ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2023


ქრონიკა

საღამოს მზე უბეში სოფლის ჭორებს იწყობდა...
მრავალფერი ჭორებით დაჩითული დღის მადა
ნაყრდებოდა, ტკბებოდა, "საქმის" იერს იტყობდა...
საღამოს მზე იხდენდა უბნის ახალ, ჭრელ კაბას...
-----------
ვერაფერი გავიგე, არაფერი არ მესმის,
თუ უყვარს და სახლშიც ყავს,
ძველთან რისთვის დაბრუნდა?..
-----
მართლა, ქალო გაიგე?- იმას თავბრუ კვლავ ესხმის,
ამოდენა "წვრილფეხი" ოხერს ნეტავ რად უნდა?..
-----
მზიას ტყუპი თურმე წელს ეროვნულებზე გადის,
მომზადება რას შველის, ცარიელა საზამთროს?..
-----
გუშინ ის ქალბატონი, ცამდე ქუსლზე რომ დადის,
სხვა მანქანით მობრძანდა, შენ იცოდე თან რა დროს...
-----
იმ უქნარა ბიჭმა ხომ ტვინი სულ მთლად წაიღო,
თამაშით რომ ფულს იგებს დიდი საქმე გონია...
-----
შარშანწინდელ ამბავზე დავა კიდევ დაიწყო,
სახლის გარდა ცხონებულს ცოტა ოქროც ჰქონია.
-----
გაიგებდი, გადაღმა, "თეთრი" სახლის ექიმი
ჩვენი ცეკვის პედაგოგს ხელსა და გულს სთავაზობს...
-----
ეს ბითური კოსტია ვითომ დიდი ვექილი,
სამჯერ განათხოვარი ცოლით ყველგან ამაყობს...
-----
თათულის ძმის ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა,
ანგარიში არ იცის, რა ებიზნესებოდა?..
-----
უსაქმური ილიკოს ჯიბე ახლა სავსეა,
ამბის ნაცვლად გუშინ ცოლს გზავნილს ეკითხებოდა.
-----
ახლა ქუჩა აიღე, იქ ხომ არ გაისვლება,
ყოველ კუთხე-კუნჭულში ერთურთს ეწებებიან...
-----
გამოუცვლის თუ არა ბალღს კი არ დაისვრება
დიდი მეტიჩარაა ეს "ნასწავლი" მედეა...
-----
ყველაფერი სხვაფერი გახდა ჩემო ნოდარი,
ჩვენ დროს კაცი კაცობდა, ქალი შინ ხაზირობდა,
მაღაზიის გამყიდველს უხდებოდა ნოქარი,
დღეს კონსულტანტს ეძახდნენ გოგო რომ დადიოდა...
-----
საღამოს მზე უბეში სოფლის ჭორებს იწყობდა...
მრავალფერი ჭორებით დაჩითული დღის მადა
ნაყრდებოდა, ტკბებოდა, "საქმის" იერს იტყობდა...
საღამოს მზე იხდენდა უბნის ახალ ჭრელ კაბას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები