 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2024 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- როგორი თაობა ხართ? - მკითხა ჰერ ჰილფემანმა ისე, თითქოს ვერ გაიგო ჩემი პასუხი - ფსიქიკურად დაზარალებული - გავუმეორე მე ჰილფემანმა თავისი პროფესიით გათვალისწინებული ვალდებულებისამებრ, ძალით ასწია წარბები, რათა გაოცება გამოეხატა და კვლავ ჩამეკითხა - რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს? იმ მომენტში რატომღაც ისევ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის დედა გამახსენდა, რომელმაც იმდენი დამამშვიდებელი დაალევინა თავის შვილს მთვრალზე, რომ შემოაკვდა.. გამახსენდა მისი მუდამ მიწიანი ფრჩხილები, მიწის, რომელშიც მისი შვილი განისვენებდა. ალბათ ახლაც საფლავთან არის..
ასევე გამახსენდა, რომ ხელოვან მამაჩემს 90-იან წლებში ქვეყნის დატოვება მოუწია იმისთვის, რომ ოჯახი საზღვარგარეთიდან ერჩინა. მართლაც ვის ჭირდებოდა ხელოვნება სამოქალაქო ომის დროს? მე კი 13 წლის, ღამის ხუთ საათზე პურის რიგში ვიდექი ჩაბნელებულ ქუჩაზე და ვიბრძოდი იმისთვის, რომ ერთი ცალი პური მაინც მომეპოვებინა, რომ ჩაისთან ერთად მარგარინიანი პური მაინც გვეჭამა მე დედაჩემს და ჩემს დას..
გამახსენდა მოდაში მყოფი ნარკომანობა..
ასევე გამახსენდა ის, რომ 20 წლის ვიყავი და არასდროს არავის ვყვარებივარ და ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა სექსი, არცერთხელ არ მქონდა გოგოსთვის ნაკოცნი და იმ დრომდე სექსში მუდამ ფულის გადახდა მიწევდა.. - არ გინდათ ალბათ ამაზე მიპასუხოთ, არა? - მკითხა ისევ თვაზიანმა ჰილფემანმა ძალიან მინდა, გავიფიქრე მე, მაგრამ სეანსისთვის გამოყოფილ 40 წუთში ამ ყველაფრის ჩატევა? - არა, უბრალოდ გავიხუმრე ჰერ ჰილფემან - ვუპასუხე მე და წამოვედი... ალბათ გაუკვირდა კიდეც, დროზე ადრე რატომ წამოვედი, თუმცა მე ეს ნაკლებად მანაღვლებდა. გამოვედი კვლავ ჰამბურგის ცივ ქუჩაში და გავემართე მეტროს სადგურისკენ. როგორც ყოველთვის წვიმიანი საღამო იყო. ასფალტი ნაღვლიანად ირეკლავდა მოძრავი ავტომობილების შუქს. ყურში ჩამესმოდა სველ ასფალტზე ავტომობილის საბურავების შეხების ხმა, რომელიც რატომღაც ზღვის ტალღების ხმას მივამსგავსე. მიუხედავად ამ ამინდისა და ჩემი დეპრესიული ფიქრებისა სიარული მესიამოვნა. გადავწყვიტე ერთი გაჩერება ფეხით გამეარა. როცა რამოდენიმე გაჩერება გავიარე, მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ უკვე ღამის 11 საათი იყო. ავედი მეტროს სადგურში იმ მიზნით, რომ სახლისკენ წავსულიყავი. მეტროში უკვე ახალგაზრდები ირეოდნენ და ტრადიციულად ემზადებოდნენ პარასკევი საღამო ხალისიანად გაეტარებინათ. ყოველი პარასკევი საღამო სახალხო ზეიმივით იყო გერმანიაში. ყველა ცდილობდა ისე გაეტარებინა ეს საღამო, რომ ამ დღეს დაგროვილი პოზიტიური ენერგია მომდევნო პარასკევ საღამომდე ყოფნოდა. ზოგს ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, ზოგიც მარიხუანას ეწეოდა, ზოგიც განგებ ხმამაღლა იცინოდა და ცდილობდა ამით საპარასკევო განწყობა აემაღლებინა. ამ დროს მეტროს ბაქანზე შევნიშნე თითქოს ჩემსავით მარტო და მოწყენილი მოწითალო ხუჭუჭათმიანი გოგონა, რომელიც ჩაკუზული იყო და ერთერთ ბოძს ეყრდნობოდა. გვერდზე ლუდის ბოთლი ედგა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მივედი და ვკითხე, დახმარება ხომ არ ჭირდებოდა. ამომხედა და მითხრა - Ich bin Astrid, wer bist Du? (მე ასტრიდი ვარ, შენ ვინ ხარ?) მეც ჩავიკუზე და მინდოდა მეთქვა ვინ ვიყავი, თუმცა მან მოულოდნელად შემომხვია კეფაზე ხელი, მიმიწია თავისკენ და მაკოცა. არასდროს მეგონა ჩემი პირველი კოცნა თუ მეტროსადგურის ბაქანზე ესეთ უცნაურ ვითარებაში მოხდებოდა. კოცნაშიც გამოუცდელი დაჭყეტილი გაკვირვებული თვალებით ვუყურებდი, ის კი აგრძელებდა უცნაურ მოძრაობებს ენით, რომელიც მე უფრო მეტად მძაბავდა, ვიდრე მსიამოვნებდა. ალბათ გაოცდა კიდეც ჩემი გამოუცდელობით. ჩემი ასაკიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტს მოელოდა. რამოდენიმე წამის შემდეგ თავი გავწიე და ვუთხარი: - ასტრიდ, თუ ჩემსავით დღეს გეგმები არ გაქვს შეგვიძლია რამე ერთად მოვიფიქროთ მან ისე, რომ თვალები არ მოუშორებია, სველი ტუჩებით მითხრა: - მე ცოტა ნასვამი ვარ და ჰამბურგიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობ. ჩემ მატარებელს ვერ მივუსწარი. შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? გაოცებისგან ენაჩავარდნილმა სწრაფად დავუქნიე თავი და პასუხი ვერც კი გავეცი. აბა წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უბნელი ბიჭები თბილისიდან მეუბნებოდნენ, „როგორც კი ჩახვალ ეგრევე დაგახტებიან გერმანელი ნაშებიო“, აგერ უკვე მესამე წელი გადიოდა, რაც ჰამბურგში ვცხოვრობდი და ამ დრომდე არც კი მიკოცნია არავისთვის...
მეტროდან პირდაპირ ჩემი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისკენ წავედით. შევიყვანე ჩემს ოთახში და მე საბანაოდ გავედი. რომ დავბრუნდი ჩემს ლოგინში ჩაწოლილი დამხვდა. ძლიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა, ვინაიდან ჩემი პატარა ოთახის ერთადერთ ერთკაციან ჩემსავე ლოგინში ფაქტიურად უცხო გოგო იწვა, რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი. ძალიან მერიდებოდა და ვერ ვხვდებოდი რა მექნა. ალბათ ყველაზე სულელური კითხვა დავუსვი: - ასტრიდ, მე სად დავწვე? - სიბნელეში მისი გაკვირვებული სახე ვერ დავინახე, თუმცა გაკვირვება მისი სიტყვების ბგერებში კი ნამდვილად შევნიშნე - ეს ხომ შენი ლოგინია? - მკითხა მან - კი - ხოდა მაშინ რატომ მეკითხები სად უნდა დაწვე?....
დილით მატარებელზე აგვიანდებოდა, ამიტომ ადრევე წავიდა. როგორ მინდოდა სამუდამოდ ჩემთან დარჩენილიყო. მიყვარდა. მიყვარდა ცხოვრებაში პირველად ის ადამიანი, ვისთანაც სექსი მქონდა. მიყვარდა ადამიანი, ვინც პირველად მაკოცა ცხოვრებაში...
იმ დღის შემდეგ ასტრიდი აღარასდროს მინახავს და წლების შემდეგ მისი უნაკლო ნაკვთებიანი სახეც დამავიწყდა. მხოლოდ მისი სახელი და მოწითალო ხუჭუჭა თმები შემორჩა ჩემს მეხსიერებას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|