 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 27 სექტემბერი, 2022 |
ქუჩის გადაღმა თითისტოლა ბავშვს ცისფერ დახლზე ეწყო წიგნები და "ორმაგად" ჰყიდიდა თითოს! მყიდველი მართლაც ბევრი ჰყავდა, მეტიც კი სხვაზე, ალბათ, იმ სუფთა მზერის გამო, მე ასე ვფიქრობ! დილაადრიან მოდიოდა ბავშვი დახლთან და მზის პირველ სხივებს აგებებდა რჩეულ ავტორებს, საუზმედ ტკბილად მიირთმევდა ახალ განცდას და სურვილაშლილი მიჰყვებოდა ფურცლის ვაგონებს. წიგნის მორევში გადაშვებულს როდესაც ვინმე გააღვიძებდა ბანალური კითხვით ან რჩევით, მაშინ აღწევდა თავს ოცნებით არბენილ კიბეს და ბრუნდებოდა, იმ შორეთში ვეღარ დამრჩენი. ასეთი იყო ყოველი დღე პატარა ბიჭის, წუთს წუთი სდევდა, კვირას-კვირა, წელს კიდევ წელი, იქ იჯდა მუდამ წრფელი გულით და დიდი ნიჭით, ტანად პატარა, გონებით კი დიდი ქართველი. ერთხელაც, როცა ჩვეულებრივ რიტმს მიჰყვებოდა, უცნობმა მგზავრმა გაიარა მის ცისფერ დახლთან, მგზავრი შუახნის მამაკაცად ჩაითვლებოდა, ქალი კი ბევრად ახალგაზრდად, კაცს თან რომ ახლდა. ჯერ ვერ შენიშნეს, საუბარით იყვნენ გართულნი, მერე კი უცებ გოგო შედგა, ენიშნა თითქოს... რა ღირს პატარავ?- ჰკითხა ბავშვს და მოძებნა ფული... თქვენ როგორ გნებავთ, ისტორიით თუ მხოლოდ წიგნს მთხოვთ?- იყო პასუხი და მზადყოფნა ბიჭუნას მხრიდან, მყიდველს სახეზე გაოცების ღიმმა გადაჰკრა, ელოდებოდა უბრალოდ ფასს და არა კითხვას და თან რა კითხვას, მოლოდინს რომ გადააჭარბა. -დავუშვათ მხოლოდ წიგნი მინდა... -მაშინ ფულს მაძლევთ! -და თუ ვინდომებ ისტორიას ამ წიგნთან ერთად? -მაგ შემთხვევაში ფულის გარდა ცოტა დროს გართმევთ და მე მოგითხრობთ ის, ავტორმა სად და რად შექმნა. -სხვას თუ ავიღებ? იმ სხვაზედაც იგივეს მეტყვი? -ნებისმიერზე, რაც აქ დევს და მერეც რომ დავდებ, -როგორ, შენ ყველა მწერალსა და მათ შედევრს ეტრფი? -ზოგს არა, მაგრამ რადგან ვყიდი, მათაც ვაფასებ! -საოცარია, თქვა გოგომ და იყიდა წიგნი, თან უჩვეულო ისტორიაც ზედ მიაყოლა, ამ დღემდე არსად არ ენახა მას მსგავსი ბიჭი, ბიჭი, რომელიც იმ წამიდან ვერ მიატოვა! ამგვარად ჰყიდდა ცისფერ დახლზე ბავშვი ნოველას, რომანებს, ლექსებს, ჩანახატებს, ზოგჯერ კალმებსაც, როცა ტოლები იქცეოდნენ ძილის მონებად, ღარიბი ბიჭი დგებოდა და ცისკარს ასწრებდა. ასეა, ასე, ზოგს ცხოვრება მთლიან მზეს ჩუქნის, ზოგისთვის სხივის ციცქნა შუქსაც კი დაინანებს, მთავარი მაინც გზის გავლაა, დიდის და უტყვის და კიდევ კვალი, მომავლისთვის რას დაიბარებს. დაუწერელი კანონი კი ისაა მხოლოდ, რომ ყველა კაცი ერთნაირად მოდის ამ ქვეყნად, ყველა შიშველი იბადება და ყველას ბოლოც ერთნაირია... თუნდ სამყარო ეფინოს ფეხად!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|