ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2022


ანდერძი(5)

- გამარჯობა, ეკა დეიდა, როგორ ხართ?- ღიმილით შეაბიჯა მარიამმა დედის ბავშვობის მეგობრის ბინაში.

- მოდი, მარი, გენაცვალე. როგორ ხარ, საყვარელო, ბავშვები როგორ გყავს, მამიკო როგორაა, ცოტა უკეთესობა არაა თქვენსას? ოღონდ ეკა დეიდა არ დამიძახო რა, ეკა, მხოლოდ ეკა. ნახევარ საუკუნეს კი გადავცდი, მაგრამ ხომ არ მეტყობა? - არაკეკლუცად, უფრო თავდაჯერებით გაიღიმა მასპინძელმა და სტუმარს მისაღებში შეუძღვა.

- ნამდვილად არ გეტყობათ. მშვენივრად გამოიყურებით. - გაუღიმა მარიამმა.-
ჩვენ არაგვიშავს, კარგად ვართ. ბავშვებს რა უჭირთ?! მამიკო კი, როგორ გითხრა, აღარაა ჯუჯღუნა, მდუმარებაშია ძირითადად.
მუშაობს. მიდის, მოდის.
გასაკვირი იცით რა არის? ადრე სულ გვიან მოდიოდა, ხან რომელ მეგობართან იყო, ხან რომელთან. ხან ყველა ერთად ილხენდა.
ახლა ადრე მოდის, შედის ოთახში და წევს.

დედა მეგობარას ეძახდა ხოლმე.
ერთხელ უთხრა, უცებ წარმოვიდგინე ჩემი პანაშვიდი და გული დამწყდა, სულ შენი მეგობრები შემოდიოდნენ, წრეს მარტყამდნენ, ჩემი არავინ ჩანდა, ნათესავების გარდაო.

- მერე, რაო გიორგიმ, რა უპასუხა?

- მე როდის დაგიშალე მეგობრების ყოლაო. რაზეც დედას გაეცინა, სულ იმას მეუბნები, კარგი ანა, ახლა ამის დრო არ გვაქვს, ამის საშულება არ გვაქვს, ხო ასე ამბობ ხოლმეო. მეგობარს მიყოლ-მოყოლა უნდა, პატივისცემაც და ზედ გადაყოლაც, რა შენ ასე არ ხარო.
მამამ გაუპროტესტა, შენ ლაპარაკში ვინ გაჯობებსო და გაეცალა.

- ოჰ, ანა, ანა, ანეტა...- ამოიოხრა ეკამ.- ერთხელ ვეუბნები, შენ ანეტა კი არა, "აჰ, ნეტა" უნდა გერქვას მეთქი, მოკვდა სიცილით და რატომო, კიდევაც იკითხა.
ოცნებებში იფრინო და თან  სხვის თვალებში იყურო, ვერ გამოდის. ოცნებას უნდა სითამამე, თუ უნდა.  ასე არ არის?! მაგრამ ...
არსად გამიგია გვარ-სახელი ასე ვინმეს დაკვდომოდეს , როგორც დედაშენს - ანეტა მორჩილაძე.

- რაზე ოცნებობდა დედა?- შეაწყვეტინა მარიამმა
-  რა უცნაურია, სხვას ვეკითხებოდე დედის ოცნებების შესახებ, მაგრამ...
ახლა ვეღარ ვუყურებ მას, როგორც მხოლოდ დედას.
რომც მეკითხა რაზე ოცნებობ- მეთქი, რას მიპასუხებდა?
დაიწყებდა იმაზე ლაპარაკს რა სურდა ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის.

-კი, ალბათ ასე იქნებოდა.
სიმართლე გითხრა არც ჩემთან იყო გახსნილი, მიკიბავ-მოკიბავდა თუ რამეს ჩავეძიებოდი, ისე გააუბრალოვებდა სათქმელს, თითქოს იმ ყველაფერზე მაღლა იდგა და გულთან არ იკარებდა.

ამბობდა შენი წუხილი ახლობელს არ უნდა გაანდოო, უცხოს უფრო ადვილად ეტყვი, გაივლის და წავაო, არ შეწუხდება შენ გამო, ახლობელი რატომ უნდა დაამძიმოო.

- ჰოდა, ეგაა... ისევ გააწყვეტინა მარიამმა. - მაგრამ საბოლოოდ ხომ ნაღმზე წამოგვკიდა?!

-ასე ნუ აღიქვამ, მარი, საყვარელო.
ნაღმზე ანამ კი არა, გამოდის რომ მე წამოგკიდეთ. რას ვიფიქრებდი, რომ მართალი იყო დედაშენი და ის ვიღაც მოშე მართლა უგულო აღმოჩნდებოდა? მთლად ნაგავში ჩაუშვებდა გულს. 
თუმცა მიწაში რომ ჩაემარხა რა?
მე თუ მკითხავ არც არაფერი.
ანას რომ გადმოეხედა, კიდევ ერთხელ ეტკინებოდა.

ისე, ნამდვილად საჭიროებდა გულს, როგორც ავხედ-ჩავხედე.
ანდერძს რომ ვუკითხავდი მალი-მალ მისი ხელებისკენ გამირბოდა თვალი...
ერთხელ ვნახე და ხელებს ვერ შევხედეო, ხელებსო! - საუბარს მოაყოლა ერთხელ ანამ. რად გინდოდა- მეთქი და ისეო.

ნეტა რად უნდოდა დამახსოვრებოდა უგულო კაცის ხელები?
ღელავდა ალბათ, გათხოვილი ქალი უცხო კაცს შეხვდა და ისე დაიბნა რისი დამახსოვრებაც უნდოდა ის ვერ დაიმახსოვრა. დაიქცა ქვეყანა.

-ანუ პაემანზე იყო? -გაიკვირვა მარიამმა.

- ასე ვერ ვიტყოდი.
მითხრა დაბადების დღე ჰქონდა და ეს დღე გამოვიყენე რომ  მადლობა გადამეხადა მისთვისო.

-და , მადლობა რისთვის?

- გადამარჩინაო.
ერთხელ ისეთ კონდიციამდე ვიყავი მისული ფანჯრიდან გადასკუპებას ვაპირებდიო.
ასე მსუბუქად და ღიმილით მითხრა, -გადასკუპებასო.
ჰოდა მაგ დროს მწერდა ესო.

- სად მწერდაო? რატომ ვაპირებდიო?

- არ ვიცი ზუსტად, ან ფეისბუქი იქნებოდა, ან ფოსტა. რა მნიშვნელობა აქვს?!
აი, რატომ, ეგ უკვე ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ პატარა გოგო არ ხარ, ორი შვილის დედა ხარ. თან ისეთი გოგო არ ხარ, რომ ვერ გაიგო, ამიტომაც გადავწყვიტე შენთვის მეთქვა ყველაფერი ის, რაც მე ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები