ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2023


* * *

შენი გარდაცვლილი სხეული მდინარეზე ჩავიტანე განსაბანად.
ყველა სილურჯე გააცალა წყლის ფიცხმა ჩქერმა.
რაც შეძლო წყალმა, მე ვერ შევძელი შენს სიცოცხლეში.
არ დამანებე: იყოს, ლამაზიაო.
ვისახსოვრე,
იყოს, დარდისგან არ მოკვდესო.
გეცოდებოდა დამზრალი სული- განწირულობამდელი და განწირულობის შემდგომი რეფლექსებისთვის.

ბოლო ბაქანზეც თვალახვეული გაიყვანე,
პოეზიის ბანგით ძლეული.
სიცარიელეს მინდობილი,
ფიქრადქცეული.
არც  უეჭვია-
დამშვიდობებისფერ ვაგონში რომ დატოვებდი.
რომ საგზლად მხოლოდ ზღვის სიმლაშეს გაატანდი.
მოგონებებსაც-
სხვადასხვა შეფერილობის გადამწიფებული,
ჩაკბეჩაარიდებული და ლპობაშეპარული სათაურებით.

მუდამ ასე ხდება, როცა ღმერთი და  ადამიანი როლებს ცვლიან.
უფრო სწორად, როცა გგონია, რომ გაცვალეს.
დიდხანს გგონია.
და როცა ხელში შერჩენილი ტალახის გუნდა გაგიწყალდება,
ღიმილით შერთავ დედა მიწას.
თითებს დაიფშვნეტ.
გაიღიმებ.
წყლის ფსკერს  შეაწმენდ.
მდინარემ  იცის შენი ყველა ნაიარევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები