ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2023


დარჩეს ასეთი ნამდვილი

-
დროსთან, შიშთან
და დიდ ხმაურთან ერთად,
ჩემი ამბების წერა
ღია ჭრილობას დაემსგავსა,
რომელიც ვერც სუფთა სახვევით მოვმალე,
ვეღარც მოვაშუშე.
აღარ კი მიცდია, რაიმე გზით მეწამლა.
დარჩეს ასეთი ღია და უშნო,
დარჩეს ასეთი ნამდვილი.

რა დამრჩენია?!

-
მოდით, ვიპოვოთ პოეზია,
როგორც - ჭიამაიასთვის შეპირებული დედა.
ის შეიძლება, ცხენის წაბლშია,
ცხენის წაბლში,
რომელიც ლამარას სქელ ვენებსა და კოლგოტებშია ჩაჩურთული.
დადის ქალი გაჩაჩხული,
იმ იმედით, რომ განიკურნება.

-
მოდით, ვიპოვოთ ელისეს მინდვრებში
ჩამხმარი მიხაკი,
მაგრამ მე თქვენ ვერ გაპოვნინებთ ტიციანის საფლავს,
რადგან ყველაფერი მაგარი უნდა გქონდეთ!

-
მე შემიძლია,
გაპოვნინოთ საშველი
ჯვარცმისა და სიყალბის გარეშე!
მე შემიძლია, გაპოვნინოთ მიტოვებული ტანი,
რაზეც მხოლოდ ბურძგლი იშლება.
მე შემიძლია,
გაპოვნინოთ ჩემი სამალავი,
ტყიბულის გიშრებით მოკაზმული,
სადაც არაფერი ბრწყინავს, გარდა ცრემლისა.

-
მე თქვენ გაპოვნინეთ ქალის დარდიც -  ჩახჩახა პოეზია ციცინათელას უკანალში,
გამომწვევი და მშიშარა.
ბევრჯერ თითიც მოვიჭამე,
რომ გაპოვნინეთ მანათობელი ხვრელი...
თქვენ კი, მაინც, ლომის უკანალში ეძებთ სინათლეს,
ლომის უკანალში, სადაც პოეზია არა, მაგრამ უკუნი და ნეხვით სავსე სიხარბეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები