ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2024


ისტორიები ზედა თაროდან III (ცოლის ლექსი)

ის წავა შენგან - ბედის მოხელე
და შენ დარჩები - ბედის მკერავი,
ფანჯრებს დარაბა დარაზოდეს.
ჩაკეტილია კარი ურდულით,
შენ განუგეშებს ახლა ვერავინ.
როდის ბრუნდები?
- არასოდეს!
*
გადაიფრინა თეთრმა ამაყამ,
შენ კი, მიდიხარ, შენ კი, ღალატობ,
ქმარო, ერთგულო ქმარო.
ყველა წავიდეს ჩემგან ამაღამ,
შენ ნუ ჩადგები, ქარო ალათო,
ჩემო ალათო ქნარო!

მან მოიარა რაჭის მინდვრები,
მან მოიარა მთელი აჭარა,
ყველა მდინარეს ერთვის.
მე კი, ფარჩები ვქსოვე მდიდრების
და დარაზული ვაღე ფანჯარა-
ის, რაც დატოვა ჩემთვის.

მე ვეუბნები კოხტა ბატონებს:
ახლა მაგიდა უნდა ავშალო,
ეს სტუმრობები კმარა!
ყველა წადით და ყველამ დამტოვეთ,
შენ ნუ დამტოვებ, ქარო აშარო,
ქარო, ქცეულო ქნარად!

თეთრი ნისლები წვანან მინდვრებზე,
სიზმრად წვებიან ხოდაბუნები
და უნუგეშოდ ვნატრობ:
მას შუაგზაზე დაეწევიან,
მას შუაგზიდან მოაბრუნებენ,
ბოლოს დავრჩებით მარტო.

და როცა მეტყვის ისევ - დამისხი
ღვინო, რომელიც ქვეყნად ვერ ნახეს.
შენ გაიგონებ და რომ
ამოვარდები ქარო შავი ზღვის,
ქარო, დაესხი მოვლილ ვენახებს
და წააქციე, ქარო!

წყალში ჩავდექი, სიზმრის ჭაობებს
თუ გარდავსახავ მწვანე ისლებად,
მანამ ხელსაქმეს ვასწრებ.
განთიადები მაინც დგებიან
და მიცურავენ თეთრი ნისლები,
ძველი ძელქვების გასწვრივ.

აგერ ოდაა, თორმეტ ძეკვენზე
აშენებული ხელით მენძელის,
აგერ, ზვინები ჩალის
და ღმერთო, მაინც უგემურია
თბილი ფუნთუშა, დილის ღვეზელი,
ეს შაქრიანი ჩაიც.

მან თქვა, რომ უნდა სდიოს ქარიშხლებს,
ზღვებს შეალიოს გემის წლები და
აღარ დაბრუნდეს მწყრალი.
წყალი დალიეს მისმა კრავებმა,
ჩემი კამკამა, სუფთა წყლებიდან...
სულ დამილიეს წყალი.

აი, კვდებიან ბროწეულები
და ძველ ჭიშკრებთან ყრია ასკილი,
ბედნიერსა და ნეტარს,
მე მივაცილებ დილით სოფლიდან,
- ნეტავ, გხედავდე უკანასკნელად,
უკანასკნელად ნეტავ.

სანამ ტყე-კორომს მოეფარება
ნისლივით დგება გულში ქვის ხანა,
ხელს ხეებიდან მიქნევს-
ჩემი წითელი ალიონები
ვეებერთელა მზეებს ისხამენ
და მიქრებიან იქვე.

მზეებით სავსე, დილა-ადრიან
აღარ ავდგები მისი გულისთვის,
მთაში გავფანტავ ნახირს
და არათითზე ბეჭედს დავკარგავ,
როგორც დაკარგულ ნაპირს გუმისთის,
როგორც სევდების ნაპირს.

უკან დავაწევ: საით წახვედი?
საით წახვედი? მე ხომ კართან ლურჯ
ღრუბლებს ვწურავდი ამ თვის.
ის მიპასუხებს: ჩემო სამშობლოვ,
ხომ არ გგონია ვეძებ არტანუჯს,
ნისლში დაკარგულ ართვინს.

სანამ უცდიდი ასეთ ამინდებს
ის ავადმყოფი შენში მოღონდა,
ფრთები შეისხა, ქმარო.
ყველა წავიდა, ყველა - ვინც იყო,
შენ ნუ ჩადგები, ქარო, ოღონდაც,
ჩემი სევდების ქნარო!

წყალზე წასული გავცდი მეზობლებს
და გაკვრით მესმის მათი ხუმრობა
და ქარი ესხმის ხურმებს...
და მეც მაღალი მახსოვს ხურმები,
ნაგვაზაოში იყო ხურმობა,
ის ხურმებია თურმე.

გინდოდა მაგრამ ვეღარ უთხარი,
ვეღარ შეძელი ერთხელ გამხელა
და დააყვედრე ის ცა,
წყალივით პირში დაგუბებული,
გარდაცვლილების სახლი იმხელა
ერთ ციცქნა სახლად იქცა.

მწუხრს შეეფარა, მწიფე ნარინჯებს
შეშინებული თეთრი ამაყა,
მძიმე ლიახვის ქვა რომ
გულზე  დაგადონ, ყველა წავიდა,
შენ ნუ ჩადგები, ქარო ამაღამ
ჩემი სევდების ქარო!

ის დაიფარე, ქვეყნად ატარე,
მისი უმზეო გზები ხვეული,
მე კი, ჩამჩა და ფეთქი,
აღარ მერჩივნოს რკინის მათარას,
ანდა გახარჯულ მწვანე რვეულებს,
მან: არასოდეს მეთქი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები