მიაჭენებდა, ხოლო სორენარდი და აკანაქსი - აქეთ-იქიდან. და გრძელი ჭენება მძიმე და დამღლელი გახლდათ სორენარდისა და აკანაქსისთვის, ვინაიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ ორივეს; ხოლო გრძელი ჭენება იოლი გახლდათ როლორისათვის, ვინაიდან იგი მომკვდარი იყო. ამრიგად, ამ ხუთი გმირის ძვლები მტრების მიწაზე თეთრდებოდა - არაფერი ურღვევდათ სიწყნარეს მათ, ვინც ქალაქებს არ აძლევდნენ საშველს და არავინ იცოდა, სად ესვენნენ ისინი, გამოკლებით მხოლოდ ირაინესი, ყმაწვილკაცი ასისთავისა, რომელიც სულ ოცდახუთისა იყო, როდესაც მომოლეკმა, როლორიმ და აკანაქსმა შორით გაქუსლეს. იქვე ეყარა ლაგამ-უნაგირები და მთელი აღკაზმულობა მათი ცხენებისა, რათა არა კაცს არ ეპოვნა ისინი შემდგომ და რომელიმე უცხო ქალაქში არ ეტრაბახა: “შეხედეთ! მერიმნას ასისთავთა ლაგამ-უნაგირები, ომში ნაშოვნი,” ხოლო ერთგული, საყვარელი ცხენები კი ნებაზე გაუშვეს.
ორმოცი წლის შემდგომ, დიდი გამარჯვების ჟამს, უკანასკნელი იარები ხვდა ირაინეს: მისი ჭრილობა საშინელი იყო და პირს არ იკრავდა. ირაინე უკანასკნელი ასისთავი იყო და მარტომ გაქუსლა. ბნელ ღარტაფამდე გრძელი გზა იდო, ირაინე შიშობდა, რომ ვერასოდეს მიაღწევდა ძველი გმირების განსასვენებლამდე და, უნაგირს ხელებით ჩაჭიდებული, ცხენს აჩქარებდა. ჭენებისას, მალ-მალე, ეძინებოდა და ესიზმრებოდა უწინდელი დღეები, ის დრო, როდესაც პირველად გაქუსლა ველერანის სასტიკ ომებში, ის დრო, ველერანი პირველად რომ გამოელაპარაკა, და სახეები ველერანის ამხანაგებისა, როდესაც ბრძოლაში დანარჩენებს წინ მიუძღვოდნენ. და ყოველი გაღვიძებისას ძლიერი ნატვრა უჩნდებოდა სულში, სხეული რომ ძლივს აკავებდა: ნატვრა, ძველი გმირების ძვალთა შორის ჩაწოლილიყო. და ბოლოს, როდესაც დაბლობზე ღარტაფი დაინახა ნაიარევად, ირაინეს სული დიდი ჭრილობიდან ამოცურდა და ფრთები გაშალა, საცოდავ, დაჩეხილ სხეულს ტკივილი განეშორა და, ცხენის ჯერაც გამალებით ჭენებისას, ირაინე მოკვდა. ხოლო ბებერმა, ერთგულმა ცხენმა ჩორთი განაგრძო, ვიდრე, უეცრად, წინ ბნელი ღარტაფი არ დაინახა, წინაფეხები ზედ მის ნაპირთან დაასო და გაჩერდა. მაშინ ირაინეს სხეული ცხენის მარჯვენა მხრის ზემოდან გადმოვარდა და მისი ძვლები, წელთა ტრიალში, განსასვენებლად მერიმნას გმირთა ძვლებს შეერია.
ხოლო შემდგომხანს მერიმნაში ბიჭი, სახელად როლდი, ცხოვრობდა. პირველად დავინახე იგი, მესიზმრემ, ცეცხლისპირას რომ ვზივარ მძინარი, პირველად დავინახე იგი, როდესაც დედამისმა წაიყვანა იმ დიდ დარბაზში, სადაც მერიმნას გმირთა ალაფი ეწყო. ხუთი წლის იყო, შუშის დიდი საცავის წინ შემდგარიყვნენ, რომელშიც ველერანის ხმალი ესვენა, და დედამისმა წარმოთქვა: “ხმალი ველერანისა.” როლდმა იკითხა: “ველერანის ხმალს რა უყოს კაცმა?” და დედამისმა უპასუხა: “კაცნი ველერანის ხმალს შეხედავენ და ველერანი მოაგონდებათ.” მათ გზა განაგრძეს, ველერანის დიდ, წითელ მოსასხამთან შეჩერდნენ და ბავშვმა იკითხა: “ველერანს ამხელა წითელი მოსასხამი რატომ ეხურა?” დედამისმა კი უპასუხა: “ველერანის წესი ასეთი იყო.”
როლდი ცოტა რომ წამოიზარდა, დედას სახლიდან გამოეპარა შუაღამისას, როდესაც მთელი ქვეყნიერება მიწყნარებულიყო და მძინარ მერიმნას ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ყმაწვილი ირაინე ესიზმრებოდა. იგი გალავნებთან ჩავიდა და მეწამულ მცველთა სიმღერა მოესმა ველერანზე. და მეწამულმა მცველებმა, ხელში სინათლეებით, ჩამოიარეს, ყველანი მიიმღეროდნენ იმ სიწყნარეში, ხოლო უდაბნოში ბნელმა ლანდებმა პირი იბრუნეს და მიიკარგნენ. და დედამისის სახლში დაბრუნებულ როლდს ველერანის სახელი სანუკვრად ჰქონდა, ისევე, როგორც რაღაც უწმინდესი ენუკვით ხოლმე.
როლდი ნელ-ნელა წამოიზარდა და გალავნების ყველა გზა მოიხილა, და ექვსი ცხენოსანი ქანდაკებაც, რომლებიც მერიმნას ჯერაც იცავდა. ეს ქანდაკებები დანარჩენებს სულაც არ ჰგავდნენ, ისე მარჯვედ იყვნენ გამოკვეთილი მრავალფერი მარმარილოსაგან, სანამ ძალიან არ მიუახლოვდებოდა, ვერავინ გაიგებდა დანამდვილებით, ცოცხალი ადამიანები იყვნენ თუ არა. აქ იდგა ცხენი ფორეჯა მარმარილოსი, ცხენი აკანაქსისა. როლორის ცხენი ალაბასტრისა იყო, ფიფქივით თეთრი, აბჯარი მოლაპლაპე ქვისაგან ჰქონდა გამოთლილი, და მისი მხედრული მოსასხამი ლურჯი ქვა იყო, ძლიერ ძვირფასი. იგი ჩრდილოეთით იცქირებოდა.
ხოლო მარმარილოს ცხენი ველერანისა კუპრისფერი იყო, და ზედ მჯდარი ველერანი მშვიდად იყურებოდა დასავლეთით. ეს ცხენი იყო, რომლის კისერზე მოფერებაც როლდს ყველაზე მეტად უყვარდა, და ველერანი იყო, ვისაც მზის მთებში ჩასვლისას მზირები ყველაზე გარკვევით ხედავდნენ ქალაქისაკენ გამოჭვრეტისას. და როლდს ვეება, შავი ცხენის წითელი ნესტოები და მისი მხედრის იასპის მოსასხამიც უყვარდა.
სირეზიის მთების იქით კი იმატებდა ეჭვი, რომ მერიმნას გმირები მომკვდრები იყვნენ და მოისაზრეს, ღამით ვინმე კაცი წასულიყო, გალავნებში ფიგურებს მიახლოვებოდა და შეეხედა, მართლაც ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ყმაწვილი ირაინე თუ იქნებოდნენ. ამგვარ ჩანაფიქრს ყველა დათანხმდა, სახელებიც უამრავი ითქვა წამსვლელებისა, და ჩანაფიქრი არაერთი წლის განმავლობაში ელოდა ნაყოფს. ამ წლებში მზირები ხშირად იკრიბებოდნენ მზის ჩასვლის დროს მთებზე, მაგრამ მეტად არ ახლოვდებოდნენ. ბოლოსდაბოლოს, უკეთესი გეგმა დასახეს და გადაწყვიტეს, რომ ორი კაცი, მათდა ბედად სიკვდილმისჯილი, შეწყალებას ეღირსებოდა, თუ ჩავიდოდა დაბლობზე ღამით და გაარკვევდა, ცოცხლები იყვნენ თუ არა მერიმნას გმირები. თავიდან ორი პატიმარი ვერ ბედავდა წასვლას, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ ერთმა მათგანმა, სიჯარმა, თავის ამხანაგს, საჯარ-ჰოს უთხრა: “ახლა უყურე: ვინ კაცსაც მეფის მენაჯახე კისერში ჩასცემს, ის კაცი კვდება.”
და მეორემაც დაუმოწმა, რომ ეს ასე იყო. მაშინ თქვა სიჯარმა: “და კაცს, გინდაც რომ ველერანმა შემოსცეს ხმალი, სიკვდილის მეტი არცრა შეხვდება.”
მაშინ საჯარ-ჰო ერთხანს ჩაფიქრდა. შემდეგ წარმოთქვა: “მაგრამ მეფის მენაჯახეს შეიძლება თვალი შეუცდეს შემოქნევისას, ანდაც კიდევ ხელმა უმტყუნოს, ხოლო ველერანისა არც თვალი შეცდენილა ჯერაქამომდე და ხელსაც ერთხელ არ უმტყუნია. გვიჯობს, აქ დავრჩეთ.”
მაშინ თქვა სიჯარმა: “იქნებ მომკვდარი იყოს ველერანი და მის სანაცვლოდ გალავნებზე ვინმე სხვა იდგეს, ანდა, სულაც ქვის ქანდაკება.”
მაგრამ საჯარ-ჰომ სიტყვა შეუბრუნა: “როგორ შეიძლება, ველერანი მომკვდარი იყოს, როდესაც ორმოც ხმალგაშიშვლებულ ცხენოსანს დაუსხლტა, მის მოსაკლავად რომ იყვნენ შეფიცულები, ყველა - თავისი ქვეყნის ღმერთებზე?”
და სიჯარმა თქვა: “ეს ამბავი ველერანზე პაპაჩემს მისმა მამამ უამბო. იმ დღეს, როდესაც ქურლეთის ველებზე ბრძოლა მარცხით გათავდა, მან მომაკვდავი ცხენი დაინახა მდინარის ახლოს, და ცხენი შესაბრალისად იყურებოდა წყლისკენ, მაგრამ ვერ კი სწვდებოდა. და ჩემმა დიდმა პაპამ დაინახა, თუ როგორ ჩავიდა ველერანი მდინარის პირას, იქიდან თავისი ხელით ამოიტანა წყალი და ცხენს შეასვა. ჩვენც იმ ცხენივით მწარე დღე გვადგას, სიკვდილს თვალებში ჩვენც ისე ვუცქერთ, ჰოდა შევბრალდეთ იქნებ ველერანს, ხოლო მეფის მენაჯახე კი, მეფის ბრძანების გამო, ამას ვერ შეძლებს.”
მაშინ თქვა საჯარ-ჰომ: “ენა მუდამდღე გაქნილი გქონდა. შენი გაქნილობითა და ქვებუდანობით იყო, რომ ჩაგვაცვინე ამ ხათაბალას, ვნახოთ, ამოყვანასაც თუ მოახერხებ. წავიდეთ.”
ამრიგად, მეფეს მოახსენეს, რომ ორი პატიმარი მერიმნაში ჩავიდოდა.
იმ საღამოს მზირებმა ისინი მთის ქედზე მიიყვანეს. სიჯარი და საჯარ-ჰო ღრმა ღარტაფს ჩაუყვნენ დაბლობისაკენ, ხოლო მზირები უცქერდნენ, როგორ მიდიოდნენ ისინი. მათი მოხაზულობა მალე მთლიანად დამალა მწუხრმა. შემდეგ ღამე ამოვიდა, დიდი და წმინდა, ხრიოკი ჭაობებიდან, აღმოსავლეთის, ბარისა და ზღვისაკენ; და ანგელოზებმა, რომლებიც ყოველ ძეხორციელთ დღისით დასცქერდნენ, დიდრონი თვალები მოასვენეს და მიიძინეს, ანგელოზებმა, რომლებიც ყოველ ძეხორციელთ ღამით დასცქერდნენ, გამოიღვიძეს, მუქი-ლურჯი ბუმბულები წამოიშალეს, წამოფრინდნენ და ცქერა იწყეს; ხოლო დაბლობი იდუმალ, შიშებით სავსე ადგილად იქცა. ამრიგად, ჯაშუშები ღრმა ღარტაფს ჩაუყვნენ და შემდეგ დაბლობზე ამოსულები, მალვით მირბოდნენ.
მალე ისინი ქვიშაზე მძინარ გუშაგთა მწკრივს წამოადგნენ. ერთმა მათგანმა, შფოთვას რომ მოეცვა ძილში, თავის სიზმრებში როლორის უხმო, და სასტიკი ძრწოლით შეპყრობილმა ჯაშუშებმა დაიჩურჩულეს: “როლორი ცოცხალი ყოფილა,” მაგრამ მეფის მენაჯახე გაახსენდათ და გზა გააგრძელეს. შემდეგ ისინი შიშის დიდ, ბრინჯაოს ქანდაკებას მიადგნენ, რომელიც ძველ, დიდებით მოსილ წლებში გამოეყვანა რომელიღაც მოქანდაკეს მთებისკენ გასაქცევად შებრუნებულად, გაქცევისას რომ შვილებს უხმობდა. ხოლო შვილები იმიერსირეზიელ ტომთა ლაშქრების მსგავსებად იყვნენ გამოყვანილნი, მერიმნასათვის ზურგი შეექციათ და შიშს მისდევდნენ. გალავნების იქიდან კი, ამათ ზემოთ, როგორც ყოველთვის, ცხენზე ამხედრებული ველერანის ხმალი გადმოწვდილიყო. ამის მნახავმა ჯაშუშებმა ქვიშაზე დაიჩოქეს, შიშის ქანდაკების ვეება ბრინჯაოს ფეხებს ეამბორნენ და აჩურჩულდნენ: “ო, შიშო, შიშო.”
დაჩოქილებმა, გალავნებიდან სულ უფრო მოახლოებულ სინათლეებს მოჰკრეს თვალი, და მცველთა სიმღერა მოესმათ ველერანზე. და მეწამული მცველები, სინათლეებით, მოახლოვდნენ და ჩაიარეს, შემდეგ კი, ისევ ველერანზე მღერით, გალავნებს გაუყვნენ და მიიმალნენ. ხოლო ჯაშუშები შიშის ფეხს იყვნენ ჩაჭიდებულნი ამასობაში და ჩურჩულებდნენ: “ო, შიშო, შიშო.” ხოლო როდესაც ველერანის სახელი უკვე აღარ ესმოდათ, წამოდგნენ, გალავნებთან მივიდნენ, ზედ გადახოხდნენ, პირდაპირ ველერანის ფიგურას მიაშურეს, თავები მიწამდე დაიდრიკეს და სიჯარმა თქვა: “ჰოი, ველერან, მოვედით, რათა შევხედოთ, ჯერაც ცოცხალი თუ ხარ.” და მიწას ჩაჩერებულნი, დიდხანს იცდიდნენ. ბოლოს სიჯარმა აიხედა ველერანის საზარი ხმლისკენ, და იგი, ისევ გაწვდილი, დაღერებული იყო ლაშქრებისაკენ, შიშს რომ კუდში მისდევდნენ. მაშინ სიჯარმა ისევ მიწამდე დახარა თავი, ცხენს ჩლიქზე შეეხო და ცივი ეჩვენა. მაშინ მან ხელი ასწია, ცხენს ფეხზე შეეხო, და იგი სულმთლად ცივი ეჩვენა. ბოლოს ველერანს ფეხზე შეეხო, და ზედ აბჯარი ყრუ და მძიმე ეჩვენა. შემდეგ, რადგანაც ველერანი არც გაინძრა და არც ხმა გაიღო, სიჯარი აძვრა, ველერანს ხელზე, საზარელ ხელზე შეეხო, და მარმარილო დახვდა. მაშინ სიჯარმა ხმით გაიცინა, ის და საჯარ-ჰო ცარიელ ბილიკზე სწრაფად ჩავიდნენ, იპოვეს როლორი, და ისიც მარმარილოსი აღმოჩნდა. შემდეგ გალავნებზე გადმოძვრნენ, დაბლობის გადმოკვეთისას ამრეზით ჩაუარეს შიშის ფიგურას, და მოესმათ გალავნების მესამედ შემოსავლელად დაბრუნებული მცველების ხმები, კვლავ ველერანზე რომ იმღეროდნენ; და სიჯარმა თქვა: “ჰო, ველერანზე იქნებ მღეროდეთ, მაგრამ ველერანი მომკვდარი გახლავთ და თქვენს ქალაქს რისხვის დღე დაადგება.”
მათ გზა განაგრძეს და ჩაუარეს გუშაგს, ჯერაც რომ შფოთავდა ღამეში და როლორის უხმობდა. მაშინ საჯარ-ჰომ წაიჩურჩულა: “ჰო, შენ როლორის იქნებ უხმობდე, მაგრამ როლორი მომკვდარი გახლავს და თქვენი ქალაქი ვეღარასგზით ვერ გადარჩება.”
და ჯაშუშები ცოცხლები გამობრუნდნენ მთებისკენ, ხოლო როდესაც მათ მიაღწიეს, მზის პირველი სხივი წითლად ამოვიდა მერიმნას უკან, უდაბნოს თავზე, და მერიმნას კოშკისწვერებს ცეცხლი მოჰფინა. ის ჟამი იდგა, როდესაც მეწამული მცველები ქალაქში ბრუნდებოდნენ მიმკრთალებული სანთლებითა და შეფერადებული ტანისამოსით, როდესაც შემცივნებული, უდაბნოში ნასიზმრალი გუშაგები ფლატუნით მოაბიჯებდნენ; ჟამი, როდესაც უდაბნოს ყაჩაღები მთის გამოქვაბულებში იმალებოდნენ; ჟამი დაბადებისა ბადეფრთიანი მწერებისა, რომლებიც მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობენ; ჟამი, როდესაც სიკვდილმისჯილებს სიკვდილი ხვდებათ; და იმ ჟამს დიდი განსაცდელი, ახალი და საშინელი, მოევლინა მერიმნას, ხოლო მერიმნამ ეს არ იცოდა.
მაშინ სიჯარი მიბრუნდა და წარმოთქვა: “შეხედე, რა სისხლისფერი გარიჟრაჟია და რა წითელია მერიმნას კოშკისწვერები. სამოთხეში მერიმნაზე გაჯავრებულან და მისთვის რისხვის დღე უნებებიათ.”
ამრიგად, ჯაშუშები დაბრუნდნენ და ამბავი თავიანთ მეფეს აცნობეს. რამდენიმე დღის განმავლობაში იმ ქვეყნების მეფეები თავიანთ ლაშქარს კრებდნენ, და ერთ საღამოს ოთხი მეფის ლაშქარი ღრმა ღარტაფის თავზე შეჯარდა, და ჩახრილები, მზის ჩასვლას მწვერვალის უკან უცდიდნენ. სახე ყველას მტკიცე და უშიშარი ჰქონდა, მაგრამ გულში ყველა თავის ღმერთებს აღუვლენდა ლოცვას, ყველას სათითაოდ.
შემდეგ მზე ჩავიდა და დადგა ჟამი, როდესაც ღამურები და ბნელი არსებები დაფრთხიალებენ, მთის ლომები თავიანთი ბუნაგებიდან მოაბიჯებენ, უდაბნოს ყაჩაღები ისევ დაბლობებს უბრუნდებიან და ცივი ჭაობებიდან ცხელი ხაშმები ამოფრინავენ. და იდგა ჟამი, როდესაც მეფეთა ტახტებს სიმშვიდე ტოვებს, ჟამი, როდესაც დინასტიებს გამოცვლა ელით. ხოლო უდაბნოში მეწამული მცველები გამოიკრიფნენ მერიმნადან სინათლეებით, ველერანზე სამღერად, და გუშაგები ძილად მილაგდნენ.
ხოლო სამოთხეში კი მწუხარება ვერასდროს მივა, მხოლოდ წვიმასავით თუ მიეხლება მის ბროლის კედლებს, მაგრამ მერიმნას გმირთა სულებმა სანახევროდ მაინც გაიგეს რაღაც შორეული მწუხარება, მსგავსად მძინარისა, რომელიც გრძნობს, რომ ვიღაცას სცივა და აჟრჟოლებს, მაგრამ არ იცის ძილში, რომ ეს თვითონაა. და ისინი თავიანთ ვარსკვლავებიან სამყოფელში ოდნავ შეწუხდნენ. შემდგომ კი ჩამავალი მზის მხრიდან უხილველად გამოლივლივდნენ მიწისაკენ სულები ველერანისა, სორენარდისა, მომოლეკისა, როლორისა, აკანაქსისა და ყმაწვილკაცი ირაინესი. როდესაც მათ მერიმნას გალავნებს მიაღწიეს, უკვე ბნელოდა და ღრმა ღარტაფში ოთხი მეფის ლაშქარი უკვე ჩხარა-ჩხურით დაძრულიყო. ხოლო როდესაც ექვსმა მეომარმა თავიანთი ქალაქი კვლავაც იხილა, ამდენი წლის შემდეგ ასე მცირედ შეცვლილი, შეაცქერდნენ ნაღვლით, რომელიც უფრო ახლოს იყო ცრემლებთან, ვიდრე მათი სულების მიერ განცდილი ნებისმიერი რამ და ხმა გაიღეს:
“ჰოი, მერიმნა, ჩვენო ქალაქო: მერიმნა, კედლებიანო ჩვენო ქალაქო.
როგორ გამშვენებენ შენი კოშკები, მერიმნა. შენთვის მიწა დავტოვეთ, მისი სამეფოები და პაწია ყვავილები, შენთვის გამოვცილდით მცირე ხნით სამოთხეს.
ღმერთის პირისახეს მოშორება ძნელზე ძნელია - იგი ისეთივეა, როგორც თბილი ცეცხლი, ძვირფასი ძილი, ისეთივეა, როგორც მგრგვინავი ჰიმნი, და მაინც, თან მას სიწყნარე ახლავს, სინათლეებით სავსე სიწყნარე.
სამოთხე მივატოვეთ მცირე ხნით შენთვის, მერიმნა.
მრავალი ქალი გვყვარებია ქვეყნად, მერიმნა, მაგრამ ქალაქი - სულ ერთადერთი.
შეხედეთ, ახლა ხალხს ყველას სძინავს, მთელს ჩვენს ძვირფას ხალხს. რა მშვენიერნი არიან სიზმრები! სიზმრებში მკვდრებიც კი ცოცხლდებიან, დიდი ხნის მკვდარნი და მდუმარენი. სინათლეები სულ ჩაგიცხრია, ყველა ჩამქრალა, ქუჩებში ჩქამიც არსად გაისმის. ჩუ! ქალწულს ჰგავხარ, თვალები რომ დაუხუჭავს და სძინავს, ჩუმად რომ სუნთქავს და მიწყნარებულს, მოსვენებას არარა ურღვევს.
შეხედეთ კედლის ქონგურებს, ჩვენს ძველ ქონგურებს. მათ კვლავაც ისე იცავენ, ჩვენ რომ ვიცავდით? ცოტათი გაცვეთილან ქონგურები,” და ახლოს მილივლივებულები, შეშფოთებით შეაცქერდნენ. “კაცთა ხელთაგან არ გაცვეთილან ჩვენი ქონგურები. ისინი ოდენ წლებსა და დაუმარცხებელ დროს უცვეთიათ. შენი ქონგურები ქალწულის სარტყელივითაა, მის წელზე შემოხვეული სარტყელივით. შეხედეთ მათზე ასხმულ ცვარს - მოოჭვილი სარტყლის მსგავსია.
დიდი ხიფათი გელის, მერიმნა, რადგანაც ასე მშვენიერი ხარ. ნუთუ ამაღამ უნდა აღსრულდე, რადგან კაცთაგან არავინ გიცავს, რადგან ვტირით და არავის ესმის, როგორც ტირიან გათელილი შროშნები, ხოლო მათი ხმა არვის სმენია?”
ასე ამბობდნენ ხმამაგარი, ბრძოლათა განმკარგველი ასისთავები: უხმობდნენ თავიანთ ძვირფას ქალაქს და მათი ხმები პაწია ღამურების ჩურჩულზე ჩუმი იყო, საღამოს ბინდში რომ ლივლივებენ. შემდეგ მოახლოვდნენ მეწამული მცველები, იმ ღამით პირველად რომ უვლიდნენ გალავნებს და ძველმა მეომრებმა მათ დაუძახეს: “მერიმნა საფრთხეშია! მისი მტრები უკვე წყვდიადში იკრიბებიან!” მაგრამ მათი ხმები არავის გაუგია, რადგან ისინი ოდენ მოხეტიალე ლანდები იყვნენ. ხოლო მცველებმა ჩაიარეს და, ისევ ველერანზე სიმღერით, თვალს მიეფარნენ.
მაშინ ველერანმა ამხანაგთ უთხრა: “ჩვენს ხელებს ხმალთა პყრობა აღარა ძალუძთ, ჩვენი ხმები არავის ესმის, მედგარი კაცნი აღარა გვქვია. სიზმრებიღა ვართ, სიზმრად გავიდეთ. წადით ყველანი; შენც, ყმაწვილო ირაინე: შეაშფოთეთ მძინარ კაცთა სიზმრები, დააძალეთ, აიღონ მამა-პაპათა ძველი ხმლები, სახლის კედლებზე რომ უკიდიათ, და ღრმა ღარტაფის პირას შეგროვდნენ; ხოლო მეთაურს მე გამოვძებნი და ხელში ჩემს ხმალს ავაღებინებ.”
შემდეგ მათ გალავნებს გადაუფრინეს და ქალაქში შევიდნენ. და გზად ქარი აქეთ-იქით დააქანებდა სულს ველერანისა, რომელსაც თავის დროზე შემოკვეთებულ ლაშქართა ქარიშხლებისთვის გაეძლო. მის ამხანაგთა სულებიც, და მათთან - ახალგაზრდა ირაინესი, შევიდნენ ქალაქში და შეაშფოთეს კაცთა სიზმრები, და ყოველკაცს სიზმრად სულმა ეს უთხრა: “ქალაქში ცხელა და არა იძვრის. გადი უდაბნოში, სიგრილეში მთების ძირას, მაგრამ თან წაიღე ძველი ხმალი, კედელზე რომ კიდია, რათა უდაბნოს ყაჩაღებისა არ გეშინოდეს.”
და ქალაქს მისმა ღმერთმა ხაშმი მოჰფინა; ხაშმი ქალაქს ჩამოაწვა და ქუჩები ჩაიხუთა; და გაეღვიძა ყველას, ვისაც ესიზმრა, რომ გრილი და სასიამოვნო იქნებოდა ადგილი, სადაც ნიავი მთებიდან ღრმა ღარტაფის გავლით მოქროდა. მაშინ აისხეს მამა-პაპათა ძველი ხმლები, სიზმრების თანახმად, რათა უდაბნოს ყაჩაღებისა არ შინებოდათ. და სიზმრიდან სიზმრად დაქროდნენ სულები ველერანის ამხანაგებისა, და მათთან - ყმაწვილი ირაინესი, სანამ ღამე მიილეოდა; სათითაოდ აშფოთებდნენ სიზმრებს და აიძულებდნენ ადგომასა და შეიარაღებულად გასვლას ყველას, მეწამულ მცველთა გარდა, რომლებიც, ხიფათს მიუმხვდარნი, კვლავაც ველერანზე მღეროდნენ, რადგანაც მღვიძართ მკვდრების სულთა ხმები არ ესმით.
ველერანი კი სახლების თავზე დალივლივებდა ქალაქში, ვიდრე ღრმად ჩაძინებულ როლდს არ მიადგა. ხოლო როლდი ღონიერი დამდგარიყო: თვრამეტისა იყო და ველერანის მსგავსად თმაღია და ტანმაღალი, და სული ველერანისა მის ზემოთ დაეკიდა, შემდეგ კი შევიდა მის სიზმრებში, როგორც პეპელა შეფარფატდება ცხაურიდან ყვავილების ბაღში, და ველერანის სულმა როლდს სიზმრად უთხრა: “გსურს, რომ ადგე და კიდევ ერთხელ ნახო ხმალი ველერანისა, ველერანის დიდი, ნამგალა ხმალი. გსურს, რომ წახვიდე და შეხედო, მთვარის სხივები როგორ დაჰნათის.”
და სიზმრებში გულისთქმამ როლდისა, ხმალი ეხილა, აიძულა იგი, ჯერაც მძინარი, ამდგარიყო და დედის სახლიდან მისულიყო დარბაზში, სადაც მერიმნას გმირთა ალაფი ეწყო. მაშინ ველერანის სულმა როლდი დიდი, წითელი მოსასხამის წინ შეაყოვნა, და იქ სიზმრად თქვა: “გცივა ღამეში, ეს მოსასხამი შემოიხვიე.”
და როლდმა ველერანის ვეება, წითელი მოსასხამი შემოიხვია. შემდეგ როლდი სიზმრებმა ხმალთან მიიყვანეს და სულმა სიზმრებს უთხრა: “გსურს, ველერანის ხმალი აიღო: მიდი, ხმალი ხელში აიღე.”
ხოლო როლდმა თქვა: “ველერანის ხმალს რა უყოს კაცმა?”
და ძველი ასისთავის სულმა სიზმრებს უთხრა: “კარგი ხმალია ხელში საჭერად: აიღე ხმალი ველერანისა.”
და როლდმა, ჯერაც მძინარმა, ცხადში წარმოთქვა: “წესი არაა, ამ ხმალს ვერავინ ვერ შეეხება.”
და როლდი გაბრუნდა. მაშინ ძლიერი და საშინელი კივილი დაუგუბდა ველერანს სულში, მით უფრო მწარე, რომ ვერ გამოსცემდა; უტრიალებდა შიგნიდან სულში და გამოსავალს ვერ პოულობდა, მსგავსად მოთქმისა, გაჩენილისა დიდი ხნის წინანდელი მკვლელობისაგან რომელიღაც ბედკრულ ოთახში, წლების მანძილზე რომ განაგრძობს ჩურჩულს და არ გაუგიათ.
და ველერანის სულმა როლდის სიზმრებს შესძახა: “მუხლი შეგეკრა! ჭაობში ჩავარდნილხარ, ვეღარ ინძრევი!”
მაშინ სიზმრებმა როლდს ასეც უთხრეს: “მუხლი შეგეკრა, ჭაობში ჩავარდნილხარ,” და როლდი ხმლის წინ გაშეშდა. მაშინ მეომრის სულმა როლდის სიზმრად მოთქმა დაიწყო, სანამ როლდი ხმლის წინ უძრავად იდგა.
“ეჰ, ველერანი თავის ხმალს სტირის, თავის მშვენიერ, ნამგალა მახვილს. საბრალო ველერანი, ერთ დროს მერიმნასათვის რომ უბრძოლია, ღამით თავის ხმალს ტირილით უხმობს. არ დატოვო ველერანი უხმლოდ, როდესაც ის მომკვდარია და მისთვის ვერ მოვა, საბრალო ველერანი, მერიმნასათვის რომ უბრძოლია.”
მაშინ როლდმა შუშის საცავი გატეხა და აიღო ხმალი, დიდი, ნამგალა ხმალი ველერანისა; და მეომრის სულმა როლდის სიზმრად თქვა: “ველერანი მთებში ამავალ ღარტაფში იცდის და უხმლობას ტირის.”
და როლდმა ჩაიარა ქალაქი, გალავნებზე გადაძვრა და უდაბნოში, მთებისაკენ მიაბიჯებდა გახელილი თვალებით, მაგრამ ხედვით კი ვერას ხედავდა.
მერიმნას მოქალაქეთა დიდი რიცხვი უკვე შეკრებილიყო უდაბნოში ღრმა ღარტაფის წინ, ხელში ძველი ხმლებით, ხოლო მძინარე როლდმა, ველერანის ხმლით, მათ შორის გაიარა, და ხალხმა განცვიფრებით გადასძახა ერთიმეორეს მისი ჩავლისას: “როლდს ველერანის ხმალი უჭირავს!”
როლდი ღარტაფის პირთან მივიდა და იქ ხალხის ხმამ გააღვიძა. როლდს არაფერი ახსოვდა ძილში ნამოქმედარიდან, განცვიფრებით დახედა ხელში ხმალს და დაილაპარაკა: “რა ხარ, მშვენებავ? შიგნით სინათლის ციალი დაგდის, მოუსვენრად ხარ. ეს ხომ ხმალია ველერანისა, ველერანის ნამგალა ხმალი!”
და როლდმა ხმლის ტარს აკოცა, და ტუჩებზე ველერანის ბრძოლათა ოფლის მარილი აჰყვა. და როლდმა წარმოთქვა: “ველერანის ხმალს რა უყოს კაცმა?”
და ხალხი გაკვირვებით უცქერდა როლდს, რომელიც ხმლით ხელში ჩამომჯდარიყო და ჩურჩულებდა: “ველერანის ხმალს კაცმა რა უყოს?”
სულ მალე როლდის ყურებს ჩხარა-ჩხურის ხმა მისწვდა ღარტაფიდან, და მთელმა ხალხმა, ხალხმა, რომელმაც ომისა არა უწყოდა, გაიგონა ღამეში თანდათან მოახლოებული ჩხარუნი; ვინაიდან ოთხი ლაშქარი მერიმნასკენ მოდიოდა და მტერს არსაიდან არ მოელოდა. მაშინ როლდმა ხელი მოუჭირა დიდი, ნამგალა ხმლის ტარს, და ხმალი თითქოს ოდნავ ამჩატდა. და მამა-პაპათა ხმლებს ჩაჭიდებულ მერიმნას ხალხს გულში ახალი ფიქრი გაუჩნდა. სულ უფრო ახლოვდებოდა ოთხი მეფის მიუმხვდარი ლაშქარი, და წინაპართა ძველი მოგონებები აღეძრა გონებაში მერიმნას ხალხს, რომელიც ხმლებით ხელში ისხდა როლდის უკან უდაბნოში. უკვე გუშაგებსაც გაეღვიძათ და შუბები მოემარჯვებინათ, რადგან როლორის გაეფრთხო მათი სიზმრები, როლორის, რომელსაც ერთ დროს ლაშქართა გაფრთხობა ძალუძდა და ახლა ოდენ სხვა სიზმართა შორის სულთმობრძავი სიზმარი იყო.
ახლა ლაშქარი უკვე ძალზე მოახლოებულიყო. უეცრად, ზეწამოჭრილმა როლდმა შესძახა: “ველერანი! და ხმალი ველერანისა!” და ულმობელი, მწყურვალი ხმალი, რომელსაც ასი წელი იყო, ჟინი არ დაეცხრო, როლდის ხელს აჰყვა და იქითტომელის ფერდში გაცურდა. და სისხლში განბანით იმ ძალუმი ხმლის ნამგალა სულში სიხარული აღიძრა, მსგავსი მცურავის სიხარულისა, სველი რომ ამოდის თბილი ზღვებიდან მშრალ მიწაზე დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ. როდესაც წითელ მოსასხამსა და იმ საზარელ ხმალს შეასწრეს თვალი, იქითტომელთა ლაშქარს ყვირილმა დაუარა: “ველერანი ცოცხალია!” და გაისმა გამარჯვებულთა საზეიმო შეძახილები, ქელვა-ქოშინი გაქცეულებისა, და უჩუმარი სიმღერა ხმლისა, ჰაერში სველი რომ დაფრინავდა. და უკანასკნელი, რაც ვნახე ბრძოლისა, ღარტაფის სიბნელეში და სიღრმეში რომ ჩაიღვარა, იყო ველერანის ხმლის ქროლვა და ცემა, ცისფრად რომ ელვარებდა მთვარის ნათელში ზეაღმართვისას, შემდგომ კი წითლად ელვარებდა და სიბნელეში იკარგებოდა.
ხოლო განთიადზე მერიმნას ხალხი გამოერკვა და ამომავალმა მზემ ქვეყნიერებისათვის ახალი სიცოცხლის მოფენის ნაცვლად გაანათა საშინელებანი, ველერანის ხმალმა რომ დაატრიალა. და როლდმა წარმოთქვა: “ჰე, ხმალო, ხმალო! საშინელი ხარ! შენ კაცთა შორის ზარვად გამოჩნდი. რამდენი თვალი ვეღარ იხილავს ბაღებს შენ გამო? რამდენი მინდორი უნდა დაცარიელდეს, სახლებით რომ უნდა დამშვენებულიყვნენ, ბავშვებიანი თეთრი სახლებით? რამდენი ხეობა უნდა გაუკაცურდეს, რომელთაც სოფლები უნდა ეზარდათ, რადგან შენ დიდი ხნის წინათ მოკალი მათი ეგები ამშენებელნი? მესმის, როგორ შემოგტირის ქარი, ხმალო! იგი ცარიელი ხეობებიდან მოქრის. გაშიშვლებული ველ-მინდვრებიდან. მასში ბავშვების ხმები გაისმის. ისინი არც კი დაბადებულან. სიკვდილი ასრულებს ტირილს მოკვდავთა, რომელნიც ერთ დროს ცოცხალნი იყვნენ, მაგრამ ამათ კი სამარადისოდ უნდა იტირონ. ჰე, ხმალო, ხმალო! ღმერთებმა კაცთა შორის რად გამოგგზავნეს?” და როლდის ცრემლები დაეწვეთა იმ ამაყ ხმალზე, მაგრამ სისხლისაგან ვერ გადარეცხა.
და ახლა, როდესაც ბრძოლის ალმური გადასულიყო, მერიმნას ხალხს გული დაუმძიმდა, მეთაურივით, დაღლილობასთან და დილის სიცივესთან ერთად; მათ ველერანის ხმალს შეხედეს როლდის ხელში და წარმოთქვეს: “აღარასოდეს, აღარასოდეს დაგვიბრუნდება აწ ველერანი, ვინაიდან მისი ხმალი სხვას აუღია. ახლა კი ნამდვილად ვიცით, რომ იგი მკვდარია. ჰოი, ველერან, მზე, მთვარე და ვარსკვლავები იყავი ჩვენი. ახლა მზე ჩამოვარდა და მთვარე დაიმსხვრა, ვარსკვლავები კი მიმოიფანტნენ, როგორც ალმასები გაწყვეტილი ყელსაბამისა, მკვლელს მსხვერპლისგან რომ მოუგლეჯია.”
ასე ტიროდა მერიმნას ხალხი დიდი გამარჯვების ჟამს, ვინაიდან ადამიანებს უცნაური ჩვევები მოსდგამთ, სანამ მათ უკან ძველ, უვნებელ ქალაქს მშვიდად ეძინა. ხოლო მთების გადაღმა, გალავნებიდან, თავზე მათ მიერ ოდინდელ დროს დაპყრობილი მიწებისა, ქვეყნიერების მიღმა, სამოთხისაკენ ვიდოდნენ სულნი ველერანისა, სორენარდისა, მომოლეკისა, როლორისა, აკანაქსისა და ყმაწვილკაცი ირაინესი.
https://www.sacred-texts.com/neu/dun/swos/swos02.htm
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|