 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 31 მარტი, 2024 |
თავი I 1998 წლის დეკემბერში ჩამოვედი ნაცრისფერ და წვიმიან ჰამბურგში, რომელიც დეკემბერში კიდევ უფრო ნაცრისფერი და წვიმიანი იყო. მაშინ 18 წლის ვიყავი. ახალი ცხოვრება იწყებოდა ჩემთვის, თუმცა ამას ბოლომდე ვერც ვიაზრებდი. რომ გითხრათ მეშინოდა თქო ამ დიდი გამოწვევის მოგატყუებთ. მართლაც, ვისაც იმდროინდელი თბილისი ახსოვს, დამეთანხმება, რომ უფრო მეტად საშიში ალბათ სწორედ თბილისში დარჩენა იქნებოდა ჩემთვის. გამოფრენის ღამის მოკლე ქრონიკას მოგახსენებთ და უფრო მიხვდებით რატომაც. რა თქმა უნდა შუქი არ გვქონდა და შესაბამისად ყოველდღიურად უშუქობას იაფფასიანი არყით ან საჩხერიდან გამოგზავნილი ბოხოტიას პლანით ვებრძოდით და მთვრალზე ან დაბოლილზე თავგადასავლების ძებნაში ხან რა შარში ვეხვეოდით და ხან რა. ჩემი წამოსვლის ღამეც არ იყო გამონაკლისი. იმისათვის, რომ ფული გვეშოვნა ჩემი გაცილების აღსანიშნად, ჯერ ბენზინი მოვპარეთ მესამეეზოელებს. ბენზინის მსხვილი შლანგით პირით ამოტუმბვა მანქანიდან არცთუ ისე ადვილი საქმიანობა იყო, თუმცა ცხონებულ დამბოს ყველაზე კარგად გამოსდიოდა და შესაბამისად დაახლოებით 2 წუთში სავსე კანისტრა გვქონდა ხოლმე. ბენზინის ქონა უკვე იმას ნიშნავდა, რომ მერაბჩიკას წითელი ჟიგულით შეგვეძლო თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში გასვლა და უფრო “საინტერესო“ საქმეების მოგვარება. ასე და ამგვარად ბენზინისსუნიანი დამბო, მერაბჩიკა, პაშკა, გიო და მე გავემართეთ უკვე შემდეგ საქმეზე, აკუმულატორების მოსაპარად. მახსოვს ისეთი დრო იყო, ვინც შენი “ძმაკაცი” არ იყო, ავტომატურად შენი მტერი იყო. გარემოც მტრული იყო და ჰაერშიც მტრობის სუნი ტრიალებდა. შესაბამისად სროლები, დაჭრები და სიკვდილი ძალიან ხშირი მოვლენა იყო იმდროინდელ თბილისში... ერთერთი მტრული კორპუსის მტრულ ეზოში მდგარი ნოლშესტიდან (ჟიგულის ერთერთი მოდელი) გადავწყვიტეთ აკუმულატორის მოპარვა. ნოლშესტის საცოდავ პატრონს, რომელიც ალბათ დატანჯული იყო ახალი აკუმულატორების ყიდვით, თავისი მანქანა ისე ახლოს მიეყენებინა თვისი პირველ სართულზე მდებარე ბინის ფანჯრებთან, რომ ფანჯრიდან ხელი, რომ გადმოეყო მიწვდებოდა კიდეც ავტომობილს, თუმცა ამ გარემოებამ ჩვენ ხელი არ შეგვიშალა იმაში, რომ ამოგვეტეხა მანქანის ე.წ. კაპოტი. ამოტეხვის პროცესი საკმაოდ ხმაურიანი იყო, რის შედეგადაც რა თქმა უნდა პატრონს გაეღვიძა და სასწრაფოდ, სასოწარკვეთილი გამომეტყველებით გამოიხედა თავის ფანჯრიდან. არ დამავიწყდება მისი საწყალი და გაოცებული სახე მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობარმა დამბომ შეუღრიალა, “ახლა ტვინი არ მოტ...ნა თორე ამოგივარდებით და დედას მოგიტყ...ვთო”. არ მოგატყუებთ და ამის გასაკეთებლად იმ მომენტში ყველანი მზად ვიყავით. პატრონი გასუსული იდგა სიბნელეში და არ ვიცი მომეჩვენა, თუ არა, მაგრამ თითქოს შევნიშნე მთვარის შუქზე მისი ცრემლი და კრიჭაშეკრული კბილები... შედეგად, ძალიან მარტივად ორი აკუმულატორი მალევე მოვიპარეთ და ჩვენი მეზობელი, ყოფილი გაიშნიკი კოტეს 24 საათიან ჯიხურში ბარტერის სახით ეგრეთ წოდებულ „ნაღდი ჭაჭაა, ბავშვებს გეფიცებით”-ში გავცვალეთ. ეგ ჭაჭა რომ მახსენდება, მგონია, რომ დაფიცებისას კოტე საკუთარ ბავშვებს არ იფიცებდა... დამატებით ლუდი ყაზბეგი, კვერცხი, ცივი თონის პური და ჯიხურის ვიტრინაში დღეების მანძილზე მზის სხივებისგან დაღლილი და უკვე ამძაღებული გემოს მქონე თურქული „ბონიბონის“ შოკოლადის კანფეტები წამოვიღეთ და თანაც წინა დღეების ვალიც კი გავისტუმრეთ. იქედან გამომდინარე, რომ ზამთარი და საკმაოდ სუსხი იყო გადავწყვიტეთ დამბოსთნ ავსულიყავით და იქ დაგველია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :) მადლობა @jonatan მიხარია, თუ მოგწონთ ჩემი "მოგონებების" კითხვა :)
მე კიდევ თქვენი ავატარი მომწონს! :) :) მადლობა @jonatan მიხარია, თუ მოგწონთ ჩემი "მოგონებების" კითხვა :)
მე კიდევ თქვენი ავატარი მომწონს! :)
3. გამახსენდა, რომ თქვენს მოგონებებს თუ ამბებს სხვადსხვა ქვეყნიდან, სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე.
და კიდევ- არავის ავატარის ფოტო არ მახსოვს აქ ( ჩემიც კი :), მხოლოდ თქვენი მახსოვდა :)
გამახსენდა, რომ თქვენს მოგონებებს თუ ამბებს სხვადსხვა ქვეყნიდან, სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე.
და კიდევ- არავის ავატარის ფოტო არ მახსოვს აქ ( ჩემიც კი :), მხოლოდ თქვენი მახსოვდა :)
2. დიდი მადლობა მუხა! ახალი ამბებიც იქნება აუცილებლად. დიდი მადლობა მუხა! ახალი ამბებიც იქნება აუცილებლად.
1. კარგია, რომ ურაკზე გამოჩნდით, ძნელია 1998 წლის ამბების გახსენება, თუმცა საინტერესოდ კი წერთ, მარა, ახალ ამბებს ველოდი თქვენგან . კარგია, რომ ურაკზე გამოჩნდით, ძნელია 1998 წლის ამბების გახსენება, თუმცა საინტერესოდ კი წერთ, მარა, ახალ ამბებს ველოდი თქვენგან .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|