ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: საბავშვო
12 თებერვალი, 2024


ციფრების გასაჭირი


ჩვენი კლასის დაფის თავზე
ციფრებია გამოკრული-
პატარებმა რომ ისწავლონ
და არ იყოს მათთვის რთული.

0
ერთხელ ნულმა დაიკვეხნა:
- ვინ დამიდებს ტოლს მე ვინა?!
მე ვამრგვალებ ყველა რიცხვს და
ცალკე მხედავს ვერავინა!

9
ცხრამ ცოტა ტონს აუწია:
- სხვის იმედზე იქადნიო
დედოფალი მე ვარ ციფრთა
შენს ადგილზე იყავიო!
მარტო არაფერად ღირხარ
სისულელეს იძახიო..
შენ რომ ჩემს ადგილზე იყო
მერე რაღას იზამდიო?!

6
ექვსიანი გადიდგულდა:
- გაგიმართლა თანაც ძლიერ,
ერთხელ შემოვტრიალდები
დადექი და მერე მსდიე:
ცხრა ვიქნები ან თუ ექვსი
შემხედე და გაარკვიე!

5
ხუთმა წვრილი ხმით წარმოსთქვა:
- ქვეყნად ხუთი ხმოვანია,
ხუთი თითი არის ხელზე,
ხუთი ციფრი ოქროსია.
საქმის ხუთიანზე ხილვა
ყველას მოსაწონარია!

2
-ჩემნაირო ბევრს ნუ წვალობ!-
ორიანი ადგა ფეხზე.
-წყვილი მქვია სხვანაირად,
ხუთი თითი გაქვთ ორ ხელზე.
ორი ფეხით დადიხართ და
სახეს ორი თვალი ამკობს,
ორი ყურით ისმენ სათქმელს,
ორი ტუჩი რასაც ამბობს!

1
სიტყვა გააგრძელა ერთმა:
- ორი ტუჩი ერთ პირს ახლავს!
ერთი თავი, ერთი ტანი,
ერთით იწყებ ყველგან დათვლას.
ერთით დაშორებული ხართ
ყველა რიცხვი ერთმანეთთან.
ბევრს ნუ დაობთ აქ მყოფთაგან
შემედრებით ვინმე ერთსა?

3
სამი არის საღმრთო რიცხვი!
სამის ფასს ხომ ვერვინ ითვლის, 
უფლის სავედრებელს კიდევ
სამებისთვის სამჯერ ვიტყვით.
პირჯვარს სამი თითით ვიწერთ,
ეკლესიას სამჯერ ვუვლით,
ასომ ფორმა მომპარა და
ხმოვნებს თავმომწონედ უზის!
სიმეტრია სამს რომ მახლავს
ეგ კიდევ ერთ რამედ უდრის!

8
რვიანს მეტი რა უნდოდა?!
-მრგვალი მე ვარ ცნობილი!
ლუწ რიცხვებში უდიდესი,
კოხტად გამოწყობილი.
ცალ გვერდზე თუ წამოვწვები
სიმბოლო ვარ სხვა რამის-
უსასრულობა თუ რაა
ამას მერე გასწავლით!

4
ოთხიანმა უთხრა რვიანს
ჩემზე კარგი რითა ხარ?!
ოთხზე დადის ყველა ბავშვი
როცა პაწაწინაა.
წელს ხომ ოთხი სეზონი აქვს,
თვეში ოთხი კვირაა!

7
შვიდი დღეა ერთ კვირაში! 
მეც ნუ დაგავიწყდებით.
ჩემით ახსენდება ყველას
იღბლიანი რიცხვები!
ყველასათვის უნაზესი
ცისარტყელა - შვიდფერა,
შვიდ ნოტზეა აწყობილი
ქვეყნად ყველა სიმღერა!

ცოტა ხანში ჩხუბი ატყდა
არ გინახავთ ალბათ ძილშიც,
ერთმანეთი ჩამოყარეს
სათითაოდ დაფის ძირში.

შვიდს ქამარი შესძვრა წელზე,
ორს კუდი დაეჭიმა.
ერთს კედელზე ცხვირი დარჩა
ზემოთ რითაც ეკიდა!
ნულს გვერდები შეეჟეჟა,
რვა გაიხსნა ნასკვიდან,
ოთხიანი დაიშალა
პირველივე წამიდან.
ცხრიანი და ექვსიანი
ერთმანეთს დაეტაკნენ.
ჩხუბში, საქმის გარჩევებშიც
ერთმანეთს დაემსგავსნენ!
სამიანმა გადაწყვიტა:
- გავიპარო უნდა მე..
დაიჭირეს, მაშინათვე
სამჯერ წამოუთაქეს.

დილით, როცა კლასში ვნახეთ
ჩამოყრილი ციფრები,
ვერცერთი ვეღარ ვიცანით
ვთვალეთ გაფაციცებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები