- ქორფა გაზაფხულზე, სანამ ვაზსს კოკორი გამოებერება და შეუდგები სამამულე რქის დანეკვას, სანამ საყვარლობით ასე მაშოშმინებ... მე ვიწყებ ვაზზე ადრე გახარებას. შენი ხელებისგან გამოფურჩქნულ ტანზე - მეყრება ბურძგლი და სითამამე.
- ქორფა გაზაფხულზე, დარდით გადამწიფებულ სააქაოში, სადაც მხოლოდ სიყვარულია მოსასწრები, ავყვები ჩიტების ხმაურს. ვიცოდით, ჩვენი პაემნები ვერ გაუძლებდა ჩათქმულ ჩამიჩუმს... და ასე მსუყედ გაბინავებ ახალ წიგნში, როგორც გარეცხილ კარაქს ღრმა დერგში.
- შენ გესმის ჩემი ზამთრის ტკივილის, იმ წისქვილიდან, ამ სადგურამდე. და საიდანღაც ფანოღის ფონზე, მე მესმის შენი შემოძახილი: ,,სად ხარ პატარავ"?! გიახლოვდები სველ თებერვალში, გეხვევი მორცხვად თვალებდახრილი.
- შენ გახსოვს ჩემი შეშლილი სახე, როგორ უღრენდნენ ვინმე უთავბოლოები ჩემს ცხვარს, მაგრამ მათი უნიჭო ზრახვები ერთ ჩირქის გროვას დაემსგავსა და სახეში შეახმათ, როგორც უვარგისი ცინგლი. და ახლა, როცა ყველა ცუდი გადამავიწყე, ამ ორ წელზე მეტ ნეტარებაში ვსუნთქავ სიმშვიდეს.
- ჩვენს იმერეთში რა შეგვრჩა კარგო? მჭადი, ,,ციცქა და ცოლიკოური", ნდობა და ჩვენი დიდი ამბები... ირგვლივ - ღამეც გვაქვს გადასაღლელი. ვხედავ, ვიღვრები შენი თმის ვერცხლში, და სანამ გასცდები ჭალატყეებს, სანამ ჩემი ხარ, ვწევართ და ვუსმენთ - კარის ზღურბლთან ჩვილივით მოგდებულ ქარის ღნავილს. ვწევართ და არ მეშინია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|