ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
7 იანვარი, 2024


George Gordon Byron - L'Amitie est L'Amour sans Ailes

ჯორჯ გორდონ ბაირონი - L'Amitie est L'Amour sans Ailes „მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“


1.
რატომ უნდა მოჰყვეს გული წუწუნს, ჩივილს,
ვინაიდან სიჭაბუკის გაქრა ხანა?
კვლავ გამითბობს მკერდს ზეაღმტაც დღეთა სხივი,
ცოცხლობს, ჯერ არ გარდაცვლილა ტკბილი განცდა.
გავუყვები სიყმაწვილის  გზის ნაკვალევს,
გავიხსენებ, ხსოვნაში რაც გადავმალე,
ისევ დავცლი ნეტარების მომგვრელ სასმისს;
წარიტანე ნიავქარო ფიქრი ფრთხილად
იქით, სადაც გულს პირველად გაემხილა:
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

2.
მრავალფერი, სწრაფადმქროლი წლების სრბოლით,
განმიცდია აღტაცებაც, გესლიც ნაღვლის!
დამბინდვია ცრემლთა ფრქვევით თვალთა ბროლი,
ხან აღვსილა ღვთაებრივი შუქის ნათლით;
უცნობია, რა მომელის ბედისწერით,
გახსენებით კმაყოფილი, ბედნიერი,
ვიმედდები გაცხადებულ გრძნობის არსით;
მეგობრობავ! მოგივიდა პირველს აზრად
და ეს ფასობს ნეტარ სამყაროთა დარად -
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

3.
სადაც ურთხლის კორომს არხევს ხაბარული
და დროდადრო ხეთა ტოტებს დახრის დაბლა,
დაირღვევა მყუდროება სამარული,
წამჩურჩულებს საფლავის ხმა ნაცნობ ამბავს;
თავქარიან მოწაფეთა შორის მდგარი
გავერთობი მანამ, სანამ სკოლის ზარი 
დარეკავს და გვამცნობს დროა ჩვენი წასვლის;
აწმყოსაკენ, ფიქრწასული ნაბიჯს ვადგამ,
დაამტკიცებს ანაცრემლი თვალი ცხადად,
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

4.
სიყვარულო! შენი წმინდა საკურთხევლის
წინ წამდგარი აღთქმებს ძნელად ვიმეტებდი,
მოგაბარე ხვაშიადი წარუთქმელი,
თუმც დამემსხვრა სათუთარი იმედები.
გრიგალივით ფრთაშესხმული მიქრი მალი,
აღარ გრჩება წინანდელის ნატამალიც,
გარდა ფრიად სავალალო ეჭვის ნესტრის.
შორს, შორს ჩემგან! მატყუარა ხიბლის ძალავ,
მომავალში ჩემთან მოსვლას აგიკრძალავ;
ანდა უფრთოდ მოდი მასთან, ვისაც ვეტრფი.

5.
სიყმაწვილის ადგილებო, კოშკთა ხედვით
მახსენდება სიხარულის ყველა სცენა,
მიხურდება ძველი გზნებით ისევ მკერდი
და გონებით  ბალღი ვხდები ცეროდენა.
თელიანის კორომი და მთები მწვანე,
გზაწვრილები - ძველებურად მაღფრთოვანებს,
არე მატკბობს სურნელით და სიხასხასით,
მომესმება ამხანაგთა ჟრიამული,
ყველა ერთხმად იმეორებს სიყვარულით:
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

6.
ჩემო ლიკუს! რად ტირი და რატომ გმინავ?
რად ღვრი ცრემლებს, მეგობარო, მწველი გრძნობით;
სიყვარულმა თუ დროებით მიიძინა,
დრო გავა და დაიგზნება ცეცხლი ტრფობის.
შემდეგ ჯერზე, უფრო ტკბილი, სანუკვარი
და ხანგრძლივი გამოგვივა საუბარი!
დაირღვევა გამთიშველი წლების ნავსი;
სანამ გული სიყვარულით აბორგდება,
შეუძლია წამღერება განშორებას -
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

7.
მხოლოდ ერთი ხიმანკალი შემხვდა გუნდში,
ვინაც ფეხქვეშ გამითელა ალალობა,
დამთრგუნველი მოვიშორე ყველა ხუნდი,
არ ვაპირებ უკეთურის თანალმობას.
ვესალმები იმათ, ვისაც ჰქონდა რიდი,
თბილი გრძნობა, სიალალე ჭეშმარიტი,
მისწრაფება და სიმები გულის, მსგავსი;
გამიწყდება სასიცოცხლო ლარი ვიდრე,
აღატყინებს ერთადერთი რამ მკერდს კიდევ -
მეგობრობა, უფრთო ძალა, წმინდა, ხასი! 

8.
თქვენ გეკუთვნით ეს სიცოცხლე უეჭველად,
მეგობრებო, ჩემი ხსოვნაც, სასოებაც,
ურღვევ კავშირს დასდგომია ერთგულ მცველად
უღალატო, გულმართალი სათნოება.
არ გვჭირდება დათაფლული ლაპარაკი
მლიქვნელების და არც ქება აკარაკის,
პირფერობა მეფეთაგან დანაფასი;
მახეს გვიგებს, ვინც იყენებს ლიქნის სიტყვებს,
ძმებო, ჩვენ კი არასოდეს დავივიწყებთ:
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

9.
ბარდი წერას მონაგონით იადვილებს,
ეპიკური პოემებით დიადდება,
მე ჯილდოდ მსურს მეგობრობა, სინამდვილე,
არ მჭირდება არც რაფინდის დიადემა.
დადაფნული დიდებაა ხშირად ყალბი,
ჯადოქარი მოგნუსხავს და მერე გარბის,
მე მიტაცებს მელოდია ნაღდი, ხამსი,
გონის ნაცვლად, გულით მღერის ჩემი ჩანგი;
უხეშია, ოღონდ წრფელი ჟღერა ჰანგის,
„მეგობრობა - ტრფიალია უფრთო, ხასი!“

7 იანვარი, ქრისტეშობა, 2024 წ.

L'amitie est l'amour sans ailes (ფრანგ.) - მეგობრობა - უფრთო სიყვარულია


ორიგინალი იხილეთ აქ: https://en.wikisource.org/wiki/The_Works_of_Lord_Byron_(ed._Coleridge,_Prothero)/Poetry/Volume_1/L%27Amitié_est_L%27Amour_sans_Ailes

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები