| ავტორი: ჯიმი ჟანრი: თარგმანი 1 აგვისტო, 2023 |
“ადამიანთა სიყვარული ცივი გრძნობაა - მთის ყინულიდან სამ ნაბიჯზე წამოსული ნაკადულია. მისნი ვართ. ო, ავდარმამავ... მისნი ვართ. მარადავდრის ამოვარდნამდე ათასი დღეც აღარ დარჩა.”
-ჩაწერილია 1171 წლის შაშის თვეში, პალაჰის კვირის პირველ დღეს, სიკვდილამდე ოცდათერთმეტი წამით ადრე. სუბიექტი მუქთვალა, შუახნის ფეხმძიმე ქალი იყო. ბავშვი ვერ გადარჩა.
სზეთ-ძის-ძე-ვალანომ, შინოვარელმა უსიმართლომ, მეფის მოკვლის დღეს თეთრი ჩაიცვა. თეთრი სამოსი მისთვის უცხო, პარშენდული ტრადიცია იყო, მაგრამ იგი ისე მოიქცა, როგორც ბატონებმა დაავალეს და ახსნა-განმარტება არ უთხოვია.
იგი იჯდა ქვის დიდ დარბაზში, რომელიც გაჩირაღდნებული იყო ვეება საცეცხლურებით, მონადიმეებს ჭყეტელა შუქში რომ ახვევდა და მათ კანზე ოფლის მძივებს აჩენდა, ვიდრე ისინი ცეკვავდნენ, სვამდნენ, ყვიროდნენ, მღეროდნენ და ტაშს სცემდნენ. ზოგი, ვისაც ღრეობა მეტისმეტი მოსდიოდა და მუცელი ცუდ რუმბობას უწევდა, ძირს სახეგაწითლებული ეცემოდა. ესენი მკვდრებს ჰგავდნენ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ სანადიმო დარბაზიდან მეგობრები გამზადებულ ლოგინებში არ გადაიყვანდნენ.
სზეთი არც დოლებს აჰყოლია, არც საფირონისფერი ღვინო შეუსვამს და არც საცეკვად ამდგარა. იგი უკან, ძელსკამზე იჯდა - თეთრად გამოწყობილი, თავდაჭერილი მსახური. სამშვიდობო შეთანხმების ნადიმზე მას ცოტა თუ ამჩნევდა. იგი უბრალო მსახური იყო და შინების არად ჩაგდება ადვილი გახლდათ. აქ, აღმოსავლეთში, უმეტესობას მიაჩნდა, რომ სზეთის მსგავსნი მორჩილნი და უწყინარნი იყვნენ. როგორც წესი, არც ცდებოდნენ.
მედოლეებმა ახალი რიტმი წამოიწყეს. ბაგუნმა სზეთს ოთხი გულის ერთდროული ძგერასავით გადაუარა და დარბაზში სისხლი თითქოს უხილავ ტალღებად აამღვრია. სზეთის ბატონები - რომელთაც უფრო ცივილიზებულ სამეფოთა მცხოვრებნი ველურებად მიიჩნევნენ - თავიანთ მაგიდებს უსხდნენ. შავი, წითელჯავარიანი კანი ჰქონდათ. პარშენდები - ასე უწოდებდნენ მათ, ნათესავებს უფრო მორჩილი, მსახური ხალხებისა, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ნაწილში პარშელებად იყვნენ ცნობილი. აი, უცნაურობა. აქ მსხდომნი თავს პარშენდებად არ მოიხსენიებდნენ; ეს მათი ალეთური სახელი იყო. სახელი, მიახლოებით, “მოაზროვნე პარშელებს” ნიშნავდა. ამას, როგორც ჩანდა, არცერთი მხარე არ აღიქვამდა შეურაცხყოფად.
მუსიკოსები პარშენდებმა მოიყვანეს. თავიდან ნათელთვალა ალეთები ყოყმანობდნენ. მათთვის დოლები მდაბიო, მუქთვალა ხალხის უხეში საკრავები იყო. მაგრამ ღვინო როგორც ტრადიციის, ისე წესიერების განთქმული მომსპობი გახლდათ და ახლა ალეთი წარჩინებულნი თავდავიწყებით ცეკვავდნენ.
სზეთი წამოდგა და ოთახში გზის გაკვალვა დაიწყო. ნადიმი უკვე დიდი ხანი იყო, გრძელდებოდა; თავად მეფე ერთი საათის წინ წავიდა მოსასვენებლად. მაგრამ ბევრი ჯერაც ილხენდა. სზეთი იძულებული გახდა, გვერდი აევლო მეფის ღვიძლი ძმის - დალინარ კოლინისათვის, რომელიც გალეშილი დაზვავებულიყო პატარა მაგიდასთან. ხანშიშესული, თუმცა ძლიერი აგებულების კაცი ხელის გაქნევით იშორებდა მისი დასაძინებლად გატყუების მსურველებს. მეფის ასული იასნა სადღა იყო? ელჰოკარი, მეფის ვაჟი და მემკვიდრე, მაღალ მაგიდას უჯდა და ნადიმს მამის ნაცვლად უძღვებოდა. იგი ორ კაცს ესაუბრებოდა: მუქკანიან აზელს, რომელსაც ლოყაზე ღია ფერის კანი უცნაურ ზოლად გასდევდა და გამხდარ, ალეთური შესახედაობის მქონე მამაკაცს, რომელიც წამდაუწუმ ზურგსკან იხედებოდა.
მემკვიდრის თანამეინახეები მნიშვნელოვანნი არ იყვნენ. სზეთი მემკვიდრეს არ მიახლოებია, ოთახის კიდეს გაუყვა და მედოლეებს ჩაუარა. მათ გარშემო ჰაერში მუსიკსპრენები დაქროდნენ: პატარა სულები, რომლებსაც მობზრიალე, გამჭვირვალე ლენტების ფორმა ჰქონდათ. ჩავლისას მედოლეებმა სზეთი შეამჩნიეს. ისინი მალე გავიდოდნენ, დანარჩენ პარშენდებთან ერთად.
ნაწყენნი არ ჩანდნენ. არც გაბრაზებულნი. და მიუხედავად ამისა, აპირებდნენ, სამშვიდობო შეთანხმება დადებიდან რამდენიმე საათშივე დაერღვიათ. ეს სრულიად გაუგებარი იყო, მაგრამ სზეთი კითხვებს არ სვამდა.
ოთახის კიდეში მან ლაჟვარდისფერი, თანაბარი შუქის რიგებს ჩაუარა, რომლებიც კედელსა და იატაკს შორის გამობურცულიყო. ამათ შიგნით ავდარშუქით გაჟღენთილი საფირონები ელაგა. მკრეხელობა. როგორ შეეძლო აქაურ ხალხს, ასე წმინდა რამ უბრალო განათებისთვის გამოეყენებინა? კიდევ უარესი - ამბობდნენ, რომ სადაცაა, ალეთი სწავლულები ახალ ნატეხმახვილებს შექმნიდნენ. სზეთი იმედოვნებდა, რომ ეს უბრალო ტრაბახი იყო. რადგან თუ ასეთი რამ მოხდებოდა, მსოფლიო შეიცვლებოდა. სავარაუდოდ, იმგვარად, რომ ყველა ქვეყნის ხალხს - შორეული თაილენადან მაღალ იაჰ კევედამე - შვილებთან ლაპარაკი ალეთურად მოუწევდა.
ეს ალეთები წარმოსადეგი ხალხი იყო. მთვრალებსაც კი ეტყობოდათ ბუნებრივი კეთილშობილება. მაღლები და კარგი აღნაგობისანი იყვნენ, მამაკაცებს მუქი აბრეშუმის პიჯაკები ეცვათ, რომლებსაც ღილები მკერდის აქეთ-იქით ჩასდევდა და საგულდაგულოდ იყო ოქროს ან ვერცხლის მკედებით მოქარგული. ყოველი მათგანი ბრძოლის ველზე მყოფ გენერალს ჰგავდა.
ქალები კიდევ უფრო თვალისმომჭრელნი იყვნენ. აბრეშუმის დიდი, მჭიდროდ მომდგარი კაბები ეცვათ, ღია ფერებისა, კაცებში გავრცელებული მუქი ტონების საპირისპიროდ. თითოეული კაბის მარცხენა სახელო მარჯვენაზე გრძელი იყო და ხელს ფარავდა. ალეთებს წესიერებასთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ.
კუპრივით შავი თმა ქალებს თავსზემოთ ჰქონდათ შეკრული, რთულად დაწყობილ ნაწნავებად ან მოშვებულ ზვინებად. ხშირად ჰქონდათ ჩაწნული ოქროსფერი ლენტები ან სპეკალებიანი სამკაულები, რომლებიც ავდარშუქით ანათებდნენ. ლამაზი იყო. მკრეხელური, მაგრამ ლამაზი.
სზეთმა სანადიმო დარბაზი უკან მოიტოვა. იქვე მათხოვრების ნადიმზე შესასვლელ კარს ჩაუარა. ეს ალეთური ტრადიცია იყო - დარბაზი, სადაც ქალაქის უღარიბეს ხალხს ანადიმებდნენ, მეფის და მისი სტუმრების კვალად. შესასვლელში ვიღაც კაცი იყო მიწოლილი, გრძელი, შავ-ჭაღარა წვერი ჰქონდა და სულელურად იღიმებოდა - ოღონდ ღვინო აღიმებდა თუ ჭკუასუსტობა, სზეთი ვერ მიხვდა.
-გინახივარ? -ძლივს მოაბრუნა ენა კაცმა. გაიცინა, გაუგებრად ალუღლუღდა და ხელი ტიკს წაატანა. ესე იგი, სასმელი. სზეთმა გვერდით გასწია და გაუყვა ქანდაკებების მწკრივს, რომელიც უძველესი ვორინული თეოლოგიის ათ ჰერალდს გამოსახავდა. იეზერეზეჰი, იში, კელეკი, ტალენელატი... სათითაოდ გადათვალა და აღმოაჩინა, რომ აქ მხოლოდ ცხრა იდგა, ერთი საეჭვოდ აკლდა. შალაშის ქანდაკება რატომ აიღეს? მეფე გავილარზე ამბობდნენ, რომ ვორინული ღვთისმსახურების ღრმადმორწმუნე იყო. მეტისმეტად ღრმადმორწმუნეც, ზოგიერთის გადმოსახედიდან.
დერეფანი აქ მარჯვნივ ირკალებოდა და თაღიან სასახლეს გარშემო უვლიდა. მეორე სართულზე იყვნენ, მეფის საცხოვრებელ სართულზე და გარს ქვის კედლები, ჭერი და იატაკი ერტყათ. ეს მკრეხელობა იყო. ქვა იმისთვის კი არ არსებობდა, რომ ზედ გაგევლო. მაგრამ სზეთს რა უნდა ექნა? იგი უსიმართლო გახლდათ. რასაც ბატონები დაავალებდნენ, შეასრულებდა.
დღეს ამ დანავალებში თეთრად ჩაცმაც იგულისხმებოდა: წელთან თოკით შეკრული განიერი, მოშვებული შარვალი და ზემოდან თხელი, წინ გახსნილი პერანგი გრძელი სახელოებით. მკვლელისთვის თეთრი სამოსი პარშენდების ტრადიცია იყო. სზეთს არ უკითხავს, რატომ, თუმცა ბატონებმა აუხსნეს.
თეთრი, გამბედაობისათვის. თეთრი, ღამისთვის არ შესარევად. თეთრი, გაფრთხილების მისაცემად.
რადგან თუკი აპირებდი, კაცი მოგეკლა, იგი იმსახურებდა, ეს წინდაწინ სცოდნოდა.
სზეთი მარჯვნივ შეტრიალდა და პირდაპირ მეფის პალატებისკენ მიმავალ დერეფანს გაუდგა. კედლებზე ჩირაღდნები გიზგიზებდა, მისთვის ეს შუქი ფუჭი გახლდათ - როგორც წყალწყალა წვნიანი, გრძელი მარხვის შემდეგ. ცეცხლის გარშემო პაწია ალსპრენები ცეკვავდნენ, შედედებული შუქისაგან წარმოქმნილი მწერებივით. ჩირაღდნები სზეთისთვის უსარგებლო იყო. თავის ტომსიკას და შიგნით ჩაყრილ სფეროებს მისწვდა, მაგრამ შეყოყმანდა, რადგან წინ კიდევ დაინახა ლურჯი შუქები: კედელზე დაკიდული ორი ავდარშუქის ლამპა, რომელთა შიგნით მბრწყინავი საფირონები ელვარებდა. სზეთი ერთ-ერთთან მივიდა და და ხელი გაიწოდა, მინაში ჩასმული სპეკალისთვის შესავლებად.
-შენ, მანდ! -დაიძახა ხმამ ალეთურად. დერეფნების გადაკვეთაზე ორი მცველი იდგა. ორმაგი დაცვა, ვინაიდან ამ ღამით კოლინარში ველურები შემოუშვეს. მართალია - წესით, ეს ველურები ამჟამად მოკავშირეებად ითვლებოდნენ, მაგრამ შეიძლებოდა, კავშირები ზოგჯერ ხანმოკლე აღმოჩენილიყო.
ეს ერთ საათსაც ვეღარ გაატანდა.
სზეთმა მოახლოებულ მცველებს შეხედა. შუბები ჰქონდათ. ნათელთვალები არ იყვნენ და, შესაბამისად, ხმალი ეკრძალებოდათ. თუმცა მათი მოხატული, წითელი ბეგთრები, ისევე, როგორც მუზარადები, მდიდრული ჩანდა. შეიძლება, მუქი თვალები ჰქონოდათ, მაგრამ აშკარად მაღალი რანგის მოქალაქეები იყვნენ და სამეფო მცველებში პატივსაცემი ადგილები ეკავათ.
წინა მცველი რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით შეჩერდა და შუბით ანიშნა, წასულიყო.
-აბა, გაიარე. აქ შენი ადგილი არაა!
კაცს ალეთური, მზემოკიდებული კანი ჰქონდა, წვრილი ულვაში ტუჩების აქეთ-იქით ჩამოსდიოდა და წვერს უერთდებოდა.
სზეთი არ განძრეულა.
-აბა? -გაუმეორა მცველმა, -რას უცდი?
სზეთმა ღრმად ჩაისუნთქა და ავდარშუქი მოიზიდა. ავდარშუქი მასში შემოედინა, კედელზე ჩამოკიდებული ორი საფირონის ლამპიდან, თითქოს მის ღრმა შესუნთქვით გამოწოვილი. ავდარშუქი შიგნით აუბობოქრდა და უეცრად ჩაბნელებული დერეფანი ჩრდილში ჩაიძირა, იმ გორის წვეროსავით, რომელიც მიმავალმა ღრუბელმა მზის შუქს მოსწყვიტა.
სზეთი შუქის სითბოს, მის მძვინვარებას შეიგრძნობდა, ისე, თითქოს ძარღვებში ჰქონოდა ქარიშხალი ჩასხმული. ეს ძალა ცხოველმყოფელი, მაგრამ საშიში იყო. სამოქმედოდ აქეზებდა. სამოძრაოდ. შესატევად.
სუნთქვა შეიკავა და ავდარშუქს ჩაეჭიდა. მაინც გრძნობდა მის გადინებას. ავდარშუქის შენარჩუნება მხოლოდ მცირე ხნით იყო შესაძლებელი, დიდი-დიდი - რამდენიმე წუთით. ადამიანის სხეულიდან - მეტისმეტად მრავალფორიანი ჭურჭლიდან - იოლად გაედინებოდა. სზეთს სმენოდა, რომ უფსკრულმდევებს მისი შენარჩუნება უნაკლოდ შეეძლოთ. მაგრამ არსებობდნენ კი ისინი? სზეთის სასჯელი აცხადებდა, რომ არ არსებობდნენ. მისი ღირსება საპირისპიროს მოითხოვდა.
წმინდა ენერგიით ანთებული სზეთი მცველებს მიუტრიალდა. მათ შეეძლოთ დაენახათ, ავდარშუქი კანიდან მანათობელი, ხვეულა კვამლივით როგორ ეორთქლებოდა. მოწინავე მცველი მოიღუშა და თვალები მოჭუტა. სზეთი დარწმუნებული იყო, რომ კაცს მანამდე მსგავსი არაფერი ენახა. სზეთმა, რამდენადაც იცოდა, ყველა ქვისმთელავი მოკლა, ვინც კი მისი უნარები ოდესმე იხილა.
-რა... რა ხარ? -სიმტკიცე დაეკარგა მცველის ხმას, -სული თუ ადამიანი?
-რა ვარ? -დაიჩურჩულა სზეთმა და ტუჩებიდან ცოტაოდენი შუქი გაექცა. მან კაცის ზურგსუკან გრძელ დერეფანს გახედა:
-ვწუხვარ...
სზეთმა თვალი დაახამხამა და დერეფნის იმ შორ წერტილს მიება. შიგნით ავდარშუქი აუბობორქდა, კანი გაუცივა და მიწამ მაშინვე შეწყვიტა მისი ქვემოთ დაქაჩვა. სამაგიეროდ, სზეთის მიზიდვა იმ მოშორებულმა წერტილმა დაიწყო - თითქოს მისთვის ის მიმართულება ქვემოთა მიმართულებად ქცეულიყო.
ეს საწყისი ბმა იყო, მისი სამი ბმიდან პირველი. იგი სზეთს ანიჭებდა უნარს, წარემართა ის ძალა, სპრენი თუ ღმერთი, რომელიც ადამიანებს მიწაზე ამაგრებდა. ამ ბმით ადამიანებისა და საგნების სხვადასხვა ზედაპირებზე თუ მიმართულებებზე მიეჯაჭვა შეეძლო.
სზეთი დერეფანს ახლა ღრმა შახტად აღიქვამდა, რომელშიც ვარდებოდა და ორი მცველი ამ შახტის კედელზე იდგა. გაშტერებულებს, სახეში მისი ცალ-ცალი ფეხი მოხვდათ და წაიქცნენ. სზეთმა აღქმა შეანაცვლა და იატაკზე მიება. სხეულიდან შუქი გამოსდინდა და დერეფნის იატაკი ისევ “ქვემოთ” გახდა. სზეთი ორ მცველს შორის დაეშვა და აფრიალებული ტანსაცმლიდან ყინულის ნაფშხვენები დასცვივდა. იგი წამოიმართა და ნატეხმახვილის მოხმობა დაიწყო.
ერთ-ერთი მცველი თავის შუბს წაეტანა. სზეთი დაიხარა, ჯარისკაცს მხარზე შეეხო და თან მაღლა აიხედა. ყურადღება ზემოთ მდებარე წერტილზე მიმართა და შუქი საკუთარი სხეულიდან მცველისაში გადაუშვა, რითაც საბრალო კაცი ჭერზე მიაბა.
მცველმა, რომელსაც “მაღლა “დაბლად” ექცა, ელდანაცემმა წამოიყვირა. ტანიდან შუქაყოლილი შეასკდა ჭერს და შუბი გაუვარდა. შუბს ბმა პირდაპირ არ შეხებია და სზეთის ახლოს, იატაკზევე ჩამოვარდა.
მოკვლა. ეს უდიდესი ცოდვა იყო. მაგრამ სზეთი - უსიმართლო - მაინც აქ იდგა და საშენებლად გამოყენებულ ქვებს ფეხით თელავდა. და ამას ბოლოც არ უჩანდა. უსიმართლოს მხოლოდ ერთი სიცოცხლის მოსწრაფება ეკრძალებოდა.
საკუთარის.
გულის მეათე ძგერაზე ნატეხმახვილი მომზადებულ ხელში გაუჩნდა. წარმოქმნისას თითქოს ნისლისგან შენივთდა და ლითონი სიგრძეზე წყალმა დაუცვარა. სზეთის ნატეხმახვილი გრძელი და წვრილი იყო, ორპირი და დანარჩენებთან შედარებით მომცრო. მან მოიქნია - იარაღმა ქვის იატაკი ამოჭრა და მეორე მცველის კისერში გაიარა.
ნატეხმახვილმა, როგორც ყოველთვის, უცნაურად მოკლა; მოუხედავად იმისა, რომ ქვას, ფოლადსა თუ ნებისმიერ უსულო საგანს იოლად ჭრიდა, მისი ლითონი ცოცხალ კანთან შეხებისას გაბუნდოვანდა. მცველის კისერში ისე გაიარა, კვალი არ დაუტყვია, მაგრამ გავლისთანავე კაცს თვალებიდან კვამლი აუვიდა და გამოეწვა. გაშავებული თვალები თავისქალაში ჩაეჩუტა და მკვდარი ჩაიკეცა. ნატეხმახვილი ცოცხალ ხორცს არ ჭრიდა - სულს კვეთდა.
მაღლა მცველმა პირი დააღო. იმის მიუხედავად, რომ ფეხები ჭერზე ჰქონდა მიბჯენილი, წამოდგომა მოეხერხებინა.
-ნატეხიანი! -დაიძახა კაცმა, -მეფის დარბაზს ნატეხიანი დაესხა! იარაღი აისხით!
როგორც იქნაო, გაიფიქრა სზეთმა. მცველებისთვის ავდარშუქის მისეული გამოყენება უცნობი იყო, მაგრამ ნატეხმახვილი დანახვისთანავე იცნეს.
სზეთი დაიხარა, მანამდე ჩამოვარდნილი შუბი აიღო და ამავდროულად ამოუშვა სუნთქვა, რომელიც ავდარშუქის მოზიდვის შემდეგ შეკავებული ჰქონდა. სანამ შეკავებული ჰქონდა, ძალას აძლევდა, მაგრამ ამ ფარნებში ბევრი ავდარშუქი არ ყოფილა, ასე რომ, მალე კიდევ დასჭირდებოდა შესუნთქვა. შუქმა ახლა უფრო სწრაფად დაიწყო გადინება.
სზეთმა შუბის ბოლო ქვის იატაკზე დადგა და მაღლა აიხედა. ზემოთ მოქცეულმა მცველმა ყვირილი გაწყვიტა და თვალები გაუფართოვდა, ხოლო მისი პერანგის ბოლოებმა ქვემოთ ჩამოცურება დაიწყო - დაბლა მიწა თავის ძალაუფლებას იბრუნებდა. მისი ტანიდან ადენილი შუქი დაცოტავდა.
მცველმა სზეთს ჩამოხედა. პირდაპირ გულში დამიზნებულ შუბისწვერს. მის გარშემო ქვის ჭერზე იისფერი შიშსპრენები ასავსავდნენ.
შუქი გამოილია. მცველი ჩამოვარდა.
ყვირილით დაასკდა შუბს და მკერდით წამოეგო. სზეთმა შუბს ხელი გაუშვა და იგი გვერდზე ყრუ ხმით გადავარდა, ზედ წამოცმული ატოკებული გვამით. სზეთი, ნატეხმახვილით ხელში, გვერდითა დერეფანში შევიდა, მანამდე დამახსოვრებული რუკის მიხედვით. კუთხეში ისკუპა და კედელს აეკრო სწორედ იმ დროს, როცა მცველების რაზმმა მკვდრებამდე მიაღწია. ახალმოსულებმა მაშინვე ატეხეს ყვირილი და განგაში.
მისი მითითებები ნათელი იყო. მეფე მოეკლა, მაგრამ ისე, რომ ამ დროს დაენახათ. ალეთები მისი მოსვლისა და მიზნის შესახებ გაეფრთხილებინა. რატომ? რატომ დათანხმდნენ პარშენდები სამშვიდობო ხელშეკრულებას, თუკი მისი დადების ღამესვე მკვლელს მიაგზავნიდნენ?
ამ დერეფნის კედლებზეც სპეკალები ელვარებდა. მეფე გავილარს საკუთარი სიმდიდრის გამოფენა ჰყვარებოდა. აბა, საიდან ეცოდინებოდა, რომ ამით სზეთს ბმებისთვის გამოსაყენებელი ძალის წყაროებს უტოვებდა. ის, რასაც სზეთი აკეთებდა, ათასწლეულები იყო, არ ენახათ. იმ დროის მატიანეები თითქმის არც არსებობდა, ხოლო ლეგენდები საშინლად არაზუსტი გახლდათ.
სზეთმა ისევ შეიჭვრიტა დერეფანში. გადაკვეთაზე მყოფმა ერთმა მცველმა თვალი მოჰკრა და აყვირებულმა, დანარჩენები მისკენ მიახედა. სზეთი დარწმუნდა, რომ კარგად შეათვალიერეს და შემდეგ გასხლტა. სირბილისას ღრმად ჩაისუნთქა და ფარნებიდან ავდარშუქი მოიზიდა. ავდარშუქმა სხეული გამოუცოცხლა, სისწრაფე მოუმატა და კუნთები მოზღვავებული ენერგიისგან დაუბერა. შუქი შიგნით ავდრად დაუტრიალდა: ყურებში სისხლს ბაგაბუგი გაუდიოდა. ეს ერთდროულად საშინელი და გასაოცარი იყო.
ორი დერეფანი წინ, ერთი გვერდით. საკუჭნაოს კარი შეგლიჯა და წამით შეყოვნდა - ზუსტად იმდენი ხნით, რომ მცველები კუთხიდან გამოცვენილიყვნენ და დაენახათ - ვიდრე ოთახში შესხლტებოდა. სრული ბმისთვის მომზადებულმა, ხელები ასწია და ავდარშუქი ნების ძალით მათში მოაგროვა, რითაც კანი სხივებად აენთო. მან ხელი კარის ჩარჩოსკენ გაიქნია და თეთრი ნათება ზედ საღებავივით შეასხა. შემდეგ, ზუსტად მაშინ, როდესაც მცველებმა მოაღწიეს, კარი მიაჯახუნა.
ავდარშუქმა კარი ასი მკლავის ძალით გაამაგრა ჩარჩოში. სრული ბმა ნივთებს ერთმანეთზე ამაგრებდა და შეკრულს ტოვებდა, ვიდრე ავდარშუქი არ გამოილეოდა. მისი შექმნა საწყისი ბმის შექმნაზე მეტ დროს მოითხოვდა და ავდარშუქს ბევრად სწრაფად ხარჯავდა. კარის სახელური შეჯანჯღარდა, შემდეგ ხემ სკდომა იწყო - მცველებმა რაღაც მძიმე შემოახეთქეს. ვიღაცამ დაიძახა, ნაჯახი მოეტანათ.
სზეთმა წრაფად გადაკვეთა ოთახი ქსოვილგადაფარებულ ავეჯს შორის, რომელიც იქ შეენახათ. ყველაფერი წითელი ნაჭრისა და მუქი, ძვირფასი ხისგან იყო გაკეთებული. მეორე კედლამდე მივიდა და მორიგი მკრეხელობისათვის მოემზადა - ნატეხმახვილი ასწია და ნაცრისფერ ქვაში ჰორიზონტალურად გაუსვა. ქვა იოლად გაიკვეთა - ნატეხმახვილი ნებისმიერ უსულო საგანს ჭრიდა. ამას ორი ვერტიკალური დასმა მოჰყვა, შემდეგ ერთიც - ძირში, რითაც მოზრდილი ოთხკუთხედი ამოიჭრა. სზეთმა ხელი მიადო და ავდარშუქი ქვაში გადაუშვა.
უკან ოთახის კარს სადაც იყო, შემოამტვრევდნენ. სზეთმა მხარსუკან მიიხედა, ყურადღება აყანყალებულ კარზე მიმართა და ამოჭრილი ლოდი ამ მიმართულებას მიაბა. ტანსაცმელზე ყინულის კრისტალები დაასხდა - ამხელა საგნის ბმა ავდარშუქის დიდ რაოდენობას მოითხოვდა. შიგნით ქარიშხალი წვრილ წვიმაში გადასული ავდარივით ჩაუცხრა.
სზეთი გვერდით გადგა. ქვის დიდი ნაჭერი აძაგძაგდა და ოთახში გამოცურება დაიწყო. ჩვეულებრივ, ამ ლოდის დაძვრა შეუძლებელი იქნებოდა - დაბლითა ქვებზე მისივე წონა დაამაგრებდა. მაგრამ ახლა სწორედ ეს წონა გამოსასვლელად ექაჩებოდა: ამ ლოდისთვის ოთახის კარის მიმართულება “დაბლა” გამხდარიყო. ლოდი კედლიდან ხმამაღალი ღრჭიალით გამოცურდა და ჰაერში აგორებულმა მიამსხვრია ავეჯი.
ჯარისკაცებმა როგორც იქნა, კარი შემოამტვრიეს დაუზარმაზარი ლოდი სწორედ ოთახში შემოცვენისას შეენარცხათ.
სზეთმა წივილ-კივილის, ხის ლაწალუწის და ძვლების მტვრევის საშინელ ხმებს ზურგი აქცია. დაიხარა, მის მიერ ამოჭრილი ხვრელიდან გააბიჯა და დერეფანში გამოვიდა.
იგი ნელა მიაბიჯებდა და ჩავლისას ფარნებიდან ავდარშუქს იზიდავდა - საკუთარ სხეულში ისრუტავდა და შიგნით ქარიშხალს თავიდან აბობოქრებდა. ფარნების მილევამ დერეფანი ჩააბნელა. დერეფნის ბოლოში სქელი ხის კარი იდგა და სზეთის მიახლოებისას ქვებიდან ასავსავებულმა პატარა შიშსპრენებმა - რომლებიც იისფერი, ბლანტი ლორწოს გუნდებს ჰგავდნენ - ამ კარისკენ გაიწიეს. მეორე მხარეს ვიღაც ძრწოლას ჰყავდა შეპყრობილი და შიშსპრენები ამან მიიზიდა.
სზეთმა კარი ხელისკვრით გააღო და მეფის პალატებისკენ მიმავალ ბოლო დერეფანში გავიდა. კედლების გაყოლებზე აქ მაღალი, წითელი კერამიკული ვაზები იდგა და მათ შორის დამფრთხალი ჯარისკაცები დამწკრივებულიყვნენ. შუაში გრძელი, ვიწრო ხალიჩა მოექციათ. ხალიჩა წითელი იყო - სისხლის მდინარესავით.
მოწინავე შუბოსნებს სზეთის მიახლოებისთვის არ დაუცდიათ. სირბილზე გადმოვიდნენ და მოკლე, სასროლი შუბები მოიღერეს. სზეთმა ხელი გვერდით, კარის ჩარჩოზე მიახეთქა, შიგ ავდარშუქი შეუშვა და მესამე, ბოლო სახის ბმა გამოიყენა - შებრუნებული ბმა. იგი დანარჩენი ორისგან განსხვავებულად მოქმედებდა. კარის ჩარჩოს ავდარშუქი არ გამოუსხივებია, პირიქით - შუქი თითქოს შიგნით შეიწოვა, რითაც უცნაური ნახევარჩრდილი შეიძინა.
შუბოსნებმა სტყორცნეს. სზეთს ხელი კარის ჩარჩოზე ედო და არ ინძრეოდა. შებრუნებული ბმა მის მუდმივ შეხებას მოითხოვდა, მაგრამ შედარებით ნაკლებ ავდარშუქს ხარჯავდა. მის განმავლობაში ნებისმიერ მოახლოებულ საგანს - განსაკუთრებით კი მსუბუქს - სზეთის ნაცვლად ბმა იზიდავდა.
შუბებმა ჰაერში მოუხვიეს, მის ირგვლივ გაიყვნენ და ხის ჩარჩოს ჩაესვნენ. როგორც კი მათი მოხვედრა იგრძნო, სზეთმა ჰაერში ისკუპა, მარჯვენა კედელს მიება და ქვაზე ფეხებით დახტა.
მაშინვე შეასწორა აღქმა. სზეთის გადმოსახედიდან კედელზე თვითონ კი არა, მცველები იდგნენ და შუაში სისხლისფერი ხალიჩა გრძელი გობელენივით ეკიდათ. სზეთმა დერეფნის იატაკისკენ ჩამოირბინა, ნატეხმახვილი მოიქნია და შუბის მსროლელებიდან ორს ყელში გამოუსვა. მცველებს თვალები გამოეწვათ და დაცვივდნენ.
დერეფანი პანიკამ მოიცვა. ზოგმა შეტევა სცადა, დანარჩენები დამხმარე ძალებს უძახდნენ, სხვები შიშით ატანილნი ცდილობდნენ, გასცლოდნენ. შემტევებს სიძნელე შეხვდათ - თავგზა აუბნიათ კედელზე დაკიდებული ადამიანისთვის იარაღის ქნევამ. სზეთმა რამდენიმე მოკლა, შემდეგ ჰაერში შეხტა, დატრიალდა და ისევ იატაკზე მიება.
იგი ჯარისკაცების შუაში დახტა იატაკზე. ყველა მხრიდან გარშემორტყმული, მაგრამ ხელში ნატეხმახვილით.
ლეგენდის თანახმად, ნატეხმახვილები პირველად, უთვალავი ეპოქით ადრე, სხივმოსილ რაინდებს ეპყრათ. ისინი თავიანთი ღმერთისგან ებოძათ, რათა შესძლებოდათ შებრძოლება ქვისა და ცეცხლის ურჩხულებთან - მტრებთან, რომელთა თვალები სიძულვილით გიზგიზებდა: უფსკრულმდევებთან. როდესაც შენს მტერს ქვასავით მაგარი კანი ჰქონდა, ფოლადი უსარგებლო ხდებოდა. რაღაც ზებუნებრივი იყო საჭირო.
საკუთარი ცოდვებისაგან კრიჭაშეკრული სზეთი ფართო ტანსაცმლის ფრიალით წამოიმართა. შეტევაზე გადავიდა და მისმა იარაღმა ჩირაღდნების ანარეკლი გააელვა. დახვეწილი, ფართო მოქნევები: სამი, ერთიმეორის მიდევნებით. მას არც ყურების დახშვა შეეძლო ყვირილისთვის, რომელიც ამას მოჰყვა, არც თვალების არიდება - ადამიანების წაქცევისათვის. ისე დაცვივდნენ, როგორც პატარა სათამაშოები - ბავშვის უდარდელი ფეხის მოქნევით. თუ მახვილი კაცის ხერხემალს შეეხებოდა, იგი თვალებზე ცეცხლმოდებული კვდებოდა. თუ კიდურს შუამდე მისწვდებოდა, ამ კიდურს კლავდა. ერთი ჯარისკაცი სზეთს ბარბაცით გაეცალა, ცალი ხელი უსარგებლოდ უქანავებდა მხრიდან. ამ ხელს ვეღარასოდეს იგრძნობდა და გამოიყენებდა.
თვალებდანახშირებულ გვამებს შორის მდგარმა სზეთმა ნატეხმახვილი ძირს დაუშვა. აქ, ალეთკარში, ხალხი ხშირად იგონებდა ლეგენდებს - ადამიანების ძნელ გამარჯვებას უფსკრულმდევებზე. მაგრამ როდესაც კოშმარებთან საბრძოლველი იარაღები უბრალო ჯარისკაცების წინააღმდეგ ტრიალდებოდა, ადამიანთა სიცოცხლეს ფასი ეკარგებოდა.
სზეთი შეტრიალდა, სანდლები ფაფუკ, წითელ ხალიჩაზე შეადგა და გზა განაგრძო. ნატეხმახვილი, როგორც ყოველთვის, სუფთა, ვერცხლისფრად ციალებდა. მახვილით მოკვლისას სისხლი არ იღვრებოდა. ეს ნიშანივით იყო. ნატეხმახვილი უბრალოდ იარაღი გახლდათ: მკვლელობებში ბრალს ვერ დასდებდი.
დერეფნის ბოლოში კარი მოწყვეტით შემოიღო. სზეთი გაშეშდა - იქიდან ჯარისკაცების მცირე ჯგუფი გამოცვივდა, თან სამეფო ტანისამოსიანი ფიგურა მოჰყავდათ. კაცი, თითქოს ისრების ასარიდებლად, დახრილი მორბოდა. ჯარისკაცებს მუქი-ლურჯი, მეფის მცველების ფერი ეცვათ, და გვამების დანახვაზე თავგზა არ აბნევიათ. მომზადებული იყვნენ იმისთვის, რაც ნატეხიანს შეეძლო, ჩაედინა. გვერდითა კარი გააღეს და დასაცველი იქიდან გააქციეს, თან უკანდახევისას სზეთს შუბებს უღერებდნენ.
მეფის პალატებიდან კიდევ ერთმა ფიგურამ გამოაბიჯა: მას ლურჯი, მბზინავი აბჯარი ეცვა, რომელიც ერთიმეორეში ზუსტად ჩასმული ფირფიტებისგან შედგებოდა. თუმცა, უბრალო ჯავშნისაგან განსხვავებით, ამ აბჯარს შეერთების ადგილებში ტყავის ან ჯაჭვის ნაცვლად ისევ მომცრო ფირფიტები მოუჩანდა, რომლებიც დახვეწილი სიზუსტით ისხდა ერთიმეორეში. ულამაზესი, ლურჯი აბჯარი იყო, ყოველი ფირფიტის გარშემო ოქროსფერი არშია ევლო, ხოლო მუზარადი პატარა, რქების მსგავსი ფრთების სამი წყებით ჰქონდა მორთული.
ნატეხჯავშანი, ნატეხმახვილის ტრადიციული მეწყვილე. ახალმოსულს ხმალიც ჰქონდა - უშველებელი, კაცის სიგრძის ნატეხმახვილი, რომელსაც პირზე ცეცხლის ენების მსგავსი მორთულობა გასდევდა. ვერცხლისფერი ლითონის იარაღი, რომელიც ბზინავდა და ლამის ანათებდა. ბნელი ღმერთების შესამუსრად შექმნილი მახვილი, უფრო მოზრდილი ასლი იმისა, სზეთს რომ ეკავა.
სზეთი შეყოყმანდა. აბჯარი ვერ იცნო; წინასწარ არ იცოდა, რომ ამ დავალებას მისცემდნენ და საკმარისი დრო არ ჰქონია ალეთების საკუთრებაში მყოფი მახვილებისა და ჯავშნების დასამახსოვრებლად. მაგრამ სანამ მეფეს დაედევნებოდა, ნატეხიანისთვის უნდა მიეხედა; ასეთ მტერს უკან ვერ მოიტოვებდა.
ესეც რომ არა, იქნებ ნატეხიანს მოეხერხებინა სზეთის დამარცხება, მოეკლა იგი და მისი უბედური სიცოცხლისთვის ბოლო მოეღო. ბმები ნატეხჯავშნიანზე პირდაპირ ვერ იმოქმედებდა, ხოლო აბჯარი ამ კაცს გააძლიერებდა და ღონეს მოუმატებდა. სზეთს დანავალების დარღვევას და სიკვდილის ძიებას საკუთარი ღირსება უკრძალავდა. მაგრამ თუ სიკვდილი მოუწევდა, ამას სიხარულით შეეგებებოდა.
ნატეხიანი შეტევაზე გადმოვიდა. სზეთი დერეფნის კედელს მიება, შემდეგ ისკუპა, მოირკალა და კედელზე დაეშვა. ხმალმოღერებულმა, მსუბუქი მოძრაობით დაიხია უკან. ნატეხიანი აგრესიულ პოზაში ჩადგა - აქ, აღმოსავლეთში გავრცელებული სახმლოსნო დგომებიდან ერთ-ერთს იყენებდა. იმაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე ამხელა აბჯარში ჩასმული კაცისგან იქნებოდა მოსალოდნელი. ნატეხჯავშანი განსაკუთრებული რამ იყო - მისი მეწყვილესავით, მახვილივით ძველისძველი და ჯადოსნური.
ნატეხიანმა შეტევა განაგრძო. სზეთი გვერდით გახტა, ჭერს მიება და ნატეხიანის მახვილმა კედელი გაჭრა. გამოწვევის ჟინს აყოლილი სზეთი წინ გაექანა და თავზემოდან მოქნეული დარტყმა ქვევით მიმართა - სცადა, ნატეხიანის მუზარადისთვის მოეხვედრებინა. კაცმა ცალ ფეხზე ჩაიმუხლა და სზეთის მახვილმა მხოლოდ ჰაერი გააპო.
ნატეხიანმა მახვილი ზემოთ ამოიქნია - სზეთმა უკან ისკუპა და ირაღი ჭერში ჩაესო. სზეთს ჯავშანი არ ჰქონდა და ასეც ერჩივნა. მისი ბმები ნატეხჯავშნის მამუშავებელი სპეკალების მოქმედებას არღვევდა და ან ერთი უნდა ჰქონოდა, ან მეორე.
ნატეხიანის მოტრიალებისას სზეთმა ჭერზე გადაირბინა. ნატეხიანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ მოუქნია და სზეთმა კოტრიალით ისკუპა გვერდზე, შემდეგ შემობზრიალდა და ისევ იატაკზე მიება. ტრიალით დახტა ნატეხიანის უკან და მახვილი მოწინააღმდეგეს დაუცველ ზურგში ჩასცხო.
სამწუხაროდ, ნატეხჯავშანი ერთ დიდ უპირატესობას იძლეოდა: ნატეხმახვილს უძლებდა. სზეთის იარაღი მიზანს ზუსტად მოხვდა და აბჯრის ზურგის მხარეზე მბზინავი ხაზების ქსელი გააჩინა, საიდანაც ავდარშუქმა დაიწყო გამოდინება. ნატეხჯავშანს ჩვეულებრივი ფოლადივით ჩაღუნვა ან მოდრეკა არ სჩვეოდა. სზეთს ნატეხიანისთვის კიდევ ერთხელ მაინც უნდა დაერტყა იმავე ადგილას, თუკი სურდა, მისწვდენოდა.
სზეთი ისევ გამოერიდა ნატეხიანს, რომელმაც განრისხებულმა მოუქნია იარაღი მუხლებში. სზეთს სხეულში დატრიალებული ქარიშხალი ბევრ უპირატესობას ანიჭებდა, მათ შორის - პატარა ჭრილობების სწრაფი შეხორცების უნარს. მაგრამ ნატეხმახვილისაგან მოკლულ კიდურებს ვერ შველოდა.
მან ნატეხიანს გარშემო დაუწყო შემოვლა, შემდეგ დრო შეარჩია და წინ გაქანდა. ნატეხიანმა ისევ მოუქნია, მაგრამ სზეთი წამით ჭერზე მიება. იგი ჰაერში ავარდა და იმწამსვე, შუა მოქნევისას მიება იატაკზე. დახტომასთან ერთად დასცხო კიდეც, მაგრამ ნატეხიანმა მალევე დაიბრუნა წონასწორობა და სრულყოფილად შეასრულა საპასუხო დარტყმა, რომელიც სზეთს სულ ბეწვზე ასცდა.
ეს კაცი სახიფათოდ კარგად ფლობდა მახვილს. ბევრი ნატეხიანი მეტისმეტად იყო დამოკიდებული საკუთარ იარაღსა და აბჯარზე. ეს კაცი მათნაირი არ ჩანდა.
სზეთი კედელზე შეხტა და ნატეხიანს ცისთევზისებრი სწრაფი, მოკლე დარტყმებით შეუტია. ნატეხიანმა ისინი ფართო მოცელვებით მოიგერია. მისი მახვილის სიგრძე სზეთს მიახლოვების საშუალებას არ აძლევდა.
ეს ძალიან გაიწელაო, გაიფიქრა სზეთმა. თუ მეფე მიმალვას მოახერხებდა, სზეთს რამდენი ხალხიც არ უნდა ეხოცა, დავალებას ვერ შეასრულებდა. მორიგი შეტევისათვის ჩაიხარა, მაგრამ ნატეხიანმა მიახლოება არ დაანება. ამ ბრძოლის ყოველი წამი მეფეს გაქცევას უიოლებდა.
სითამამის დრო მოდიოდა. სზეთი ჰაერში აიჭრა, დერეფნის მეორე ბოლოს მიება და ფეხებით წინ გაქანდა მოწინააღმდეგისკენ. ნატეხიანმა დაუყოვნებლივ მოუქნია, მაგრამ სზეთი დაბლა ირიბად მიება და მაშინვე ქვემოთ ჩავიდა. ნატეხმახვილმა მის ზემოთ გაიშხუილა ჰაერში.
იგი ჩაკუზული დახტა, ინერცია წინ გასასრიალებლად გამოიყენა და ნატეხიანს ფერდში მოუქნია, სადაც ჯავშანი იყო გაბზარული. დარტყმა ძლიერი გამოდგა. ჯავშნის ის ნაწილი დაიმსხვრა და გამდნარი ლითონის ნაწილები ირგვლივ მიმოიტყორცნა. ნატეხიანი გმინვით დავარდა ცალ მუხლზე და ხელი ფერდზე აიფარა. სზეთმა ფეხი გაუსწორა კაცის ფერდს და ავდარშუქით გაძლიერებული ფეხისკვრით უკან გადააგდო.
მძიმე ნატეხიანი მეფის პალატების კარს შეენარცხა, ჩაამტვრია და სანახევროდ იქითა ოთახში დავარდა. სზეთმა მას თავი ანება და მარჯვენა გასასვლელის კარს მიაშურა, საიდანაც მეფე გაიყვანეს. აქეთა დერეფანშიც ისეთივე წითელი ხალიჩა ეფინა და ავდარშუქის ფარნებმა სზეთს სხეულში ქარიშხლის შევსების საშუალება მისცა.
შიგნით ენერგია ისევ აუგიზგიზდა და მან სისწრაფეს უმატა. თუ საკმარის მანძილს მოიგებდა, მეფეს მიხედავდა, შემდეგ კი ნატეხიანთან გასამკლავებლად მობრუნდებოდა. ეს ადვილი არ იქნებოდა. კარის ჩარჩოზე გამოყენებული სრული ბმა ნატეხიანს ვერ შეაჩერებდა, ხოლო ჯავშანი კაცს ზებუნებრივად სწრაფი სირბილის საშუალებას აძლევდა. სზეთმა უკან მიიხედა.
ნატეხიანი არ მოსდევდა. აბჯარში წამომჯდარიყო და გაბრუებული ჩანდა. სზეთი ძლივს ხედავდა კარის ჩარჩოში მჯდარ და ხის ნაფოტებით გარშემორტყმულ კაცს. შეიძლება, იმაზე მძიმედ იყო დაშავებული, ვიდრე სზეთი ელოდა.
ან კიდევ...
სზეთი გაშეშდა. გაახსენდა თავდაღუნული ფიგურა, რომელიც ისე გააქციეს, რომ სახე არ უჩანდა. ნატეხმახვილიანი ჯერაც არ მოსდევდა. ისე დახელოვნებულად იბრძოდა... ამბობდნენ, რომ გავილარ კოლინს ხმალში ბადალი ცოტა ჰყავდა. ნუთუ?
სზეთი საკუთარ ინსტინქტებს ენდო: შემობრუნდა და უკან გამოქანდა. ნატეხიანი მისი დანახვისთანავე ცოცხლად წამოიმართა ფეხზე. სზეთმა სირბილს უმატა. მეფისთვის რომელი იქნებოდა ყველაზე უსაფრთხო? უბრალო მცველებთან ერთად გაქცევა? თუ ნატეხჯავშნის ასხმა და ყურადღების მიუქცევლად უკან დარჩენა, ვითომ პირად მცველად?
ჭკვიანურიაო, გაიფიქრა სზეთმა, როდესაც მანამდე მოუქნელად მოძრავმა ნატეხიანმა მორიგი საბრძოლო დგომი მიიღო. სზეთმა განახლებული ძალისხმევით შეუტია და დარტყმების კორიანტელი დაატრიალა. ნატეხიანმა - მეფემ - აგრესიულად უპასუხა ფართო, მცელავი მოქნევებით. სზეთი ერთ-ერთ მათგანს გამოერიდა და სახესთან თითისდადებაზე ჩავლილი იარაღის ნიავი იგრძნო. შემდეგი მოქმედებისთვის დრო შეარჩია, წინ გაექანა და მეფის მეორე მოქნევისას ძირს ჩაყვინთა.
მეფე, რომელიც ფერდში მორიგ დარტყმას ელოდებოდა, ხელაფარებული გადაიხარა გვერდით, რათა ჯავშანში ხვრელი დაეცვა. ამან სზეთს შესაძლებლობა მისცა, მეფისთვის ჩაერბინა და პალატებში შემხტარიყო.
მეფე მაშინვე შემოტრიალდა დასადევნებლად, მაგრამ სზეთი მდიდრულად მორთულ ოთახში შევარდა, ხელი განზე გაიშვირა და რა ავეჯსაც ჩაუარა, შეახო. ისინი ავდარშუქით გაჟღინთა და მეფის უკან მდებარე წერტილს მიაბა. ავეჯი ისე აყირავდა, თითქოს ოთახი ცალ გვერდზე გადაეტრიალებინათ და დივნები, სკამები და მაგიდები გაოცებულ მეფეს მიაცვივდა. გავილარმა შეცდომა დაუშვა და მათ ნატეხმახვილი დასცხო. იარაღმა იოლად გააპო დიდი დივანი, მაგრამ მეფეს მისი ნამტვრევებიც შეენარცხა და წააბარბაცა. შემდეგ უზურგო სკამი დაეჯახა და ძირს დააგდო.
გავილარი კოტრიალით გამოსცილდა ავეჯს და სირბილით გამოექანა. მისი ჯავშანი დაბზარული ნაწილებიდან შუქის ნაკადებს უშვებდა. სზეთი მოემზადა, შემდეგ კი ჰაერში ახტა და უკან და მარჯვნივ მიება სწორედ მაშინ, როდესაც მეფე მასთან მოიჭრა. მეფის დარტყმას ჰაერში გამოეცალა, შემდეგ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე საწყისი ბმით მიება წინ. ავდარშუქმა მისგან გამოანათა, ტანისამოსი გაუყინა და სზეთი მეფისკენ ორმაგი ვარდნის სისწრაფით გაქანდა.
მეფეს გაკვირვება დგომაზეც შეეტყო, როცა სზეთი ჯერ ჰაერში შექანდა, შემდეგ კი მისკენ ხმალმოქნეული შემობზრიალდა. სზეთმა ხმალი მეფის მუზარადს შემოსცხო, შემდეგ მაშინვე მიება სახურავს, მაღლა ავარდა და ქვის ჭერს შეენარცხა. ბმები მეტისმეტად ჩქარ-ჩქარა და ბევრი მიმართულებით გამოიყენა და მის სხეულს უკვე თავგზა ერეოდა, რაც სწორად დახტომას აძნელებდა. ბარბაცით წამოდგა ფეხზე.
დაბლა მეფემ უკან გაიწია, რათა სზეთს ხმლის მოსაქნევად მისდგომოდა. გაბზარული მუზარადიდან ავდარშუქი გასდიოდა და ისე იდგა, რომ გვერდში ჯავშნის გატეხილი ნაწილი დაეცვა. მეფემ თავზემოდან მოიქნია და იარაღი ჭერს მიუწვდინა. სზეთმა გათვალა, რომ მეფე ხმლის თავიდან მოღერებას ვეღარ მოასწრებდა და მაშინვე დაბლა მიება.
სზეთმა მოწინააღმდეგე სწორად ვერ შეაფასა. მეფემ ნაბიჯი მისკენ გადმოდგა და დარტყმას მუზარადი დაუხვედრა. იმავე წამს, როცა სზეთის დარტყმა ისევ მოხვდა მუზარადს და დაამსხვრია, გავილარმა მარცხენა ხელი მოიქნია და სზეთს სახეში შეაბჯრული მუშტი შეასკდა.
სზეთს თვალებში დამაბრმავებელმა შუქმა გაუელვა, ხოლო სახეზე უეცარი აგონია მოედო. ყველაფერი გაიდღაბნა და თვალთ დაუბნელდა.
ტკივილი. როგორი ტკივილიო!
მას ყვირილი აღმოხდა და ავდარშუქგადენილი შეენარცხა რაღაც მაგარს. აივნის კარებს. ტკივილი მხრებზეც იგრძნო, თითქოს ვიღაცამ ასი ხანჯალი ჩაასოო, შემდეგ ძირს ჩამოვარდა და გაჩერდა. კუნთები უცახცახებდა. ეს დარტყმა ჩვეულებრივ ადამიანს სულს გააცხებინებდა.
ტკივილის დრო არააო. ტკივილის დრო არააო. ტკივილის დრო არააო!
მან თავი გააქნია და თვალები აახამხამა. ყველაფერი გადღაბნილი და ჩაბნელებული ჩანდა. დაბრმავდა? არა. გარეთ ბნელოდა. ხის აივანზე იყო: დარტყმის ძალამ კარებში შემოაგდო. რაღაც ბრაგუნობდა. მძიმე ნაბიჯები. ნატეხიანი!
სზეთმა გაჭირვებით წამოიწია ფეხზე, თვალებში ყველაფერი ერეოდა. სახის ცალი მხრიდან სისხლი მოსდიოდა და კანიდან აორთქლებული ავდარშუქი ცალ თვალს უბრმავებდა. შუქი. უმკურნალებდა, თუ მოასწრებდა. ყბას ვერ ამოძრავებდა. გატეხილი ჰქონდა? ნატეხმახვილი ხელიდან გავარდნოდა.
წინიდან დიდი ჩრდილი მოახლოვდა: ნატეხიანის აბჯრიდან იმდენ ავდარშუქს გაეჟონა, რომ მეფე ძლივს მოაბიჯებდა. მაგრამ მაინც მოდიოდა.
აყვირებული სზეთი მუხლებზე დაეცა, ავდარშუქი ხის აივანში შეუშვა და დაბლა მიაბა. მის გარშემო ჰაერი დაითრთვილა. ქარიშხალმა ღრიალით გაიარა მისი ხელები და ხეში შევიდა. აივანი დაბლა მიაბა, შემდეგ კიდევ. მეოთხედ მიაბა და გავილარმა აივანზე შემოაბიჯა. აივანი დამატებითი წონისგან შეყანყალდა. ხე ატკაცუნდა და დაიჭიმა.
ნატეხიანი შეყოყმანდა.
სზეთმა აივანი მეხუთედაც მიაბა დაბლა. ბიჯგები დაიმსხვრა და აივანი დანარჩენ შენობას მთლიანად მოსწყდა. სზეთმა გატეხილი ყბიდან ღრიალი ამოუშვა და დარჩენილი ავდარშუქით შენობის გარეთა მხარეს მიება. კედლისკენ ჩავარდნილმა ჩაუქროლა სახტად დარჩენილ ნატეხიანს, შემდეგ კედელს დაეჯახა და ზედ გადაგორდა.
აივანი ძირს ჩავარდა. მეფემ გაშტერებით ამოიხედა, როდესაც ფეხქვეშ საყრდენი გამოეცალა. ვარდნა მოკლე იყო. მთვარის შუქში სზეთი უხმოდ უცქერდა - ჯერაც მზერაარეული, ცალი თვალით ბრმა - როგორ დაენარცხა ნაგებობა ქვის ზედაპირს. სასახლის კედელი შეზანზარდა და დამტვრეული ხის ჭახანი ახლომახლო შენობებიდან ექოდ დაბრუნდა.
ისევ გარეთა კედელზე მიკრულმა სზეთმა ამოიგმინა და ფეხზე წამოდგა. თავს სუსტად გრძნობდა: ავდარშუქი მეტისმეტად სწრაფად დახარჯა და სხეული მეტისმეტად გადატვირთა. შენობას ბარბაცით დაუყვა ჩამოვარდნის ადგილამდე მისასვლელად. ფეხზე ძლივს იდგა.
მეფე ჯერაც ინძრეოდა. ნატეხჯავშანი ასეთი ჩამოვარდნისას კაცს იცავდა, მაგრამ გავილარს ფერდიდან ხის სისხლიანი, გრძელი ნამტვრევი მოუჩანდა. იქ შესობოდა, სადაც მანამდე სზეთმა ჯავშანი გატეხა. სზეთმა ჩაიმუხლა და კაცს ტკივილისაგან მოღრეცილი სახე შეუთვალიერა. მაგარი ნაკვთები, ოთხკუთხედი ნიკაპი, შავი, ალაგ-ალაგ თეთრშერეული წვერი, გამორჩეული, ღია მწვანე თვალები. გავილარ კოლინი.
-შენს... მოსვლას... ველოდი, -ამოთქვა სულშეგუბებულმა მეფემ.
სზეთი კაცის სამკერდულის შიდა მხარეს მისწვდა და თასმებს დააწვა. ისინი გაიხსნა. სზეთმა სამკერდულს გარეთა ნაწილი მოხსნა და შიგნითა ნაწილში ჩასმული სპეკალები გამოაჩინა. მათგან ორი გაბზარულიყო და გადამწვარიყო. სამი ჯერაც ანათებდა. ცნობამილეულმა, მკვეთრად შეისუნთქა და შუქი შეიწოვა.
ავდარი კვლავ აბობოქრდა. სზეთს სახის ცალი მხრიდან კიდევ აუვიდა შუქი და დაზიანებული კანისა და ძვლების აღდგენა განაგრძო. ტკივილი ჯერაც ძლიერი იყო: ავდარშუქი წამიერად ნამდვილად ვერ კურნავდა. ამის მორჩენას საათები დასჭირდებოდა.
-შეგიძლია... თაიდაკარს უთხრა... რომ დააგვიანა... -ამოახველა მეფემ.
-არ ვიცი, ეგ ვინაა, -წამოდგა სზეთი. სიტყვები არეულად ამოსდიოდა გატეხილი ყბიდან. ხელი გვერდზე გაიშვირა და ნატეხმახვილის გამოხმობა დაიწყო.
-მაშინ ვინ... -სახე შეეჭმუხნა მეფეს, -რესტარესი? სადეასი? რას ვიფიქრებდი...
-ჩემი ბატონები პარშენდები არიან, -თქვა სზეთმა. ათი გულისძგერა გავიდა და ხელში ნამისგან დასველებული მახვილი გაუჩნდა.
-პარშენდები? ეს ხომ გაუგებარია...
გავილარმა ამოახველა, აცახცახებული ხელი მკერდისკენ წაიღო და ჯიბეში ააფათურა. იქიდან ძეწკვშებმული პატარა, კრისტალური სფერო გამოიღო.
-ეს უნდა წაიღო. იმათ ხელში ვერ უნდა ჩაიგდონ, -გაბრუებული ჩანდა, -ჩემს... ჩემს ძმას უთხარი... რომ უნდა იპოვოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც შეიძლება, კაცმა წარმოთქვას...
გავილარი გახევდა.
სზეთი შეყოყმანდა, შემდეგ ჩაიმუხლა და სფერო აიღო. უცნაური სფერო ჩანდა, მანამდე ასეთი არაფერი ენახა. სრულიად მუქი იყო, მაგრამ თითქოს როგორღაც ანათებდა. შავი შუქით.
პარშენდებიო? თქვა გავილარმა. გაუგებარიაო.
-აღარაფერია გასაგები, -დაიჩურჩულა სზეთმა და უცნაური სფერო შეინახა, -ყველაფერი ირღვევა. ვწუხვარ, ალეთების მეფევ. ვეჭვობ, ეს გაინტერესებდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე აღარ, -იგი წამოდგა, -სხვა თუ არაფერი, აღარ მოგიწევს, ქვეყნიერების აღსასრულს ჩვენთან ერთად უყურო...
მეფის ცხედრის გვერდით ნატეხმახვილი შენივთდა ნისლიდან და ქვებზე აჟღარუნდა, რადგან მისი პატრონი მკვდარი იყო. ეს იარაღი მთელი ავლა-დიდება ღირდა: სამეფოები დაცემულა ხალხის ცილობაში, რომ მხოლოდ ერთი ნატეხმახვილი დაესაკუთრებინათ.
სასახლიდან განგაშის ყვირილმა მოაღწია. სზეთი აქაურობას უნდა გასცლოდა. მაგრამ...
"ჩემს ძმას უთხარი..."
სზეთის ხალხისთვის მომაკვდავის თხოვნა წმინდა იყო. მან მეფის ხელი აიღო, კაცისსავე სისხლში ჩააწო და ხეზე წააწერა:
“ძმაო, უნდა იპოვო ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც შეიძლება, კაცმა წარმოთქვას.”
ამის შემდეგ სზეთმა ღამეს მისცა თავი. მეფის ნატეხმახვილი იქვე დატოვა - არაფერში სჭირდებოდა. მისი საკუთარი მახვილიც საკმარისი წყევლა იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|