ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2024


წისქვილიდან სადგურამდე

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
ადევნებული შენი ჯმუხი ცხვირ-პირი...
მოჟამული მზერით, ლოყებდაბერილი,
თითქოს, ეს-ესაა,
დუდუკს ჩაჰბერე ნაღვლიანი ჰანგი...
არადა, შენ არც მუსიკის გესმის რა,
არც - მართალი ხმის,
გზის ბოლოს რომ მაინც მიხვდე,
სადაა ჩემი ჩაის ვარდებიანი აივანი,
სადაც, ყოველ ადრიანზე,
საძინებლიდან მშრალი პენუარი გამომაქვს,
და ისე მწარედ ვარჭობ სარჭებს თოკზე დაბმულ სიმარტოვეს,
ისე მწარედ რჩება ნაჩქმეტები,
როგორც უშნო სიტყვისაგან განაჯოხ ქალს.

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
მე ვუსმენ დარდებს,
და რატომ ხდება, ხან რომ მეტირება, ხანაც მეცეკვება?!
რატომ იცის მოღუშულმა პოეზიამ
ტკენა-ტკენაში სულზე მოჭერა,
თითქოს, ახალ ფეხსაცმელს ვიცვამდე
და ქუსლს მიყვლეფდეს?!
ასეა ჩემთან, ყველაფერ ახალს ხმაური ახლავს,
და მაინც, მინდა, მითხრა:
ჩემთან ხომ ისევ კარგია?!

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
შენი ნამთვრალევი ხეტიალი,
გულითა და სულით ,,პატარას" თვალების ძიებაში,
თვალების, რომლებშიც შენ ხედავ სიხარულის ხასხასა მდელოს,
რომელზეც შეგიძლია დაუღალავად და ჯიუტად ირბინო.
მოისურვებ, წამოუწვე,
მოისურვებ, კისერიც მოიმტვრიო.
გახსოვდეს, მზეზე მხურვალე მიწაა.

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
მომდგარი შემოდგომა...
ხელიდან ხელში -  ყურძნის მტევნების ფაციფუცი...
მე შემიძლია, მეღვინედაც გაქციო,
ჭინჭილებით მომღიმარი.
და ყველა დუქანს მივცე პოეტური ამბავი.
ყველა დუქანს მოვუქარგო შენი ზარივით  სახელი.

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
მწერის გაფრენას ჰგავს დრო,
ისიც, კატაფალკაში მწოლიარე მკვდარი,
მიდის და ტოვებს შესანდობარს,
ისე დინჯად და ამაყად მიდის...
ისე დინჯად და მოუხედავად...

-
,,წისქვილიდან სადგურამდე"
შენ მაძლევ ნდობას,
მაგრამ ვერ მაძლევ იმედს გადარჩენისას.

-
,,წისქვილიდან სადგურამდე",
დამიჯერე, არც არაფერი მოსჩანს,
გარდა - უპატრონო ქალისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები