ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2023


პოეტი მუცლად ყოფნიდანვე დაწყევლილია

რანაირ პოეტობაზე ვიქადაგო?!
ჩემი კივილი თუ თქვენამდე არ მოაღწევს,
როგორც  მატარებლის საყვირი სრულ წყვდიაში...
-
გახედავ, ცარიელია ვაგონი,
ეგეც არაფერი, წავა წაიღებს ამბებს.
რა დაგრჩება ქალს გონებაში?!
მხოლოდ ფანჯრიდან დანახული ბუჩქი,
ტანდაბალი ბიჭივით გაშლილი მკლავებით.
-
შეუფიქრდები თავს:
საკუთარ სხეულს თუ არ მოფერებიხარ,
ვერც კაცს შეასწავლი შენს ფასს,
ვერც იმ ბუჩქს.
ორივე სიბრიყვეში ჩარჩება,
მარტო შრიალში.
-
კალამსაც მოიმარჯვებ, ხელისგულიც აგექავება,
თითქოს ჭუკებს აწვდი მოხარშულ ფხალს,
მოვა ამბავიც, ნისკარტივით ჩაგიკაკუნებს.
აჰა, აჭმევ ფურცელს სამ, ოთხ ათ სიტყვას
და როდი დანაყრდება,
როდი გეტყვის უარს, საიდუმლოც გათქვა.
-
ესა ჩემი პოეზიაც, მცირე პროზით, როგორც ასწლოვან ასკილზე დამყნილი ვარდი,
ყოველ ცოდვაში გასვრილი,
-
და, აჰა, რა შეგრჩათ?! -
ხანდახან მოთვინიერებული ქალი,
კოჭს რომ კაბა უფარავს,
უკანალს - მაქმანიანი ფოხანი.
აბა, თუ ბიჭი ხარ, წამოხადე,
მიეცი თვალები სხვის მოვლილ ბაღ-ვენახს,
გემრიელად მოხნულსა და მორწყულს, გამოსაკრეფ, თითით მოსახლეჩ ატამს...
-
და, აჰა, რა შეგრჩათ?! -
ხანდახან მოსათვინიერებელი ქალიც,
მეტ დარდს რომ გიჩენს.
ვეღარ არკვევ კაცი,
მორწყვამდე მოხვნა დააკელი თუ
ქორების საფრთხობელად ვერ გამოდექი.
-
შეიძლება, ამნაირი ქალიც გამოდგე -  ზოგი ნიჭით მოხიბლო, ზოგიც - ჭინჭით.
ჰოდა, ვის ველოდო აწი, საკუთარი თავის გარდა?!
-
წუხელ ქვაბს სახრჩობელაც არ აკმარეს,
ცეცხლს რომ მისცეს...
მე რა მაკმარეს?!
-
ე, სიტყვა ,,კმარა" რომ მესმოდეს...
არადა, ახლა რომ ცოცხალი ვიყო,
ამ ვიწრო კუბოში არ ვიწვე...
ვინ გამოიგონა მაინც ეს კუბო?!
ცოტა აკვანსაც წააგავს,
მიწაც არტახებივით გადამაკრეს.
-
ხომ არ იცით, სად არის ახლა დედაჩემი?!
ასე რომ ვსხავი, არ ესმის?
იქნებ, მომშივდა ან ჩავიფსი.
უთხარით, მოვიდეს, რა!
დაარწიოს მისი გლახა ჩვილი.
სცადოს, გაზარდოს თავიდან.
ოღონდ შეიგნოს,
რომ პოეტი
მუცლად ყოფნიდანვე დაწყევლილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები