ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2023


ვარენკას ბაღი

-

საღამოხანს, ვარენკას ბაღში, აჩემებული სიმღერა -
,,საყვარლის საფლავს ვეძებდი"...
და ქვის ძელსკამთან ხვლიკის სიცელქე...
მატარებლიდან მემანქანის გაქცეულ მზერას მწერივით ვიჭერ.
არადა, ყველაზე სუფთა ახლა ქუჩის ლეკვთან ალერსის გაყოფაა,
თან, ვაჯერებ, რომ მაწანწალობა დიდი ნიჭია.

-
ეს ატეხილი ცაც და წვიმების ჟინჟღლაობა
ისე ამშვენებს ჩემს გადაღეღილ  სარაფანს...
ამ ცრელმორეულ ღიღინში მთელი ეს პოეზია რომ მოვმუშტო...
გავუყვე ტროტუარს გულამოსკვნილი...

-

წინ ფართო ხიდია, ქვემოთ - ყვირილა.
აი, ის მდინარე, ჩემზე მეტს რომ ჰყვირის.
ჰო, ის მდინარე. გახსოვთ, რომ არ ვანდე ჩემი ამბავი?!

აი, ის ძიაც (ხიდგაღმა), რომელსაც ვენდე.
როგორ მინდა, მოხატოს შორიდან ჩემი  შიმშილი,
ან პურს მოამტვრიოს ყუა,
ან ღიღინში ამყვეს.
ის კი დგას, ვერცხლის სასმისივით განსხვავებული,
თვალებით მანიშნებს შორიდან,
რომ ჯერ ისევ პატარა ვარ,
რომ არსობის პურისა
მხოლოდ ჩიტებს სწამთ.

-

ვინმემ შეარხიეთ საყვარლის ჭმუნვა,
უთხარით,
რომ გათხოვება გადავიფიქრე,
უთხარით,
რომ მისი საფლავი მოსაძებნადაც ადვილია,
ისიც უთხარით,
რომ ახლა მხოლოდ წერაობის დროა...

-

წუხელ დოლ-აკორდეონზე რომ ჩამოჰკრეს,
,,შეიფრთხიალა მგოსანმაო",
ფრიალი გაჰქონდა ჩემს კაბას,
შემდეგ - შიშსაც,
მაგრამ გეფიცებით,
არც კი დავღლილვარ...

ჩავიქროლე წალენჯიხაშიც,
არავინ და არაფერი სჭირდებოდა სხეულს თიბათვეში ისე ძალიან,
როგორც ჩემივე თვალებით წამოღებული სიწმინდე
ოცდათექვსმეტი წლის ბიჭის.

-

გახსოვდეთ,
თქვენ, ყველანი,
დამნაშავეები ხართ,
ვისაც არ გესმით მართალი ღიღინის,
თქვენ, ყველანი,
ვინც პოეტთან უნამუსოდ გამართლდით,
პასუხს აგებთ!
ისევ და ისევ
,,მესმის ცხოვრება, როგორც ტალახი,
და პოეზია სიხარულია".

-

მე კი ასეთი გულმოღეღილი,
მარტოხელა და მყვირალა,
ყველა გზაჯვარედინთან,
სადაც შარდის გუბეებია,
ყოველ გუბეში თეთრი ტერფების ჭყაპუნით ვხტები.

ბოლოს - კარი იმ სახლისა,
სადაც ვიკეტები
და ახალ წიგნში თავზე ლაფს ვისხმამ;
შუაღამისას საწოლამდე ძლივსმითრეული
ჩემი, ხელშესავლები, ცახცახა ტანი,
სწორედ ისეთი, როგორიც აჩემებულ სიმღერაშია:
,,ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები