-
თუკი ბუნება ასეთი გულწრფელია, ადამიანებს რატომ გაგვირბის თვალი მოფარებულში?! რაღა დამრჩენია, ამ ჩემი შუშაბანდივით გახსნილი კოფთით, ცისკენ აშვერილი ტერფებით?! და ასე განვაგრძობ წერას და, დრო და დრო, გამოვიმწყვდევ კალმის წვერს კბილებს შორის, მოვუთბობ მელანს, რომ მომცეს სითამამე.
-
ცქინტლიანი გოგოობის არასოდეს მჯეროდა, იმთავითვე ამოვწურე, ძალად ვაგძელებდი თხაობას, მოდით, ასწიეთ ყურები, გიამბოთ ჰამაკის ამბებზე. აბა, ქარო, დაჰბერე დაგვარხიე, შეხედე, რა ძალა აქვს ნაწვიმარ სისხამზე ფოთლიდან წვეთის ვარდნის სისწრაფეს, ჩემს ცხვირზე დანარცხებულ ვნების შხეფს. გამოდით, ჭუკებო, ინავარდეთ ჩემსავით ჩრდილში, თქვე ფხალიჭამიებო, კაციჭამიობას მე დავჯერდები.
-
ეს წებოვანი ლოკოკინები და მათი ბრჭყვიალა კვალიც რამდენ ტკბობას მახსენებს... თქვენ პირუტყვთან ურთიერთობა მკითხეთ, თორემ პოეზიამ კარგა ხნის წინ მომირგო, ისეთი მსუყე სამზერია ჰამაკიდან საზაფხულო მყრალ გომურში ცხენების შერწყმა, როგორც ცხიმიანი რძის დღვება მაჯის დაღლამდე. სულ სხვანაირი ხალისი აქვს პირით რომ თივას იღებენ და ძილისპირს მათ ფრუტუნში ჩაგეძინება. როგორ უნდა მოგბეზრდეს ამ დროს მშვენიერი ქანაობა?! როგორ არ უნდა შეშინდნენ წამწამები?! როგორ უნდა გაგეყინოს სუნთქვა და იქცე უსისხლო ქალად?!
-
არადა, ისეთი დასუსხული ღამე შემოდის... თითქოს ჭინჭარს ვივლებდე ტანზე, აივანზე გამოგდებული რუსული მაცივარი მოულოდნელი ხრიალით გულს რომ მიქანებს, მაცივრის უკან მიგდებულია ბავშვობის ჟღარუნა სათამაშო, ,,ავჩარკას" კბილებით რომაა მოღრეცილი. რამ უნდა ამრიოს ამაზე მეტად, რამ უნდა მიჩქმიტოს ისე მწარედ, რომ წვა ვიგრძნო კანზე. დაჭრილი მწყერივით ვთრთი, ვერ ამოვიშრე ეს მოუხერხებელი, გაწელილი ციკლის დღეები, და იმ მონოგამი კაცის დამფრთხალი სიშორე. გეღიმება რთულ მდედრობაში ჩარჩენილს, შორიახლოს გაბღენძილი ბაყაყების ყიყინიც მთელს ინტიმს ფარავს.
-
ვინ არის მოწმე ჩემი ამბების, თუ არა ეს ორი ბებერი კაკლის ხე?! მოდი, ავალ, დავუნძრევ ხმელ ტოტს, გამოვაცლი ქარს ხელიდან საქმეს, რა კარგია ზემოდან ყოფნა, რა კარგია მაღალი სიმინდების ცქერა, ვინ არის მოწმე, რომ ცაზე ასფალტი არ გადის ან ტრამვაი ან მაქმანიანი ფაეტონი?! სულ მაღლა უნდა ქალს, ცოდოა მიწაზე, ძროხაზე ცოდოა, ძროხას ბალახს დაუყრიან, ქალს - ჭორს.
-
ახლა რომ ვვარგოდე, წამიერად რამდენი რამის დალაგება შემეძლება თავში, აკვიატებასავით იელვებს არსაიდან მოსული სიმღერა, გამბედაობა წასული შუქივით მობრუნდება, ვაშა - იხარებ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მცირე ფიქრიც არ გასცდება ჭიშკრის ზღურბლს, და ასე გრძელდება მშრალი რწევა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძირითადად მომწონს ხოლმე ირინას ლექსები ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ მომეწონა
თითქოს სტილი იგივეა სიტვების თამაშით და მინიშნებებით მკითხველზე მანიპულირება ( კარგი გაგებით ) მაგრამ მაინც რაღაც აკლია ჩემთვის განსხვავებით, ან ზედმეტია რაღაც
ვიცი კიდევ უკეთესებს წავიკითხავ ამ ავტორთან მომავალში ძირითადად მომწონს ხოლმე ირინას ლექსები ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ მომეწონა
თითქოს სტილი იგივეა სიტვების თამაშით და მინიშნებებით მკითხველზე მანიპულირება ( კარგი გაგებით ) მაგრამ მაინც რაღაც აკლია ჩემთვის განსხვავებით, ან ზედმეტია რაღაც
ვიცი კიდევ უკეთესებს წავიკითხავ ამ ავტორთან მომავალში
1. ვინ არის მოწმე ჩემი ამბების, თუ არა ეს ორი ბებერი კაკლის ხე?!
ჩემი ამბების მოწმე კი მუხის ხე იყო. ვინ არის მოწმე ჩემი ამბების, თუ არა ეს ორი ბებერი კაკლის ხე?!
ჩემი ამბების მოწმე კი მუხის ხე იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|